Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-909(კ-21) 30 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ხ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ხ-მა 2020 წლის 17 აგვისტოს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოსარჩელისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ...ის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 15 ივლისის №... ბრძანების ბათილად ცნობა და იმავე კომისიის ...ის პოზიციაზე აღდგენა მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 15 ივლისის №... ბრძანება, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ...ის უფლებამოსილება შეუწყდა თ. ხ-ს; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ...ის პოზიციაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო ბრძანება კანონიერია, რადგან იგი გამოცემულია საქმის ყოველმხრივ შესწავლის შედეგად. კასატორის მითითებით, თ. ხ-ს მასზე დაკისრებული სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების გამო შეუწყდა უფლებამოსილება და გათავისუფლდა აღიარების კომისიის ...ის თანამდებობიდან. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შესული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის №01-10/1957 კორესპონდენცია, რომელიც შეეხებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ „ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №376 დადგენილებით განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების დავას/შესრულებას, აღნიშნულ კორესპონდენციას თან ერთვოდა იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოსაზრებით საჭიროებდა შესწავლას.

კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს არ შეუსრულებია ზემოთ დასახელებული დადგენილების მე-13 და მე-20 მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საფუძვლიანად და დასაბუთებულად შეფასდა არადამაკმაყოფილებლად და კომისიის ...ე თ. ხ-ი კანონის სრული დაცვით გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული და მატერიალური ნორმების დარღვევით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხის წარმოადგენს, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანის შესრულების საფუძვლით, თ. ხ-ისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ...ის უფლებამოსილების შეწყვეტის კანონიერება. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას მიუთითებს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივი სტატუსი, კომპეტენცია და სამართლებრივი საფუძვლები, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობები. დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ „წესით“ დადგენილი წესით. ამავე დადგენილების მე-13 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით კი განსაზღვრულია კომისიის საქმიანობა სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია. კომისია ვალდებულია, 2 სამუშაო დღით ადრე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო დაფაზე გამოაქვეყნოს, ხოლო დაინტერესებულ პირს, 7 დღით ადრე წერილობით აცნობოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირობის შესრულება კომისიის ვალდებულებაა. მის საქმიანობას ხელმძღვანელობს ...ე, შესაბამისად, ამ მოვალეობის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ხელმძღვანელ პირს ეკისრება.

დადგენილების მეხუთე მუხლის მეორე ნაწილით კომისია დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ მასზე დელეგირებული უფლებამოსილების კანონიერად და ჯეროვნად შესრულების მიზნით, მის საქმიანობაზე დარგობრივი ზედამხედველობა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით, ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. არავის აქვს უფლება, მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს კომისიის საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დასახელებული ნორმით განისაზღვრა კომისიის ვალდებულება მუნიციპალიტეტის წინაშე. დადგენილების მე-20 მუხლის პირველმა ნაწილმა კომისია დაავალდებულა წელიწადში ორჯერ, არა უგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, მოამზადოს საქმიანობის ანგარიში და გადაუგზავნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებელს/მერს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 ივლისის №... ბრძანებით თ. ხ-ს, მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების მოტივით, შეუწყდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ...ის უფლებამოსილება. მოვალეობის შეუსრულებლობაში მოსარჩელეს შეერაცხა შემდეგი დარღვევები: 1. კომისიამ მერიას არ წარუდგინა ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ; 2. კომისიის წევრებს დროულად არ ეცნობათ სხდომის ჩატარების დრო, ადგილი და დღის წესრიგი; 3. ვადის დარღვევით ხდებოდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს წარმომადგენლის სხდომაზე მოწვევა, ხოლო რიგ შემთხვევაში მისი მოწვევა საერთოდ არ ხდებოდა; 4. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს არ გადაუგზავნა გამოთხოვილი ინფორმაცია და გაწეული საქმიანობის ანგარიში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სხდომის ოქმებზე, რომლებითაც დგინდება, რომ კომისიის წევრებისთვის ცნობილი იყო სხდომის ჩატარების დრო, ადგილი და დღის წესრიგი. ოქმების ერთობლივი ანალიზით დგინდება, რომ კომისია სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს წარმომადგენლს რეგულარულად იწვევდა, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში მას დარღვეული აქვს მოწვევის ვადა. კერძოდ, რამდენიმეჯერ 2-დღიანი ვადა დაცული არ არის.

რაც შეეხება გაწეული ანგარიშის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენის საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, საქმის შესწავლის შედეგად, მართებულად დაადგინეს, რომ 2020 წლის 9 ივლისს კომისიის ...ემ - თ. ხ-მა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს გადაუგზავნა გაწეული საქმიანობის შესახებ 6 თვის ანგარიში. შესაბამისად, მას დადგენილების მე-20 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება შესრულებული აქვს. რაც შეეხება №01-01-10/1957 წერილთან დაკავშირებულ ინფორმაციას, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ეს ინფორმაცია მოითხოვდა დამუშავებას. სწორედ ამისათვის კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს კი აცნობა, რომ კორესპონდენციაში მითითებულ საკითხებზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება და უახლოეს სხდომებზე მოხდებოდა საკითხების სრულყოფილი შესწავლა და სათანადო რეაგირება. ამდენად, 2020 წლის 24 ივნისის წერილთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისიამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს უპასუხა 2020 წლის 7 ივლისს და თან გადაუგზავნა გაწეული საქმიანობის შესახებ 6 თვის ანგარიში, მოპასუხემ 2020 წლის 15 ივლისს ჩათვალა, რომ თ. ხ-ი მოვალეობას ჯეროვნად არ ასრულებდა. ამ ნაწილში მოსარჩელის არგუმენტები საფუძვლიანია. მან ასეთი ანგარიში ნამდვილად წარადგინა.

ამრიგად, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ პირველ და მეორე პუნქტში მითითებული ვალდებულება კომისიას ჯეროვნად აქვს შესრულებული. მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მას არ დასცალდა იმის გამო, რომ უფლებამოსილება შეუწყდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით. ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არ აქვს მხოლოდ მესამე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხში, კერძოდ, საქმის განხილვით დგინდება, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს წარმომადგენლის სხდომაზე მოწვევის ვადა რამდენიმეჯერ დარღვეულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას იმის შესახებ, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოების ანალიზისა და შეფასების შედეგად, მოპასუხეს ადმინისტრაციული აქტი გამოცემული აქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. მოსარჩელეს მოპასუხემ მოვალეობის არაჯეროვან შესრულებად ჩაუთვალა ისეთი ღონისძიებები, რომელიც მას შესრულებული აქვს სათანადოდ. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შემადგენლობას. მისი მომზადების, მიღებისა და გამოცემისას დაშვებულია ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევები. ეს დარღვევები კი ატარებს არსებითი დარღვევის ხასიათს, რადგანაც ასეთი დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, მოპასუხე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსარჩელეს „არაჯეროვან შესრულებად“ შერაცხული ვალდებულებები ჯეროვნად აქვს შესრულებული. რამდენიმე ეპიზოდში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის სხდომაზე დროული მოუწვევლობა კი არ ქმნის იმ შემადგენლობას, რომ მოსარჩელის ქმედება მთლიან მოვალეობათა შეუსრულებლობად დაკვალიფიცირდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება გულისხმობს გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, რასაც მხარე, დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო აქტის გაუქმების წინაპირობებს ქმნიდა. ამასთან, სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნა თ. ხ-ის სამსახურში - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ...ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, საფუძვლიანია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე