Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1005(კ-22) 28 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ქ. გ-ე, ს. დ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქ. გ-ემ და ს. დ-ამ 2021 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1480/ო ბრძანების, 2021 წლის 27 ოქტომბრის №03-3654/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქ. გ-ეისა და ს. დ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, ქ. გ-ეისა და ს. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2021 წლის 22 აპრილის №03-1480/ო ბრძანება და 2021 წლის 27 ოქტომბრის №03-3654/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. გ-ეისა და ს. დ-ას ოჯახის ბინით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი განაცხადის დამუშავების შედეგად ოჯახმა მოიპოვა წინასწარი შეფასებით 8.00 ქულა: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.5 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქ. გ-ე (მნიშვნელოვნად გამოხატული) - 2.00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი (30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით) - 2.50 ქულა; საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2.00 ქულა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მიერ განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. N...) ვიზიტისას, შეივსო მონიტორინგის ფორმა. მისამართზე იმყოფებოდა მხოლოდ ქ. გ-ე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 1996 წლიდან დღემდე. ქირის სახით იხდიდა 100 ლარს (8 კვ.მ). განაცხადში შეყვანილი შვილი - ს. დ-ა მისი განცხადებით ქალაქში იმყოფებოდა. მხარის განმარტებით უძრავი ქონება (საკ. კოდი ...), სადაც ის ცხოვრობდა, ეკუთვნოდა ვინმე - ნ. გ-ეს, რომელიც იყო მისი შორეული ნათესავი და ცხოვრობდა ...ში. ქ. გ-ეის განმარტებით, 2007 წლიდან მეუღლეს გაშორებულია და არ აქვს არანაირი ინფორმაცია მის შესახებ. ...-2007 წლებში განმცხადებელი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა გვერდით მდებარე ორ ოთახში, რომელშიც ამჟამად მიმდინარეობს რემონტი. მოკვლევის მიზნით 2021 წლის 15 თებერვალს, 22:04 საათზე განხორციელდა დამატებითი მონიტორინგი ქ. თბილისი, ...ის ქ. N...-ში, რა დროსაც სახლში არავინ დახვდათ. მონიტორინგის თანამშრომელბი გაესაუბრნენ მეზობლებს, რომელთა განმარტებით, ქ. გასული იყო. დაურეკეს მას და დაალაპარაკეს სააგენტოს თანამშრომლებს. ქ. გ-ემ განმარტა, რომ წასულია დაბადების დღეზე ახლობელთან - რ. დ-ასთან ...ში (მის: ... ..., მე-... მკრ. კორპ. ..., ბ....), მოუსწრო კომენდანტის საათმა და ვეღარ მოახერხა სახლში დაბრუნება, ამიტომ დარჩა ახლობელთან. მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მონიტორინგის სამსახური 2021 წლის 15 მარტს გამოცხადდა მხარის მიერ სატელეფონო საუბრისას მიწოდებულ მისამართზე (... ..., მე-... მკრ. კორპ. ..., ბ....), რათა დაედგინათ რა კავშირი ჰქონდა ქ. გ-ეს აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ოჯახთან. ადგილზე დახვდათ ბინის მეპატრონე ლ. ქ-ი და მისი შვილი ჯ. ყ-ი, რომლებიც არ იცნობდნენ ქ. გ-ეს და მის შვილს ს. დ-ას. მხარის დამატებითი მოკვლევის მიზნით 2021 წლის 29 მარტს სააგენტოს თანამშრომლები გამოცხადდნენ შემდეგ მისამართზე: ... ..., მე-... მკრ. კორპ. ..., ბ...., ყოფ. N... რუსული სკოლა. ადგილზე დახვდათ ნ. გ-ე შვილთან - რ. დ-ასთან ერთად, რომელმაც განმარტა, რომ ქ. გ-ეის ყოფილი მეუღლე ზ. დ-ა იყო ნ. გ-ეის მაზლი. ამჟამად სად ცხოვრობდა არ იცის, ქ. მისი განცხადებით შვილთან ერთად ცხოვრობდა ...ის N...-ში ქირით.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტომ სრულად განახორციელა 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ რეგულირებული საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და ამავე წესის მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, რომელსაც წარედგინა მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები, იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და 2021 წლის 22 აპრილის მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მოწოდების გამო. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, კერძოდ, გამოიკვლია საქმის გარემოებები, მხარეს მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები, შესაბამისად, სადავო აქტი მიღებული იქნა საკითხის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე, რა დროსაც ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი წესები.

კასატორი ასევე მიუთითებს 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ს. დ-ას მამა - ზ. დ-ა ითვლება სახელმწიფოსგან საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირად, მისი შვილი - ს. დ-აც, როგორც პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავალი, სასამართლოს უნდა მიეჩნია საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირად, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშული ნორმის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რომლითაც მოსარჩელის პოზიცია არ დასტურდებოდა.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოკვლევის მასალები და მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რაც გამოიწვევდა სადავო აქტის ბათილად ცნობას, შესაბამისად, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებულია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1480/ო ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ფაქტობრივ საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების მოტივით. ასევე გასაჩივრებულია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 ოქტომბრის №03-3654/ო ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1480/ო ბრძანება და აღნიშნული ბრძანებით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ქ. გ-ეის ყოფილი მეუღლე ზ. დ-ა უზრუნველყოფილი იყო გრძელვადიანი საცხოვრებლით და შესაბამისად, მისი შვილი - ს. დ-ა, როგორც დამავალი შტოს წარმომადგენელი, ბაზაში მონიშნული იყო კომპენსირებულად მამასთან ერთად. ამრიგად, მნიშვნელოვანია შემოწდეს აღნიშნული აქტების შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით განაცხადის წარდგენის პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს ამჟმად მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთ მოხმობილი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი.

რაც შეეხება ოჯახის ცნებას, პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია ერთი მხრივ დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან; კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი პირველ შემთხვევაში გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოსარჩელეთა ფაქტობრივი საცხოვრებლის თაობაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში მოსაზრება - ს. დ-ას კომპენსირებულ პირად მიჩნევის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და 1999 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობენ ქ.თბილისში, ...ის ქ. N...-ში, მათი შორეული ნათესავის, ი. დ-ას სახელზე რეგისტრირებულ ბინაში ქირით. საქმეში არსებული 2015 წლის 25 თებერვალს ზ. დ-ას მიერ მომზადებული განცხადებით, (რომელიც დაკმაყოფილებულია საცხოვრებლით სახელმწიფოსგან საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბერის N14/09/01 განკარგულების საფუძველზე) ირკვევა, რომ ის თანახმაა მისი შვილი ს. დ-ა დაბადებული (... წლის ...ს) დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართით დედასთან - ქ. გ-ესთან (დაბადებული ... წლის ...ს) ერთად. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეები არ არიან დევნილთა ელექტრონულ ბაზაში კომპენსირებულ პირებად მონიშნული, შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში მოსარჩელეები არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნითა და ფოტომასალით (ს.ფ. 100-107) დადასტურებულია, რომ მოსარჩელეები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - ქ. გ-ე ცხოვრობს საცხოვრებლად უვარგის პირობებში (7.5 კვ.მეტრის ფართში), ხოლო მოპასუხის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ზ. დ-ას კომპენსირებულ პირად მიჩნევის დროისათვის ს. დ-ა შედიოდა მამის ოჯახის შემადგენლობაში.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შედგენილი დოკუმენტაციით დადასტურებულია, რომ მიუხედავად ნათესაური კავშირისა, ზ. დ-ა და ს. დ-ა არ არიან ოჯახის წევრები, ისინი არ ცხოვრობდნენ ერთად და არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (რა გარემოებაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო პირობაა დევნილი ოჯახის წევრად მიჩნევისათვის), ამასთან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის საცხოვრებრლთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად არასრულყოფილად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელის დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება, რითაც მოსარჩელეებს, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეეზღუდათ სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ კანონით გარანტირებული უფლება.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქ. გ-ეისა და ს. დ-ასთვის ზემოაღნიშნული საფუძვლებით გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, დასტურდება, რომ სადავო აქტები გამოცემულია დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო პალატამ. კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა