Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹558აპ.-11 ქ. თბილისი

1 მაისი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განაჩენით რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი. მასვე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. რ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 14 ოქტომბრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენში აღმოფხვრილ იქნა უზუსტობა ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტის ნაწილში.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.