Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-107(კ-22) 30 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სპეციალური პენიტენციური სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. კ-ე

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ი. კ-ემ 2021 წლის 30 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მის მიმართ საშიშროების რისკის გადაფასების შესახებ პროცედურის წარმართვისა და დაბალი საშიშროების რისკის სახის (რისკის შეცვლა) განსაზღვრის მოპასუხისთვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ი. კ-ის მიმართ საშიშროების რისკის გადაფასების პროცედურის წარმართვა დაევალა; სასარჩელო მოთხოვნა - არსებული კრიტერიუმების შესაბამისად, მოპასუხისათვის დაბალი საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აპელანტის მიერ გასაჩივრებული იყო მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, რაც დავის განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე ქმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს. ამასთან, აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შესული იყო კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებულ „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესზე“, რომლითაც რეგულირდება მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასება. დასახელებული „წესის“ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მსჯავრდებულთა საშიშროების საშუალო რისკის გადაფასება ხორციელდება მსჯავრდებულის ქცევის მკვეთრად შეცვლისთანავე ან მსჯავრდებულის პირადი განცხადების საფუძველზე. ამავე წესის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხორციელდება დირექტორის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერვთოდეს დანართი №1-ით განსაზღვრული ინფორმაცია. დირექტორი თავის მიმართვაში უთითებს იმ ახალ გარემოებებზე, რომელთა არსებობის საფუძველზეც მიმართავს გუნდს საშიშროების რისკის სავარაუდო ცვლილების საჭიროების თაობაზე. მოცემული ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაცია დირექტორმა შეიძლება მიიღოს როგორც ჯგუფისგან, ასევე მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლისაგან. ამრიგად, კასატორის მოსაზრებით, მსჯავრდებულისთვის საშიშროების რისკის გადაფასების პროცედურა წარიმართება ზემოაღნიშნული ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი არ გამოვლენილა მსჯავრდებულისთვის საშიშროების რისკის სახის გადაფასების საფუძვლები. შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიაჩნია, რომ სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეზე დადასტურებული გარემოებები იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ საშიშროების რისკის გადაფასების პროცედურის წარმართვასა და არსებული კრიტერიუმების შესაბამისად, დაბალი საშიშროების რისკის სახის განსაზღვრაზე უარის თქმის კანონიერება. საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Va№ de Hurk v. №etherla№ds, §61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] §26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესით“ განსაზღვრულია პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა (გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულებისა) საშიშროების რისკის სახეები, შეფასების/გადაფასების წესი, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის, აგრეთვე მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შემადგენლობა და უფლებამოსილება. აღნიშნული „წესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს უკვე შეფასებულ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება, საშიშროების საშუალო რისკის დადგენის შემთხვევაში, ხორციელდება მსჯავრდებულის ქცევის მკვეთრად შეცვლისთანავე ან მსჯავრდებულის პირადი განცხადების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხორციელდება დირექტორის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს დანართი №1-ით განსაზღვრული ინფორმაცია. დირექტორი თავის მიმართვაში უთითებს იმ ახალ გარემოებებზე, რომელთა არსებობის საფუძველზეც მიმართავს გუნდს საშიშროების რისკის სავარაუდო ცვლილების საჭიროების თაობაზე. მოცემული ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაცია დირექტორმა შეიძლება მიიღოს როგორც ჯგუფისგან, ასევე მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლისაგან.
დასახელებული ნორმის ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული „წესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილია ის საფუძვლები, რომელთა შესაბამისად უნდა განხორციელდეს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება საშიშროების საშუალო რისკის დადგენის შემთხვევაში. პირველი საფუძველია მსჯავრდებულის ქცევის მკვეთრად შეცვლა, ხოლო მეორე - მსჯავრდებულის პირადი განცხადება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას, როდესაც გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხორციელდება დირექტორის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ამრიგად, დასახელებული ნორმა მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასების პროცედურის წარმართვის შესაძლებლობას იძლევა ნორმის დისპოზიაციაში მითითებული ორივე მოცემულობის (მსჯავრდებულის ქცევის მკვეთრად შეცვლისთანავე ან მსჯავრდებულის პირადი) ცალ-ცალკე არსებობის შემთხვევაში. ამასთან, ვინაიდან მსჯავრდებულისთვის საშიშროების საშუალო რისკის დადგენის შემთხვევაში, საშიშროების რისკის გადაფასების განხორციელების ერთ-ერთი საფუძველია მსჯავრდებულის პირადი განცხადება, აღნიშნული დაწესებულების დირექტორს ავალდებულებს არა საკითხის შეფასებას და შესაბამისი ქმედებების განხორციელებას, არამედ განცხადების განხილვისათვის შესაბამისი პროცედურის უპირობოდ წარმართვას.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2018 წლის 13 მარტის სხდომის ოქმის თანახმად, დასტურდება, რომ მსჯავრდებულის - ი. კ-ის საშიშროების რისკის სახე საშუალოა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა - ი. კ-ემ განცხადებებით მიმართა როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ასევე დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა მისთვის შეფარდებული რისკის სახის (საშუალო) გადაფასება. საბოლოოდ, მსჯავრდებულს თავის 2021 წლის 12 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ ამ ეტაპზე, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა განმცხადებლისთვის განსაზღვრული საშიშროების რისკის გადაფასების საკითხზე, ვინაიდან №8 პენიტენციური დაწესებულების პირველადი დამუშავების ჯგუფის და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მიერ არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული „წესის“ №1 და №2 დანართებით დადგენილი ინფორმაციის დამუშავება და მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდში გადაგზავნა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. კ-ის 2021 წლის 12 ივლისის განცხადება, თავისი არსით შეიცავს იმავე მოთხოვნას, რასაც წინა განცხადებებით ითხოვდა, კერძოდ, გადაფასებულიყო მისთვის განსაზღვრული საშიშროების რისკის სახე და შეფარდებოდა უფრო დაბალი, თუმცა დგინდება, რომ მოთხოვნაზე რეაგირება უფლებამოსილ პირებს არ მოუხდენიათ. აღნიშნულ განცხადებას უპასუხა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილი პირისა და სტრუქტურული ერთეულების ქმედებების საფუძველზე, მსჯელობს მსჯავრდებული პირისათვის განსაზღვრული რისკის გადაფასების საკითხზე. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი. კ-ის მიმართვიანობა ანალოგიური მოთხოვნით, რომელზეც უკვე იმსჯელა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მსჯავრდებულისათვის საშიშროების საშუალო რისკის დადგენის შემთხვევაში, საშიშროების რისკის გადაფასების განხორციელების ერთ-ერთი საფუძველია მსჯავრდებულის პირადი განცხადება, აღნიშნული დაწესებულების დირექტორს ავალდებულებს არა საკითხის შეფასებას და შესაბამისი ქმედებების განხორციელებას, არამედ განცხადების განხილვისათვის შესაბამისი პროცედურის წარმართვას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა არ ექცევა სპეციალური პენიტენციური დაწესებულების დირექტორის დისკრეციაში და არ საჭიროებს დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე რისკის გადაფასების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლოს შეფასებით, იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე განსაზღვრულია მსჯავრდებულის რისკის სახე და მსჯავრდებული პირადი განცხადების საფუძველზე ითხოვს მინიჭებული რისკის სახის გადაფასებას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, განცხადების საფუძველზე განახორციელოს ის ქმედებები, რომელიც აუცილებელია მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ზემოთ მითითებული „წესის“ თანახმად, სწორედ აღნიშნული გუნდი უზრუნველყოფს უკვე შეფასებულ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის პირადი განცხადების საფუძველზე, არ განხორციელებულა შესაბამისი პროცედურები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებსა და დასკვნებს ი. კ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სწორად დაევალა ი. კ-ის მიმართ საშიშროების რისკის გადაფასების პროცედურის წარმართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე