№ბს-283(კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები - ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 16 დეკემბერს ნ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის სხდომაზე მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1801/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე
სარჩელის თანახმად, ნ. კ-ა, მისი მეუღლე - დ. ფ-ა და მათი შვილები: ნ. ფ-ა (პ/ნ ...; დაბ. ... წ.), ა. ფ-ა (პ/ნ ...; დაბ.... წ.) და მ. ფ-ა (პ/ნ ...; დაბ. ... წ.) არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები). მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულაა 80180. მოსარჩელე და მისი მეუღლე იბრძოდნენ აფხაზეთში, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით არიან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები. ამასთან, დ. ფ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. 2018 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ შევსებულ იქნა განაცხადის ელექტრონული ფორმა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე და მათ ოჯახს, როგორც დევნილის სტატუსის მქონეს, მიენიჭა 13 ქულა, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრძანებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროება.
მოსარჩელის განმარტებით, მართალია, დღეის მდგომარეობით მისი ოჯახი ცხოვრობს მათ მიერ 1998 წელს შეძენილ ბინაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი №..., ბინა №..., მაგრამ აღნიშნული ბინა მათმა ოჯახმა ფინანსური პრობლემების გამო გაასხვისა ს. კ-იზე ჯერ კიდევ 2017 წელს, ხოლო ამჟამად, ამავე ფართში ცხოვრობენ ქირით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1801/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელის ოჯახს საკუთრებაში არ აქვს უძრავი ქონება, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი №..., ბინა №..., თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება კონკრეტული სახით არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ პირს, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 10 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ს. კ-ის. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება ვერ მიიჩნევა ფორმალურად მხოლოდ იმიტომ, რომ ნივთის გამსხვისებელი აღნიშნული უძრავი ქონების ფლობას აგრძელებს. დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო არ გამხდარა და არ გაუქმებულა კანონით დადგენილი წესით. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი.
რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას ქირავნობის ხელშეკრულების ფიქტიურობასთან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა არ უზღუდავს მხარეებს უძრავი ნივთის შესახებ ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმონ როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით. მოსარჩელე მხარესა და უძრავი ნივთის მესაკუთრეს შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა ს. კ-იმაც, რომელმაც განმარტა, რომ შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი №..., ბინა №..., გაქირავებული აქვს მოსარჩელეზე 350 ლარის სანაცვლოდ, თუმცა შექმნილი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულია თავად გადავიდეს საცხოვრებლად საკუთარ ბინაში.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ასა და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე უძრავი ქონება, აღნიშნულის გათვალისწინებით კი პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული აქტის მიღების საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელისა და მისი ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის თაობაზე.
ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე შესაბამისი ქულების განსაზღვრის გზით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 13 ქულით, რაც საქმის მასალების მიხედვით, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, რამეთუ დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა.
პალატამ მიიჩნია, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროს შესაძლებელი იყო 534 სამოთახიანი ბინის განაწილება, თუმცა წარმოდგენილი იყო 729 განაცხადი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 3 და მეტი ქულა. სააგენტო საკმარისი ბინების არარსებობის გამო ვერ დააკმაყოფილებდა ყველა განაცხადს, მიუხედავად საჭირო ქულისა. შესაბამისად, სააგენტო, მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებდა გადაწყვეტილებას თუ ვისი დაკმაყოფილების საკითხი იყო პრიორიტეტული. №320 ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ დააგროვა 13 ქულა, ვინაიდან ის მეუღლის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრობს დღემდე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე (2017 წლიდან დღემდე), ამასთან არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მისი ოჯახის ამ ბინიდან გამოსახლების რეალური საფრთხე არსებობს, ცხადია, რომ მისი განსახლების საკითხი პრიორიტეტულად ვერ ჩაითვლებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
დადგენილია, რომ ნ. კ-ას მიერ შევსებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მან მოიპოვა 13.00 ქულა შემდეგი კრიტერიუმებით: საცხოვრებელი ფინანსური პირობები - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (2 არასრულწლოვანი) - 1.00 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 1 ქულა, დ. ფ-ა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მნიშვნელოვნად გამოხატული) - 2.00 ქულა, ნ. კ-ა - ომში მონაწილეობა - 1.5 ქულა, დ. ფ-ა - ომში მონაწილეობა - 1.5 ქულა, გ. ფ-ა - ომში დაღუპული ოჯახის წევრი (გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში) - 3 ქულა, ანგელინა კვარაცხელია-ხარბედია - ომში დაღუპული ოჯახის წევრი (გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტის შედეგად) - 1,5 ქულა.
2019 წლის 4 დეკემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელე დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მოქმედი სარეიტინგო ქულაა 80180. (ქულის მინიჭების თარიღი 03.03.2016 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 02.02.2016 წელი). ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ...ის გამზირი, კორპუსი №..., ბინა №....
2019 წლის 19 ივნისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, გასაუბრება მოხდა განმცხადებელთან - ნ. კ-ასთან. გასაუბრების თანახმად, განმცხადებლის მეუღლემ 1994 წელს შეიძინა ბინა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი №..., ბინა №..., ხოლო 2017 წელს შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო აღნიშნული ბინა გაასხვისეს, იმ პირობით, რომ გარკვეული პერიოდი ეცხოვრათ ამავე ბინაში ქირით. ამჟამად ბინის მესაკუთრე აპირებს ქონების გასხვისებას, ხოლო მათ სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება.
2017 წლის 15 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად ქ. თბილისში, ...ის გამზირზე, №... კორპუსში მდებარე ბინა №...-ის მესაკუთრეს, 2017 წლის 10 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს ს. კ-იი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. კ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (განსახლება არ წარმოადგენს გადაუდებელ საჭიროებას მეუღლის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04-1801/ო სადავო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), ნ. კ-ას (პ/ნ ...) (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება ვერ მიიჩნევა ფორმალურად მხოლოდ იმიტომ, რომ ნივთის გამსხვისებელი აღნიშნული უძრავი ქონების ფლობას აგრძელებს. დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო არ გამხდარა და არ გაუქმებულა კანონით დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მეუღლის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა უძრავი ქონების გასხვისებასთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი (ქირით ან ქირის გარეშე) არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას.
ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ კანონმდებლობა არ უზღუდავს მხარეებს უძრავი ნივთის შესახებ ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმონ როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარესა და უძრავი ნივთის მესაკუთრეს შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა ს. კ-იმაც, რომელმაც განმარტა, რომ შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი №..., ბინა №..., გაქირავებული აქვს მოსარჩელეზე 350 ლარად, თუმცა შექმნილი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულია თავად გადავიდეს საცხოვრებლად საკუთარ ბინაში.
საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა, ხოლო ის გარემოება, რომ განმცხადებლის ოჯახი ცხოვრობს იმ ფართში, რომელიც ადრე მათი საკუთრება იყო და შემდეგ გაასხვისეს, არ წარმოადგენს გასაჩივრებული აქტის კანონიერად მიჩნევის საკმარის საფუძველს.
დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 13 ქულით, რაც საქმის მასალების მიხედვით, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, რამეთუ დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს თვალსაზრისით არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე