Facebook Twitter

№ბს-404(კ-22) 13 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 24 დეკემბერს ვ. შ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2226/ო ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვ. შ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

სარჩელის თანახმად, 2019 წლის 11 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. განაცხადში მითითებულ იქნა, რომ მოსარჩელის ოჯახი შედგება 4 პირისაგან - ვ. შ-ი, მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ასევე, მითითებულ იქნა, რომ ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველთა ბაზაში, არ გააჩნიათ საცხოვრებელი და დროებით ცხოვრობენ ნათესავის ბინაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხის შემსწავლელმა კომისიამ შეისწავლა საკითხი, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოახდინა ადგილზე შემოწმება და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება უდავოდ ადასტურებდა მოთხოვნის საფუძვლიანობას, 2020 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმით მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილება. მიზეზად მიუთითა ერთადერთი გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს მამა-პაპისეულ სახლში, რაც არ შეესაბამება რეალობას, კერძოდ, ბინა, სადაც ცხოვრობს მოსარჩელე ოჯახით, არის ვ. შ-ის დეიდის (ამჟამად გარდაცვლილი) კუთვნილი ბინა, რომელიც ისევ გარდაცვლილის სახელზეა აღრიცხული, თუმცა ბინის რეალური მესაკუთრე არის მოსარჩელის დეიდაშვილი. ამასთან, აღნიშნული ბინა შეძენილი იყო მოსარჩელის დეიდის მიერ 2001 წელს, მაგრამ, ვინაიდან ეს უკანასკნ. არ იმყოფებოდა საქართველოში ბინის შეძენის დროს, რეგისტრაცია განხორციელდა მოსარჩელის მამის სახელზე. სწორედ ამიტომ, მოსარჩელის მამამ მოგვიანებით ეს ბინა, ნასყიდობის ხელშეკრულებით, სიმბოლურ თანხად დაუბრუნა რეალურ მესაკუთრეს (მოსარჩელის დეიდას).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2226/ო ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვ. შ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N52), მოსარჩელე ვ. შ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მამის მიერ ცოლის დაზე გასხვისებულ მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ვ. შ-ის ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, არც საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ფართი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ვ. შ-ის ოჯახი ცხოვრობს მართალია ქირის გარეშე, თუმცა დეიდის საკუთრებაში არსებულ ბინაში. ამდენად, დასტურდება ის გარემოება, რომ ვ. შ-ის საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესი, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებდა სწორედ იმ შემთხვევებს, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. შესაბამისად, მხოლოდ ეს გარემოება არ შეძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს.

სააპლაციო პალატის განმარტებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება. ამასთან, მოსარჩელე ოჯახთან ერთად დროებით ცხოვრობს დეიდაშვილის - ქ. ჯ-ის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო თავის დროზე დარეგისტრირდა მოსარჩელის მამის - ნ. შ-ის სახელზე, თუმცა 2017 წელს გადაფორმდა მისი ნამდვილი მესაკუთრის - ლ. ლ-ე-ჯ-ის სახელზე და რომლის მემკვიდრეს წარმოადგენს ქ. ჯ-ი. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ განმცხადებლის მამის მიერ უძრავი ქონების გასხვისება განხორციელდა ფორმალურად, ვერ იქნება სასამართლოს მიერ გაზიარებული.

სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტით დადგენილი პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე. დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 2.5 ქულა, ხოლო ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 2.5 და მეტი ქულა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დადგინდა რომ მოსარჩელის ოჯახს არ აქვს საკუთრებაში უძრავი ქონება და საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას, უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გორი, ...ის ქუჩა №..., ბინა №31, სადაც 2015 წლიდან ცხოვრობს მოსარჩელე - ვ. შ-ი, 2001 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა მოსარჩელის მამამ ნ. შ-იმა და 2017 წელს აღნიშნული უძრავი ქონება გადაუფორმა მეუღლის დას - ლ. ლ-ე-ჯ-ის. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ვერ გააქარწყლებს მოწმის ჩვენება, თუმცა სწორედ აღნიშნული გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ანუ სასამართლო ეჭქვეშ აყენებს უფლებამოსილი მარეგისტრირებელი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ წერილობით მტკიცებულებას და მას უპირისპირებს მხოლოდ მოწმის ჩვენებას, რომელმაც პროცესზე აღნიშნა, რომ არ ახსოვს როგორ, როდის და ვის მიერ მოხდა უძრავი ქონების შეძენა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება, არ ნიშნავს, რომ სახეზეა განსახლების სასწრაფო საჭიროება. ამასთან საყურადღებოა, რომ გარდა იმ უძრავი ქონებისა, სადაც დღეის მდგომარეობით ცხოვრობს მოსარჩელე ოჯახთან ერთად, ვ. შ-ის მშობლების სახელზე, კერძოდ, დედის სახელზე ფიქსირდება საკუთრება, მდებარე: ქ. გორი, სოფელი ..., სადაც მოსარჩელე 2015 წლამდე ცხოვრობდა კიდეც.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე 2015 წლიდან ცხოვრობს მამის საკუთრებაში, რომელიც 2017 წელს გადაუფორმა მეუღლის დას - ლ. ლ-ე-ჯ-ის, ხოლო 2015 წლამდე ცხოვრობდა მშობლების საკუთრებაში სოფელ ...ში. მოსარჩელის მეუღლეს - ს. შ-ის თანასაკუთრების უფლებით გააჩნია ორი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მისამართზე: ქ. გორი, სოფელი .... ასევე, მოსარჩელის მამას - ნ. შ-ის აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მისამართზე: ქ. გორი, ს. .... მოსარჩელის დედა, იმ სახლის გარდა, რომელიც მდებარეობს სოფელ ...ში, ასევე ფლობს იმავე მისამართზე სამ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად და ცხადად დასტურდება, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე არ საჭიროებს სასწრაფო განსახლებას. აქვს იმის საშუალება, რომ იცხოვროს საკუთრებაში, რომელშიც არც ქირას იხდის, არც სასწრაფო გამოსახლება არ ემუქრება და არც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხის შემცველია, რაც შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის სასწრაფოდ დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ვ. შ-ი და მისი შვილები - მ. და ნ. შ-იები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მოსარჩელეს ჰყავს არადევნილი მეუღლე - ს. შ-იი. ასევე დადგენილია, რომ ვ. შ-ის ოჯახი (ვ., ს., ნ. და მ. შ-იები) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისამართზე: ქ. გორი, ...ის ქუჩა, კორპ. №..., ბინა №31 (ს.ფ. 34-39, 41-42, 95); ბ) 2019 წლის 11 ივნისს, ვ. შ-იმა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სამინისტროს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად მიუთითა: მეუღლე - ს. შ-ი და შვილები - მ. და ნ. შ-იები. ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. გორი, ...ის ქუჩა, კორპ. №..., ბინა №31 (ს.ფ. 77-78, 79-83); გ) ვ. შ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ 2020 წლის 30 ივნისს, გადამოწმების შედეგად ოჯახს მიენიჭა - 3,5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნათხოვარი - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები: 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი: 65 001-100 000 შორის სარეიტინგო ქულა - 1 ქულა). კრიტერიუმების შეფასების განყოფილებაში შენიშვნის სახით ასევე მითითებულია, რომ ვ. შ-ის სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, მშობლები, ძმა და ორი ძმისშვილი. განაცხადს აკეთებს შვილებთან და არადევნილ მეუღლესთან - ს. შ-ითან ერთად, რომელსაც თანასაკუთრების უფლებით გააჩნია ორი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მისამართი: ქ. გორი, სოფელი ... (7 308.00 კვმ და 1 826 კვ.მ). მამას - ნ. შ-ის გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მისამართი: ქ. გორი, სოფელი ... (2 500 კვ.მ). დედას - ნ. ლ-ეს გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, მისამართი: გორი, სოფელი ... (3 271 კვ.მ). ასევე იმავე მისამართზე მას აქვს ოთხი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (444 კვ.მ, 1 552 კვ.მ, 5 786 კვ.მ და 1 180 კვ.მ) (ს.ფ. 75, 84-94); დ) 2020 წლის 4 თებერვალს განხორციელდა ვ. შ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი, მისამართზე: ქ. გორი, ...ის ქ. კორპ. №..., ბინა №31. მონიტორინგის განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდნენ განცხადებაში მითითებული ყველა პირი - ვ., ს., ნ. და მ. შ-იები. განმცხადებელმა - ვ. შ-იმა განმარტა, რომ 2015 წლიდან ცხოვრობს მონიტორინგის მისამართზე ქირის გარეშე, დეიდის საკუთრებაში. მისი განმარტებით, არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნია (ს.ფ. 108-113); ე) 2020 წლის 7 თებერვალს, სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა მისამართზე: გორი, სოფ. .... ადგილზე იმყოფებოდნენ ვ. შ-ის მშობლები, რძალთან - ლ. დ-ითან და ბავშვებთან ერთად. განაცხადეს, რომ ცხოვრობენ ერთად აღნიშნულ მისამართზე, რომელიც გაფორმებულია ქალბატონ ნ.-ზე, მისი განმარტებით რეალურად ეკუთვნის დას (ს.ფ. 114); ვ) 2020 წლის 18 აგვისტოს განხორციელდა ვ. შ-ის ოჯახის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი, მისამართზე: ქ. გორი, დ. ...ის №..., ბ. №31. ადგილზე იმყოფებოდნენ ვ. შ-ის მეუღლე - ს. შ-იი და შვილები - ნ. და მ. შ-იები. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ ს.ს თანასაკუთრებით გააჩნდა მიწის ნაკვეთი სოფ. ...ში, რომელიც მამას დაუთმო, სადაც მშობლები ცხოვრობენ; ვ.ის მამას - ნ.ს აქვს მიწის ნაკვეთი სოფ. ...ში; დედას - ნ. ლ-ეს აქვს მიწის ნაკვეთები, ასევე შენობა-ნაგებობები სოფელ ...ში, სადაც თავად ცხოვრობენ. მიწის ნაკვეთები სავარაუდოდ მამისგან მიიღო მემკვიდრეობით. ნ.-ს ყავს სამი და: ლ. - გარდაიცვალა, მ. - თურქეთშია და მის შვილებს ნ.- უვლის, ასევე, ნ., რომელიც ოჯახით ცხოვრობს სოფ. ...ში (ს.ფ. 115-118); ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (28.09.2020 წ, ოქმი №52), ვ. შ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით (2-ოთახიანი ბინა) დაკმაყოფილებაზე, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ იმ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, მამის მიერ ცოლის დაზე გასხვისებულ მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო. ხოლო დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 11 თებერვლის №03-694 მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ აღნიშნულ კომისიის სხდომის ოქმში მამის მიერ გასხვისებული ქონება მოხსენიებულია, როგორც ყოფილი მამა-პაპისეული საკუთრება. რეალურად, აღნიშნული საცხოვრებელი ვ. შ-ის მამის - ნ. შ-ის მიერ შეძენილ იქნა 2001 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხოლო 2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით გასხვისებულ იქნა მეუღლის დაზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება წარმოადგენს მამის და არა მამა-პაპისეულ ყოფილ საკუთრებას (ს.ფ. 74, 119-127); თ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2226/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №52), ვ. შ-ის (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ. 13); ი) დადგენილია, რომ 2017 წლის 16 იანვარს მომზადებული ამონაწერის თანახმად, 2001 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. შ-ის სახელზე ირიცხებოდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გორი, ...ის ქუჩა №..., სართული მე-2, ბინა №31 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), ფართით - 84.50 კვ.მ. აღნიშნული უძრავი ქონება 2017 წლის 16 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ლ-ე-ჯ-ის სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 2017 წლის 20 იანვარი (ს.ფ. 129-132); კ) 2021 წლის 27 მაისის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ. ჯ-იმა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს მშობლების დატოვებულ სახლში - გორის რაიონის სოფელ ...ში. მოწმის თქმით, ზუსტად არ ახსოვს როდის იყიდეს დედის ბინა (მდებარე: ქ. გორში, ...ის ქუჩა №..., მე-2 სართული, ბინა №31), სადაც ამჟამად დროებით ცხოვრობს მოსარჩელე. მისი განმარტებით, ბინის შეძენისას დედა საზღვარგარეთ იყო და აღნიშნულის გამო არ იყო მის სახელზე გაფორმებული ბინა. იმ პერიოდში თავად რთული ორსულობა ჰქონდა, ხოლო და არასრულწლოვანი იყო, რის გამოც ბინა გაფორმდა მისი დეიდის ქმრის - ნ. შ-ის სახელზე. ბინა ძირითადად დაკეტილი იყო, ხოლო როდესაც მისმა დეიდაშვილმა - ვ. შ-იმა ცოლი მოიყვანა, დედამისმა ნება დართო სწორედ აღნიშნულ ბინაში ეცხოვრა. შემდგომ დედა გარდაიცვალა და დედის მემკვიდრეებად ის და მისი და დარჩნენ, თუმცა დაც მალევე გარდაიცვალა და დის მემკვიდრეს მისი ქმარი წარმოადგენდა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება. აღნიშნული გარემოებების გამო დღემდე ვერ მოახერხა ბინის მის სახელზე გადაფორმება. მოწმის განმარტებით, მისი შვილი სტუდენტია, ამჟამად ბინა ესაჭიროება და ითხოვს, რომ დაცალოს იგი მოსარჩელემ.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ სახლი, რომელშიც ამჟამად მოსარჩელე ცხოვრობს, 2017 წლამდე რეგისტრირებული იყო მის მამაზე, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება. ამასთან, მოსარჩელე ოჯახთან ერთად დროებით ცხოვრობს გარდაცვლილი დეიდის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში (მოცემულ უძრავ ქონებაზე დეიდის საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით), რაც წინამდებარე დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს. ამასთან, საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ 2017 წლის 16 იანვარს მოსარჩელის მამას და ლ. ლ-ე-ჯ-ის (მოსარჩელის დეიდა) შორის გაფორმებული გარიგება (ნასყიდობის ხელშეკრულება) გაუქმდა და ლ. ლ-ე-ჯ-იმ დაკარგა საკუთრების უფლება დასახელებულ უძრავ ნივთზე. რაც შეეხება ს. შ-ის (ს/კ ... და ს/კ ...), ნ. შ-ის (ს/კ ...) და ნ.- ლ-ეის (საკადასტრო კოდებით: ..., ..., ... და ...) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, აღნიშნული წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს (ამონაწერებში არ არის მითითებული, რომ მათზე მდებარეობს საცხოვრებელი შენობა და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებაზე არც კასატორს არ აქვს მითითებული) და ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი, ხოლო მოსარჩელის დედის - ნ.- ლ-ეის სახელზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., საკადასტრო კოდით ..., მართალია მდებარეობს საცხოვრებელი სახლი (ამონაწერში მითითებულია შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1), თუმცა როგორც მონიტორინგის ჯგუფის 2020 წლის 7 თებერვლის ოქმით ირკვევა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ვ. შ-ის მშობლები და რძალი - ლ. დ-იი, ბავშვებთან ერთად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი (ქირით ან ქირის გარეშე) არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან/და სხვა ახლობლის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში, ანუ ცხოვრება ქირით ან ქირის გარეშე, გათვალისწინებულია 1,5 ქულა). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ ისინი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არიან და არ საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას.

საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა, ხოლო მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს მამის მიერ გასხვისებულ სახლში, არ წარმოადგენს გასაჩივრებული აქტის კანონიერად მიჩნევის საკმარისი საფუძველი.

დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 3,5 ქულით, რაც საქმის მასალების მიხედვით, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, რამეთუ დადგენილია, რომ ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 2.5 და მეტი ქულა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა