Facebook Twitter

საქმე №ბს-249(კ-22) 21 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 15 ოქტომბერს კ. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიმართ.

სარჩელის თანახმად, 2018 წლის 13 ნოემბერს ქალაქ რუსთავში ...ის ქუჩის მაცხოვრებლებმა განცხადებით მიმართეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს, სადაც განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ქუჩის რეაბილიტაციასთან ერთად მოეხდინათ უკანონოდ გადაკეტილი ქუჩის ნაწილის გახსნა და სანაპიროს ქუჩასთან მიერთება. აღნიშნული განცხადების საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურმა კ. მ-ის მიმართ 2019 წლის 22 თებერვალს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ჩააბარა მითითება, რომლითაც მას ედავებოდნენ უკანონო მშენებლობაზე და სთხოვდნენ დემონტაჟს. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად მის მიერ მიწოდებული არაერთი მტკიცებულებისა და არგუმენტისა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურმა 2019 წლის 18 ივნისის გამოსცა ბრძანება კ. მ-ის დაჯარიმების შესახებ. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა 2019 წლის 11 სექტემბრის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და ძალაში დარჩა დაჯარიმების შესახებ ბრძანება, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება და უკანონოდ მიიჩნევს.

ამდენად, მოსარჩელემ კ. მ-ის დაჯარიმების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2019 წლის 18 ივნისის №14-02-01-4-201906181520 ბრძანებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 11 სექტემბრის №8/დელ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით კ. მ-ის წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2019 წლის 18 ივნისის №14 და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 11 სექტემბრის №8/დელ ბრძანებები და ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ კედლების ამოშენებისა და რკინის ჭიშკრის უნებართვო მშენებლობის ფაქტზე (ქ. რუსთავი, ...ის ქ. №3) კ. მ-ის მიმართ 2019 წლის 22 თებერვალს შედგა №01 მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომელიც მოსარჩელეს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 28 თებერვალს. დამრღვევს 5 დღის ვადაში დაევალა შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენა ან/და განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი, რაც მოსარჩელის მიერ არ შესრულდა. მითითებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის 5 ივნისს შედგა №03/120 შემოწმების აქტი, ხოლო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2019 წლის 18 ივნისის №14 ბრძანებით, საქართველოს კანონის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის კ. მ-ი დაჯარიმდა 3000 ლარით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სამშენებლო მიწის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე კოდექსის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში კ. მ-იმა ორივე ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ სამართალდარღვევა მის მიერ არ არის ჩადენილი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოიკვლია თუ ვის მიერ იყო ნაწარმოები უნებართვო მშენებლობა და რა პერიოდში. პალატის მითითებით, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კ. მ-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია მეზობლების განცხადების საფუძველზე, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს განცხადებაში მოყვანილი გარემოებები სათანადო წესით არ გამოუკვლევიათ, კერძოდ, არ გამოკვლეულა სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა, ქუჩის სანიაღვრე სისტემის პროექტის გამართულობა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება, რომელიც ღობის კ. მ-ის მიერ მოწყობას დაადასტურებდა წარმოდგენილი არ არის. 2019 წლის 4 ივნისს კ. მ-იმა განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ორ ათწლეულზე მეტია და მის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა განხორციელდა იმ მდგომარეობით რა მდგომარეობაშიც დღეს არის აღნიშნული მიწის ნაკვეთი, კერძოდ, ნაკვეთს გააჩნდა შემოღობვა კედლების სახით და შესასვლელი რკინის ჭიშკარი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 აპრილის №113093 მიმართვის შინაარსიდან და მასზე თანდართული ორთოფოტოებით დასტურდება 2000 და 2016 წლებში ...ის ქ. №3 მიმდებარედ კედლებისა და ჭიშკრის არსებობა. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია ქალაქ რუსთავში ...ისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებელი 15 პირის განცხადება, რომლებიც ადასტურებენ, რომ ... საკადასტო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან ეკუთვნის კ. მ-ის. მიწის ნაკვეთს არსებული ღობე და ჭიშკარი ჰქონდა ამ უკანასკნელის მიერ მის შეძენამდე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ შეუფასებიათ საკითხი სრულყოფილად და არ დაუდგენიათ ის გარემოება, იყო თუ არა მშენებლობა ნაწარმოები კ. მ-ის მიერ. იმ პირობებში კი, როდესაც აღნიშნული ფაქტი არ არის დადასტურებული, დაუშვებელია კ. მ-ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან საკითხის ხელახლა შესწავლისას საფუძვლიანად გამოიკვლიონ თუ ვის მიერაა ნაწარმოები სადავო მშენებლობა და მხოლოდ აღნიშნული საკითხის შესწავლის შემდგომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს სამართალდამრღვევი სუბიექტის დადგენას მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობა უსახური სახით მანამდეც არსებობდა, თუმცა სასამართლო არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ახალი მესაკუთრის მიერ განხორციელდა ობიექტის გაუმჯობესების მიზნით ახალი მშენებლობის განხორციელება, უნებართვო მშენებლობისთვის საბოლოო იერსახის მიცემა, რაც ნიშნავს, რომ ახალი მესაკუთრის მიერ კი არ აღმოიფხვრა უნებართვო მშენებლობის ფაქტი, არამედ გაგრძელდა, შესაბამისად, ახალი მესაკუთრის შემთხვევაშიც სახეზეა უნებართვო მშენებლობის ფაქტი, რომელიც წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას და გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოექცევა კანონის ფარგლებში.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს ასევე ყურადღების გარეშე რჩება დემონტაჟის სამართლებრივად აღსრულების საკითხი. მართალია, აღსრულება არ წარმოადგენს სასამართლოს განხილვის საკითხს, თუმცა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მარტივად აღსასრულებელი უნდა იყოს და არ უნდა აჩენდეს დამატებით კითხვებს, კერძოდ, ობიექტზე ახალი მესაკუთრის არსებობის შემთხვევაში, თუნდაც სამართალდარღვევა სხვა პირის მიერ იყოს დაწყებული, ვის ვალდებულებას წარმოადგენს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის, დემონტაჟის განხორციელება.

ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ კ. მ-ი თვითონ აღიარებს, რომ მის მიერ უნებართვო ობიექტზე განხორციელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც სასამართლომ სამართალდარღვევად არ განიხილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს კ. მ-ის დაჯარიმების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის 2019 წლის 18 ივნისის №14-02-01-4-201906181520 ბრძანების კანონიერება, რომლითაც კედლების ამოშენებისა და რკინის ჭიშკრის უნებართვოდ განთავსების ფაქტზე (ქ. რუსთავი, ...ს ქ. №3), პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის კ. მ-ი დაჯარიმდა 3000 ლარით. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 11 სექტემბრის №8/დელ ბრძანებას, რომლითაც კ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სამშენებლო მიწის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე კოდექსის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.

განსახილველი დავის ფარგლებში სადავო გახდა სწორედ მშენებლობის მწარმოებელი პირის ვინაობა, რამდენადაც, მოსარჩელის მტკიცებით, მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ორ ათწლეულზე მეტია და მის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა განხორციელდა იმ მდგომარებით რა მდგომარეობაშიც დღეს არის, კერძოდ, ნაკვეთს გააჩნდა შემოღობვა კედლების სახით და შესასვლელი რკინის ჭიშკარი. აღნიშულის მიუხედავად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოიკვლია თუ ვის მიერ იყო ნაწარმოები უნებართვო მშენებლობა და რა პერიოდში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 29 აპრილის №113093 მიმართვის შინაარსიდან და მასზე თანდართული ორთოფოტოებით დასტურდება 2000 და 2016 წლებში ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ კედლებისა და ჭიშკრის არსებობა. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია ქალაქ რუსთავში ...ისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებელი 15 პირის განცხადება, რომლებიც ადასტურებენ, რომ ... საკადასტო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან ეკუთვნის კ. მ-ის. მიწის ნაკვეთს არსებული ღობე და ჭიშკარი ჰქონდა ამ უკანასკნელის მიერ მის შეძენამდე.

ამასთან, გარდა იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან საკითხის ხელახლა შესწავლისას საფუძვლიანად გამოიკვლიონ მშენებლობის მწარმოებელი პირი, არსებითია დადგინდეს სადავო კედლების ამოშენებისა და ჭიშკრის განთავსების პერიოდი, რამეთუ განხორციელებული მშენებლობა თუ რეკონსტრუქცია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი უნდა ყოფილიყო.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტის გამოცემის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება არეგულირებდა, რომლის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნებოდა გრუნტის ზედაპირიდან 4მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე. ამავე დადგენილების 66.1 და 66.2 მუხლის მიხედვით კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებდა ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებული იყო დაეცვა კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებული იყო განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით ეცნობებინა მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილება არ შეიცავდა მითითებას I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის შესაბამისი ორგანოს შეტყობინების ვალდებულების თაობაზე. აღნიშნული დადგენილების მე-60 მუხლში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს შეტყობინების ვალდებულების შესახებ ცვლილება განხორციელებულია 2008 წლის 27 ოქტომბერს, კერძოდ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა, რომ I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა წარმოებდა კვლავ ნებართვის მიღების გარეშე, თუმცა, მშენებლობის დაწყება შესაძლებელი ხდებოდა მას შემდეგ, რაც შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში გააგზავნიდა შეტყობინებას მშენებლობის განზრახვის თაობაზე, რომელსაც თან ურთავდა მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში დაადასტურებდა წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის სისწორეს და პასუხს აცნობებდა შემტყობინებელს. იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო შემტყობინებელს არ აცნობებდა პასუხს, მაშინ შემტყობინებელს უფლება ჰქონდა დაეწყო მშენებლობა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ შეუფასებიათ საკითხი სრულყოფილად და არ დაუდგენიათ სადავო კედლების ამოშენებისა და ჭიშკრის განთავსების პერიოდი, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა პირის სამშენებლო სამართალდამრღვევად ცნობისთვის, ასევე არ გამოუკვლევიათ ვის მიერ იყო მშენებლობა ნაწარმოები. რაც შეეხება კასატორის მითითებას მასზედ, რომ კ. მ-ის მიერ განხორციელდა უნებართვო მშენებლობისთვის საბოლოო იერსახის მიცემა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში კ. მ-ის მიმართ სამშენებლო საქმის წარმოება დაიწყო კედლების ამოშენებისა და რკინის ჭიშკრის უნებართვოდ განთავსების ფაქტზე (ქ. რუსთავი, ...ის ქ. №3), ხოლო იმ გარემოების დადგენა, მოგვიანებით რა სახის სამუშაოები აქვს ნაწარმოები კ. მ-ის, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებით კვლევასა და შეფასებას საჭიროებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა