Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-794(კ-21) 30 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ. ხ-ე, ჯ. ხ-ე

თავდაპირველი მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. და ჯ. ხ-ეებმა 2017 წლის 18 ივლისს სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მათი დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე ამავე სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №171 და №172 დადგენილებებისა და მათზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 5 ივნისის №02/141 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 20 იანვრის მითითების საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში ხის საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა და ლითონის კონსტრუქციის/სათავსოს უნებართვოდ მოწყობასთან დაკავშირებით, ჯ. და გ. ხ-ეების მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მოსარჩელეების მიერ მითითების პირობების შეუსრულებლობის გამო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №171 და №172 დადგენილებებით, ჯ. და გ. ხ-ეები ცნობილ იქნენ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირებად, დაეკისრათ ჯარიმა 3000-3000 ლარის ოდენობით და დაევალათ ობიექტების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

მოსარჩელე - გ. ხ-ემ აღნიშნა, რომ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არანაირი ხის სახლები არ აქვს აშენებული. საცხოვრებელ ადგილას ჩადგმულია რკინის ავტოფარეხი, რომელიც არავითარ მშენებლობასა და დემონტაჟს არ ექვემდებარება. ამასთან, გარდა იმისა, რომ გ. ხ-ე დაჯარიმდა 3000 ლარით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ასევე დაჯარიმებულ იქნა მისი ძმა - ჯ. ხ-ეც. აღსანიშნავია, რომ სადავო ავტოფარეხი მდებარეობს გ. ხ-ეის ეზოში, მის ძმას კი აქვს სხვა ეზო და არანაირი კავშირი არ აქვს მშენებლობასთან. მოსარჩელე გ. ხ-ემ დამატებით მიუთითა, რომ მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და მშენებლობის დემონტაჟი და დაკისრებული ჯარიმა მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს მიაყენებს მას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივნისის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე მხარე და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ნაცვლად მიეთითა ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით გ. და ჯ. ხ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო გ. ხ-ეისა და ჯ. ხ-ეის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №171 და №172 დადგენილებები; ბათილად იქნა ცნობილი ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 5 ივნისის №02/141 ბრძანება; მოპასუხეს - ააიპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. №...-ში, ...ის დასახლებაში განხორციელებულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ააიპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია თავის საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. კასატორი, ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლზე მითითებით, განმარტავს, რომ დასახელებული მუხლი განსაზღვრავს იმ სამშენებლო სახეებს, რომლებსაც სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა ესაჭიროება ახალ მშენებლობას, მათ შორის, მონტაჟსაც. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, გ. და ჯ. ხ-ეების მიერ რკინის ჯიხურის უნებართვოდ განხორციელებული მონტაჟი, რომელიც ბეტონის საძირკვლით მყარად არის დაკავშირებული მიწასთან, არის უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობა. შესაბამისად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის წარმოება ისჯება 3000 ლარით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა აღნიშნული მუხლებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში არსებული დოკუმენტები, კერძოდ, ამავე სააგენტოს უძრავი ქონების რეესტრში 22.01.02.205 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, 2010 წლის მდგომარეობით, შენობის არსებობა-არარსებობის დამადასტურებელი ფოტომასალა, რომელზეც მკაფიოდ ჩანს, რომ 2010 წლისთვისაც სადავო მიწის ნაკვეთზე, სადაც გ. და ჯ. ხ-ეებმა უნებართვოდ აწარმოეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, არანაირი შენობა-ნაგებობა არ არის განთავსებული. მოსარჩელეების მხრიდან კი ვერ მოხერხდა რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ მისამართზე გ. ხ-ე 2008 წლიდან აბონენტადაა რეგისტრირებული და მისი შვილი, რომელიც 2008 წელს დაიბადა, რეგისტრირებულია აღნიშნულ მისამართზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები კანონიერია, რადგან ისინი მიღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეების მიერ ხის საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა და ლითონის კონსტრუქციის/სათავსოს მოწყობის უნებართვო მშენებლობად განხილვისა და მათთვის სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის სანქციის დაკისრების კანონიერება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ხ-ე და ჯ. ხ-ე არიან ძმები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 2 აპრილის №7014 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ჯ. ხ-ეის საკუთრებად აღირიცხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2712 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო №7015 საკუთრების უფლების მოწმობით, გ. ხ-ეის საკუთრებად აღირიცხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2868 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008-2009 წლების გადაწყვეტილებებით (ოქმი№73 და ოქმი №143) გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე გ. ხ-ეისა და ჯ. ხ-ეის საკუთრების უფლება. აღნიშნული ნაკვეთები დღეის მდგომარეობით აღრიცხულია აჭარის ა/რ-ის საკუთრებად.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ გ. და ჯ. ხ-ეებმა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით, სარჩელით მიმართეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. 2016 წლის პირველი სექტემბრის წერილით საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წარუდგინა მეგობრული მორიგების წინადადება განსახილველ საქმეზე, თუმცა გ. ხ-ეისა და ჯ. ხ-ეის სარჩელთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა (იხ. ს.ფ. 181-182).

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2017 წლის 20 იანვრის №13 და №14 მითითებების საფუძველზე, გ. და ჯ. ხ-ეების მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. №13 მითითების მიხედვით, გამოვლინდა, რომ გ. ხ-ემ ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში (...ის ქუჩა) განახორციელა ხის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სათანადო ნებართვის გარეშე, ხოლო №14 მითითების მიხედვით, ჯ. ხ-ემ იმივე მისამართზე განახორციელა ლითონის კონსტრუქციის/სათავსოს მოწყობა ასევე სათანადო ნებართვის გარეშე. სამშენებლო სამართალდარღვევის ნებაყოფლობით გამოსასწორებლად მხარეებს დაევალათ დაუყონებლივ მოეხდინათ უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობების დემონტაჟი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 13 თებერვალს კი, გ. და ჯ. ხ-ეების მიმართ შედგა შემოწმების აქტები, რომლებითაც დადგინდა №13 და №14 მითითებების პირობების შეუსრულებლობა, კერძოდ გ. ხ-ემ არ მოახდინა უნებართვოდ აშენებული ხის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, ხოლო ჯ. ხ-ემ - უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის დემონტაჟი. საბოლოოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №171 და №172 დადგენილებებით, ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო გ. ხ-ე და ჯ. ხ-ე დაჯარიმდნენ 3000-3000 ლარით. ამავე დადგენილებებით განხორციელდა გ. და ჯ.ს ხუნდაძეების მიერ ზემოაღნიშნულ მისამართზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება მითითებებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე და ობიექტების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი) მიეკუთვნება მშენებლობის სახეობებს და განიხილება ისეთ მშენებლობად, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. იმავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალ მშენებლობაზე (მათ შორის, მონტაჟზე) გაიცემა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა კი მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ, დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. შესაბამისად, ახალი მშენებლობის (მათ შორის მონტაჟის) დაწყებამდე, პირი ვალდებულია, მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და მშენებლობა დაიწყოს მხოლოდ ნებართვის მოპოვების შემდეგ. ამასთან, ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, თუმცა მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით.

დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის არ გამოიკვლია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, არ არის დადგენილი საცხოვრებელი სახლის და ლითონის კონსტრუქციის სათავსოს მშენებლობის (განთავსების) დრო, არ არის დადგენილი განხორციელებული მშენებლობის სახეობა და კლასი. ამასთან, მოსარჩელე გ. ხ-ეის მიერ სადავოდაა გამხდარი სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების სუბიექტი, კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით, ლითონის კონსტრუქციის სათავსო (ავტოფარეხი) წარმოადგენს გ. ხ-ეის საკუთრებას და მის მიერ იქნა კონსტრუქცია ამ ადგილას განთავსებული. მისივე მტკიცებით, ხის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ჯერ კიდევ 2007 წლამდე განხორციელდა, შემდეგ კი მას ამოუშენეს ქვის კედელი. სახლში ორივე ძმა ცხოვრობდა ერთად და გ. ხ-ეს შვილიც იქ შეეძინა. ოჯახის წევრები ამავე მისამართზე 2007 წლიდან არიან რეგისტრირებული. 2017 წლის 23 თებერვალს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას ზედამხედველობის სამსახურში გამართული ზეპირი მოსმენის სხდომაზე გ. ხ-ემ განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი ამ ადგილას აშენებულია და არსებობს 2007 წლიდან. 2008 წლიდან მოყოლებული იხდის როგორც შენობის და მიწის ნაკვეთის გადასახადს, ასევე იგი რეგისტრირებულია დენის და წყლის მოხმარების აბონენტად. რაც შეეხება ლითონის სათავსოს, მოსარჩელის განმარტებით, სათავსო მისი მოწყობილიადა წარმოადგენს გ. ხ-ეის საკუთრებას.

საქმეში წარმოდგენილია ასევე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 22 დეკემბრის №01-10/5114 წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ სამინისტრომ საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ ...ის დასახლებაში მდებარე 37 714 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, (რომელშიც შედის მოსარჩელეთა მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთებიც) ადგილი აქვს საცხოვრებელი სახლების უკანონო მშენებლობას, მათ შორის, ზოგიერთი სახლის მშენებლობა არის დასრულებული. აღნიშნული წერილით დასტურდება, რომ ...ის დასახლების იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსარჩელეთა უკანონო მშენებლობაც იქნა გამოვლენილი, 2016 წლისთვის უკვე არსებობდა დასრულებული საცხოვრებელი სახლები. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსაკვლევია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის განმარტება გამოვლენილი მშენებლობის განხორციელების პერიოდის შესახებ, რამდენადაც არ არის გამორიცხული მშენებლობა განხორციელებული იყოს სწორედ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ პერიოდში, ანუ 2007 წელს. იმ შემთხვევისათვის, თუ გამოვლენილი ფაქტი 2007 წლის შემდგომ პერიოდში განხორციელებულ მშენებლობად ჩაითვლება, ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება - მიეკუთვნება თუ არა ის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ისეთ სამშენებლო სამართალდარღვევას, რომლისთვისაც პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამასთან, მოსარჩელე გ. ხ-ეის მტკიცებით, ლითონის კონსტრუქციის დამხმარე სათავსო არ მიეკუთვნება ჯ. ხ-ეს, რომელიც რამდენიმე წელია საცხოვრებლად უკვე სხვაგან გადავიდა, რომ ლითონის კონსტრუქციის დამხმარე სათავსო მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არის განთავსებული და მის საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა ზედამხედველობის სამსახურმა ის ჯ. ხ-ეს მიაკუთვნა. ამასთან, საქმეში არსებული 2013 წლის 31 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2504.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 231.16 კვ.მ. შენობა-ნაგებობით (ს/კ ...) თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ჯ. ხ-ეის, ბ. ხ-ეის, ფ. ხ-ეისა და ც. ხ-ეის საკუთრებაში. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლზე, რომლის მიხედვით, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამდენად, ,გ. და ჯ. ხ-ეების სამართალდამრღვევებად მიჩნევისა და მათთვის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №171 და №172 დადგენილებებით სახდელის დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც უნდა შეერაცხოს ამ პირებს და ამასთან, კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ერთ-ერთი მოსარჩელისთვის - გ. ხ-ეისთვის დაკისრებულ ჯარიმასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისა და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა კვლევის შედეგად, გ. ხ-ეის სამართალდამრღვევად მიჩნევის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, მასზე უნდა გავრცელდეს თუ არა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სავარაუდო სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, ხოლო გ. ხ-ეის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება გასაჩივრებულია და ჯერ არ არის აღსრულებული. საქმის მასალებში წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, დადგენილია, რომ გ. ხ-ეის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 67 830 ქულით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია. საკასაციო პალატა ამასთანავე, აღნიშნავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი ეხება მხოლოდ ჯარიმისა და საურავისაგან გათავისუფლებას. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. ხ-ეის სამართალდამრღვევად მიჩნევის შემთხვევაში, უნდა იმსჯელოს მის მიმართ კანონით დადგენილი შეღავათის გავრცელების საჭიროებაზე.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოებს მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი, საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონის გამოყენებას, რაც სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე საკითხის არსებითად გადაწყვეტას გამორიცხავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე