Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-646(კ-22) 30 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ტ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ტ-იმა 2021 წლის 13 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2021 წლის 25 ივნისის №03-2352/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, დ. ტ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2021 წლის 25 ივნისის №03-2352/ო ბრძანება; მოპასუხეს დ. ტ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, დ. ტ-ის ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობა, რადგან, დევნილი ოჯახი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ცხოვრობდა მის მიერ გასხვისებულ სახლში. აღნიშნული გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბინის გასხვისება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რის გამოც ოჯახის განსახლების საკითხი პრიორიტეტულად არ ჩაითვალა.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 21 ივნისის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის (ოქმი №34) შესაბამისად, ქალაქ თბილისში, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების მიზნით, განხორციელდა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მათ შორის, მოსარჩელის განაცხადიც განიხილეს. დ. ტ-ი განაცხადს აკეთებდა ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან - დ. კ-ასთან და შვილებთან - ხ. და თ. ტ-იებთან ერთად. განაცხადში მითითებულია, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში, ქირით. 2021 წლის 14 აპრილს მოსარჩელის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე განხორცილედა მონიტორინგი. ადგილზე მისულ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს დახვდათ მოსარჩელის მეუღლე - დ. კ-ა, რომელმაც განაცხადა, რომ ცხოვრობენ მეზობლის - რ. ბ-ას საკუთრებაში, რომელიც იმავე ქუჩაზე საკუთარ სახლში ცხოვრობს. თავად მოსარჩელესთან 1991 წლიდანაა ქორწინებაში. შვილები სახლში არ იყვნენ. ხ. ტ-ი მუშაობს ნეიროგანვითარების ცენტრში, ფსიქოლოგად და ცხოვრობს თბილისში. ბინაც თბილისში, ...ის №41-ში აქვს ნაქირავები. დ. კ-ამ ასევე განაცხადა, რომ ბინა, სადაც ცხოვრობენ, ეკუთვნოდა დ. ტ-ის და თანხის საჭიროების გამო გაყიდეს. ბინა მიყიდეს მოპირდაპირე სახლში მცხოვრებ მეზობელს - რ. ბ-ას.

2021 წლის 19 აპრილს მონიტორინგი განხორცილდა რ. ბ-ას მისამართზე - ქალაქ ზუგდიდში, ...ს ქ. №...-ში, ორსართულიან სახლში. მისამართზე იმყოფებოდა თავად რ. ბ-ა, რომელმაც მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს განუმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს დედასთან - ც. გ-ასთან ერთად. დაადასტურა, რომ დ. ტ-ისგან იყიდა ბინა და ამჟამად აქვს გაქირავებული 250 ლარად.

2021 წლის 27 აპრილს მონიტორინგი განხორციელდა ასევე მოსარჩელის შვილის - ხ. ტ-ის ნაქირავებ ბინაში. მისამართზე იმყოფებოდა მარიამ სიმაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ხ.-ს მეგობარია. მარიამ სიმაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას და მის დას - თ. ს-ის ბინა ნაგირავები აქვთ 10 000 აშშ დოლარად, ხოლო ხ. მათთან ცხოვრობს, რადგან მეგობარია და სძინავს გასაშლელ საწოლზე. ბინის მესაკუთრეა ნინო მუმლაძე. თავად ხ. ტ-ი იმყოფებოდა სამსახურში.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახი 2018 წლამდეც და შემდეგაც მისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრობს. აღნიშნული მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელის ოჯახმა ბინა ფორმალურად გაასხვისა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სახელმწიფო შეცდომაში შეეყვანა და საცხოვრებელი ფართი მიეღო იმაზე უფრო ადრე, ვიდრე კანონით ეკუთვნოდა. ამრიგად, საკითხის განმხილველმა კომისიამ სრულიად დასაბუთებულად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი ადგილის ქონის გამო, მოსარჩელისათვის ამ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმა იყო კანონიერი და დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სააგენტოს 2021 წლის 25 ივნისის №03-2352/ო ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს მართებულად ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის 292-ე განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმასა“ და „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე და განმარტა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის დაწესებულია გარკვეული რიგითობა, პრიორიტეტულობა. კანონმდებელს სურს, პირველ რიგში, იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოხდეს, რომლებსაც თავშესაფარი არ გააჩნიათ. თუმცა, დასახელებული ნორმა არ უარყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას, საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე დ. ტ-ის დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამავე წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ამასთანავე, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს; ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; არის მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დ. ტ-ის შევსებული განაცხადის საფუძველზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიენიჭა 4 ქულა, მათ შორის, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან - 1.5 ქულა; სოციალურ კრიტერიუმში (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა) - 1 ქულა; არის ომის მონაწილე, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა.

საქმეზე უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელე, მისი მეუღლე და შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 1 ივნისის №34 სხდომის ოქმის მიხედვით, სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის ვეტერანი დევნილთა ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა.

მოსარჩელის ოჯახის მიერ ალტერნატიული საცხოვრებლის ფლობის ფაქტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ დ. ტ-ის ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირით. ამდენად, დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ქალაქ ზუგდიდში, ...ს ქუჩა №...-ში მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ფაქტი მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა. კასატორი სადავოდ ხდის ბინის გასხვისებისა და მოსარჩელესა და ახალ მესაკუთრეს შორის ბინის ქირავნობის ნამდვილობას, თუმცა რაიმე მტკიცებულება აღნიშნული ხელშეკრულებების საეჭვოობასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა რ. ბ-ამ დაადასტურა თავის საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში დ. ტ-ის ოჯახის ქირით ცხოვრების ფაქტი. ასეთ პირობებში, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებს შეუძლიათ დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლონ სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ ნიშნავს, რომ ისინი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არიან და არ საჭიროებენ სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას. ამდენად, დ. ტ-ის ოჯახს უკანონოდ ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე