საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-345(2კ-20) 12 ივლისი, 2022 წელი ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ბ-ა, ზ. ბ-ა
მესამე პირი - შპს „...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 07 მარტს ი. ბ-ამ და ზ. ბ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 02 სექტემბრის №000855 დადგენილებისა (2 ფანჯრის და 1 კარის ღიობის მოწყობისთვის დაჯარიმების და დემონტაჟის ნაწილში) და ზ. ბ-ას და ი. ბ-ას 2016 წლის 13 ოქტომბრის №374420/15 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ,,ზ. ბ-ასა და ი. ბ-ას წარმომადგენლის - გ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 5 ივლისის №1-1565 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ი. და ზ. ბ-აების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 5 ივლისის №1-1565 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. ბ-ას და ი. ბ-ას 2016 წლის 13 ოქტომბრის №374420/15 ადმინისტრაციული საჩივარი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 02 სექტემბრის №000855 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (2 ფანჯრის და 1 კარის ღიობის მოწყობისთვის დაჯარიმების და დემონტაჟის ნაწილში); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ი. ბ-ას და ზ. ბ-ას მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩნება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მესაკუთრეებმა ფართი მიიღეს მემკვიდრეობით, რაც იმას ნიშნავდა, რომ წინა მესაკუთრე გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი წარმოებაში ჩართვა - შეუძლებელი. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე (საქმეზე ბს-311-307(2კ-14), 14.07.2015წ.), რომლის მიხედვით „მესაკუთრესა და მოსარგებლეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი კონკრეტული პირი, არ ადასტურებს უძრავი ქონების მესაკუთრისათვის/მოსარგებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე/მოსარგებლე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისათვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში: მოსარგებლეს მესაკუთრის მსგავსად ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, მის სარგებლობაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია.“ ამ განმარტებიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელი იყო სასამართლოს მითითება კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვასთან მიმართებაში. საკუთრების სარგებლობა და განკარგვა არსებითად სხვა დავის საგანი იყო, ხოლო შენობის კანონშესაბამისი ექსპლუატაცია, სამშენებლო სამუშაოს დადგენილი ნორმების შესაბამისად განხორციელება ვერ იქნებოდა თანხვედრაში საკუთრების განკარგვასთან. კასატორმა აღნიშნა, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. კასატორმა მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-16 მუხლზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან ცნობილი იყო სადავო ობიექტის მესაკუთრე, სწორედ იგი წარმოადგენდა სუბიექტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იყო დარღვეული კანონი და სუბიექტი სწორად იყო შერჩეული.
კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ შენობა-ნაგებობის მესამე სართულის სართულებრივი გეგმა ცხადყოფდა, რომ 1957 წლის მდგომარეობით მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული ფართის ფასადი, რომელზეც გასაჩივრებული დადგენილების გამოცემის დროისათვის მოწყობილი იყო სადავო ღიობები, იყო ყრუ, რამდენადაც აღნიშნულ სართულებრივ გეგმაზე არ იყო დატანილი ღიობების აღმნიშვნელი ნიშნები. კასატორის მითითებით, ქ. თბილისში, ...ის ქ. N10, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის 1985 წლის 30 აპრილის რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით, შენობა-ნაგებობის სართულებრივ გეგმაზე დატანილ ტერასასთან მის მომიჯნავედ არსებულ, ქ. თბილისში, ...ის ქ. N15, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ზ. ბ-ასა და ი. ბ-ას თანასაკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ნივთს გააჩნდა დასაკავშირებელი კარის ერთი ღიობი, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემო აღნიშნული რეკონსტრუქციის პროექტი, საიდანაც დგინდებოდა, რომ ი. და ზ. ბ-ას თანასაკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ნივთს გააჩნია დასაკავშირებელი კარის ერთი ღიობი, ხოლო დანარჩენი ღიობები არცერთ პროექტზე არ იყო დატანილი, რაც მიუთითებდა მის უკანონობაზე. კასატორის მითითებით, 1993 წლის 9 ივნისს ზ. ა.-ის ძე ბ-აას ხელშეკრულებით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. N15-ში მდებარე ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო უბნის კუთვნილი ბინა. 1996 წლის 30 იანვარს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე მოსარჩელეებმა, ზ. ბ-ამ და ი. ბ-ამ მამკვიდრებლის, ზ. ა.-ის ძე ბ-აასგან მემკვიდრეობით მიიღეს ქ. თბილისში, ...ის ქ. N15-ში მდებარე უძრავი ნივთი (საერთო ფართით 188 კვ.მ), რომელიც წარმოადგენდა იმ ფართს, რომელზეც გასაჩივრებული დადგენილების გამოცემის დროისათვის მოწყობილი იყო სადავო ღიობები. მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ 2008 წელს ჩატარებულ ქ. თბილისში, ...ის ქ. N15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოიცავდა 2007 წლის მდგომარეობით, შპს „ი...ის“ მიერ მომზადებულ, ამავე შენობა-ნაგებობის მე-3 სართულის გეგმას, საიდანაც იკვეთებოდა, რომ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული ფართის ფასადზე, კერძოდ, შენობის „ბ-გ“ ღერძზე მოწყობილი იყო კარის ერთი ღიობი და ფანჯრის ორი ღიობი, ხოლო „გ1“ ღერძზე - ფანჯრის ორი ღიობი. კასატორის მითითებით, საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო ქ. თბილისში, ...ის ქ. N15, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ზ. ბ-ასა და ი. ბ-ას თანასაკუთრებაში აღრიცხული უძრავ ნივთის 2015 წლის 29 ივლისის შიდა აზომვითი ნახაზი, რომელიც ადასტურებდა, რომ შენობის „ბ-გ“ ღერძზე მოწყობილი იყო ფანჯრის ორი ღიობი და კარის ერთი ღიობი, ხოლო ფანჯრის ის ორი ღიობი, რომელიც 2007 წლის მდგომარეობით მოწყობილი იყო ფასადის „გ1“ ღერძზე, გაუქმებული იყო და მის ნაცვლად მოწყობილი იყო კარის ერთი ღიობი.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა, მაგრამ არასწორი შეფასება მისცა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილებას, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რემონტი არის შენობა-ნაგებობის ან მისი ცალკეული ელემენტების შეკეთება, აღდგენა ან შეცვლა (გარდა მზიდი კონსტრუქციებისა); ხაზოვანი ნაგებობებისათვის — ლოკალური (ორმოული, წერტილოვანი, ავარიით გამოწვეული და სხვ.) დაზიანების შეკეთება. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, გამარტივებული წესით, მხოლოდ არქირექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით (ორი სტადია) დაიშვება - შენობა-ნაგებობის ფასადის და სახურავის ისეთ სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომლებიც იწვევს შენობა-ნაგებობის იერსახის არსებით შეცვლას. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იერსახის არსებითი შეცვლა არის შენობის იერსახის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც ფასადის მოპირკეთება ხდება მთლიანად ახალი მასალის, კონსტრუქციების, ნაკეთობების გამოყენებით, შენობათა ფასადებსა და სახურავებზე დგება (მონტაჟდება) ახალი არქიტექტორული ელემენტები, ახალი ტექნიკური საშუალებები, კონსტრუქციები, ნაკეთობები; აგრეთვე ხდება ღიობების ისეთი გადაკეთება, რომლის დროსაც მისი ერთ-ერთი ხაზოვანი პარამეტრი იცვლება 2%-ზე მეტად და ეს ცვლილება აღემატება 10 სმ-ს (ისეთი სამუშაოს გარდა, რომელიც წარმოადგენს რეკონსტრუქციის სამუშაოს ნაწილს). აღნიშნულით დასტურდებოდა, რომ 2008 წლის 10 მარტის მდგომარეობით მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევდა გამარტივებული წესით, მხოლოდ არქიტექტურული სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, შენობის ფასადზე სამუშაოების წარმოებას, თუ აღნიშნული სამუშაოების საფუძველზე არსებითად იცვლებოდა შენობა-ნაგებობის იერსახეზე. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა განაცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც მოითხოვეს ზემოხსენებული ღიობების ლეგალიზება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - არქიტექტურის სამსახურის N2723692 ბრძანებით ი. და ზ. ბ-აების განცხადება ღიობების ლეგალიზების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გარემოება დამატებით ადასტურებდა ღიობების უკანონოდ გამოჭრის ფაქტს. სასამართლომ არ მისცა შეფასება უკანონო სამშენებლო საქმიანობის წარმოებას, რაც წარმოადგენდა სამართალდარღვევას. კერძოდ, ზემოხსენებულ ობიექტზე 2007 წლამდე ერთი კარის ღიობის გარდა, სხვა ღიობები მოწყობილი არ ყოფილა. აღნიშნულს ადასტურებდა შპს "ი...ის" მიერ შედგენილი შიდა აზმოვითი ნახაზი, რომლითაც დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ღიობები გამოჭრილი იქნა 2007 წელს. ზ. და ი. ბ-აებს ზემოხსენებული უძრავი ქონება საკუთრებაში ჰქონდათ 1993 წლიდან. შესაბამისად, მოსარჩელეების საკუთრებაში დამატებით კარების და ღიობების გამოჭრა მიუთითებდა ზ. და ი. ბ-აების ბრალეულობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 1993 წლის 09 ივნისის ხელშეკრულების თანახმად, ზ. ბ-ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №15-ში მდებარე ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო უბნის კუთვნილი ოთხოთახიანი ბინა, რომლის საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 88 კვ. მეტრს, ხოლო საერთო ფართი - 188 კვ. მეტრს. საქმეში წარმოდგენილი 1996 წლის 30 იანვრის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა - ი. და ზ. ბ-აებმა, მამკვიდრებლის - ზ. ბ-ასგან მემკვიდრეობით მიიღეს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №15-ში მდებარე უძრავი ნივთი.
ისიც დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელეთა მიმართ შედგენილი იქნა მითითება №000855, რომლის თანახმად ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №15-ში არსებული შენობის ფასადზე, ...ის ქუჩის №10-ის მხარეს, მოწყობილი იყო 2 ფანჯრის ღიობი და 2 კარის ღიობი. მითითებით მოსარჩელეებს დაევალათ ჩატარებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ღიობების ამოშენება. 2015 წლის 29 დეკემბერს, ზ. ბ-ამ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქ.თბილისში, ...ის ქუჩის №15-ში, უნებართვოდ მოწყობილი შენობის ნაწილების, კარის და ფანჯრის ღიობების ლეგალიზება მოითხოვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 04 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000855 ი. ბ-ას და ზ. ბ-ას მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მათ მიერ არ იქნა შესრულებული 2015 წლის 11 დეკემბრის №000855 მითითების პირობები. 2016 წლის 10 ივლისს ზ. ბ-ამ განცხადებით კვლავ მიმართა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქ.თბილისში, ...ის ქუჩის №15-ში უნებართვოდ მოწყობილი შენობის ნაწილების, კარის და ფანჯრის ღიობების ლეგალიზება მოითხოვა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 03 აგვისტოს №2723692 ბრძანებით ლეგანიზების თაობაზე განცხადება არ დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 02 სექტემბერს მიღებული იქნა №000855 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ი. ბ-ა და ზ. ბ-ა დაჯარიმდნენ 4 000(ოთხი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №15-ში არსებული შენობის ფასადზე, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №10-ის მხარეს, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე 2 ფანჯრისა და 2 კარის ღიობის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით მოსარჩელეებს დაევალათ უნებართვოდ მოწყობილი 2 ფანჯრისა და 2 კარის ღიობის ამოშენება. 2016 წლის 13 ოქტომბერს, ი. ბ-ამ და ზ. ბ-ამ (წარმომადგენელი გ. კ-ი) ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 02 სექტემბრის №000855 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 05 ივლისის №1-1565 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ბ-ას და ი. ბ-ას წარმომადგენლის გ. კ-ის 2016 წლის 13 ოქტომბრის №374420/15 ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 02 სექტემბრის №000855 დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც სამართალდამრღვევებს დაევალათ იმ კარის ღიობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რომელიც მოწყობილი იყო შენობის ,,ბ-გ’’ ღერძზე, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 02 სექტემბრის №000855 დადგენილება დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 02 სექტემბრის №000855 დადგენილებისა (2 ფანჯრის და 1 კარის ღიობის მოწყობისთვის დაჯარიმების და დემონტაჟის ნაწილში) და ზ. ბ-ას და ი. ბ-ას 2016 წლის 13 ოქტომბრის №374420/15 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 5 ივლისის №1-1565 ბრძანების კანონიერების შემოწნება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე და, შესაბამისად, ვერ პასუხობს დასაბუთებულობის შესაბამის სტანდარტს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადო წესით ვერ დაასაბუთეს მოსარჩელეთა მიმართ გამოყენებული სანქციის მართლზომიერება. ი. და ზ. ბ-აების განმარტებით, ღიობებისა და ტერასის სამშენებლო სამუშაო წარმოებული იყო 1985 წელს შეთანხმებული პროექტით, ხოლო ფართის პრივატიზება განხორციელდა 1993 წელს. ამასთან, პრივატიზებული ფართი მოიცავდა როგორც ბინას, ასევე კარ-ფანჯრებს და ტერასას, ხოლო აღნიშნული კარ-ფანჯრები წარმოადგენდა დამაკავშირებელ რგოლს ბინასა და ტერასას შორის. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. აგრეთვე, სადავო აქტების საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე მიღებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ადმინისტრცაიულმა ორგანომ შემოწმების აქტი შეადგინა მანამდე, ვიდრე ლეგალიზების საკითხთან დაკავშირებით სსიპ არქიტეტურის სამსახურის მიერ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის N15-ში მდებარე შენობას ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ 2007 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რესტავრაციის სამუშაოები, 2008 წელს - გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო 2009 წელს - ფასადის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, დადგენას საჭიროებს მოიცავდა თუ არა მოცემული სამუშაოები სადავო მშენებლობას და არსებობდა თუ არა სადავო სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი მითითებულ პერიოდში. გარდა ამისა, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სამშენებლო სამართალდარღვევის დადასტურების პირობებში შეფასება უნდა მიეცეს, ხომ არ არსებობს ი. ბ-ასა და ზ. ბ-ას მიმართ ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ'' საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონით და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული საკანონმდებლო შეღავათის (ჯარიმისაგან გათავისუფლება) გავრცელების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა