Facebook Twitter

საქმე №ბს-730(კ-22) 12 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ხ. ბ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 1 აპრილს ხ. ბ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის №1000669363 გადაწყვეტილება ხ. ბ-ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხ. ბ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ.

სარჩელის თანახმად, ხ. ბ-იმ 2018 წლის 10 სექტემბერს მიიღო შრომითი ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 25 ივლისამდე. 2019 წლის 4 ივნისს №1000669363 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვა. სააგენტოს 2019 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ხ. ბ-ის უარი ეთქვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 24 სექტემბრის №3/5586-19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხ. ბ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №1000669363 გადაწყვეტილება, ამასთან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, სააგენტომ 2020 წლის 9 მარტს გამოსცა №1000669363 გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. ბ-ის კვლავ უარი ეთქვა შრომითი ბინადრობის გაცემაზე იმავე საფუძვლებით, რომლებიც 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ხ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის №1000669363 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ხ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო არსებითად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითა მათზე, თუმცა მიიჩნია, რომ არასწორად იქნა შეფასებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საბოლოოდ არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-15 მუხლის ,,ა” პუნქტზე, მე-17 მუხლის მე-10 პუნქტზე, მე-18 მუხლზე, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით სააპელაციო სასამართლო განმარტა, რომ უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, ერთმანეთს შეუპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემის თუ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში ანიჭებს უფლებას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებული არის, გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 07 მარტის SSG 6 20 00037999 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ხ. ბ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. სწორედ კანონით გათვალისწინებულ დასკვნას წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 07 მარტის SSG 6 20 00037999 წერილი, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად. აღნიშნულის საფუძველზე იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 09 მარტის №1000669363 გადაწყვეტილება მიღებული, რომლითაც ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ხ. ბ-ის უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოითხოვა ინფორმაცია რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 07 მარტის SSG 6 20 00037999 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, რომელიც წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო მოსარჩელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დაცვით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მითითება, რომ ვინაიდან მოსარჩელე დასაქმებულია საქართველოში, უნდა გაიცეს შრომითი ბინადრობის ნებართვა. კონკრეტულ შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი მოსარჩელეს ეთქვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად, მას მიეცა უპირატესი ინტერესი მხარის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ბ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ხ. ბ-იმ ჯერ კიდევ 2019 წლის 4 ივნისს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის თაობაზე. სააგენტომ 2019 წლის 3 ივლისს გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც ბიდმეშკის უარი ეთქვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლო წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის 3/5586-19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი - ბათილად იქნა ცნობილი ინდ. აქტი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაავალა გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ხ. ბ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამასთან, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სხვა რაიმე საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ დაუსაბუთებია. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ადმ. ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებშიც მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის გათვალისწინებით. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოსარჩელე ხ. ბ-ი წარმოადგენს შპს ,,ლ...ის“ 100% წილის მფლობელს და დირექტორს. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია დოკუმენტები შემოსავლების სამსახურიდან, რომელთა მიხედვით დასტურდება მოსარჩელის მიერ ანაზღაურების მიღების ფაქტები, ასევე შპს ,,ლ...ს“ უფიქსირდება სამეწარმეო აქტივობა - დეკლარაციის წარმოდგენა, გადასახადების გადახდა, საბაჟო ოპერაციები, დასადასტურებელი და დადასტურებული მიღებული ანგარიშ-ფაქტურები და ელ. სასაქონლო ზედნადებები. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით, მათ შორის მოსარჩელის შრომითი ურთიერთობის ამსახველი უახლესი ინფორმაციის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

კასატორის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მასში განსაზღვრული მითითებებისა, 2020 წლის 9 მარტს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აქტში უარის თქმის საფუძვლად მითითებულია საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც, არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად განმცხადებლის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ და, რომ ხ. ბ-ი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წინამდებარე გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი და მხოლოდ სამართლებრივი ნორმის მითითება სზაკ-ის მიხედვით არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს. სააგენტოს გადაწყვეტილებაში, მართალია მითითებულია სამართლებრივი ნორმა, თუმცა არ არის დასაბუთებული რაში გამოიხატება პიროვნების საფრთხის შემცველობა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი წესრიგისათვის. მითუმეტეს, რომ 2018 წლიდან მოსარჩელე ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, აქვს საკუთარი კომპანია, კერძოდ ახორციელებს იმპორტ-ექსპორტს, იხდის გადასახადებს, ჰყავს დაქირავებული თანამშრომლები, ასევე ქირით აქვს საცხოვრებელი ბინა და იხდის ქირავნობის თანხას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არანაირი არა თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაული, არამედ ადმინისტრაციული გადაცდომაც კი არ ჩაუდენია. მაშინ, როდესაც სააგენტო უთითებს, რომ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად განმცხადებლის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, იგი ვალდებულია განმარტოს დასკვნის შინაარსი და ამავე დროს, დაასაბუთოს თავისი დისკრეციული გადაწყვეტილების საფუძველი - რამ განაპირობა სახელმწიფოს დამოკიდებულების ცვლილება პირის მიმართ, რომელიც სრულად იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და კანონმდებლობით მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოცემული აქტი იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული და მხარისათვის გასაგები, რათა შესაძლებელი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერების გადამოწმება და დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეცდომის დაშვება გამოირიცხოს. სადავო აქტი კი მსგავს დასაბუთებას არ შეიცავს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ხ. ბ-ი (დაბადებული 1988 წლის 7 იანვარს) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე; ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 აგვისტოს №1000620574 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ხ. ბ-ის 2018 წლის 26 ივლისის №1000620574 განცხადება და მას მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის 26 ივლისამდე; გ) ხ. ბ-იმა (..., დაბ: ... წელი) 2019 წლის 4 ივნისს №1000669363 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა; დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 5 ივნისს №1000669363/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ხ. ბ-ის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები; ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 1 ივლისის №SSG 0 19 00116663 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ხ. ბ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია; ვ) ხ. ბ-ი წარმოადგენს შპს ,,ლ...ის“ 100% წილის მფლობელს და დირექტორს. შპს ,,ლ...ს“ უფიქსირდება სამეწარმეო აქტივობა - დეკლარაციის წარმოდგენა, გადასახადების გადახდა, საბაჟო ოპერაციები, დასადასტურებელი და დადასტურებული მიღებული ანგარიშ-ფაქტურები, ელ. სასაქონლო ზედნადებები; ზ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №1000669363 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ხ. ბ-ის 2019 წლის 4 ივნისის №1000669363 განცხადება და ხ. ბ-ის უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე; თ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის №3/5586-19 გადაწყვეტილებით ხ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №1000669363 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხ. ბ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე; ი) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 24 თებერვალს განმეორებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა ხ. ბ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები; კ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 7 მარტის SSG 6 20 00037999 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ხ. ბ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება; ლ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 9 მარტის №1000669363 გადაწყვეტილებით ხ. ბ-ის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე;

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 2020 წლის 7 მარტის SSG 6 20 00037999 წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ხ. ბ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის საფუძველზე მოხდა სადავო აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლოს მიერ 12.07.2022წ. №ბს-730(კ-22) განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ხ. ბ-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა დასაბუთებულია, ამდენად, კანონშესაბამისია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული აქტი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ ყოველთვის არ ქმნის განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად. ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაში ასახული შედეგი, არამედ მისი დასაბუთებაც. განსახილველ შემთხვევაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძვლად არსებული ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ხ. ბ-ისთვის მართლზომიერად ეთქვა უარი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არსებობას. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოში ხ. ბ-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების, შპს ,,ლ...ის“ ფუნქციონირების მიუხედავად, არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით. ამასთან, მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავს აქტის დასაბუთებაში კონკრეტული ინფორმაციის მითითების შესაძლებლობას.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1-ლი მუხ.), კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას (6.1 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოების მიერ საქმის განხილვისთვის იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად არ აისახა. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობას.

კასატორის მითითება, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, ასევე არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება გამოტანილია სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რომელიც სასკ-ის 23-ე და 31-ე, 33-ე მუხლებისაგან განსხვავებით ითვალისწინებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას, ამასთანავე, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ხ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. ხ. ბ-ის (დაბ: ...წ., პასპორტის ნომერი: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.06.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ქ. ცინცაძე