Facebook Twitter

ბს-650 (კ-21) 21 ივლისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2020წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 05.07.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ მოპასუხისათვის 146 454 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2017წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2020წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 146 454 (ას ორმოცდაექვსი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2013 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით მოსარჩელის მიერ გაწეულმა სამედიცინო მომსახურებამ, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ, საერთო ჯამში შეადგინა 225 445 ლარი, საიდანაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს ,,...ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 78 991 ლარის ანაზღაურება. რაც შეეხება 146 454 (ას ორმოცდაექვსი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი) ლარის ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს ,,...ს" ეცნობა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ განხორციელდა „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული - „პალიატიური“ კომპონენტის ფარგლებში მონაწილე დაწესებულებების რევიზირება და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ განახორციელა პროგრამის ფარგლებში შპს „...ის“ მიერ რევიზიის შემდგომ პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე მოთხოვნილი ანაზღაურების კორექტირება, რაც გამოიხატა შემდეგში: 1. სადავოდ იქნა კლასიფიცირებული შემთხვევები, რომლებიც რევიზიის პერიოდში რეგულირების სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც ჩართვის კრიტერიუმის დარღვევა (არასწორი ჩართვა, არასწორი დიაგნოზი/სტადია); 2. არასანაზღაურებლად კლასიფიცირებული იქნა შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარებმა მომსახურება მიიღეს ვადის დარღვევით, კერძოდ, 6 თვეზე მეტი ვადით. ასევე დადგენილია, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შპს ,,...ი" არგუმენტირებულად არ დაეთანხმა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადავო პერიოდში (2013 წლის 1 აპრილიდან 30 სექტემბრამდე) გაწეული მომსახურების არასანაზღაურებლად და სადავოდ კლასიფიკაციის საფუძვლებსა და კრიტერიუმებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო და არანაზღაურებული შემთხვევების კლასიფიცირების და შესრულებულ სამუშაოებზე მოთხოვნილი ანაზღაურების კორექტირების ერთადერთი საფუძველი გახდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 15.08.2013წ. შემოწმების აქტი, რომლითაც ინსპექტირების პერიოდი იყო 2011 წლის 26 დეკემბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ Nბს-831-827(კ-17) საქმეზე გაკეთებულ შეფასებებზე. ხსენებულ დავაში მოსარჩელეს წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც სწორედ ზემოთმითითებული 15.08.2013წ. შემოწმების აქტის საფუძველზე შპს ,,...ისგან“ მოითხოვდა არასწორად მიღებული დაფინანსების დაბრუნებას, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 504 625 ლარის გადახდას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია იმის შეფასება, 15.08.2013წ. შემოწმების აქტში მოცემული გარემოებები ჩაითვლებოდა თუ არა შპს ,,...ის“ მიერ განხორციელებულ დარღვევად. სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს შეფასებების გათვალისწინებით აღნიშნა, პალიატიური მზრუნველობა გამოყენებულ უნდა იქნეს ნებისმიერი ქრონიკული (საბოლოო ანგარიშით) უკურნებელი დაავადების შემთხვევაში. ავთვისებიანი სიმსივნის სტადია განისაზღვრება მისი გამოვლენის მომენტისათვის არსებული მდგომარეობის შესაბამისად და ის არ იცვლება პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე მიუხედავად იმისა, მკურნალობა ეფექტური იყო თუ, პირიქით, დაავადებამ განიცადა პროგრესირება. შესაბამისად, ის არ ასახავს დაავადების მიმდინარეობის დინამიკას. ამასთან, არის ავთვისებიან სიმსივნეთა მთელი ჯგუფი, რომელთა სტადირებაც არ ხდება (სარკომები, ლეიკოზები, თავის ტვინის სიმსივნეები). აღნიშნულიდან გამომდინარე, სტადია არ წარმოადგენს ონკოლოგიური დაავადებებით შეპყრობილი პირების კურაბელობა/ინკურაბელობის და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების ამსახველ კრიტერიუმს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ონკოლოგიური პაციენტი დაავადების 1-ლი, მე-2 ან მე-3 სტადიით ან ისეთი პათოლოგიით, რომლის სტადირებაც საერთოდ არ ხდება, შესაძლოა იყოს ინკურაბელური (განუკურნებელი) და მას ესაჭიროებოდეს პალიატიური მზრუნველობა, ვინაიდან ის მიეკუთვნება მე-4 კლინიკურ ჯგუფს, მიუხედავად მისი სტადიისა. ამდენად, პალატამ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გაიზიარა აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ შპს ,,...ის" ექიმების მიერ ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იქნენ ისეთი ონკოლოგიური პაციენტები, რომელთა დიაგნოზებში შესაძლოა გამოტანილი იყო 1-ლი, მე-2 ან მე-3 სტადია ან სტადია მითითებული არ იყო, მაგრამ განეკუთვნებოდნენ მე-4 კლინიკურ ჯგუფს. ამასთან, არაონკოლოგიური პაციენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ დაავადების ტერმინალურ ან სიკვდილის წინა სტადიაში, ასევე აკმაყოფილებდნენ პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს მათი დიაგნოზებიდან გამომდინარე.

რაც შეეხებათ ბენეფიციარებს, რომელთა მიმართ პალიატიური მზრუნველობა ხორციელდებოდა 6 თვეზე მეტი ვადით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.07.2008წ. №157/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის” მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, პალიატიური მზრუნველობისათვის პაციენტთა შერჩევის კრიტერიუმებია: ა) სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა არა უმეტეს 3-6 თვისა; ბ) შემდგომი მკურნალობის ნებისმიერი მცდელობის მიზანშეუწონლობა (სპეციალისტების მტკიცე რწმენის გათვალისწინებით, რომ დიაგნოზი სწორადაა დასმული); გ) ავადმყოფის ისეთი ჩივილები და სიმპტომები, რომლებიც სიმპტომური თერაპიისა და მოვლისათვის სპეციალურ ცოდნასა და უნარს საჭიროებს. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავადმყოფს პალიატიური მზრუნველობა უნდა გაეწიოს უკურნებელი დაავადების დიაგნოზის დასმისთანავე. გარდა ამისა, არცერთი ნორმატიული აქტით არ არის ლიმიტირებული ავადმყოფის მიმართ განხორციელებული პალიატიური მზრუნველობის ვადა. ამდენად, პალატის მითითებით ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია აწესებს სახელმწიფო პროგრამაში პაციენტის ჩართვის კრიტერიუმებს და არ განსაზღვრავს სამედიცინო მომსახურების გაწევის ხანგრძლივობას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლომ, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 15.08.2013წ. შემოწმების აქტით ისე, რომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი სპეციალისტების ინფორმაციული ხასიათის წერილები, რომლებიც მართალია, ზოგადი ხასიათის მატარებელია, თუმცა ადასტურებს, რომ იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც მითითებულია წერილში, ნამდვილად შეესაბამება ინკურაბელურ მდგომარეობას და ასეთი პაციენტები საჭიროებდნენ პალიატიურ მზრუნველობას. ამასთან, არაონკოლოგიური პაციენტებიც მითითებული დიაგნოზებით მართლაც იმყოფებოდნენ დაავადების ტერმინალურ ან სიკვდილის წინა სტადიაში. პალატის მითითებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც დავის სასამართლო განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულება, გარდა 13.08.2015წ. შემოწმების აქტისა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ადგილი ჰქონდა პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების დარღვევას, არასწორ ჩართვასა და არასწორ დიაგნოზს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები (სპეციალისტების დასკვნები) და სამედიცინო დოკუმენტაცია (ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) ადასტურებდნენ, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი იყო ინკურაბელური და საჭიროებდა პალიატიურ მზრუნველობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ განახორციელა შპს „...ში“ ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული მომსახურების ინსპექტირება. ინსპექტირების პერიოდი მოიცავდა 2011 წლის 26 დეკემბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე პერიოდს. შემოწმების შედეგად დადგინდა რიგი დარღვევები, კერძოდ პალიატიურ მკურნალობას ახორციელებდნენ ექიმები, რომლებიც არ ფლობდნენ შესაბამის სუბსპეციალობის მოწმობას - „ტკივილის მედიცინა და პალიატიური მკურნალობა“, რითაც დარღვეულია „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 07.03.2011წ. N01-1/ნ ბრძანების 14.10 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილებით დამტკიცებული „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ 21.11 მუხლის მოთხოვნები. ასევე დარღვეულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 07.03.2011წ. N01-1/ნ ბრძანების 14.3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების 21.3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. რიგ ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობა უტარდებოდათ 6 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ვიზიტებისას დარღვეულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 07.03.2011წ. N01-1/ნ ბრძანების 14.3 მუხლის „გ.ბ“, „ა“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების 21.3 მუხლის „გ.ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები. შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული მომსახურებისას დაირღვა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 7.1 და 7.2 მუხლები, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 28-ე და 33-ე მუხლები, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.04.2007წ. N136/ნ ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 15.03.2012წ. N92 დადგენილების მოთხოვნები.

კასატორის მითითებით ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში გაწეული მომსახურების რევიზიის პერიოდში 2013 წლის 1 აპრილიდან პროგრამაში ჩართული პაციენტები არ აკმაყოფილებდნენ პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს (დიაგნოზი/სტადია), 2013 წლის აპრილის შემდეგ აგრძელებენ პროგრამით გათვალისწინებული სერვისით სარგებლობას. ასევე, სერვისის მიწოდების ხანგრძლივობის (6 თვე) დარღვევის შემთხვევაში, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გაწეული ხარჯი, ხოლო 6 თვის გადაცილებით შესრულებული სამუშაო არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სასკ-ის 17.1 მუხლზე, რომელიც მოსარჩელეს ავალდებულებს დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გასამყარებლად მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2021წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, შპს „...ი“ სადავო პერიოდში (2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობას. პროგრამის ფარგლებში დაწესებულების მიერ გაწეულ იქნა 225 445 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება, საიდანაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „...ის“ მიმართ დაეკისრა 78991 ლარის ანაზღაურება, რაც შეეხება 146 454 (ას ორმოცდაექვსი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი) ლარის ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს ,,...ს" ეცნობა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ განხორციელდა „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული - „პალიატიური“ კომპონენტის ფარგლებში მონაწილე დაწესებულებების რევიზირება და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნის (15.08.2013წ. შემოწმების აქტი) საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ განახორციელა პროგრამის ფარგლებში შპს „...ის“ მიერ რევიზიის შემდგომ პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე მოთხოვნილი ანაზღაურების კორექტირება, რაც გამოიხატა შემდეგში: 1. სადავოდ იქნა კლასიფიცირებული შემთხვევები, რომლებიც რევიზიის პერიოდში რეგულირების სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც ჩართვის კრიტერიუმის დარღვევა (არასწორი ჩართვა, არასწორი დიაგნოზი/სტადია); 2. არასანაზღაურებლად კლასიფიცირებული იქნა შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარებმა მომსახურება მიიღეს ვადის დარღვევით, კერძოდ, 6 თვეზე მეტი ვადით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არც საკასაციო საჩივარში და არც საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი სააგენტოს დასაბუთებული პოზიცია, თუ რაში გამოიხატა ამ კონკრეტულ სადავო პერიოდში (2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით) ჩართვის კრიტერიუმების დარღვევა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო შემთხვევების კლასიფიცირების დროს კორექტირების საფუძვლად გამოყენებულ იქნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგილირების სააგენტოს 15.08.2013წ. შემოწმების აქტი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამ აქტში მითითებულ ჩართვის კრიტერიუმების დარღვევებზე, რომლის მიხედვითაც დარღვევად შეფასდა პალიატიური მზრუნველობის განხორციელება ისეთი ონკოლოგიურ პაციენტების მიმართ, რომელთა დიაგნოზებში გამოტანილია კიბოს I, II ან III სტადია, ან სტადია არ არის მითითებული. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.07.2008წ. #157/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციაზე“, რომლის 2.1 მუხლის თანახმად, პალიატიური მზრუნველობა გამოყენებულ უნდა იქნეს ნებისმიერი ქრონიკული (საბოლოო ანგარიშით) უკურნებელი დაავადების შემთხვევაში. ზემოაღნიშნული ბრძანების თანახმად, ავადმყოფების სამ ძირითად ჯგუფს, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროებათ, წარმოადგენს: ა) მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი; ბ) ტერმინალურ სტადიაში მყოფი შიდსით დაავადებულნი; გ) არაონკოლოგიური ქრონიკული მოპროგრესე სენით დაავადებულნი ტერმინალურ სტადიაში (გულის, ფილტვების დეკომპენსაციის, ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის სტადიები, გაფანტული სკლეროზი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევეის მძიმე შედეგები და სხვ.). ამდენად, იმ ავადმყოფთა ჩამონათვალი, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროებათ არ არის ამომწურავი, იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იძლევა ასეთი ავადმყოფების მხოლოდ სამი ძირითადი ჯგუფის ჩამონათვალს. შესაბამისად, ონკოლოგიური პაციენტები, რომელთა დიაგნოზებშიც გამოტანილია კიბოს I, II ან III სტადია, ან სადაც სტადია საერთოდ არ არის მითითებული, შესაძლოა ვერ ხვდებიან პაციენტების იმ სამ ძირითად ჯგუფში, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროებათ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მათ მიმართ პალიატიური მზრუნველობის გამოყენების საჭიროებას.

რაც შეეხება პალიატიური მზრუნველობის 6 თვეზე მეტი ვადით განხორციელებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.07.2008წ. #157/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის“ 2.6 მუხლი გამოყოფს პალიატიური მზრუნველობისთვის პაციენტთა შერჩევის კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესი ითვალისწინებს არა სამედიცინო მომსახურების გაწევის ხანგრძლივობას, არამედ სახელმწიფო პროგრამაში პაციენტების ჩართვის კრიტერიუმებს. შესაბამისად, ის გარემოება, რომ პაციენტები ჩართულნი იყვნენ პროგრამაში ხანგრძლივი (6 თვეზე მეტი) დროის განმავლობაში, არ ქმნიდა შპს „...ის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ შესაბამისი დარგის სპეციალისტების ინფორმაციული ხასიათის წერილებზე, სადაც აღნიშნულია, რომ წერილში მითითებული პაციენტების მდგომარეობა ნამდვილად შეესაბამება ინკურაბელურ მდგომარეობას და ასეთი პაციენტები საჭიროებდნენ პალიატიურ მზრუნველობას. ამასთან, არაონკოლოგიური პაციენტებიც მითითებული დიგანოზებით მართლაც იმყოფებოდნენ დაავადების ტერმინალურ ან სიკვდილის წინა სტადიაში. აღნიშნულის საწინააღმდეო მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო და არანაზღაურებული შემთხვევების კლასიფიცირების და შესრულებულ სამუშაოებზე მოთხოვნილი ანაზღაურების კორექტირების ერთადერთი საფუძველი გახდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 15.08.2013წ. შემოწმების აქტი, რომლითაც ინსპექტირების პერიოდი მოიცავდა 2011 წლის 26 დეკემბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე პერიოდს. აღსანიშნავია, რომ სწორედ მოცემული შემოწმების აქტის საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შპს „...ისგან“ სასარჩელო წარმოების გზით ითხოვდა არასწორად მიღებული დაფინანსების დაბრუნებას, კერძოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 504 625 ლარის გადახდას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.09.2021წ. Nბს-952(კ-19) განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2019წ. გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.12.2015წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, ზემოაღნიშნული აქტში მითითებული გარემოებები სასამართლოს მიერ არ ჩაითვალა შპს „...ის“ მიერ განხორციელებულ დარღვევად. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია რევიზიის შემდგომ პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე მოთხოვნილი ანაზღაურების კორექტირება მხოლოდ აღნიშნული აქტის საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის უმეტესი ნაწილი ეთმობა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 15.08.2013წ. შემოწმების აქტით დადგენილი დარღვევების აღწერას, რომელიც 2011 წლის 26 დეკემბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე პერიოდს ეხება. მოცემულ შემთხვევაში სადავოა 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობის ღირებულების ანაზღაურება. კასატორის მიერ არც საკასაციო საჩივარში და არც საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა 13.08.2015წ. შემოწმების აქტისა, რომელიც დაადასტურებდა სადავო პერიოდში (2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით) პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების დარღვევას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2020წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.09.2021წ. N25101 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7322.70 ლარის 70%, _ 5125.89 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი