საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-440(კ-20) 7 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ზ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მესამე პირი - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. გ-ემ 2018 წლის 12 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და მოითხოვა „ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მ. გაბაიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 დეკემბრის №1075 ბრძანებულების ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსათვის მოსარჩელე - ზ. გ-ეის ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის მოსარჩელე - ზ. გ-ეის სასარგებლოდ, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების (212800 ლარის ოდენობით) დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება საააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით ზ. გ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება;
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. გ-ეის საკასაციო საჩივარი.
2022 წლის 27 მაისს ზ. გ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზ. გ-ეის ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ტოლფას თანამდებობაზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის, აღდგენის დავალების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარის თქვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ზ. გ-ეის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ტოლფას თანამდებობაზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის, აღდგენის დავალების მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე ნაწილობრივ უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი აპელანტს ანიჭებს საპროცესო უფლებას უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის №ბს-1163(კ-18) განჩინებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ პროცესის დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლენაა მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება, კერძოდ, პროცესის მონაწილის ნება-სურვილზეა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. ამდენად, მხოლოდ საჩივრის შეტანაზე უფლების მქონე პირს შეუძლია, უარი განაცხადოს გასაჩივრებაზე ან უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო ან საკასაციო საჩივარზე... არავის აქვს უფლება, აიძულოს პირი, რათა მან მიიღოს ზომები თავისი დარღვეული (სადავო) უფლების დასაცავად. მხარეებს აქვთ თანაბარი უფლება, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, მათ აგრეთვე უფლება აქვთ უარი თქვან გასაჩივრებაზე.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა უარი თქვა ზ. გ-ეის ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ტოლფას თანამდებობაზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის, აღდგენის დავალების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვაზე, რითაც მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. ამასთან, მისი მხრიდან საკასაციო საჩივარზე უარის თქმა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლზე მითითებით, ზემოაღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. გ-ეის ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ტოლფას თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის, აღდგენის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ ზ. გ-ეის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე მითითებულ ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა :
1. ზ. გ-ეის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ზ. გ-ეის საკასაციო საჩივარზე, ზ. გ-ეის ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
მ. ვასაძე