საქმე #ბს-859(უს-22) 12 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - მ. ც-ე, შპს „ტ...ი“
დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2015 წლის 27 ივლისს შ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები) - ა) უკანონოდ იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის და შემფასებლის 2015 წლის 17 აპრილის №01/07-1144 დასკვნა ქონების შეფასების ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 10 აგვისტოს A14011507-019/001 განკარგულება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №3013 ბრძანება; დ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ე) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 იანვრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ შპს „ტ...ი“ და მ. ც-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით შ. ბ-ის სარჩელზე, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირების - მ. ც-ის, შპს „ტ...ის” მონაწილეობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე შ. ბ-ემ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
3. 2022 წლის 7 ივნისს შ. ბ-ემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს შპს „ტ...ში“ (ს/კ ...) რ. კ-ის (პ/ნ ...) სახელზე არსებული 53.35% წილიდან 30% წილის გასხვისების - გაყიდვის, გაცვლის, გაჩუქების, უსასყიდლოდ დათმობის, სასყიდლით დათმობის, იპოთეკით დატვირთვის რეგისტრაცია შ. ბ-ის სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
განმცხადებლის განმარტებით, მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 182 844,58 ლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2013 წლის 30 სექტემბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი და აღსრულება განხორციელდა შპს „ტ...ში“ არსებული შ. ბ-ის 30% წილის აუქციონზე რეალიზაციის გზით, რომელიც შეიძინა ამავე შპს-ს პარტნიორმა, 23.53% წილის მფლობელმა, მ. ც-ემ.
იმ მიზნით, რომ შ. ბ-ის ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვერ მოხდეს მისთვის კუთვნილი წილის დაბრუნება, ზემოაღნიშნული 30% წილი მ. ც-ემ უსასყიდლოდ გადასცა მის შვილს, რ. კ-ეს, რომელმაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით დაირეგისტრირა წილზე საკუთრების უფლება. აღნიშნულის გამო, შ. ბ-ის მიერ სააპელაციო საჩივრით დაზუსტებულ იქნა მოთხოვნა, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (რ. კ-ის 30% წილის ნაწილში).
განმცხადებლის განმარტებით, მისი სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი საფუძველი არის ის, რომ შპს „ტ...ს“, შ. ბ-ის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 621 426 ლარი. ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება შპს „ტ...ისა“ და შ. ბ-ის ურთიერთვალდებულებათა გაქვითვა, რაც გამორიცხავს შ. ბ-ის 30% წილის აუქციონზე გასხვისებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა კი გამოწვეულია იმით, რომ მ. ც-ემ სადავო 30% წილი დავის მიმდინარეობის პერიოდში უსასყიდლოდ გაასხვისა მის შვილზე, რ. კ-ეზე. რამდენადაც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამჯერად, რ. კ-ემ გაასხვისოს ეს წილი, რის უფლებასაც მას აძლევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის მეორე წინადადება, რომლის მიხედვით, მხარეებს არ ერთმევათ უფლება გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ რ. კ-ემ იპოთეკით დატვირთოს სადავო წილი. ამასთან, შესაძლებელია, რომ შემძენი შეიძლება აღმოჩნდეს კეთილსინდისიერი, რაც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილების მიუხედავად, შ. ბ-ეს ვერ დაუბრუნდება მისი კუთვნილი 30% წილი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, შპს „ტ...ისა“ და შ. ბ-ის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად აღარ იქნება ამ 30% წილის აუქციონზე გასხვისების საჭიროება, მოსარჩელეს ეს წილი ვერ შეუნარჩუნდება.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო წილის გასხვისების შემთხვევაში მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. ასეთ ვითარებაში კი წარმოდგენილი სარჩელის განხილვა და დადებითად გადაწყვეტა დაკარგავს ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ მნიშვნელობას და ვერ გამოიწვევს იმ იურიდიული შედეგების დადგომას, რომელიც თან უნდა მოჰყვეს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მოსარჩელე, მიუხედავად მართლმსაჯულების განხორციელებისა, ვერ მიაღწევს გადაწყვეტილების აღსრულებას და თავის კანონიერ უფლებასა და ინტერესებში აღდგენას, რაც თავის მხრივ, ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და „ადამიანის უფლებათა შესახებ“ კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებას საქმის სამართლიან სასამართლო მოსმენაზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით შ. ბ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 191-ე, 198-ე და 372-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე, მოსარჩელის მიერ მითითებული იმ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში მოსარჩელემ უნდა მიეთითოს შესაბამის გარემოებებზე, რომელთა გარეშეც მას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება და შესაბამისად, რაც სასამართლოს შეუქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო სასამართლოსაც არ გასჩენია დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მომავალში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო განმცხადებლის (აპელანტის) მიერ ვერ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ რატომ იქნებოდა შეუძლებელი ან რატომ გართულდებოდა მომავალში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, განცხადებაში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკმარის საფუძველს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის, რის გამოც შუამდგომლობის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ბ-ეს შპს „ტ...ის“ სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 182 844,58 ლარი, რომლის აღსრულების მიზნით ჩატარებულ აუქციონზე გასხვისდა შპს „ტ...ში“ შ. ბ-ის კუთვნილი 30% წილი. აღნიშნული წილი შეიძინა მ. ც-ემ და დავის მიმდინარეობის პერიოდში უსასყიდლოდ დაუთმო მის შვილს - რ. კ-ეს, იმ მიზნით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვერ მოხდეს მოსარჩელისათვის მისი წილის დაბრუნება.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი საფუძველი არის ის, რომ შპს „ტ...ს“ შ. ბ-ის მიმართ გადასახდელი აქვს 621 426 ლარი, რაც დასტურდება საქმეში არსებული ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის საფუძველზე უნდა მოხდეს შ. ბ-ისა და შპს „ტ...ის“ ურთიერთვალდებულებათა გაქვითვა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ აუქციონზე მოსარჩელის კუთვნილი 30% წილის გასხვისებას. ვინაიდან არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთებული ვარაუდი, შესაბამისად, არსებობს სარჩლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, რომლის გარეშეც გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, ანუ შ. ბ-ეს ვერ დაუბრუნდება 30% წილი, თუ კი იგი გასხვისებული იქნება, რადგან შემძენი შეიძლება აღმოჩნდეს კეთილსინდისიერი. სწორედ ამიტომ, უნდა იქნეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ეკარგება როგორც სარჩელის, ისე სააპელაციო საჩივრის განხილვას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით შ. ბ-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება ემსახურება დავის საგნის დაცვას იმ მიზნით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუბრკოლებლად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფა დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც სასამართლოს მიერ სასარჩელო სამართალწარმოების წესით დადგენილი უფლების რეალიზებას უწყობს ხელს, იგი სასარჩელო მოთხოვნის დაცვასა და ეფექტურად განხორციელებას ისახავს მიზნად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი შეძლებს, დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რატომ გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე უნდა დაასაბუთოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე სასამართლოს უნდა გაუჩნდეს ვარაუდი, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს.
პალატის განმარტებით, საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკმარის საფუძველს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ბ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნება მხოლოდ სასამართლო განჩინება საქმის დამოწმებულ ასლებთან ან ელექტრონულ საქმის მასალებთან ერთად, ხოლო საქმის მასალების დედნები სასამართლოში დარჩება და საქმის განხილვას სასამართლო გააგრძელებს საერთო წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი საჩივრით სადავოდ არის გამხდარი უზრუნველყოფის ღონისძიების - მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერება.
აღსანიშნავია, რომ სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი (სარჩელის უზრუნველყოფა). საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმებს, რომლებიც ემსახურება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, აქვს უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზანი - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. N1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.52). საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების ეფექტური დაცვის საშუალებებს, რომელიც არა მხოლოდ რეპრესიულ, არამედ პრევენციულ დაცვასაც გულისხმობს. რეპრესიული დაცვა უკვე დარღვეული უფლების აღდგენას ემსახურება, ხოლო პრევენციული დაცვა - მოსალოდნელი ნეგატიური, უფლების შემლახველი შედეგების თავიდან აცილებას. ამასთანავე, რეპრესიული დაცვის რეალური განხორციელება შესაძლოა შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს, უკეთუ გამოყენებული არ იქნება უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები, როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სარჩელის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების განხორციელების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისაკენ მხოლოდ დავის საგანთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ შუამდგომლობაში კონკრეტულად და რეალურად ვერ იქნა მითითებული იმ კანონშეუსაბამობის თაობაზე, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას ან შეუძლებლობას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, რაც გამოიწვევდა გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
ამასთან უნდა განიმარტოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას. ინტერესთა ბალანსი დგინდება სარჩელის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებით. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარის თქმის ინტერესის უპირატესობა აშკარაა, თუ სარჩელს აქვს წარმატების ნაკლები პერსპექტივა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის დროს არ ხდება დავის არსებითად გადაწყვეტა.
ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. დაპირისპირებული ინტერესების არსებობისას მათ შორის სამართლიანი ბალანსი უნდა დადგინდეს. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.
დამატებით აღსანიშნავია, რომ მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეექმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს - ა) უკანონოდ იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის და შემფასებლის 2015 წლის 17 აპრილის №01/07-1144 დასკვნა ქონების შეფასების ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 10 აგვისტოს A14011507-019/001 განკარგულება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №3013 ბრძანება; დ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, რადგან დავის საგნის გათვალისწინებით, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა, ასევე არ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. საყურადღებოა, რომ შუამდგომლობის ავტორს არ აქვს მითითებული ისეთ გარემოებებზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში მას მიადგება ისეთ ზიანი, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებისათვის გარკვეულწილად სარჩელის უსაფუძვლობის ვარაუდს ქმნის. თუმცა საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი საკითხის ფარგლების გათვალისწინებით ამ ეტაპზე არ მოწმდება სარჩელის რეალური საფუძვლიანობა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სარჩელის საფუძვლიანობის ან უსაფუძვლობის შესახებ სასამართლოს ვარაუდი არ წარმოშობს სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ვალდებულებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივრის დასაბუთებაში იგულისხმება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომელიც საფუძვლად უდევს გასაჩივრებული განჩინებას და რომელიც საჩივრის ავტორს მიაჩნია განჩინების გაუქმების საფუძვლად. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვისას სასამართლო მსჯელობს სწორედ განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებების, ხოლო საჩივრის განხილვისას საჩივარში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საჩივრის ფარგლებში. სასამართლო ამოწმებს და არკვევს, რამდენად სწორად არის მიღებული გასაჩივრებული განჩინება იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაზეც განცხადებაში იყო მითითებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე შეტანილი საჩივრის შინაარსი და ამომწურავადაა განმარტებული ის საკითხები, თუ რას უნდა შეიცავდეს საჩივარი. დასახელებული ნორმის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული თავისთავად ნიშნავს არა მხოლოდ ზოგად მითითებას, არამედ მხარის მიერ არგუმენტირებული პოზიციის ჩამოყალიბებას, რომლითაც უტყუარად და უალტერნატივოდ უნდა დასტურდებოდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ საკითხზე მიღებული განჩინების არამართებულობა.
მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი - შ. ბ-ე ვერ ასაბუთებს და უთითებს ისეთ რელევანტურ გარემოებაზე, რაც საფუძვლად დაედება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით მისი ინტერესის უპირატესობას, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისისა და 11 ივლისის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე