Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-395(კ-22) 29 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ...ს სს „...“-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო).

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 30 იანვარს ...მა სს „...“-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: - ა) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ (2017 წლის 17 ნოემბრის შეტყობინება #094-4993); ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, ყადაღის დადების/წარმოშობის შესახებ (2017 წლის 7 დეკემბრის ბრძანება #011-4711); გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, ადმინისტრაციული საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ (2018 წლის 28 მარტის ბრძანება #6637); დ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, იმ ნაწილში, რომლითაც სრულად არ დააკმაყოფილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრები (2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება); ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (2018 წლის 6 სექტემბრის ბრძანება #24704); ვ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით ...ს სს „...“-ს სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

2019 წლის 9 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა: - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ (2017 წლის 17 ნოემბრის შეტყობინება #094-4993) მოქმედების შეჩერება; ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყადაღის დადების/წარმოშობის შესახებ (2017 წლის 7 დეკემბრის ბრძანება #011-4711) მოქმედების შეჩერება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, სს „...ი“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ, 2017 წლის 17 ნოემბრის #094-4993 შეტყობინების მოქმედება; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის, ყადაღის დადების/წარმოშობის შესახებ, 2017 წლის 7 დეკემბრის #011-4711 ბრძანების მოქმედება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ...ი სს „...ი“ (ს/კ ...) სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ 2017 წლის 17 ნოემბრის #094-4993 შეტყობინებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ყადაღის დადება/წარმოშობის შესახებ 2017 წლის 7 დეკემბრის #011-4711 ბრძანების მოქმედება - გაუქმდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ...მა სს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით ...ი სს „...“ (ს/ნ ...) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ...მა სს „...“-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ...ი სს „...“ დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორის წარმომადგენელს - დ. ხ-ეს 2022 წლის 10 მაისს ჩაბარდა.

2022 წლის 20 მაისს დ. ხ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იმაზე მითითებით, რომ მისი მარწმუნებელი იმყოფებოა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, ხარვეზის შევსების ვადის დამატებით 15 დღით გაგრძელება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით გაგრძელდა 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით; ...ი სს „...“ დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება, კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - დ. ხ-ეს და ჩაბარდა პირადად 2022 წლის 17 ივნისს, რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინების ასლი კასატორს ჩაბარდა 2022 წლის 17 ივნისს, სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 18 ივნისიდან დაიწყო და 2022 წლის 27 ივნისს 24:00 საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ...ის სს „...“ საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე