საქმე #ბს-439(კ-22) 21 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 11 დეკემბერს ე. ბ-იმა, დ. ზ-იმა, ე. ზ-იმა და ტ. ზ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2019 წლის 11 სექტემბერს მათ განცხადებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვეს. განმცხადებლებმა კონკრეტულად მიუთითეს მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ, ე. ბ-ის 3 შვილთან ერთად უწევდა პერიოდულად ნაქირავებ ბინაში ან სხვადასხვა ნათესავთან ცხოვრება, თუმცა ამჟამად, წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, ოჯახს აღარ გააჩნია ნათესავთან ცხოვრების შესაძლებლობა და არც ბინის დაქირავების საშუალება, რამდენადაც ოჯახში მხოლოდ ე. ბ-იი მუშაობს და სამივე შვილი არის სტუდენტი. ამასთან, მათ საკუთრებაში არ გააჩნიათ უძრავი ქონება.
მოსარჩელეთა მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ განხილულა განცხადებაში მითითებული გარემოებები და ადმინისტრაციული ორგანოს 2019 წლის 16 სექტემბრის #04/48879 წერილით საჩივრის ავტორებს ეცნობათ, რომ მათ ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 1.5 ქულა კრიტერიუმში - „ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე“ და რომ მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა განიხილება შემდგომ ეტაპზე ქ. თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და სულადობის გათვალისწინებით. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული შეფასება კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც უხეშად ირღვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ე.წ. ვირტუალური აქტი) არ დაკმაყოფილდა ე. ბ-იის, ე. ზ-იის, დ. ზ-იისა და ტ. ზ-იის 2019 წლის 7 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 16 სექტემბრის #4/48879 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
ამდენად, მოსარჩელეებმა მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 16 სექტემბრის #04-48879 წერილობითი მიმართვისა და მოსარჩელეთა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელეების - ე. ბ-იის, დ. ზ-იის, ე. ზ-იისა და ტ. ზ-იის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის უსასყიდლოდ საცხოვრებელი ბინის გადაცემის გზით) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-იის, დ. ზ-იის, ე. ზ-იისა და ტ. ზ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 16 სექტემბრის #04-48879 წერილობითი მიმართვა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი მოსარჩელეთა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელეთა ოჯახთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა დაევალა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ ე. ბ-იის ოჯახი არ იყო დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, მას არც საკუთრებაში გააჩნდა იგი, რის გამოც, საცხოვრებლის პირობების კრიტერიუმით მის ოჯახს მიენიჭა 1.5 ქულა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2016 წელს, როდესაც მოხდა დევნილი ოჯახის შეფასება, ე. ბ-იის შვილები იყვნენ არასრულწლოვნები. აღნიშნული დასტურდებოდა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარით, სადაც მითითებულია, რომ დ. ზ-იი არის 17 წლის, ე. ზ-იი არის 16 წლის, ხოლო ტ. (ნ.) ზ-ი არის 15 წლის. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობებით ირკვევოდა, რომ დ. ზ-იი დაიბადა ... წლის ...ს, ე. ზ-იი დაიბადა ... წლის ...ს, ხოლო ტ. (ნ.) ზ-ი დაიბადა ... წლის ...ს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა ოჯახის შეფასების დროს, სოციალური კრიტერიუმით (დანართი #7) შეფასება არ მომხდარა, მაშინ, როდესაც ე. ბ-იის შვილები (მოსარჩელეები) იყვნენ არასრულწლოვნები.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება მასზედ, რომ 2016 წელს, როდესაც მოხდა მოსარჩელეთა ოჯახის შეფასება, არ ხდებოდა ქულათა მინიჭება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის კრიტერიუმით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის #5 დანართით განისაზღვრებოდა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასება, რომლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის 3 და მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი; 3 არასრულწლოვანზე - ერთი ქულა, ყოველ დამატებითზე - 0.5 ქულა. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წელის 14 თებერვალის #120 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით #7 დანართით განისაზღვრა სოციალური კრიტერიუმი, რომლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი; 2 არასრულწლოვანზე - ერთი ქულა, 3 არასრულწლოვანზე - 2 ქულა, 4 არასრულწლოვანზე - 3 ქულა, 5 არასრულწლოვანზე - 4 ქულა, ყოველ დამატებითზე - 0.5 ქულა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეთა ოჯახი შეფასებული იყო მხოლოდ საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის მიხედვით და საერთოდ არ იყო გამოკვლეული და შეფასებული სოციალური კრიტერიუმით (დანართი #7) გათვალისწინებული პირობები, მაშინ, როდესაც მოსარჩელეთა ოჯახის შეფასებისა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოსარჩელე ე. ბ-იის შვილები (მოსარჩელეები) იყვნენ არასრულწლოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ ჰქონდა ნამსჯელი მათზე. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება და სადავო აქტების კანონშესაბამისობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ არსებობდა ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოთმითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის, დადგენისა და შეფასების საჭიროება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის #2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ საფუძველზე. აღნიშნული წესით განსაზღვრულია საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები, ქულათა მინიჭების წესი. #320-ე ბრძანების მე-7 დანართი ითვალისწინებს არასრულწლოვანის ქულის მინიჭებას. თუმცა კასატორი მიუთითებს, რომ 2019 წელს, მოსარჩელეთა მიერ სააგენტოსათვის განცხადებით მიმართვის დროისათვის, ე. ბ-იის სამივე შვილი იყო სრულწლოვანი და შესაბამისად, ამ კრიტერიუმში მოსარჩელეს ქულა ვერ მიენიჭებოდა. ამასთან, სხვა დოკუმენტაცია ან ინფორმაცია, რომელიც ე. ბ-ის დამატებითი ქულების მოპოვებაში დაეხმარებოდა, მას არ წარუდგენია.
კასატორის მითითებით, 2019 წელს დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე ოროთახიანი ბინის განაწილების მიზნით განსახილველად მოხვდა იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 8.5 და მეტი ქულა. დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას იმ ეტაპისათვის არ განუხილავს მოსარჩელის საკითხი, ვინაიდან აღნიშნულ ქულათა ოდენობა არ იყო საკმარისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. მოსარჩელეს 2019 წლის 16 სექტემბრის #04/48879 წერილით განემარტა, რომ მიმდინარე ეტაპზე განიხილებოდა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი, რომლებსაც მინისტრის #320 ბრძანების საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდათ ქულათა მეტი ოდენობა. დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი კი, მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა შემდეგ ეტაპზე, ქ. თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახების სულადობის გათვალისწინებით.
კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ დაიცვა ყველა მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობით. რამდენადაც მხარის ქულათა რაოდენობა არ იყო საკმარისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის, კომისიამ არ განიხილა მოსარჩელის საკითხი.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ იკვეთება წესის დარღვევით სხდომის ჩატარება ან კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ასევე, ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა. კასატორის შეფასებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 16 სექტემბრის #04-48879 წერილობითი მიმართვისა და მოსარჩელეთა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეების - ე. ბ-იის, დ. ზ-იის, ე. ზ-იისა და ტ. ზ-იის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის უსასყიდლოდ საცხოვრებელი ბინის გადაცემის გზით) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი #6 - „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც, უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. #6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე. ამ კრიტერიუმის საფუძველზე დევნილ ოჯახს ენიჭება 1.5 ქულა. ამავე ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი #7 - „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. #7 დანართის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი. 2 არასრულწლოვანზე - ერთი ქულა, 3 არასრულწლოვანზე - 2 ქულა, 4 არასრულწლოვანზე - 3 ქულა, 5 არასრულწლოვანზე - 4 ქულა, ყოველ დამატებითზე 0.5 ქულა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ე. ბ-იის ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, არც საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ფართი, რის გამოც, საცხოვრებლის პირობების კრიტერიუმით მის ოჯახს მიენიჭა 1.5 ქულა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2016 წელს, როდესაც მოხდა დევნილი ოჯახის შეფასება, ე. ბ-იის შვილები იყვნენ არასრულწლოვნები. აღნიშნული დასტურდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარით, სადაც მითითებულია, რომ დ. ზ-იი არის 17 წლის, ე. ზ-იი არის 16 წლის, ხოლო ტ. (ნ.) ზ-ი არის 15 წლის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობებით ირკვევა, რომ დ. ზ-იი დაიბადა ... წლის ...ს, ე. ზ-იი დაიბადა ... წლის ...ს, ხოლო ტ. (ნ.) ზ-ი დაიბადა ... წლის ...ს. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა ოჯახის შეფასების დროს სოციალური კრიტერიუმით (დანართი #7) შეფასება არ მომხდარა, მაშინ, როდესაც ე. ბ-იის შვილები (მოსარჩელეები) იყვნენ არასრულწლოვნები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ #5 დანართით განისაზღვრებოდა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასება, რომლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის 3 და მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი; 3 არასრულწლოვანზე - ერთი ქულა, ყოველ დამატებითზე - 0.5 ქულა. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წელის 14 თებერვალის #120 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით #7 დანართით განისაზღვრა სოციალური კრიტერიუმი, რომლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი; 2 არასრულწლოვანზე - ერთი ქულა, 3 არასრულწლოვანზე - 2 ქულა, 4 არასრულწლოვანზე - 3 ქულა, 5 არასრულწლოვანზე - 4 ქულა, ყოველ დამატებითზე - 0.5 ქულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი განცხადების დამუშავება გულისხმობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილი ოჯახის საფუძვლიან და ობიექტურ შეფასებას ყველა კრიტერიუმის მიხედვით და სათანადო ქულის მინიჭებას, ასევე, საჭიროებისა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახის დამატებით გამოკვლევას და მინიჭებული ქულის კორექტირებას. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა ოჯახი შეფასებულია მხოლოდ საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის მიხედვით და საერთოდ არ არის გამოკვლეული და შეფასებული სოციალური კრიტერიუმით (დანართი #7) გათვალისწინებული პირობები, მაშინ, როდესაც მოსარჩელეთა ოჯახის შეფასების დროს მოსარჩელე ე. ბ-იის შვილები (მოსარჩელეები) იყვნენ არასრულწლოვნები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე. სააგენტომ ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება და სადავო აქტების კანონშესაბამისობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა გამართოს ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს ზემოთმითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა