საქმე #ბს-613(კ-22) 21 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 7 სექტემბერს ზ. პ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას ჰყავს მეუღლე - ლ. ძ-ა, რომელიც დაავადებულია ონკოლოგიური დაავადებით. მეუღლის მძიმე ავადმყოფობის გამო, 2015 წელს მან გაყიდა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #18ბ, ბინა #23). აღნიშნული თანხა მთლიანად მოხმარდა მეუღლის ავადმყოფობას.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბინის გაყიდვის შემდგომ, ისინი გადავიდნენ მეუღლის ნათესავის დროებით დაკეტილ ბინაში, რომლის მისამართია ქ. თბილისი, ..., მე-... მიკრო-რაიონი, კორპუსი #..., ბინა #13, სადაც ისინი ცხოვრობდნენ 2018 წლამდე. მითითებული საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა მისი მეუღლის ნათესავს - მ. ც-ას. 2018 წლის მარტში ბინის მესაკუთრემ ოჯახური პრობლემების გამო თ. მ-იზე გაასხვისა აღნიშნული ფართი. ახალი მესაკუთრის პირობებში, მოსარჩელის ოჯახი ვერ განაგრძობდა აღნიშნულ ბინაში ცხოვრებას, მძიმე სოციალური პირობები კი მათ ქირით გადასვლის საშუალებას არ აძლევდათ.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წელს მის მიერ გასხვისებული ბინის მეპატრონესთან - პ. კ-ასთან მოსარჩელის შვილს ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ისინი იძულებული გახდნენ მისთვის ეთხოვათ ბინაში ცხოვრება მანამ, სანამ მოპასუხე ოჯახს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელ ფართს გადასცემდა, რამდენადაც მოსარჩელისათვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ მოქმედი კრიტერიუმების შესაბამისად, მას ჰქონდა მაღალი ქულა, რომელიც საკმარისი იყო ფართის მისაღებად. საცხოვრებელი ფართის შევსებისას, ოჯახს მიენიჭა 9.5 ქულა (1.5 ქულა - ქირის გარეშე სხვის საკუთრებაში ცხოვრების ნაწილში, 2.5 - ქულა სოციალურ კრიტერიუმში, 1 ქულა - არასრულწლოვანი შვილიშვილების ნაწილში, ჯამში 3 ქულა - ორი შშმ პირის ნაწილში და 1.5 ქულა - ომის ვეტერანის ნაწილში). მოსარჩელის მითითებით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ 3-ოთახიანი ბინა ეკუთვნოდათ. ბინა მიიღეს 3-ქულიანმა ოჯახებმა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2020 წლის 20 აგვისტოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 აგვისტოს #03-1082/ო ბრძანებით მას და მის ოჯახს, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვათ ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
ამდენად, მოსარჩელემ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს #03-1082/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ზ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს #03-1082/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ ზ. პ-ას ოჯახი არ იყო დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, არც საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ფართი. სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მართალია, ზ. პ-ას ოჯახი ცხოვრობდა ქირის გარეშე, თუმცა - მეგობრის ბინაში. ამდენად, დასტურდებოდა, რომ ზ. პ-ას საკუთრებაში არ გააჩნდა უძრავი ქონება და იმჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობდა სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული წესი, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და მითითებული გარემოება შეფასების საერთო სისტემაში ფასდება კონკრეტული ქულით. შესაბამისად, მხოლოდ ხსენებული გარემოება არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ძირითადად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მეუღლეს გააჩნდა თანასაკუთრებაში ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მიკრო-რაიონი, კორპ. #9, რომელიც 2013 წლის 1 თებერვალს გაასხვისა ნ. ქ-აზე. ასევე, მანვე გაასხვისა ქ. თბილისში, ...ისა და ...ის მიმდებარედ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პ. კ-აზე. სააპელაციო პალატის შეფასებით, სწორედ დასახელებულ ბინასთან მიმართებით მიიჩნევდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, რომ მოსარჩელის მეუღლის მიერ უძრავი ქონება ფორმალურად იქნა გასხვისებული, რამდენადაც განმცხადებლის მონიტორინგი სწორედ ამ მისამართზე განხორციელდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერებზე, რომელთა თანახმად, დასტურდებოდა, რომ #... და #... საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები ლ. ძ-ამ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ განმცხადებლის მეუღლის მიერ უძრავი ქონების გასხვისება მხოლოდ ფორმალურად განხორციელდა, ვერ იქნებოდა სასამართლოს მიერ გაზიარებული, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დამყარებული იყო ახსნა-განმარტებაზე, რაც არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროს, შესაძლებელი იყო 199 სამოთახიანი ბინის განაწილება. 2020 წლის 21 ივლისის კომისიის ოქმით (#36) კი ცხადად დასტურდება, რომ 560 განმცხადებელს მიენიჭა 3 ქულა, რაც საკმარისი გახლდათ იმისთვის, რომ კომისიას განეხილა მათი განსახლების საკითხი. საჭირო ქულის მიუხედავად, სააგენტო საკმარისი ბინების არარსებობის გამო ვერ დააკმაყოფილებდა ყველა განაცხადს. შესაბამისად, კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტო იღებდა გადაწყვეტილებას, თუ ვისი დაკმაყოფილების საკითხი იყო პრიორიტეტული. 320-ე ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად განმარტავს პრიორიტეტულობის პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ დააგროვა 7 ქულა, იგი მეუღლის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრობს დღემდე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რის საფუძველზეც, ცხადია რომ მისი განსახლება პრიორიტეტულად ვერ ჩაითვლებოდა.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი არ საჭიროებდნენ გადაუდებელ განსახლებას. მოცემულ შემთხვევაში, მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოკვლეულ იქნა ოჯახის განსახლების საჭიროება და დადგინდა, რომ ოჯახი 2015 წლიდან მათ მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრობს, რაც, სააგენტოს მოსაზრებით, გამორიცხავს განსახლების გადაუდებელ საჭიროებას.
კასატორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს 2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, ლ. ძ-ასა და პ. კ-ას შორის დადებული ხელშეკრულება არ იქნა მიჩნეული მოჩვენებითად. კასატორი არ ეთანხმება აღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ იგი დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან. განსახილველ დავაში შეფასებას საჭიროებდა, არსებობდა თუ არა მხარის განსახლების გადაუდებელი აუცილებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან არ განხორციელებულა.
ამასთან, კასატორისათვის გაუგებარია, თუ რა მტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახს გადაუდებელი განსახლება ესაჭიროებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არ მოქმედებს მფლობელობის პრეზუმფცია, მესაკუთრე დგინდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, რასაც, კასატორის მოსაზრებით, მხარე ბოროტად იყენებს. სააგენტოს მითითებით, ბინის ამჟამინდელი მესაკუთრე მხარის ოჯახთან დაახლოებული პირია. ასევე, უდავოა, რომ გასხვისების შემდეგაც ამ ქონებას თავად მოსარჩელე განკარგავს და ფლობს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მონიტორინგის აღწერის ფორმაში მითითებული ინფორმაცია (მხარე მისი მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრობს, დღემდე შეუზღუდავად ფლობს ბინას და ქირის თანხასაც არ იხდის, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ამჟამინდელი მესაკუთრე მისი ოჯახის ბინიდან გამოსახლებას აპირებს), მხედველობაში მიეღო ისინი და სწორედ მათ საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება.
კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ მომხდარა კანონის დარღვევა. კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმის მოთხოვნები დაცულია და მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება, სათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მონიტორინგის თანამშრომლები გამოცხადდნენ მხარის მისამართზე. მონიტორინგის ოქმიდან ცალსახად და უტყუარად დასტურდებოდა, რომ მხარე რეალურად ფლობს და შეუზღუდავად სარგებლობს თავის მიერ გასხვისებული ბინით. ასევე, არც ერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ არსებობს მისი ოჯახის ამ ბინიდან გამოსახლების რეალური საფრთხე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს #03-1082/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელე ზ. პ-ას მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. 2019 წლის 18 ნოემბერს ზ. პ-ამ განცხადებით მიმართა სამინისტროს და წარადგინა შრომისუუნარობის ცნობა #001876. ამასთან, 2019 წლის 23 ოქტომბერს ლ. პ-ამ განცხადებით მიმართა სამინისტროს და წარადგინა ლ. ძ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #0374380, ასევე განცხადებაში მისამართად მიუთითა: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #18, ბინა #23. განაცხადის დამუშავების შედეგად, წინასწარი შეფასებით მოიპოვა 9.5 ქულა: საცხოვრებელი ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის, ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები (2 არასრულწლოვანი) - 1.00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 2.5 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ ზომიერად გამოხატული - 1.00 ქულა; ლ. ძ-ა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმს“ მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00 ქულა; ზ. პ-ა - ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა.
2020 წლის 8 ივნისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილისში, ზ. ...ის ქუჩის #18ბ-ში, ბინა #23-ში. გასაუბრება მოხდა განმცხადებელთან - ზ. პ-ასთან. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ოჯახი 2018 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობს ახლობლის ბინაში - ქ. თბილისში, ზ. ...ის ქუჩის #18ბ-ში, ბინა #23-ში. მონიტორინგის ფორმაში, ასევე, აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მეუღლეს თანასაკუთრებაში გააჩნდა ბინა (მის.: ქ. თბილისი, ...ი, მე-... მიკრო-რაიონი, კორპ. #9), რომელიც 2013 წლის 1 თებერვალს გაასხვისა ნ. ქ-აზე. ამასთან, განმცხადებლის მეუღლის საკუთრებაში იყო უძრავი ქონება - ქ. თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩის მიმდებარედ (სართ. 7, ბინა #23), რომელიც 2015 წლის 23 თებერვალს გაასხვისა პ. კ-აზე. რ. პ-ას გააჩნია გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით (ოქმი #36) მოსარჩელე ზ. პ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იმ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების (ოქმი #36) საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 11 აგვისტოს გამოსცა #03-1082/ო ბრძანება ქალაქ თბილისში მოსარჩელე ზ. პ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, იმ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის #36 ოქმის მიხედვით, სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზ. პ-ას ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, ოჯახს არც საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ფართი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზ. პ-ას ოჯახი ცხოვრობს მართალია ქირის გარეშე, თუმცა მეგობრის ბინაში. ამდენად, დასტურდება ის გარემოება, რომ ზ. პ-ას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ახლობლის სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ #... და #... საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები ლ. ძ-ამ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ განმცხადებლის მეუღლის მიერ უძრავი ქონების გასხვისება განხორციელდა ფორმალურად, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება კი დამყარებულია მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც არ შეიძლება იქნეს მიჩნეული უძრავი ქონების ფორმალურად გასხვისების დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა