Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-692(კ-21) 30 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ნ-ი

მესამე პირები - ნ. ი-ე, ვ. კ-ე, ე. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა და მორალური ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ნ-იმ 2019 წლის 24 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ...ის განყოფილების სტაჟიორთა შერჩევის მიზნით შექმნილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონკურსო კომისიის 2019 წლის 7 ივნისის ოქმის, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ...ის განყოფილების სტაჟიორთა შერჩევის მიზნით შექმნილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონკურსო კომისიის 2019 წლის 17 ივნისის ოქმისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ...ის განყოფილების სტაჟიორთა დანიშვნის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 20 ივნისის №557 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის „მოსარჩელის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ...ის განყოფილების სტაჟიორის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ“ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის მიმართ კონკურსის პირობებში დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, აღმოფხვრა და შეწყვეტა, ამასთან, დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

ლ. ნ-იმ ასევე განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 ივნისის №557 ბრძანების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით ლ. ნ-ის შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 ივნისის №557 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე. ბ-ი, ნ. ი-ე და ვ. კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ...ის განყოფილების სტაჟიორთა შერჩევის მიზნით შექმნილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონკურსო კომისიის 2019 წლის 7 ივნისის და 17 ივნისის ოქმები, ასევე „სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ...ის განყოფილების სტაჟიორთა დანიშვნის თაობაზე“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 20 ივნისის №557 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელე ლ. ნ-ისთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის გადაწვეტილება ლ. ნ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გასაჩივრდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, რის გამოც სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილზე. ამდენად, არ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი და დასაბუთება ახალი აქტის გამოცემის დავალების, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში და დამატებით აღნიშნავს, რომ კონკურსის არც ერთ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის პროცედურულ დარღვევას და არც რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას. გასაუბრების ეტაპზე კომისიის წევრების მიერ კონკურსანტები შეფასდნენ პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, რის შედეგადაც გამოიკვეთა უმაღლესი შეფასების მქონე კონკურსანტები. ამრიგად, კასატორი ითხოვს სადავო აქტების ძალაში დატოვებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონკურსო კომისიის მიერ ლ. ნ-ის სტაჟიორის პოზიციაზე დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება, მოსარჩელესთან შედარებით სხვა კონკურსანტთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 31 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში კონკურსის ჩატარებისა და სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კერძოდ, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-2 მუხლებით განმტკიცებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა (შემდგომ – სამინისტრო) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომ – საჯარო სამართლის იურიდიული პირები), მათ შორის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატში სტაჟირების გავლის პირობები. დასახელებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში სტაჟიორი მიიღება ხდება კონკურსის წესით, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორთა კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: განაცხადების გადარჩევა, წერითი დავალება, ტესტირება, გასაუბრება. ამასთან, მითითებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს სამინისტრო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 18 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მეშვეობით, ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით გამოაცხადა კონკურსი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ...ის განყოფილების სტაჟიორის 3 პოზიციაზე და განსაზღვრა, რომ კონკურსი განხორციელდებოდა განცხადებების გადარჩევის, წერითი დავალების და გასაუბრების ფორმით. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, განცხადება, მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა მოსარჩელე ლ. ნ-იმ. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ლ. ნ-იმ წარმატებით გაიარა კონკურსის პირველი ეტაპი - განცხადებების გადარჩევა და მეორე ეტაპზე - წერით გამოცდაზე, ზოგად უნარებში მიიღო 51, ხოლო ქართულ ენაში - 60 ქულა. ამასთან, მესამე პირთაგან ერთ-ერთმა ზოგად უნარებში მიიღო 68 ქულა და დანარჩენებმა მიიღეს 35 და 22 ქულები. ქართულ ენაში, მესამე პირთაგან ერთ-ერთმა მიიღო 65 ქულა, ხოლო დანარჩენებმა მიიღეს 35 და 31 ქულები. შესაბამისად, მოსარჩელე ლ. ნ-ის მიერ მიღებული ქულები, ერთ-ერთი მესამე პირის მიერ მიღებული ქულების შემდგომ, მნიშვნელოვნად აღემატებოდა დანარჩენი მესამე პირების მიერ მიღებულ ქულათა რაოდენობებს. საბოლოოდ, კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე მესამე პირი - ნ. ი-ე შეფასდა 2.8 ქულით, ვ. კ-ე - 2.8 ქულით, ე. ბ-ი - 2.8 ქულით, ხოლო მოსარჩელე ლ. ნ-ი - 2.3 ქულით.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მითითებული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ამოწმებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას. განსახილველ შემთხვევაში სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არ არის ასახული გარემოებები, რომლითაც მოპასუხემ - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონკურსო კომისიამ იხელმძღვანელა მოსარჩელე ლ. ნ-ისთვის სტაჟიორის პოზიციაზე დანიშვნაზე უარის თქმის დროს, კერძოდ არ არის მითითებული და დასაბუთებული, თუ რა შინაარსის იყო გასაუბრება, რა კრიტერიუმების (კვალიფიკაცია და ა.შ.) გათვალისწინებით მიანიჭა სხვა პირებს უპირატესობა და რატომ უთხრა მას უარი სტაჟიორის პოზიციაზე დანიშვნაზე იმ პირობებში, როდესაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეს ერთ-ერთი მესამე პირის მიერ მიღებულ ქულათა რაოდენობის შემდგომ საუკეთესო შედეგები ჰქონდა უნარ-ჩვევებისა და ქართული ენის ტესტირებაში.

საკასაციო პალატა საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ქმედებები სტაჟიორთა კონკურსის წესით შერჩევისას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელესთან შედარებით სხვა კონკურსანტებისთვის უპირატესობის მინიჭების საკითხში, იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ წარმატებით გაიარა კონკურის პირველი ორი ეტაპი - განცხადებების გადარჩევა და წერითი გამოცდა, ხოლო ბოლო ეტაპზე - გასაუბრებაზე, შეფასდა ნაკლები ქულით, ვიდრე სხვა კონკურსანტები, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმის გარემოებების მიხედვით, დაუსაბუთებელია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულად გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს. ამრიგად, საკითხზე თავიდან მსჯელობისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოახდინოს იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, რაც სადავო აქტების გამოცემის დროს არ განუხორციელებია. ყოველივე ზემოაღნიშნული კი სადავო აქტების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, კასატორის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსაზრება - ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლის არარსებობასთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო.

ამასთან, საკასაციო პალატა სააპელაციო პალატის მსგავსად მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასებას არ ექვემდებარება სასარჩელო მოთხოვნები ახალი აქტის გამოცემის დავალების, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე