Facebook Twitter
საქმე №ბს-462(კ-22) 20 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს თ. ხ-იმა, ი. ხ-იმა, დ. ხ-იმა, ს. ხ-იმა, ნ. ხ-იმა მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: - ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 26 ნოემბრის №03/...650 წერილი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 25 მარტის №03/4640 გადაწყვეტილება; გ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე - თ. ხ-ისა და მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 26 ნოემბრის №03/...650 წერილი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 25 მარტის №03/4640 გადაწყვეტილება; მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე - თ. ხ-ისთვის და მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თ. ხ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი რეგისტრაციის ადგილია - ქალაქი ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტი, რომელიც წარმოადგენს ნგრევად შენობას. მოსარჩელე თ. ხ-ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ნგრევად შენობაში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. 2020 წლის 13 ნოემბერს თ. ხ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მიუთითა, რომ იგი სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში. მისი განმარტებით, მონიტორინგის განხორციელებისას სახლში არ იმყოფებოდა, რადგან იმ პერიოდში მუშაობდა ქ. ბათუმში. განმცხადებელმა ითხოვა აღნიშნული გარემოების გათვალისწინება და საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება, ვინაიდან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. საქმეში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 14 იანვრის ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ თ. ხ-ი და ი. ხ-ი დასაქმებულები იყვნენ სეზონურ სამუშაოზე ქ. ბათუმში, 2020 წლის 25 მაისიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით, შპს „...“-ში მიმტანის პოზიციაზე. ამასთან, 2021 წლის 12 იანვარს ნ. ზ-ამ, ზ. ჯ-ამ და ფ. ნ-ამ სანოტარო წესით დაადასტურეს, რომ თ. ხ-ი, მისი მეუღლე - ი. ხ-ი და სამი არასრულწლოვანი შვილი: ს. ხ-ი, დ. ხ-ი და ნ. ხ-ი დღემდე უწყვეტად ცხოვრობენ ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე მწვავე ავარიულ და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელ ობიექტში. მათი განმარტებით, როგორც მეზობლებს, აქვთ ყოველდღიური ურთიერთობა და იციან, რომ მათი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ოჯახს პერიოდულად უწევს გამგზავრება მხოლოდ ზაფხულში 2-3 კვირით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ თ. ხ-ის ოჯახის სულადობის დადგენის მიზნით, 2021 წლის 24 მაისს, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „უ...ის“ თანამშრომელმა, თ. ხ-ის (მის: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1) მეზობლების - გ. ა-ასა და ნ. ზ-ას გამოკითხვით დაადგინა, რომ თ. ხ-ი ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე ოჯახთან, კერძოდ, ს., დ. და ნ. ხ-იებთან (შვილები), გ. ა-ესთან (მამა), ნ. ა-ესთან (დედა), ს. ა-ესთან (და) და ბ. ა-ესთან (ძმა) ერთად. ამასთან, სასამართლოს დავალების საფუძველზე, 2021 წლის 9 ივლისს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „უ...ის“ თანამშრომელმა განახორციელა თ. ხ-ის ოჯახის ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლა. მეზობლების გამოკითხვით დადგინდა, რომ თ. ხ-ი ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №...-ში ცხოვრობს 1993-94 წლიდან ოჯახთან ერთად. დაასრულა ქ. ქუთაისის ...-ე საჯარო სკოლა. სწავლის პერიოდში ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე. 2010 წლიდან დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად გაემგზავრა უკრაინაში მეუღლის ოჯახში და პერიოდულად ბრუნდებოდა საქართველოში ზემოაღნიშნულ მისამართზე (კონკრეტული თარიღები მეზობლის განმარტებით უცნობია - არ ახსოვთ). მეზობლების გადმოცემით, 2017 წლიდან თ. ხ-ი შვილებთან ერთად არის საქართველოში და პერიოდულად ცხოვრობს ქ. ქუთაისსა და ქ. თბილისში. პანდემიის პერიოდი თ. ხ-იმა გაატარა შვილებთან ერთად მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №.... 2021 წლის თებერვლიდან თ. ხ-ის შვილები - ს. და დ. ხ-იები სწავლობდნენ ქ. ქუთაისში, „ქ...ში“ - სასწავლო წლის დასრულებამდე. მოკვლევის მომენტში, მეზობლების გადმოცემით, თ. ხ-ი იმყოფება ქ. თბილისში, დედის მკურნალობასთან დაკავშირებით, კონკრეტული მისამართი არ იციან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი მოსარჩელის ოჯახის ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტი, რადგან მარტო იმის მითითება, რომ თ. ხ-ი და მისი ოჯახი დროის სხვადასხვა პერიოდში იმყოფება სხვადასხვა ადგილას (სადავო აქტის მიღების დროისათვის ქ. ბათუმში სეზონურ სამუშაოზე ყოფნა, ხოლო სხვა შემთხვევებში დედის ავადმყოფობის გამო ქ. თბილისში ყოფნა და ასევე შვილების ს. და დ. ხ-იების თბილისში სწავლის მითითება), არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულ გარემოებად. აღნიშნული გარემოებების მითითება, არ გამორიცხავს მოსარჩელე მხარის მიერ ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში ცხოვრების შესაძლებლობას, რასაც ადასტურებს მეზობლების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „უ...ის“ თანამშრომელის მიერ შედგენილი აქტები, რომლითაც დასტურდება თ. ხ-ის ოჯახის ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლა. ასევე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ხ-ის შვილები ს. და დ. ხ-იები სწავლობდნენ ქალაქ თბილისში, თუმცა 2021 წლის 3 თებერვლიდან შპს „ქა...დან“ გადავიდნენ შპს ... სკოლა „პ...ში“ (დ. ხ-ი - II კლასი, ს. ხ-ი - III კლასი). აღნიშნულ სასწავლებელში ჩარიცხვის განცხადებაში საცხოვრებელ მისამართად მითითებული აქვთ: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1. ამასთან, ა(ა)იპ ქ. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ა. კ-ეის სახელობის №... ...ის სპორტული სკოლის 2021 წლის 3 თებერვლის ცნობით დგინდება, რომ ს. და დ. ხ-იები არიან №... ...ის სპორტული სკოლის მოსწავლეები. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ თ. ხ-ი თავის ოჯახთან ერთად სადავო მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1-ში არ ცხოვრობს, რადგან იგი აბონენტად (ელექტროენერგიის, გაზის და დასუფთავების) არ არის რეგისტრირებული, აღნიშნულს სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „უ...ის“ მიერ 2021 წლის 24 მაისს გაცემულ №4695 ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ თ. ხ-ი ნამდვილად ცხოვრობს ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №...-ში და მისი ოჯახი შედგება 8 (რვა) სულისგან, მათ შორის მამა - გ. ა-ე (ს.ფ. 155), ამასთან საქმის მასალებში წარმოდგენილი ე...ს ქუთაისის მომსახურების ცენტრის 2021 წლის 21 იანვრის №5148611 წერილით დგინდება, რომ ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №...-ში აბონენტად რეგისტრირებულია - გ. ა-ე, რასაც ასევე ადასტურებს ელექტროენერგიის ბრუნვის ბარათი (ს.ფ. 32-34). შესაბამისად, ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1-ში ელექტროენერგიის აბონენტად რეგისტრირებულია თ. ხ-ის ოჯახის წევრი მამა - გ. ა-ე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმის გარემოებებით ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის მიერ, გარდა ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1-ისა, სხვა სათანადო ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ფაქტი და აპელანტი ვერ მიუთითებს თუ სად ცხოვრობს მოსარჩელე მხარე, სააპელაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მოცემული მოტივით - ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, მხარისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის მიზეზი მისი ბათუმში სეზონურ სამუშაოზე ყოფნა არ გამხადრა. საყურადღებოა, რომ დ. და ს. ხ-იების ქ. თბილისში მდებარე ...ი სკოლა ,,ფ...დან" ქ. ქუთაისში მდებარე სკოლაში გადაყვანა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოში ჩატარებული ზეპირი მოსმენის, 2021 წლის 29 იანვრის შემდეგ, 2 თებერვალს მოხდა. ასევე, სკოლა „ფ...ში", ბავშვების პირად საქმეში ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებული იყო ქ. თბილისი, მის: ...ს ქ. №2, ბ. №14. საინტერესოა ასევე „უ...ის’’ ადმინისტრაციული ერთეულის მიერ მოწოდებული მტკიცებულებების, მათ შორის, მეზობლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასება. სასამართლოს მსჯელობით, მეზობლები თ. ხ-ის ...ის ქ. №1-ში ცხოვრების ფაქტს ადასტურებდნენ, რაც არ შეესაბამება რეალობას. მეზობლების განმარტებით, 2010 წლიდან, დაოჯახების შემდეგ, თ. ხ-ი „პერიოდულად’’ ცხოვრობდა უკრაინაში, თბილისში და სადავო მისამართზე. თუ გავითვალისწინებთ თ. ხ-ის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სამივე ბავშვის უკრაინაში დაბადების ფაქტს და ბათუმში პერიოდულად, თუნდაც სეზონურ სამუშაოზე ოჯახის ყოფნის ფაქტს, ცხადი ხდება, რომ თ. ხ-ი სადავო მისამართზე არ ცხოვრობდა. ასევე საყურადღებოა, რომ „უ...ის’’ ადმინისტრაციული ერთეულის მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს თან ერთვოდა ე...ს, შპს ს...ს და დასუფთავების სამსახურის წერილები, სადაც აღნიშნულია, რომ სადავო მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1, თ. ხ-ი აბონენტად არ არის რეგისტრირებული. ასევე საინტერესოა, „უ...ის’’ ადმინისტრაციული ერთეულის მიერ გამოგზავნილ მასალებში არსებული შსს-ს ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების წერილი, სადაც ჩანს, რომ თ. ხ-ი 2011 წლის ივლისშიც არ იმყოფებოდა მისამართზე. მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თ. ხ-ის თბილისში ყოფნის მიზეზი დედის ავადმყოფობა იყო, არ დასტურდებოდა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით.

კასატორის განმარტებით, თ. ხ-იმა 2020 წლის 13 ნოემბერს №50308 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. მხარეს 2020 წლის 26 ნოემბრის №03/...650 საპასუხო წერილით ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომის (ოქმი №62) შესაბამისად, იმერეთის რეგიონში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვის მიზნით, განხორციელდა მათში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე განსახლება. თ. ხ-ის ოჯახის ქალაქ ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი კი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი №62) არ განხილულა, ხსენებულ ობიექტზე მათი ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. სააგენტოს პასუხი თ. ხ-ის წარმომადგენელმა 2020 წლის 10 დეკემბერს №53920 ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 26 ნოემბრის №03/...650 კორესპონდენციის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ხ-ისა და მისი ოჯახის წევრების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. ადმინისტრაციულ საჩივარში მხარემ განმარტა, რომ 90-იანი წლებიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტში. სააგენტოს 2020 წლის 26 ნოემბრის №3/...650 წერილით მათთვის ცნობილი გახდა, რომ მათი ფართით უზრუნველყოფის საკითხი კომისიის სხდომაზე არ განხილულა, ამ ობიექტში მათი ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. მხარის განმარტებით სააგენტოს მითითება არ შეესაბამებოდა სიმართლეს. შესაბამისად, გადაწყვეტილება იყო უკანონო, მიღებული არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და გათვალისწინების გარეშე. საჩივართან დაკავშირებით, 2011 წლის 29 იანვარს ჩატარდა ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა, შესაბამისი დოკუმენტაცია გამოთხოვილ იქნა დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტიდან, ...ი სკოლა „ფ...“- დან, ... სკოლა „პ...ი“-დან. ასევე, დამატებითი მტკიცებულებები წარმოდგენილ იქნა თ. ხ-ის წარმომადგენლის - ლ. ა-ას მიერ. სააგენტომ, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოარკვია, რომ თ. ხ-ი იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად რეგისტრირებულია - ქ. ქუთაისი, კ. ...ის ქ. №1-ში. 2020 წელს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ აღნიშნულ ობიექტში მცხოვრებ დევნილთა კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი განსახლების პროცესში ჩატარებული მონიტორინგისას გამოარკვია, რომ თ. ხ-ის ოჯახი არ ცხოვრობდა რეგისტრაციის მისამართზე. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე, ამ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი არ განხილულა ხსენებულ უძრავ ქონებაში მათი ფაქტობრივად არცხოვრების გამო. 2021 წლის 29 იანვარს ჩატარდა თ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა. განხილვის პროცესში, მომჩივანის წარმომადგენელმა, ლ. ა-ამ განმარტა, რომ თ. ხ-ი აფხაზეთის საომარი მოვლენების შემდეგ რეგისტრირებულია და ფაქტობრივად მუდმივად ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ნგრევად ობიექტში. იგი დაოჯახებულია და ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი. 2020 წელს სააგენტოს მიერ აღნიშნულ ობიექტში მცხოვრებ დევნილთა განსახლების პროცესში ჩატარებული მონიტორინგისას, თ. ხ-ი არ იმყოფებოდა რეგისტრაციის მისამართზე, ვინაიდან ის და მისი მეუღლე გარკვეული პერიოდულობით მუშაობენ ქ. ბათუმში. მისი მოსაზრებით, ეს არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ხ-ის ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს ქ. ქუთაისში და აღნიშნული მიზეზი არ უნდა ყოფილიყო კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მომჩივანი არ დაეთანხმა და მტკიცებულებად წარმოადგინა მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები. ასევე ქ. ბათუმიდან დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა თ. ხ-ისა და მისი მეუღლის ქ. ბათუმში სეზონურად დასაქმება (მაისი-სექტემბერი). ვინაიდან, თ. ხ-ის შვილების დაბადების მოწმობები გაცემულია 20... წლის 15 მარტს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ და სამივე ბავშვის დაბადების ადგილად მითითებული იყო უკრაინა (2011, 2013, 2015 წლები) ამასთან, ბავშვების მამა უკრაინის მოქალაქეა, საკითხი წამოიჭრა თ. ხ-ის შვილების სასწავლო დაწესებულებიდან დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარემ მოთხოვა დაინტერესებულ მხარეს დამატებით წარმოედგინათ ბოლო 2-3 წლის დოკუმენტაცია სკოლიდან. 2021 წლის 8 თებერვალს ლ. ა-ამ №4899 განცხადებით მიმართა სააგენტოს და დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინა ქ. ქუთაისის ... სკოლა „პ...ის“ მიერ 2021 წლის 28 იანვარს გაცემული ცნობები, სადაც დადასტურებული იყო, რომ თ. ხ-ის შვილები - ს. და დ. ხ-იები არიან ამ სკოლის შესაბამისი კლასების მოსწავლეები, თუმცა ეს დოკუმენტი არ მოიცავდა იმ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენაც მოითხოვა ზეპირი მოსმენისას სხდომის თავმჯდომარემ. დოკუმენტში დაფიქსირებული არ იყო ბავშვების ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სკოლაში სწავლის ფაქტი. აქვე აღსანიშნავია, რომ ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2021 წლის 29 იანვარს. სკოლის ცნობების წარმოდგენის მოთხოვნა დაფიქსირდა სხდომის თავმჯდომარის მიერ ზეპირი მოსმენისას. შესაბამისად, 28 იანვრით დათარიღებული დოკუმენტი იწვევდა გარკვეულ გაუგებრობას. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოთხოვილიყო ინფორმაცია სასწავლო დაწესებულებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 96-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე 2021 წლის 22 თებერვალს №03/2797 კორესპონდენციით ზემოაღნიშნული სკოლიდან გამოთხოვილ იქნა ს. და დ. ხ-იების თაობაზე პირად საქმეში არსებული ინფორმაცია. ... სკოლა „პ...ი“-ს ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილი კორესპონდენციით გამოირკვა შემდეგი: ს. და დ. ხ-იების სკოლაში ჩარიცხვის მოთხოვნით სკოლის ადმინისტრაციას თ. ხ-იმა მიმართა 2021 წლის 2 თებერვალს, ბავშვები გადმოყვანილ იქნენ ქ. თბილისის ...ი სკოლა „ფ...“-დან, ხოლო პირად საქმეში მათ საცხოვრებელ მისამართად დაფიქსირებულია - ქ. თბილისი, ...ს ქ. №2 ბინა 14. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ სკოლას განმეორებით მიმართა სააგენტომ ლ. ა-ას მიერ სააგენტოში დამატებითი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი ცნობების თარიღის დაზუსტების თაობაზე რაზეც, სატელეფონო კომუნიკაციისას სკოლის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ცნობების გაცემის თარიღი ტექნიკური ხარვეზის გამო დაფიქსირებულია შეცდომით და დამატებით წარმოადგენდნენ ჩასწორებულ ცნობებს. (სააგენტოში წარმოდგენილ იქნა 02/02/2021 წლით დათარიღებული ცნობები). ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის მიზნით, 2021 წლის 25 თებერვალს სააგენტომ №03/3048 წერილით ასევე მიმართა ქართულ ავსტრიულ სკოლა „ფ...ს“. აღნიშნული სკოლის ადმინისტრაციიდან 2021 წლის 10 მარტს გამოგზავნილი №11275 კორესპონდენციით გამოირკვა, რომ ს. და დ. ხ-იები ირიცხებოდნენ ამ სკოლის მოსწავლეებად 2019 წლიდან 2021 წლის 2 თებერვლამდე, მათი საცხოვრებელი მისამართი იყო ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №2, ბინა 14, ხოლო ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანის თაობაზე მშობელმა ადმინისტრაციას მიმართა მიმდინარე წლის 2 თებერვალს. ასევე აღსანიშნავია, რომ დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით თ. ხ-ის, 2010 წლიდან საქართველოს საზღვარი რამდენჯერმე აქვს გადაკვეთილი და ძირითადად იმყოფებოდა საზღვარგარეთ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტში, თ. ხ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ დადასტურდა, ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თ. ხ-ის უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ თ. ხ-ის სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით დგინდება, რომ იგი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რეგისტრირებულია მისამართზე ქ. ქუთაისი, კ. ...ის ქ. №1, სს ,,...’’ (ს.ფ. 16); ბ) 2020 წლის 13 ნოემბერს, თ. ხ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მიუთითა, რომ იგი სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში. მისი განმარტებით, მონიტორინგის განხორციელებისას სახლში არ იმყოფებოდა, რადგან ბათუმში მუშაობდა იმ პერიოდში. განმცხადებელმა ითხოვა აღნიშნული გარემოების გათვალისწინება და საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება, ვინაიდან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია (ს.ფ. ...-19, 93); გ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 26 ნოემბრის №03/...650 წერილით თ. ხ-ის ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომის (ოქმი №62) შესაბამისად, იმერეთის რეგიონში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვის მიზნით განხორციელდა მათში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე განსახლება. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილ - თ. ხ-ის ოჯახის ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №62) არ განხილულა, ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო (ს.ფ. 59); დ) 2020 წლის 10 დეკემბერს, თ. ხ-ის წარმომადგენლმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 26 ნოემბრის №03/...650 წერილის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ. ხ-ისა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე (ს.ფ. 99-100); ე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 25 მარტის №03/4640 გადაწყვეტილებით, 2020 წლის 10 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან არ დადასტურდა ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტში თ. ხ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი (ს.ფ. 69-70, 71-73); ვ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 იანვრის №9224 წერილით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით თ. ხ-ის და ი. ხ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 35); ზ) 2021 წლის 12 იანვარს ნ. ზ-ამ, ზ. ჯ-ამ და ფ. ნ-ამ სანოტარო წესით დაადასტურეს, რომ თ. ხ-ი, მისი მეუღლე - ი. ხ-ი და სამი არასრულწლოვანი შვილი: ს. ხ-ი, დ. ხ-ი და ნ. ხ-ი დღემდე უწყვეტად ცხოვრობენ ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე მწვავე ავარიულ და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელ ობიექტში. მათი განმარტებით, როგორც მეზობლებს აქვთ ყოველდღიური ურთიერთობა და იციან, რომ მათი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ოჯახს პერიოდულად უწევს გამგზავრება მხოლოდ ზაფხულში 2-3 კვირით (ს.ფ. 21-22); თ) 2021 წლის 14 იანვრის ცნობით დგინდება, რომ თ. ხ-ი და ი. ხ-ი დასაქმებულები იყვნენ სეზონურ სამუშაოზე ქ. ბათუმში, 2020 წლის 25 მაისიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით შპს „...“-ში მიმტანის პოზიციაზე (ს.ფ. 25); ი) შპს ... სკოლა „პ...ის“ გენერალური დირექტორის 2021 წლის 23 თებერვლის ცნობით დგინდება, რომ 2021 წლის 2 თებერვალს სკოლაში შევიდა თ. ხ-ის განცხადება ს. და დ. ხ-იების მითითებულ სკოლაში სწავლის გაგრძელების შესახებ. მოსწავლეები გადავიდნენ შპს „... სკოლა ფ...დან“ და ... წელს ჩაირიცხნენ შესაბამის კლასებში: დ. ხ-ი - II კლასი, ს. ხ-ი - III კლასი. დაფიქსირებული მისამართი აქვთ: ...ა, ...ის ხევი, ...ს ქ. №2, ბინა №14, ხოლო განცხადებაში მითითებულია - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1 (ს.ფ. 132, 134-135); კ) ა(ა)იპ ქ. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ა. კ-ეის სახელობის №... ...ის სპორტული სკოლის 2021 წლის 3 თებერვლის ცნობით დგინდება, რომ ს. და დ. ხ-იები არიან №... ...ის სპორტული სკოლის მოსწავლეები (ს.ფ. 44); ლ) შპს „ქა...ს“ დირექტორის 2021 წლის 5 მარტის №4-14 წერილით დგინდება, რომ თ. ხ-ის შვილები შპს „... სკოლა ფ...ს“ მოსწავლეთა ბაზებში ირიცხებოდნენ შემდეგ პერიოდში: ს. ხ-ი - 04.07.2019-დან ...-მდე. დ. ხ-ი 11.09.2019-დან ...-მდე. წერილში მითითებულია, რომ მათ პირად საქმეში ფიქსირდება შემდეგი მისამართი: იურიდიული მისამართი: ქ. სოხუმი, ...ს ქ. №15, ხოლო ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ...ი, ...ს ქ. №2 (ს.ფ. 131); მ) 2021 წლის 24 მაისის ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „უ...ის“ თანამშრომელმა, თ. ხ-ის (მცხ: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1) მეზობლების - გ. ა-ასა და ნ. ზ-ას გამოკითხვით დაადგინა, რომ თ. ხ-ი ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე ოჯახთან, კერძოდ, ს., დ. და ნ. ხ-იებთან (შვილები), გ. ა-ესთან (მამა), ნ. ა-ესთან (დედა), ს. ა-ესთან (და) და ბ. ა-ესთან (ძმა) ერთად (ს.ფ. ...9); ნ) 2021 წლის 9 ივლისს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „უ...ის“ თანამშრომელმა განახორციელა თ. ხ-ის ოჯახის ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლა. აღნიშნულთან დაკავშირებით მეზობლების გამოკითხვით დადგინდა, რომ - თ. ხ-ი ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში ცხოვრობს 1993-94 წლიდან ოჯახთან ერთად. დაასრულა ქ. ქუთაისის ...-ე საჯარო სკოლა. სწავლის პერიოდში ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე. 2010 წლიდან დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად გაემგზავრა უკრაინაში მეუღლის ოჯახში და პერიოდულად ბრუნდებოდა საქართველოში ზემოაღნიშნულ მისამართზე (კონკრეტული თარიღები მეზობლის განმარტებით უცნობია - არ ახსოვთ). მეზობლების გადმოცემით, 2017 წლიდან თ. ხ-ი შვილებთან ერთად არის საქართველოში და პერიოდულად ცხოვრობს ქუთაისსა და თბილისში. პანდემიის პერიოდი თ. ხ-იმა გაატარა შვილებთან ერთად მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №.... 2021 წლის თებერვლიდან თ. ხ-ის შვილები ს. და დ. ხ-იები სწავლობდნენ ქ. ქუთაისში, „ქ...ში“ - სასწავლო წლის დასრულებამდე. მოკვლევის მომენტში, მეზობლების გადმოცემით, თ. ხ-ი იმყოფება ქ. თბილისში დედის მკურნალობასთან დაკავშირებით, კონკრეტული მისამართი არ იციან (ს.ფ. ...4-...5, 197); ო) ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „უ...ის“ მიერ 2021 წლის 24 მაისს გაცემულია №4695 ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ თ. ხ-ი ნამდვილად ცხოვრობს ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №...-ში და მისი ოჯახი შესდგება 8 (რვა) სულისგან, მათ შორის, მამა - გ. ა-ე (ს.ფ. 155); პ) ე...ს ქუთაისის მომსახურების ცენტრის 2021 წლის 21 იანვრის №5148611 წერილით დგინდება, რომ ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №...-ში აბონენტად რეგისტრირებულია-გ. ა-ე, რასაც ასევე ადასტურებს ელექტროენერგიის აბონენტის ბარათი (ს.ფ. 32-34, 191).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა.

საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე