ბს-640(კ-22) 09 სექტემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ც-ემ 03.11.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 19.07.2021წ. გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.10.2021წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე გ.ც-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.2022წ. გადაწყვეტილებით, გ.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 19.07.2021წ. №04-00/7663 გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.10.2021წ. №04/9936 გადაწყვეტილება გ.ც-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ.ც-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2022წ. განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებულ „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 22-ე მუხლის 32 პუნქტზე, რომლის მიხედვით პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მიზნებისათვის, ამ კანონით განსაზღვრული მუშაობის 20 წლის სტაჟში, ასევე ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო შრომითი სტაჟის დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად ჩაითვლება ცნობა სავალდებულო სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სხვა სამსახურში ყოფნის პერიოდზე. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ...ის №... ცნობით დასტურდება, რომ გ.ც-ემ სწავლის პერიოდში (... და ... სასწავლო წლებში) გაიარა სამხედრო კათედრის სრული კურსი, ამასთან, ....წ. №... ბრძანებით ...-ს ... წლის კურსდამთავრებულ გ.ც-ეს, რომელმაც გაიარა სამხედრო კათედრის სრული კურსი და სასწავლო შეკრება, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება - უმცროსი ლეიტენანტი. აღნიშნული გარემოება დამატებით დასტურდება საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს №505 ბილეთით. გ.ც-ის მიერ სახედრო კათედრის სრული კურსის გავლის პერიოდისთვის სამხედრო სამსახურის გავლის წესს, მათ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის სპეციფიკასა და პირობებთან, განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 20.10.1993წ. №748 დადგენილებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“. აღნიშნული დებულების მე-10 პუნქტის მიხედვით, უმცროსი ლეიტენანტის წოდება ენიჭებოდათ სამოქალაქო უმაღლესი, სპეციალური და საშუალო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სწავლის პერიოდში გაიარეს სამხედრო მომზადება და ჩააბარეს გამოცდები, ამასთან, ამავე დებულების 56-ე პუნქტიდან გამომდინარე, „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ კანონის თანახმად რეზერვი იქმნებოდა უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სამხედრო კათედრებზე კურსგავლილი რეზერვის ოფიცრებისაგან. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ.ც-ის მიერ 1993-1995 წლებში გავლილი სამხედრო კათედრის სრული კურსი, რის საფუძველზეც მიენიჭა სამხედრო წოდება (უმცროსი ლეიტენანტი) და ჩაირიცხა რეზერვში, განხილული უნდა იქნას, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი, რომელიც ჩაითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში, რამეთუ იმ დროისათვის სამხედრო კათედრის გავლა გათანაბრებული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურთან. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე სწორად შეფასებული, როგორც წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე გ.ც-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ საკითხი, გარდა მოსარჩელის სპეციალობით მუშაობის სტაჟისა (18 წელი და 28 დღე), კომპენსაციის დანიშვნის მიზნით განმცხადებელს საერთო სტაჟში უნდა ჩათვლოდა სამხედრო კათედრის 2 წლიანი სრული კურსის გავლა, რაც ჯამში შეადგენდა 20 კალენდარულ წელზე მეტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში, პროკურატურის ყოფილი მუშაკის სამუშაო სტაჟის გაანგარიშებისას სამხედრო კათედრაზე ყოფნის პერიოდის მუშაობის 20 წლიან სტაჟში ჩათვლას არ ითვალისწინებს. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონი სამხედრო კათედრაზე გავლის პერიოდს არ განიხილავს სამხედრო სამსახურის მოხდის რომელიმე ფორმად. აღნიშნული კანონის 30-ე მუხლის თანახმად, სამხედრო კათედრაზე ყოფნის პერიოდი, არათუ ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად, არამედ აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს. გ.ც-ის საქმეში წარმოდგენილია სამსახურის გავლის ნუსხა, სადაც აღნიშნულია, რომ მას შეიარაღებული ძალების რიგებში არ უმსახურია. მან გაიარა სამხედრო კათედრა და მასზე გაიცა რეზერვის ოფიცრის დროებითი სამხედრო ბილეთი. გ.ც-ეს პროკურატურის ყოფილი თანამშრომლებისათვის კანონით განსაზღვრულ 20 წლიან სამუშაო სტაჟში ვერ ჩაეთვლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლისას სამხედრო კათედრის გავლის პერიოდი, შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის მაძიებლისათვის ვერ განხორციელდებოდა პროკურატურის ორგანოების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №2) მე-15.1 მუხლის თანახმად განცხადებას კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელსაც თან უნდა ახლდეს ყველა საჭირო დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში და პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი პირის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა. ამდენად, კანონმდებლობა განსაზღვრავს კომპენსაციის მაძიებლის მიერ მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას („სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 26-ე მუხ.). მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალების თანახმად, შს სამინისტროს 30.06.2021წ. ცნობის მიხედვით, გ.ც-ე 1998 წლის 11 მაისიდან 2004 წლის 12 ივლისამდე ნამდვილად მსახურობდა შს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, სამინისტროში სპეციალური წოდებით გ.ც-ის წელთა ნამსახურობა შეადგენს 6 წელს და 12 დღეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის 17.06.2021წ. ნამსახურობის ნუსხის მიხედვით, გ.ც-ის შრომითი საქმიანობა პროკურატურაში მოიცავს 2004 წლის 12 ივლისიდან 2009 წლის 28 დეკემბრამდე და 2014 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 02 აპრილამდე პერიოდებს. ამდენად, მართალია, კომპენსაციის დანიშვნას ახდენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 2.1 მუხ.), თუმცა ამ უფლებამოსილების განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში დამოკიდებულია შესაბამისი დაწესებულების მიერ წელთა ნამსახურობის ნუსხის გაცემაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი არ არის შესაბამისი წარდგინებისა და ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების გარეშე, პირს დაუნიშნოს სახელმწიფო კომპენსაცია. მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს წარედგინა შს სამინისტროს და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა, რაც მიუთითებს აღნიშნული ორგანოების მიერ გ.ც-ის სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირად მიჩნევაზე, განსხვავებით იმ შემთხვევებისაგან, როდესაც შესაბამისი უწყება არ გასცემს ნამსახურობის ნუსხას იმაზე მითითებით, რომ პირი არ წარმოადგენს ასეთი კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი განსაზღვრავს პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით („პირადი განცხადებით“) გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის თანამშრომელს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). განსახილველ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 19.07.2021წ. წერილის მიხედვით, მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე ეთქვა უარი, ვინაიდან გ.ც-ის სპეციალობის მუშაობის სტაჟი შეადგენს 18 წელს და 28 დღეს. საქმეში დაცული ...ის 28.07.2021წ. ცნობის მიხედვით, გ.ც-ემ ...-ში სწავლის პერიოდში (... და .... სასწავლო წლებში) გაიარა სამხედრო კათედრის სრული კურსი. ამავე ცნობაში მითითებულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 22.11.1996წ. №785 ბრძანებით ...-ს ... წლის კურსდამთავრებულ გ.ც-ეს, რომელმაც გაიარა სამხედრო კათედრის სრული კურსი და სასწავლო შეკრება, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება - უმცროსი ლეიტენანტი, აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება საქმის მასალებში დაცული N505 ბილეთით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 20.10.1993წ. №748 დადგენილებით (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. №609 ბრძანებულებით) დამტკიცებული ,,საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-10 პუნქტის საფუძველზე, უმცროსი ლეიტენანტის წოდება ენიჭებოდათ სამოქალაქო უმაღლესი, სპეციალური და საშუალო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სწავლის პერიოდში გაიარეს სამხედრო მომზადება და ჩააბარეს გამოცდები. საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 16.2 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის შესაძლებლობას. ამდენად, მოსარჩელე საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების და კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობებს. სსკ-ის 404.1 მუხლის პირველ წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები არ არის დასაბუთებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი