საქმე #ბს-364(კ-22) 21 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 24 იანვარს ნ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 6 დეკემბერს ინტერნეტგამოცემა „ლ...ს“ ჟურნალისტმა - ნ. თ-ამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაგან განცხადებით მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია: სამინისტროს მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გაგზავნილი წერილი ს. მ-ას, ვ. ფ-ასა და ი. გ-ას დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბულგარეთში გამართულ ...-ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 24 დეკემბრის წერილით ინტერნეტგამოცემა „ლ...ს“ ჟურნალისტს უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაემუშავებინა სხვისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაირღვა ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპი.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ბულგარეთში გამართულ ...-ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის ს. მ-ას, ვ. ფ-ას და ი. გ-ას დაფინანსებასთან დაკავშირებით 2018 წლის 6 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ნ. თ-ასთვის სრულყოფილად გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა ნ. თ-ასათვის 2018 წლის 6 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა, კერძოდ, ბულგარეთში გამართულ ...-ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის ს. მ-ას, ვ. ფ-ას და ი. გ-ას დაფინანსებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა განსახილველ საქმეზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დადგენა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. თ-ას განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული საჯარო ინფორმაციად და შესაბამისად, მოსარჩელისათვის მოცემული ინფორმაციის შესაბამისი ფორმით გაცემა, სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს, რისი გამჟღავნების უფლებაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელს დაესვა შეკითხვა, თუ რა სახის პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი წერილი, რასთან დაკავშირებითაც აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა მხოლოდ ს. მ-ას, ვ. ფ-ას და ი. გ-ას სახელებზე, გვარებსა და მამის სახელებზე, ხოლო სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის წერილში არსებობა აპელანტს არ დაუდასტურებია. სააპელაციო პალატის შეფასებით, უდავო იყო ის გარემოება, რომ აღნიშნულ პირთა ვინაობა მოსარჩელისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რადგან სწორედ ამ პირთა მიმართ გაცემული დაფინანსების საკითხის შესწავლის ფარგლებში ითხოვდა ნ. თ-ა მოცემული ინფორმაციის გაცემას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ იკვეთებოდა რაიმე დამაბროკოლებელი გარემოება, რათა აღნიშნული წერილი, როგორც საჯარო ინფორმაცია, მოსარჩელეზე გაცემულიყო.
სააპელაციო პალატამ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოთხოვნილი წერილი ს. მ-ას, ვ. ფ-ასა და ი. გ-ას სახელების, გვარებისა და მამის სახელების გარდა (რაც ისედაც ცნობილი იყო მოსარჩელისათვის), შეიცავდა ამ პირთა შესახებ სხვა სახის პერსონალურ ინფორმაციასაც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო საჯარო ინფორმაციის გაცემა უზრუნველეყო სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის დაფარვით. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აღნიშნულ მიდგომას სრულად ეთანხმებოდა მოსარჩელე მხარეც.
რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის, ანუ კონკრეტული წერილის გადაცემის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე მაინც ვერ გაიგებდა, თუ რა თანხით დააფინანსა ბულგარეთში გამართულ ...-ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე პირები სახელმწიფომ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ვერ იქნებოდა მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან მოსარჩელე სწორედ სამინისტროს მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გაგზავნილ წერილში ასახულ ინფორმაციას მიიჩნევდა მისი კვლევისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ, საჯარო დაწესებულებამ კი უნდა უზრუნველყოს მასთან დაცული ინფორმაციის დადგენილი წესითა და ფარგლებში მხარისთვის ხელმისაწვდომობა. ინფორმაციის მიღების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრება, რომ მოთხოვნილი წერილის შინაარსის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო, ვერ გახდებოდა ინფორმაციის მიღებაზე მოსარჩელის კანონით დაცული უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თუკი პირი ითხოვდა საჯარო ინფორმაციის ან ისეთი ინფორმაციის გაცემას, რომელიც კანონმდებლობიდან გამომდინარე იყო მისთვის ხელმისაწვდომი, მისთვის არ უნდა მოეთხოვათ კონკრეტული ინფორმაციის მიმართ მისი პირდაპირი ინტერესის არსებობის დამოუკიდებლად დასაბუთება, ინფორმაციის მიღების მიზნებისა და მოტივების განმარტება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოსარჩელის განცხადებას, კერძოდ, სამინისტრო არ ეთანხმება სასამართლოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, განცხადების დაკმაყოფილებაზე სამინისტროს უარის არამართლზომიერად მიჩნევას.
კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ ყოფილა მოთხოვნილი ინფორმაცია სამინისტროს მიერ განხორციელებული დაფინანსების შესახებ, რაც უდავოდ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და რის თაობაზე მითითებასაც არ შეიცავდა მოთხოვნილი დოკუმენტი, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნული ნორმით. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ითხოვდა კონკრეტული ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებს, არა მხოლოდ მათი გვარ-სახელების შესახებ ინფორმაციას, არამედ მათ მიმართ სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ ინფორმაციას, რისი გაცემის უფლება სამინისტროს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, არ გააჩნია.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე და მე-10 მუხლებზე, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი წერილი/ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ წერილი შეიცავდა იდენტიფიცირებადი პირების შესახებ დაფინანსებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და არ არსებობდა პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საგამონაკლისო საფუძველი, სამინისტროს უარი ინფორმაციის გაცემაზე კანონშესაბამისია.
ამასთან, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. კასატორი განმარტავს, რომ მოთხოვნილი წერილი შეიცავს კონკრეტული პირების პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი - აღმატებული საზოგადოებრივი ინტერესი, სახეზე არ არის, რამდენადაც წერილი არ შეიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო რესურსის განკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კასატორი მიუთითებს, რომ წერილის გადაცემით მოსარჩელე ვერ მიაღწევს ლეგიტიმურ მიზანს - მიიღოს საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის ნ. თ-ას მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის (ბულგარეთში გამართულ ...-ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის ს. მ-ას, ვ. ფ-ასა და ი. გ-ას დაფინანსებასთან დაკავშირებით) მისთვის სრულყოფილად გაცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ინტერნეტგამოცემა „ლ...ს“ ჟურნალისტმა - ნ. თ-ამ 2018 წლის 6 დეკემბერს #041 განცხადებით (სამინისტროში რეგისტრირებულ იქნა 2018 წლის 10 დეკემბრის #MES 1 18 01591674 წერილით) მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა სამინისტროს მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გაგზავნილი წერილის გადაცემა, ს. მ-ას, ვ. ფ-ას და ი. გ-ას დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბულგარეთში გამართულ ...-ის (კ. შ-ი) ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 24 დეკემბრის #MES 8 18 01648335 წერილით ინტერნეტგამოცემა „ლ...ს“ ჟურნალისტს - ნ. თ-ას წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლი ადგენს პერსონალური მონაცემების საიდუმლოების რეგულაციებს, განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ვალდებულებას - არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; ე) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; ვ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაემუშავებინა სხვისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
საქმის მასალებით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბულგარეთში გამართულ ...-ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდნენ ს. მ-ა, ვ. ფ-ა და ი. გ-ა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის #ბს-1020(კ-18) გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების განმტკიცებით სახელმწიფომ უზრუნველყო საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის შესაბამისი, დაშვებული მოცულობით ღიაობა, ამასთანავე, საზოგადოების ინფორმირებულობა ამგვარ დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ზემოხსენებული უფლება წარმოადგენს სახელისუფლებო საქმიანობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რამდენადაც საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საჯარო ფუნქციათა შესრულებაზე სრულყოფილი საზოგადოებრივი ზედამხედველობის განხორციელება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, კერძოდ, მოსარჩელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, მიიღოს ინფორმაცია ბულგარეთში გამართულ ...-ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე პირთა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის თანხა განიკარგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონკრეტული მიზნით, საჯაროა და ექვემდებარება განმცხადებელზე გაცემას ამგვარი ინფორმაციის მოთხოვნის მიზნობრიობისა და საფუძვლების მიუხედავად. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობა აკისრებდა ვალდებულებას, მოსარჩელის მოთხოვნა საბიუჯეტო სახსრებიდან განკარგული თანხის ოდენობის შესახებ დაეკმაყოფილებინა და მოსარჩელე ნ. თ-ასათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ბულგარეთში გამართულ ...-ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე პირების დაფინანსების შესახებ, დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის ერთიანი, ჯამური ოდენობის მითითებით, მონაწილეთა იდენტიფიცირებისა და მათი პერსონალური მონაცემების დაკონკრეტების გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა