Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-675(კ-21) 30 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ბ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირი - შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მ...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. კ-ემ 2017 წლის 8 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 3 ივლისის №SP170561287/288364 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამავე ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ბ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 3 ივლისის №SP170561287/288364 ბრძანების მოქმედება მოცემულ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. კ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით ბ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მ...დან“ მიიღო სესხის ელექტრონული ხელშეკრულება და თანხის გადახდის ქვითარი, რის შემდეგაც, სხვა რაიმე დოკუმენტის მოპოვების და მხარეთა ახსნა-განმარტების გარეშე, გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP170561287/288364 ბრძანება, რითაც სრულიად უსაფუძვლოდ დაეკისრა მას 2186.3 ლარის გადახდა. კასატორი აღნიშნავს, რომ სესხის გაცემისა და გადაუხდელობის შესახებ მოსარჩელისთვის არ იყო ცნობილი. ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაიზიარეს მისი გულწრფელი აღიარება, რომ სესხის გაცემისა და დავალიანების შესახებ არაფერი იცოდა და მას სრულიად უკანონოდ დაეკისრა თანხის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის დაკისრებული დავალიანების გადახდევინების შესახებ მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანების კანონიერების შეფასება, გამარტივებული წარმოებისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევის საფუძვლით, რასაც კასატორის მოსაზრებით, მისთვის უწყების ჩაუბარებლობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს რესპონდენტის ვალდებულებას შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს დავალიანება, განაცხადოს წერილობითი პროტესტი ან განახორციელოს ამავე მუხლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. დასახელებული კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტი დამატებით განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობა.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. ხსენებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 მაისის წერილობითი შეტყობინებით რესპოდენტ ბ. კ-ეს ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძველი გახდა აპლიკანტის - შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მ...ს“ განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია ბ. კ-ისთვის დავალიანების, ჯამში 2236.03 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა ბ. კ-ეს (მისამართზე: ჭიათურა, ...ი, 38-ე ქუჩა №5), რომლითაც აცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ და 10 კალენდარული დღე განუსაზღვრა სათანადო რეაგირებისათვის (ტ. I, ს.ფ. 73-74). აღნიშნული შეტყობინება 2017 წლის 24 მაისს ჩაიბარა ბ. კ-ის მეუღლემ - ლ. უ-ამ. ჩაბარების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ბ. კ-ეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არც ერთი არ განუხორციელებია, მათ შორის, არ გამოუყენებია უფლება, წარედგინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, რაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა. ამავე ბრძანებით ბ. კ-ეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მ...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2186.03 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილი (ტ. I, ს.ფ. 75) ადასტურებს, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ დაცულია შეტყობინების გაგზავნის და ჩაბარების სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესი, კერძოდ, გზავნილი ჩაბარებულია სასამართლოს მიერ გაგზავნილ მისამართზე, რომელიც საქმეში ბ. კ-ის მიერ იქნა მითითებული - ჭიათურა, ...ი, 38-ე ქუჩა №5. უკუგზავნილში ასახულია ყველა სავალდებულო რეკვიზიტი, მათ შორის, ლ. უ-ას პირადი ნომერი და ხელმოწერა. საქმის მასალებით კი არ დასტურდება მითითებული რეკვიზიტების უსწორობა. ამრიგად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მას უწყება არ ჩაბარებია.

დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარების ფორმა შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს და იგი მიჩნეულ უნდა იქნეს გზავნილის სათანადო წესით მხარისათვის გადაცემად, რაც შეიძლება გახდეს ბ. კ-ისთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ. კ-ის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი არ ჰქონია არსებითი ხასიათის პროცედურულ დარღვევას და ამ დარღვევის გათვალისწინებით, მოპასუხე უფლებამოსილი იყო გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინება;

3.ლ. უ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ბ. კ-ის საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 4 აგვისტოს №11339836662 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე