Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-260(კ-22) 7 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ.ჯ-ას სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

მ.ჯ-ამ 2020 წლის 3 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1715/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის „მ.ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №04-1715/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.ჯ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2022 წლის 18 იანვარს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, დამატებით, №3/336 განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის განხილვის შეჩერება მოსარჩელის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. განცხადებას თან ერთვოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი, რომელიც ეყრდნობოდა სააგენტოს ელექტრონულ ბაზას და მიუთითებდა 2021 წლის 20 დეკემბერს მ.ჯ-ას გარდაცვალების ფაქტზე (აქტი №...).

თბილისის სააპელაციო სასამართლოდან 2022 წლის 10 მარტს საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში განსახილველად გადმოიგზავნა ადმინისტრაციული საქმე №ბს-260(კ-22), ზემოაღნიშნულ განცხადებასა და საკასაციო საჩივართან ერთად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.ჯ-ას სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში, სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე მატერიალურ სამართალში უფლებამონაცვლეობის დაშვების შესაძლებლობა ქმნის, თუკი, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები ითვალისწინებს სამართლებრივ ურთიერთობაში სუბიექტის შეცვლას, ახალ სუბიექტზე უფლება-მოვალეობების გადასვლის თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი განიხილება სამართლებრივი ურთიერთობიდან გასული პირის უფლებამონაცვლედ. შესაბამისად, თუკი დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, იგი ასევე დაუშვებელია საპროცესო სამართალშიც. ამრიგად, უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტისას, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები და სადავო ურთიერთობის თავისებურებანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2022 წლის 18 იანვარს №3/336 განცხადებით იშუამდგომლა მ.ჯ-ას საქმეთან დაკავშირებით, საქმის განხილვის შეჩერების შესახებ (უფლებამონაცვლის დადგენამდე). განცხადებაზე დართული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის №01/550 წერილით კი დასტურდება, რომ მოსარჩელე - მ.ჯ-ა 2021 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი მიზნად ისახავდა დევნილი სტატუსიდან გამომდინარე უფლებების რეალიზაციას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ.ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. შესაბამისად, უდავოა, რომ მ.ჯ-ა სარგებლობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებებით. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 8.00 ქულა. მოსარჩელე ასევე იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ამასთან ერთად არის შეირაღებული ძალების ვეტერანი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ იგი ცხოვრობდა მარტო, 2014 წლიდან განქორწინებულია მეუღლესთან - ლ.კ-სთან, რომელიც შვილებთან ერთად(როგორ დევნილი პირები) დაკმაყოფილებულია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. შესაბამისად, მ.ჯ-ას ოჯახი შედგებოდა ერთი სულისგან.

ასევე დადგენილია, რომ მ.ჯ-ამ მიმართა სასამართლოს დევნილის უფლებების რეალიზაციის მიზნით და მისი სასარჩელო მოთხოვნები პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დააკმაყოფილეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის გარდაცვალებამდე არ შესულა კანონიერ ძალაში, ამდენად, მ.ჯ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ წარმოშობია და მისი გარდაცვალების გამო მის სამკვიდრო მასაში არ შესულა ჯერ კიდევ მიუღებელი საცხოვრებელი ფართი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება სახელმწიფოს აკისრია იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხ.). ამდენად, საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნის უფლება უკავშირდება პირის დევნილის სტატუსს. კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდაცვალება არის პირის დევნილის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. დევნილის სტატუსის შეწყვეტა იწვევს დევნილის შემწეობის და სხვა სოციალური შეღავათების მინიჭების, მათ შორის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულების შეწყვეტას (სზაკ-ის 182.1 მუხ.) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ბს-868(კს-18)).

ამდენად, მ.ჯ-ასთვის, როგორც დევნილისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნის ვალდებულება მისი დევნილის სტატუსს უკავშირდებოდა, რადგან დევნილის სტატუსი, დეფინიციიდან გამომდინარე, პირადი ხასიათისის უფლებას წარმოადგენს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოსარჩელის გარდაცვალება იწვევს მისი დევნილის სტატუსის შეწყვეტას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზებიდან ამონაწერის მიხედვით, მ.ჯ-ას ოჯახი შედგება ერთი წევრისაგან, ხოლო მოსარჩელის შვილი და ყოფილი ცოლი დაკმაყოფილებულნი არიან საცხოვრებელი ფართით. შესაბამისად, მ.ჯ-ას გარდაცვალებით დევნილმა ოჯახმა შეწყვიტა არსებობა და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებაც მოისპო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლზე, რომლითაც, განმარტებულია პირადი ხასიათის უფლება-მოვალეობათა მემკვიდრეობით გადაცემის დაუშვებლობა. კერძოდ, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან (საქმის წარმოების შეწყვეტა) დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს საქმეზე №ბს-319(კ-20) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის №ბს-319(კ-20) განჩინება.)

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, 2022 წლის 18 იანვარს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №3/336 განცხადება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მ.ჯ-ას სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება და უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მ.ჯ-ას სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება, მ.ჯ-ას გარდაცვალების გამო;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე