საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-61(კ-21) 28 სექტემბერი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. ბ-ე
მესამე პირი - შპს „ფ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ბ-ემ 2018 წლის 11 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2018 წლის 14 აგვისტოს №... ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, 2015 წლის 14 აპრილს გ. ბ-ესა და შპს „4...ს“ შორის დაიდო სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის 14.1 პუნქტის თანახმად, გამსესხებელს უფლება ჰქონდა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სესხის ამოღების მიზნით, ინფორმაცია მიეწოდებინა ამავე პუნქტში მითითებული რამდენიმე კომპანიისთვის, მათ შორის, შპს „კ...ისთვის“. 2017 წლის 20 თებერვალს გაფორმებული სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე შეთანხმებით, შპს „4...მა“ შპს „კ...ს“ დაუთმო მოთხოვნა 2015 წლის 14 აპრილს დადებულ სესხზე, ხოლო ამ უკანასკნელმა 2017 წლის 1 სექტემბერს ამავე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „ფ...ს“, რომელმაც მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დაიწყო გამარტივებული საქმისწარმოება სესხის ამოღების მიზნით, შესაბამისად, გამოიცა დავალიანების გადახდევინების შესახებ 2018 წლის 14 აგვისტოს №... ბრძანება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2015 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების 14.1 პუნქტიდან გამომდინარე, ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შპს „ფ...სთვის“ მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობას, შესაბამისად შპს „ფ...“ არ იყო უფლებამოსილი მიემართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, რაც ადასტურებს, რომ სადაცო აქტი გამოიცა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და სახეზეა მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ფ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 აგვისტოს №... ბრძანება.
საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 20 თებერვლის შეთანხმებით შპს „4...მა“ 2015 წლის 14 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „კ...ს“, ხოლო 2017 წლის პირველი სექტემბრის შეთანხმებით შპს „კ...მა“ ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „ფ...ს“. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შპს „4...სა“ (გამსესხებელი) და გ. ბ-ეს შორის 2015 წლის 14 აპრილს გაფორმებული სესხის ელექტრონული ხელშეკრულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსზე, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სესხის დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელი იტოვებს უპირობო უფლებას, მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს შპს „პ...ს“, შპს „მ...ს“, შპს „P...-ს“, შპს „ი...ს“, შპს „დ...ს“, შპს „პრ...ს“, შპს „პრო...ს“, შპს „კ...ს“ არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აპლიკანტის განცხადების და თანდართული დოკუმენტების შინაარსობრივი მხარის შემოწმებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაედგინა, გააჩნდა თუ არა აპლიკანტს წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული ფულადი მოთხოვნა რესპონდენტის მიმართ და აღნიშნული ვალდებულება წარმოადგენდა თუ არა ვადამოსულ ფულად ვალდებულებას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 199-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მოთხოვნის დათმობას, თუმცა ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია. კერძოდ, მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია, თუ იგი ეწინააღმდეგება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ შეთანხმებას. განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 14 აპრილს გაფორმებული სესხის ელექტრონული ხელშეკრულების შინაარსის გაცნობის შემდეგ, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვალდებულების წარმოშობის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის დათმობის სპეციალურ პირობაზე და ხელშეკრულებით ცალსახად განსაზღვრეს ის სუბიექტები, რომელთა სასარგებლოდაც კრედიტორი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა მოთხოვნის დათმობა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ შეთანხმებას გააჩნდა კრედიტორის უფლების შემზღუდველი ძალა და კრედიტორს მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობას მხოლოდ შეთანხმებაში მითითებული სუბიექტების სასარგებლოდ ანიჭებდა. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „კ...ს“, რომლის მიმართაც შპს „4...ს“ გააჩნდა მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობა, მოთხოვნები და უფლებები გადაეცა ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვა მოთხოვნის დათმობასთან დაკავშირებით, ასევე ვრცელდებოდა შპს „კ...ზე“ და ვინაიდან მხარეთა შეთანხმება შპს „ფ...სთვის“ მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა, არ არსებობდა აღნიშნული სუბიექტისთვის მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, შპს „ფ...ს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით მისი მოთხოვნის უფლება გ. ბ-ეის მიმართ წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, შესაბამისად, მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა აპლიკანტის განცხადების შინაარსობრივი მხარის შემოწმების ვალდებულება, გ. ბ-ეის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას და ამ დარღვევების გათვალისწინებით მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, შესაბამისად, სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 14 აგვისტოს №... ბრძანების გამოცემისას დარღვეული იყო როგორც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლის, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა შპს „4...სა“ (გამსესხებელი) და გ. ბ-ეს შორის 2015 წლის 14 აპრილს გაფორმებული სესხის ელექტრონული ხელშეკრულების 12.1 პუნქტზე, რომლის მიხედვით, გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს, ხოლო ხელშეკრულების 14.1 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სესხის დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელი იტოვებს უპირობო უფლებას, მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს შპს „პ...ს“, შპს „მ...ს“, შპს „P...-ს“, შპს „ი...ს“, შპს „დ...ს“, შპს „პრ...ს“, შპს „პრო...ს“, შპს „კ...ს“ არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის. მითითებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე ხელშეკრულების მე-12 მუხლთან დაკავშირებით და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი (12) ზოგადად უთითებდა უფლებამონაცვლეობაზე, ხოლო მე-14 მუხლში დაკონკრეტებული იყო, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში ვის შეიძლება გადასცემოდა მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია დავალიანების ამოღების მიზნებისათვის. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ უფლების დათმობა მოხდა მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემდეგ აღნიშნული დავალიანების ამოღების მიზნით და აღნიშნულ შემთხვევაზე ხელშეკრულების მე-12 მუხლის გავრცელება ეწინააღმდეგებოდა კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ შეთანხმებას, ამდენად, შპს „ფ...ს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით მისი მოთხოვნის უფლება გ. ბ-ეის მიმართ წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს „ფ...ს“ განცხადების საფუძველზე გამარტივებული წარმოების დაწყების კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა 2018 წლის 14 აგვისტოს №... ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ბრძანება გამოიცა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 912, 914, 915 მუხლებისა და 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, აქტის გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის დარღვევას.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-14 მუხლის მიზანი და არსი, როდესაც მიუთითა, რომ მხარეები ამ მუხლით მოთხოვნის დათმობის სპეციალურ პირობაზე შეთანხმდნენ და აღნიშნული მუხლის გათვალისწინებით შეზღუდვა მოთხოვნის დათმობასთან დაკავშირებით ასევე ვრცელდებოდა შპს „კ...ზე“. დასახელებულ მუხლში აღნიშნულია, რომ თუ მსესხებელი დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სესხის დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელი იტოვებს უპირობო უფლებებს, მსესხებლის შესახებ გასცეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია (პერსონალური ინფორმაცია) ზემოაღნიშნულ კომპანიებზე არსებული დავალიანების ამოღების მიზნით, რაც, კასატორის მოსაზრებით, არ გულისხმობს მოთხოვნის უფლების დათმობის შეზღუდვას და ვერ მიიჩნევა კრედიტორის უფლებამოსილების შემზღუდველ ნორმად, არამედ ადგენს კრედიტორის ცალმხრივ უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მისი სურვილისამებრ, დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად, მიმართოს კონკრეტულ სუბიექტებს. ამავდროულად, კასატორი აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლეობასთან მიმართებაში მოქმედებს ხელშეკრულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც კრედიტორის უფლებისა და მოთხოვნების ნებისმიერი სხვა პირისათვის გადაცემის უფლებამოსილებას ითვალისწინებს და არანაირი „შეზღუდვა“ მესამე პირის სუბიექტთან მიმართებაში გათვალისწინებული არ ყოფილა; კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცა სხვა პირისათვის. დასახელებული მუხლით გაჟღერებული მხარეთა ნების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, შპს „კ...ი“ არ იყო შეზღუდული მოთხოვნის უფლება დაეთმო შპს „ფ...სათვის“. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ხელშეკრულებაში გამოხატული მხარეთა ნება ცალსახად მოსარჩელის სასარგებლოდ განმარტა და გადაწყვეტილება მიიღო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც არ შეუფასებია და არ განუხილავს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. სადავო ბრძანების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს არ დაურღვევია მისი გამოცემისათვის დადგენილი წესები, რის გამოც არ არსებობდა აქტის ბათილად ცნობის ფორმალური და მატერიალური საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის 3გ/574-19 განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით გ. ბ-ეის სარჩელის უარყოფას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება გ. ბ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XVI1 თავი ითვალისწინებს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს „სპეციალური წარმოების“, კერძოდ, გამარტივებული წარმოებისთვის დადგენილ მოწესრიგებას და ამავე კანონის 912, 913 მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, აღნიშნული წარმოება გამოიყენება ვადამოსულ ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებულ საქმეებზე დოკუმენტურად დადასტურებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. განსახილველ საქმეზე სადავოა სწორედ დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 აგვისტოს №... ბრძანების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.
აღსანიშნავია, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოება თავისი არსით აპლიკანტისთვის (კრედიტორი) პროცედურის გამარტივებას ისახავს მიზნად და აღსრულების პროცედურის ეკონომიურობასა და ეფექტურობაში ვლინდება, თუმცა მატერიალური თვალსაზრისით, ამგვარი წარმოების ფარგლებში მოთხოვნის უფლების შემოწმებას არსებითი დატვირთვა გააჩნია და მოიცავს როგორც აპლიკანტის მიერ ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, გულდასმით გამოიკვლიოს აპლიკანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, პირველ რიგში კი, ყურადღება უნდა მიექცეს სახეზეა თუ არა ვადამოსული ფულადი ვალდებულება და დოკუმენტურად ადასტურებს თუ არა აპლიკანტი რესპონდენტის მიმართ მოთხოვნის უფლებას. „გამარტივებული წარმოების ფარგლებში განცხადების წარდგენისას არ ხდება სააღსრულებო ფურცლის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტის თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა, რომელიც სათანადო ორგანოს მიერ გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა კონკრეტული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები. გამარტივებული წარმოების ფარგლებში მხარე წარადგენს ხელშეკრულებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს, რომ გააჩნია ვადამოსული ფულადი მოთხოვნა. ამდენად, ასეთი წარმოებისას მოთხოვნის არსებობა ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოთა მიერ გაცემული, ოფიციალური დოკუმენტით კი არ დგინდება, არამედ კერძო პირთა მიერ წარდგენილი ინფორმაციით (სუსგ 18.07.2018წ. საქმეზე Nბს-686(2კ-19)).
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ფ...მ“ 2018 წლის 6 ივლისს დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP180711080/111080 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გ. ბ-ეის მიმართ და მოითხოვა 2015 წლის 14 აპრილს შპს „4...სა“ და გ. ბ-ეს შორის დადებული სესხის ელექტრონული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. საქმის მასალებით ისიც დასტურდება, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 2018 წლის 20 ივლისის №SP180711080/458906 შეტყობინებით, აპლიკანტის - შპს „ფ...ს“ მოთხოვნა გ. ბ-ეის მიმართ შეადგენდა 2140.42 ლარს. სადავო არაა ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 20 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP180711080/458906 შეტყობინებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რესპონდენტ გ. ბ-ეს ეცნობა 2018 წლის 06 ივლისს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყებული გამარტივებული წარმოების თაობაზე, რაც მოსარჩელეს პირადად ჩაჰბარდა 2018 წლის 28 ივლისს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩაბარების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გ. ბ-ეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არც ერთი განუხორციელებია, მათ შორის, არ გამოუყენებია უფლება, წარედგინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ (თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას), აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 14 აგვისტოს გამოსცა №... გასაჩივრებული ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 2140.42 ლარის ოდენობით შპს „ფ...ს“ მიმართ (ს.ფ. 67).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ფ...მ“ მოთხოვნის დასასაბუთებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინა 2015 წლის 14 აპრილის სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, 2017 წლის 20 თებერვლისა და ამავე წლის 1 სექტემბრის მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმებები, რაც სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია მოთხოვნის უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებებად, იმ დასაბუთებით, რომ ვალდებულების წარმოშობის ეტაპზე მხარეები შეთანხმებული იყვნენ მოთხოვნის დათმობის სპეციალურ პირობაზე და ხელშეკრულებით ცალსახად განსაზღვრული ჰქონდათ ის სუბიექტები, რომელთა სასარგებლოდაც კრედიტორი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა მოთხოვნის დათმობა, რომელთა ჩამონათვალში შპს „ფ...“ არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული სუბიექტისთვის მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი საფუძველი.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ 2015 წლის 14 აპრილს შპს „4...სა“ (გამსესხებელი) და გ. ბ-ეს (მსესხებელი) შორის გაფორმებული სესხის ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 650 ლარი 30 დღის ვადით, რაც ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი არ ყოფილა. ამავე ხელშეკრულებით, განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის, ხელშეკრულების მე-12 მუხლის (უფლებამონაცვლეობა) თანახმად, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, მსესხებლის თანხმობის გარეშე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები დაეთმო მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა პირისათვის, ხოლო მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე არ იყო უფლებამოსილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადაეცა ან ვალდებულებები გადაეკისრებინა სხვა პირისათვის. ამავე მუხლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა გავრცელდა ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.
მითითებული ხელშეკრულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სესხის დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელი იტოვებს უპირობო უფლებას, მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს შპს „პ...ს“, შპს „მ...ს“, შპს „P...-ს“, შპს „ი...ს“, შპს „დ...ს“, შპს „პრ...ს“, შპს „პრო...ს“, შპს „კ...ს“ არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ამრიგად, სამოქალაქო სამართალში მოქმედი სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოთხოვნის მფლობელის მიერ მისი განკარგვა და ზოგადი წესის მიხედვით მოვალის თანხმობა ამისთვის კრედიტორს არ ესაჭიროება, რადგან „მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება იწვევს კრედიტორის, როგორც უფლებამოსილი პირის ცვლილებას და არა მოთხოვნის შინაარსის ცვლილებას. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი საფუძველი შესაძლებელია იყოს ნასყიდობა, ჩუქება ან მხარეთა შორის ნებისმიერი შეთანხმება“ (ლ. თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი; წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, გვ. 182, თბილისი, 2018 წ.).
ზოგადი წესისგან არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, რა დროსაც შესაძლებელია, მოთხოვნის დათმობის დაუშვებლობა გამომდინარეობდეს ვალდებულების არსიდან, კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებიდან, ან კანონიდან. „მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. დასახელებული ნორმა ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებს და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა შემდეგი: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელის) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი“(სუსგ 16.09.2016წ. საქმეზე Nას-683-654-2016). მნიშვნელოვანია, რომ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, მოვალის პატივსადები ინტერესით მოთხოვნის დათმობის შეზღუდვისას, აუცილებელია დასტურდებოდეს ამგვარი ინტერესის არსებობა, რაც მისი სადავოობისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს.
ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ 2015 წლის 14 აპრილს შპს „4...სა“ და გ. ბ-ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მე-12 მუხლით განსაზღვრული პირობა წარმოადგენს მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმებას, რაც ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლით დადგენილი რეგულაციის ფარგლებში.
რაც შეეხება არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის გამსესხებლის მიერ კონკრეტულ პირებზე მსესხებელთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემის შესახებ მხარეთა შეთანხმების საკითხს (ხელშეკრულების 14.1 მუხლი), საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების, მათ შორის, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გამოხატული ნების გონივრული და ობიექტური განსჯის შედეგად მიიჩნევს, რომ ამგვარი შეთანხმება ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაციის ფარგლებში, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულების 14.1 მუხლში არსებული შეთანხმება ემსახურება პრობლემური აქტივების ეფექტურად მართვის მიზანს და არ წარმოადგენს ხელშეკრულების მე-12 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმების შემზღუდავ ჩანაწერს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მე-12 მუხლით არსებული მხარეთა შეთანხმება უფლებამონაცვლეობაზე ამავე ხელშეკრულების 14.1 მუხლით არსებული შეთანხმებისაგან დამოუკიდებელ პირობას წარმოადგენს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის დათმობის შემზღუდველ გარემოებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნამდვილ შინაარსს. ამდენად ცალსახაა, რომ შპს „ფ...ს“ გ. ბ-ეის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნა, მისი ზუსტი აღნიშვნითა და მოვალის იდენტიფიცირებით, შეძენილი აქვს 2017 წლის 1 სექტემბერს შპს „კ...თან“ დადებული შეთანხმებით და მხარეთა შეთანხმება მოთხოვნის დათმობის საგანზე არ იძლევა გამოვლენილი ნების სხვაგვარად განმარტების შესაძლებლობას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ფ...ს“ გააჩნდა დოკუმენტურად დადასტურებული მოთხოვნის უფლება რესპონდენტის მიმართ, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ წარდგენილა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914, 915. 919 მუხლების შინაარსის შესაბამისად, ქმნიდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის გამარტივებული წარმოებისათვის დადგენილი პროცედურული მოთხოვნების დარღვევა, რაც ასევე გამორიცხავს სადავოდ ქცეული დავალიანების გადახდევინების შესახებ 2018 წლის 14 აგვისტოს №... ბრძანების ბათილობის ფაქტობრივი ან სამართლებრივი წინაპირობების არსებობას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება გ. ბ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით მიღებულია ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - ჯამში 450 (150+300) ლარის ოდენობით, მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელე გ. ბ-ეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გ. ბ-ეს (პ/ნ...) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/ნ205263873) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა