Facebook Twitter

საქმე #ბს-57(კ-22) 21 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 24 აგვისტოს ნ. პ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ე. ს-ისა და შ. ვ-ეის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ 2018 წლის 10 მაისის #110/01-01 ბრძანების შესაბამისად, გამოცხადდა კონკურსი ...ის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მიღების მიზნით, 27 საშტატო ერთეულზე, მათ შორის, გამოცხადდა კონკურსი ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 2 (ორ) საშტატო ერთეულზე. აკადემიური საბჭოს ბრძანებით ერთი თვით ადრე გამოქვეყნდა დოკუმენტების ნუსხა, კონკრუსის ჩატარების წესი და ვადები.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან კონკურსის მოთხოვნათა სრული დაცვით წარადგინა განაცხადი. 2018 წლის 25 ივლისის #8 შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად, ფარული კენჭისყრით ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 2 (ორი) ვაკანტური საშტატო ერთეული შეივსო კონკურსის წესით, ვ-ე შ.-ს (7 ხმა) და ს-ი ე.-ს (7 ხმა) სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელის შეფასება კი საკონკურსო კომისიის ოქმში აისახა 0 ხმით. ნ. პ-ი მიუთითებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკრუსის ჩატარების ერთიანი წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, შემაჯამებელ ოქმში აუცილებლად უნდა აისახოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა, პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოცხადების ან გამოცხადებაზე უარის თქმის შინაარსობრივი საფუძვლები. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს მიუკერძოებელი, თვითნებური, არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება და დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა.

მოსარჩელის მითითებით, მისი განათლება, აკადემიური ხარისხი, სამსახურებრივი გამოცდილება, პედაგოგიური სტაჟი და სასწავლო-მეთოდური საქმიანობა საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდა დადებითად, სრულად დააკმაყოფილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კონკურსანტს მიენიჭა პრეტენდენტის სტატუსი და მიწვეულ იქნა გასაუბრების ეტაპზე. გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდა პრეტენდენტის პროფესიული უნარ-ჩვევები, გადმოცემის უნარი, მეტყველების მანერა, უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის სისტემის ცოდნა და საგანმანათლებლო- სამეცნიერო საქმიანობა. მოსარჩელის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია გამოკვლეულ იქნეს გარემობები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ პოზიციებს იკავებს 1996 წლიდან, სხვა პრეტენდენტებისაგან განსხვავებით, შემაჯამებელ ოქმში საბოლოოდ რატომ შეფასდა უარყოფითად, მაშინ, როდესაც საკონკურსო კომისიის მიერ გასაუბრების ეტაპზე პრეტენდენტის პასუხები დასმულ კითხვებზე შეფასდა დამაკმაყოფილებლად.

მოსარჩელე მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კომუნიკაციის პრინციპებს. 2018 წლის 27 ივლისს მოსარჩელემ ისარგებლა გასაჩივრების უფლებით და მიმართა საკონკურსო სააპელაციო კომისიას, რომელმაც, მოსარჩელის მოსაზრებით, არ უზრუნველყო აპელაციის სათანადო განხილვა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კომისიის ოქმების გაცემაზე უარი განაცხადა. 2018 წლის 13 აგვისტოს #10830/01-40-09 წერილით კომისიამ განმარტა, რომ საკონკურსო-სააპელაციო კომისია მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით და კანონმდებლობის დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამდენად, მოსარჩელემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 ივლისის #8 სხდომის ოქმის ნ. პ-ის ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობებზე შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 ივლისის #8 სხდომის ოქმის ...ის კათედრაზე შ. ვ-ეის და ე. ს-ის გამარჯვებულად გამოცხადების ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტზე საერთაშორისო ...ულ კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 2 (ორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ხელახალი კონკურსის ჩატარების დავალება მოითხოვა.

2018 წლის 26 ნოემბერს ნ. პ-იმა დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მესამე პირების - ე. ს-ისა და შ. ვ-ეის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ე. ს-ი და შ. ვ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით ნ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლსა და 53-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე ამა თუ იმ პირის დანიშვნა დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის დისკრეციას მიკუთვნებულ გადაწყვეტილების მიღებასთან. თავისთავად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს ხსენებული არჩევანის თავისუფლებაში, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციის ფარგლებში წერილობითი სახით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე მიღებას.

სააპელაციო პალატის აღნიშვნით, შ. ვ-ეის შეფასებასთან მიმართებით კომისიამ მიუთითა, რომ აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, სამსახურებრივი გამოცდილება, პედაგოგიური სტაჟი შეესაბამებოდა ვაკანსიის პროფილს. პედაგოგიური გამოცდილება, სასწავლო-მეთოდური საქმიანობა, სასწავლო კურსების სილაბუსები სრულად შეესაბამებოდა თსუ-ში დადგენილ მოთხოვნებს და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღრულ სასწავლო კურსებს. შესაფასებლად წარმოდგენილ ნაშრომს გააჩნდა მაღალი მეცნიერული ღირებულება. სამეცნიერო კვლევით კონცეფციაში მკაფიოდ იყო გამოკვეთილი საკვლევი პრობლემის აქტუალობა, კვლევის ძირითადი მიზანი, ამოცანები, განხორციელების ეტაპები, კვლევის რესურსები და მოსალოდნელი შედეგები. დამატებით საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მრავალმხრივი იყო. გასაუბრების ეტაპზე პრეტენდენტმა გამოავლინა პროფესიული უნარ-ჩვევები, გადმოცემისა და ლოგიკური აზროვნების უნარები. პრეტენდენტის პასუხები დასმულ შეკითხვებზე იყო დამაჯერებელი.

სააპელაციო პალატის მითითებით, ე. ს-ის მიმართ კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ კონკურსანტის კვალიფიკაცია, განათლება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, სამსახურებრივი გამოცდილება, პედაგოგიური სტაჟი, პედაგოგიური გამოცდილება და სასწავლო მეთოდური საქმიანობა შეესაბამებოდა ვაკანსიის პროფილს. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სილაბუსების შინაარსი და ფორმა ნაწილობრივ შეესაბამებოდა თსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღრულ სასწავლო კურსებს. სამეცნიერო კონცეფციაში ზოგადად იყო ასახული სამომავლო კვლევის მიმართულებები. დამატებითი საქმიანობა მრავალმხრივი იყო. გასაუბრების ეტაპზე პრეტენდენტმა გამოავლინა შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები. კონკურსანტის პასუხები დასმულ შეკითხვებზე იყო დამაკმაყოფილებელი.

რაც შეეხება ნ. პ-ის, სააპელაციო პალატის მითითებით, კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ კონკურსანტის განათლება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, სამსახურებრივი გამოცდილება, პედაგოგიური სტაჟი, აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. პედაგოგიური გამოცდილება, სასწავლო-მეთოდური საქმიანობა და სილაბუსები სრულ შესაბამისობაში იყო თსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღრულ სასწავლო კურსებთან. შესაფასებლად წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევების კონცეფცია სრულად არ ასახავდა განხორციელების ეტაპებს, კვლევის რესურსებს, მოსალოდნელ შედეგებს. დამატებით საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მრავალმხრივი იყო. საკონკურსო კომისიამ გასაუბრების ეტაპზე გამოავლინა პრეტენდენტის პროფესიული უნარ-ჩვევები. კონკურსანტის პასუხები დასმულ შეკითხვებზე იყო დამაკმაყოფილებელი.

ზემოხსენებული კომისიის გადაწყვეტილების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. პ-ითან შედარებით შ. ვ-ე უფრო მაღალი კრიტერიუმით იქნა შეფასებული. აქედან გამომდინარე, კომისიის არჩევანიც სწორედ შ. ვ-ეის კანდიდატურაზე იქნა შეჩერებული, რაც ასაბუთებდა მისი კანდიდატურის არჩევის უპირატესობას. რაც შეეხება ნ. პ-ისა და ე. ს-ის შორის არჩევანის გაკეთების საკითხს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული ორი კანდიდატი თითქმის ერთნაირი კრიტერიუმით შეფასდა და მათ შორის არ არსებობდა ისეთი არსებითი უპირატესობები, რომლებსაც შეეძლოთ ემოქმედათ კანდიდატების დონის მნიშვნელოვან სხვაობაზე, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ დასაკავებელი თანამდებობა მხოლოდ საშტატო ერთეულით იქნა განსაზღვრული, რაც გულისხმობდა ხსენებული ორი კანდიდატიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობას, საბოლოოდ კომისიამ მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში არჩევანი ე. ს-იზე გააკეთა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლომ შეამოწმა მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების აუცილებლობისა და დასაბუთებულობის საკითხი, ასევე მხედველობაში მიიღო საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით განხორციელება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის იმის დავალება, რომ არჩევანი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა შეჩერებულიყო, წარმოადგენს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში ჩარევის უხეშ მცდელობას. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. საქმეში წარმოდგენილი იყო დასაბუთება, სადაც აღნიშნული იყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სწორედ იგი არის 2017-2018 წლამდე ყველა აკრედიტებული ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის თანაავტორი და რომ სწორედ იგი იყო ჩართული სასწავლო პროცესების მართვასა და შემუშავებაში. სასამართლოს მიერ ყურადღება არ იქნა გამახვილებული საქმეში არსებულ მასალებზე, კერძოდ, არ გამოკვლეულა და განხილულა ნ. პ-ის მიერ წარმოდგენილი აკადემიური საქმიანობა, რომელიც ამტკიცებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მის სრულ შესაბამისობას.

კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არის 40-ზე მეტი პუბლიკაციის, ხუთი დამხმარე სახელმძღვანელოსა და ერთი ელექტრონული კურსის ავტორი, ასევე, 20-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, 30-ზე მეტი ...ის სფეროს სამეცნიერო ნაშრომის რედაქტორი და რეცენზენტი. ამასთან, იგი აქტიურად მონაწილეობდა გაცვლით პროგრამებში. 1996 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგი იკავებდა აკადემიურ პოზიციებს. 2011-2012 წლებში, როგორც კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის წევრს, თსუ-ს მიერ გადაეცა სამადლობელო ბარათი. 2014 წელს მას, როგორც ხარისხის მართვის სამსახურის ...ს, ასოცირებულ პროფესორს, უნივერსიტეტის მიერ ორჯერ გამოეცხადა მადლობა სტუდენტური კონფერენციების წარმატებით ორგანიზებისათვის. 2016 წლის 20 დეკემბრამდე ნ. პ-ი ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის პროექტს - „...ზე“. 2017 წლის 26-29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის საკონკურსო კომისიის მიერ იგი მიწვეული იყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკური კომიტეტის აპარატში ჩატარებულ კონკურსზე.

კასატორის მითითებით, მის მიერ შემუშავებულია სასწავლო კურსი თვისობრივი კვლევის მეთოდებზე. იგი თავად ასწავლის სტუდენტებს კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიას. კასატორი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც კომისიის მიერ ანკეტის შეფასების ეტაპზე წარდგენილი სამეცნიერო კვლევის კონცეფცია შეფასდა მაღალი შეფასებით, გასაუბრების ოქმში აისახა გადაწყვეტილება, რომ „შესაფასებლად წარდგენილი სამეცნიერო კვლევების კონცეფცია სრულად არ ასახავს განხორციელების ეტაპებს, კვლევის რესურსებს, მოსალოდნელ შედეგებს“.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა საქმეზე თანდართულ მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე - გასაუბრების სრულად ამსახველ აუდიოჩანაწერზე, რომლიდანაც შესაძლებელი იყო დადგენილიყო კომისიის წევრების პრეტენდენტისადმი დამოკიდებულება და მომხდარიყო კითხვებზე გაცემული პასუხების ობიექტური შეფასება.

კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (შემაჯამებელი ოქმი) არ არის ასახული პრეტენდენტ ნ. პ-ის მიმართ კონკურსის შედეგების ურთიერთშეჯერების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ოქმში ასახულია მხოლოდ ციფრებში გამოხატული ფარული კენჭისყრის შედეგები, რაც პროცედურულად საჭიროებს დამატებით გამოკვლევასა და საკითხის დაზუსტებას.

კასატორი მიიჩნევს, რომ თუკი სასამართლო არ განიხილავს კონკურსის წესის, შეფასების ფორმის, გასაუბრების კომისიის ოქმის დასაბუთებულობის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, ნ. პ-ის პროფესიული და აკადემიური გამოცდილების გათვალისწინებით, დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოსადმი მიმართვა აზრს დაკარგავს.

კასატორის მითითებით, მოპასუხის მიერ საქმეში არ წარმოდგენილა მტკიცებულებები და მსჯელობა, რომლითაც დასაბუთდებოდა, თუ რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა კომისიამ სადავო ვაკანტური საშტატო ერთეულების შევსებისას, რა საფუძვლით არ დაუჭირეს მხარი ნ. პ-ის კანდიდატურას ან/და კონკრეტულად რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა მან.

კასატორის შეფასებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა უპირატესობა ამა თუ იმ პრეტენდენტს. განსახილველი დავა შეეხება გასაუბრების ეტაპის ობიექტურობასა და გამჭვირვალობას,

კატორი მიიჩნევს, რომ აუცილებელი იყო გასაუბრება ჩატარებულიყო წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით, კითხვარით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შეფასების მეთოდი (ქულების გამოანგარიშების წესი). კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენს პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. განსახილველ შემთხვევაში კი, კონკურსი ჩატარდა შემფასებელთა სუბიექტური შეხედულებებით, უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 ივლისის #8 სხდომის ოქმის ნ. პ-ის ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერება, ასევე, ამავე სხდომის ოქმის ...ის კათედრაზე შ. ვ-ეის და ე. ს-ის გამარჯვებულად გამოცხადების ნაწილში კანონიერება და მოპასუხისათვის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტზე საერთაშორისო ...ულ კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 2 (ორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ხელახალი კონკურსის ჩატარების დავალება.

როგორც საქმის მასალებით დგინდება, შ. ვ-ეის შეფასებასთან მიმართებით კომისიამ მიუთითა, რომ აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, სამსახურებრივი გამოცდილება, პედაგოგიური სტაჟი შეესაბამებოდა ვაკანსიის პროფილს. პედაგოგიური გამოცდილება, სასწავლო-მეთოდური საქმიანობა, სასწავლო კურსების სილაბუსები სრულად შეესაბამებოდა თსუ-ში დადგენილ მოთხოვნებს და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღრულ სასწავლო კურსებს. შესაფასებლად წარმოდგენილ ნაშრომს გააჩნდა მაღალი მეცნიერული ღირებულება. სამეცნიერო კვლევით კონცეფციაში მკაფიოდ იყო გამოკვეთილი საკვლევი პრობლემის აქტუალობა, კვლევის ძირითადი მიზანი, ამოცანები, განხორციელების ეტაპები, კვლევის რესურსები და მოსალოდნელი შედეგები. დამატებით საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მრავალმხრივი იყო. გასაუბრების ეტაპზე პრეტენდენტმა გამოავლინა პროფესიული უნარ-ჩვევები, გადმოცემისა და ლოგიკური აზროვნების უნარები. პრეტენდენტის პასუხები დასმულ შეკითხვებზე იყო დამაჯერებელი.

ე. ს-ის მიმართ კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ კონკურსანტის კვალიფიკაცია, განათლება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, სამსახურებრივი გამოცდილება, პედაგოგიური სტაჟი, პედაგოგიური გამოცდილება და სასწავლო მეთოდური საქმიანობა შეესაბამებოდა ვაკანსიის პროფილს. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სილაბუსების შინაარსი და ფორმა ნაწილობრივ შეესაბამებოდა თსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღრულ სასწავლო კურსებს. სამეცნიერო კონცეფციაში ზოგადად იყო ასახული სამომავლო კვლევის მიმართულებები. დამატებითი საქმიანობა მრავალმხრივი იყო. გასაუბრების ეტაპზე პრეტენდენტმა გამოავლინა შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები. კონკურსანტის პასუხები დასმულ შეკითხვებზე იყო დამაკმაყოფილებელი.

რაც შეეხება ნ. პ-ის, კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ კონკურსანტის განათლება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, სამსახურებრივი გამოცდილება, პედაგოგიური სტაჟი, აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. პედაგოგიური გამოცდილება, სასწავლო-მეთოდური საქმიანობა და სილაბუსები სრულ შესაბამისობაში იყო თსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღრულ სასწავლო კურსებთან. შესაფასებლად წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევების კონცეფცია სრულად არ ასახავდა განხორციელების ეტაპებს, კვლევის რესურსებს, მოსალოდნელ შედეგებს. დამატებით საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მრავალმხრივი იყო. საკონკურსო კომისიამ გასაუბრების ეტაპზე გამოავლინა პრეტენდენტის პროფესიული უნარ-ჩვევები. კონკურსანტის პასუხები დასმულ შეკითხვებზე იყო დამაკმაყოფილებელი.

ზემოხსენებული კომისიის გადაწყვეტილების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ნ. პ-ითან შედარებით შ. ვ-ე უფრო მაღალი კრიტერიუმით იქნა შეფასებული. აქედან გამომდინარე, კომისიის არჩევანიც სწორედ შ. ვ-ეის კანდიდატურაზე იქნა შეჩერებული, რაც ასაბუთებს მისი კანდიდატურის არჩევის უპირატესობას. რაც შეეხება ნ. პ-ისა და ე. ს-ის შორის არჩევანის გაკეთების საკითხს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ხსენებული ორი კანდიდატი თითქმის ერთნაირი კრიტერიუმით შეფასდა და მათ შორის არ არსებობდა ისეთი არსებითი უპირატესობები, რომლებიც გამოკვეთდა კანდიდატთა დონის მნიშვნელოვან სხვაობას, ასევე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ დასაკავებელი თანამდებობა მხოლოდ საშტატო ერთეულით იქნა განსაზღვრული, რაც გულისხმობდა ხსენებული ორი კანდიდატიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობას, საბოლოოდ კომისიამ მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში არჩევანი ე. ს-იზე გააკეთა.

საკასაციო პალატა, ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების აუცილებლობისა და დასაბუთებულობის საკითხი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით განხორციელება. საკასაციო პალატა, ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის იმის დავალება, რომ არჩევანი აუცილებლად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა იქნეს შეჩერებული, წარმოადგენს სასამართლოს ჩარევას ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დაეფუძნა საქმეზე არსებული ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილ დასაბუთებაში აღნიშნული იყო ის შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს გაიღებს სახელმწიფო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ც-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ნ. პ-ის საკასაციო საჩივარზე 17.02.2022წ. საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინება;

3. თ. ც-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. პ-ის საკასაციო საჩივარზე 17.02.2022წ. საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა