საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-484(კ-22) 12 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი - შპს „მ...“
მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს...თან“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 6 იანვარს შპს „მ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმართ. მოსარჩელემ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1569 ბრძანების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 10 დეკემბრის #1569 ბრძანება, სპეციალურ (ზონალური) შეთანხმების მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „მ...ს“ (ს/კ....) 2019 წლის 02 სექტემბრის განცხადების #... შესახებ ქ. ბათუმში ...ს ქ. #185-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (მიწის უძრავი) ქონების საკადასტრო კოდები; #.... #... #.... #.... ... მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების და არქიტექტურული პროექტის შეთახმების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „მ...ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ...ს“ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განჩინებით შპს „მ...ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (დედნის სახით). 2022 წლის 21 მაისს შპს „მ...მა“ განცხადების სახით წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და იშუამდგომლა ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 150 ლარის გადახდის გადავადება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს „მ...ს“ შუამდგომდლობა არ დაკმაყოფილდა, კასატორს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის - 150 ლარის გადახდა, ან იმ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე. გზავნილი კასატორის წარმომადგენელს, ლ. ბ-ას 2022 წლის 25 ივლისს პირადად ჩაბარდა. შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა 2022 წლის 26 ივლისს დაიწყო და 4 აგვისტოს ამოიწურა. კასატორის წარმომადგენლის განცხადება საპროცესო ვადის ხელმეორედ გაგრძელების შესახებ თავად კასატორის წარმომადგენლის მიერ ფოსტას ჩაბარდა 5 აგვისტოს, შესაბამისად საპროცესო ვადის დარღვევით, რაც შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარზე 15.06.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, ლ. ბ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 397-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. შპს „მ...ს“ წარმომადგენელ ლ. ბ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.06.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე