საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-332(კ-21) 30 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ე. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირები - მ., მე., ნ. კ-ები (ევ. კ-ის უფლებამონაცვლეები), მ. კ-ე, ბ. ლ-ე, გ. შ-ი, შპს „ს...“, სს „პ...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ე. კ-მა 2020 წლის 3 ივლისს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და „აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 11 მარტის №16273 აქტის ბათილად ცნობა, ასევე კრედიტორისთვის - სს „პ...ისათვის“ სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებისა და აღსრულებისთვის განხორციელებული ყველა მოქმედების, მათ შორის, მოსარჩელის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოპასუხის დავალდებულება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვაში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „ს...“, მ. კ-ე, ევ. კ-ი, ბ. ლ-ე და გ. შ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, ევ. კ-ის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმული იქნენ მე., ნ. და მ. კ-ები.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით ე. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-მა, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმის იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში. ამასთან, ყურადღებას მიაქცევს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თანხის გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს. მითითებული მუხლის 12 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმავე პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე კრედიტორი უფლებამოსილია, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების 1 წლით გაგრძელება, რისთვისაც იგი იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ სააღსრულებო საქმეზე უკანასკნელი სააღსრულებო მოქმედება შესრულებულია 2017 წლის ივლისში, საიდანაც გასულია 2 წელი და 7 თვე. აღნიშნულს ადასტურებს ამონაბეჭდი ელექტრონული საქმისწარმოების სისტემიდან, სადაც ბოლო სააღსრულებო მოქმედებად მითითებულია - „სააუქციონო მომსახურების დასრულება 03/07/2017, 11:56“. ეს ფაქტი დადგენილია სასამართლოს მიერაც. ამასთან, კრედიტორს - სს „პ...ს“ არა აქვს გაგრძელებული სააღსრულებო წარმოება ამავე კანონის 35.11 მუხლით განსაზღვრულ 2-წლიან ვადაში, რისთვისაც მას უნდა გადაეხადა შესაბამისი საფასური 200 ლარის ოდენობით. ამასთან, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ასეთი ვალდებულება მას არ აქვს შესრულებული ადრეც, 2014 წლის 16 ივნისიდან 2016 წლის 30 ივნისამდე. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო სარჩელზე უარის თქმას უკავშირებს მხოლოდ ე. კ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების არსებობის ფაქტს, რაც, კასატორის მოსაზრებით, გამომდინარეობს ზემომითითებული ნორმის არასწორი განმარტებიდან. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით ე. კ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მიმდინარე იძულებითი აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. ამავე კანონის 35-ე მუხლის 11 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს. იმავე მუხლის 12 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმავე პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე კრედიტორი უფლებამოსილია, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების 1 წლით გაგრძელება, რისთვისაც იგი იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის დასახელებული პუნქტების მიხედვით, სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის დაბრუნება უნდა მოხდეს მხოლოდ ორი პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში - თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ უნდა იყოს დაკმაყოფილებული კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თანხის გადახდევინება, მოვალის ქონების არარსებობის შემთხვევაში კრედიტორს არ უნდა ჰქონდეს მიმართული აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის სააღსრულებო წარმოების 1 წლით გაგრძელების მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2012 წლიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, რომელშიც კრედიტორია სს „პ...ი“, ხოლო ერთ-ერთი მოვალე - ე. კ-ი. ამ უკანასკნელის სახელზე კი დღეის მდგომარეობით საკუთრებაში ირიცხება თბილისში, ...ის დასახლების მე-4ა მ/რ-ის მე-14 კორპუსში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. მხარეთა მორიგების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, თანხის გადახდის გრაფიკის შემთხვევაში მორიგება მიქცეული იქნება იძულების წესით აღსასრულებლად და სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულება განხორციელდება მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ქონების და ასევე ვალის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ასევე დასტურდება, რომ 2006 წლის 2 აგვისტოდან 2006 წლის 19 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე. კ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
დასახელებულ გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 11 და 12 პუნქტებით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის დაბრუნების წინაპირობები არ არსებობდა, რადგან კრედიტორი უფლებამოსილი იყო, მიემართა სააღსრულებო ბიუროსთვის სააღსრულებო წარმოების გაგრძელების მოთხოვნით და გადაეხადა 200 ლარი მაშინ, როცა მოვალეს საკუთრებაში არ ექნებოდა ქონება, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ე. კ-ის სახელზე საკუთრებაში ირიცხებოდა თბილისში, ...ის დასახლების მე-4ა მკ/რ-ის მე-14 კორპუსში მდებარე უძრავი ქონება. ამასთანავე, არარელევანტურია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონება დატვირთულია სს „თ...ის“ იპოთეკით და აგრეთვე ადევს აღმასრულებლის ყადაღა, რა დროსაც, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მხარეები მორიგდნენ ბინის ნატურით გადაცემაზე. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 11 და 12 პუნქტებით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის დაბრუნების პირობები, რადგან მოვალეს ე. კ-ს გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება. ამრიგად, არ არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 11 მარტის № 16273 აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხის დავალდებულებას კრედიტორ სს „პ...ისათვის“ სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებისა და აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა მოქმედების, მათ შორის, მოსარჩელის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, საკასაციო სასამართლოს მითითებით, იგი პირველი სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ შედეგს წარმოადგენს, რომელიც არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს არც მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ე. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. მ. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ე. კ-ის საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 13 მაისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე