Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-493(კ-22) 26 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მე-3 პირები) - ნ.ც-ე და შ.ხ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელე) - პ.ფ-ე

თავდაპირველი მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საბურთალოს რაიონის გამგეობა

მე-3 პირები - გ.კ-ე, მ.გ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

პ.ფ-ემ 2021 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საბურთალოს რაიონის გამგეობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 25 აგვისტოს №31-0120238654 წერილისა და მასზე წარდგენილ საჩივარზე თბილისის მერიის ვირტუალური უარის ბათილად ცნობა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც დადასტურდებოდა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 ოქტომბრის №21-02-1/154587 წერილით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა პ.ფ-ის №... განცხადებასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სარეგისტრაციოს წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზთან, ამასთანავე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 01 სექტემბრის №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 22 ოქტომბრის №...გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და პ.ფ-ის №... განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაებნენ შ.ხ-ა, მ.გ-ი და გ.კ-ე. ამავე თარიღის განჩინებითვე დაკმაყოფილდა პ.ფ-ის წარმომადგენლის ნ.ო-ის შუამდგომლობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაერთო ნ.ც-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით, შ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 25 აგვისტოს №31-0120238654 წერილი და მასზე წარდგენილ საჩივარზე თბილისის მერიის ვირტუალური უარი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 ოქტომბრის №... და 2020 წლის 01 სექტემბრის №... გადწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა პ.ფ-ის №... განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.ც-ის, შ.ხ-ასა და საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საბურთალოს რაიონის გამგეობის, ნ.ც-ისა და შ.ხ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ც-ემ და შ.ხ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, კასატორებს - ნ.ც-ესა და შ.ხ-ას საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, ხარვეზის შესახებ მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში; კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელ გ.თ-ეს, რაც არ ჩაბარდა, თუმცა აღნიშნული განჩინება განმეორებით გაეგზავნა მას 2022 წლის 28 ივნისს და 2022 წლის 29 ივნისს ჩაჰბარდა პირადად, რაც დასტურდება გზავნილზე შესაბამისი პირის ხელმოწერით (ს.ფ. 497).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ც-ისა და შ.ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება ნ.ც-ისა და შ.ხ-ას წარმომადგენელს თავდაპირველად გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №5, ასევე მითითებული იყო საკონტაქტო მობილურის ნომერიც. აღნიშნული გზავნილი მას არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ მისამართზე არ იმყოფებოდა, რის შედეგადაც 2022 წლის 28 ივნისს განჩინების ასლი განმეორებით გაეგზავნა მას, რაც 2022 წლის 29 ივნისს ჩაჰბარდა ნ.ც-ისა და შ.ხ-ას წარმომადგენელ გ.თ-ეს პირადად, რაც დასტურდება გზავნილზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (ს.ფ. 497). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 30 ივნისს და ამოიწურა 2022 წლის 09 ივლისს 24 საათზე (სამშაბათი), თუმცა კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, კასატორს არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რა გარემოებებიც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ც-ისა და შ.ხ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა