საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1018(გ-22) 30 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა შპს „ზ...ის“ საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის წარმოშობილი დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „ზ...ის“ წარმომადგენელმა 2022 წლის 19 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ, რომლითაც მოპასუხის მხრიდან პატიმართა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა მოითხოვა. ამავე სარჩელით მოსარჩელემ იშუამდგომლა მტკიცებულებების წარდგენისათვის დამატებითი დროის განსაზღვრის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სამართალწარმოების მარეგულირებელ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარზე, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. ამასთან, აღნიშნა, რომ ამავე კოდექსის 3631 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის №ბს-411-406(გ-16) განჩინებაზე, რომლის თანახმად, სარჩელი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. მითითებული განჩინებით განიმარტა, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. მოთხოვნა დაფუძნებული იყო სამოქალაქო სამართლის ნორმებზე. სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი კერძო-სამართლებრივი იყო.
დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით, შპს „ზ...ის“ სარჩელი მოპასუხის - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ, მისთვის პატიმართა დისკრიმინაციის აღკვეთის დავალების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლოს აღნიშვნით, დავის არსის მოკლე მიმოხილვის გრაფაში მითითებულია, რომ მოპასუხის გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებზე უხეშად არღვევს პატიმართა უფლებებს, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს იხილავენ უკანონოდ. მითითებული გარემოების შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ პატიმართა მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებებს. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ქმედება ექცეოდა მოსამართლის მიერ თავისი სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში და წარმოადგენდა მის მიერ საჯარო-სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას ადმინისტრაციული(საჯარო)-სამართლებრივი კანონმდებლობის, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. სასამართლომ შესაძლო დისკრიმინაციის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ დისკრიმინაციის ფაქტს შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც სამოქალაქო-სამართლებრივ, ისე საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ზ...ის“ კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს, ვინაიდან იგი შეეხება მოპასუხის მიერ საჯარო-სამართლებრივი ფუნქციის შესრულებისას განხორციელებულ შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტს და გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებას და მიჩნევს, რომ მოცემული საქმე, განსჯადობის საკითხის გადაუწყვეტლად, უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავის წარმოშობის შესაძლებლობას. დასახელებული კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის გადაგზავნის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ქვედა ინსტანციის ორ სასამართლოს შორის განსჯადობის თაობაზე დავის წარმოშობა. თავის მხრივ, შესაბამისი დავის წარმოშობას წინ უნდა უსწრებდეს ერთ-ერთი სასამართლოს მიერ დასაბუთებული განჩინებისა და საქმის მასალების გადაგზავნა იმ სასამართლოსათვის, რომელსაც იგი რეალურად სარჩელის განსჯადად მიიჩნევს. ამასთან, საქმის მიმღები სასამართლო, დასაბუთებული განჩინებით არ უნდა დაეთანხმოს გადამგზავნი სასამართლოს დასკვნას განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადაუგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ამდენად, მხოლოდ სათანადო ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის პირობებშია შესაძლებელი საკასაციო სასამართლოს მხრიდან განსჯადობის სისწორის შემოწმება. ცალკეულ საქმეთა განსჯადობის საკითხის შეფასების დაწყების საფუძველია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შორის წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ მოცემული დავა სამოქალაქო წესით უნდა ყოფილიყო განხილული. აღნიშნულს არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია და ჩათვალა, რომ საქმე განჯადობის საკითხის გასარკვევად უნდა გადმოგზავნილიყო საკასაციო სასამართლოში. ამდენად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმე გადმოგზავნილია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე - შპს „ზ...ა“ მოპასუხე საქართველოს უზენაესი სასამართლოსაგან ითხოვს დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრას იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებზე უხეშად არღვევს პატიმართა უფლებებს, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს იხილავენ უკანონოდ. სასარჩელო განცხადების მიხედვით კი, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დამატებით იქნებოდა წარდგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება, რომელიც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნიდან. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ, დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებული საკითხების ზოგადად სამოქალაქო, კერძო-სამართლებრივი სფეროსადმი კუთვნილება, არ ქმნის განსჯადობით საქმის უპირობოდ სამოქალაქო კოლეგიისადმი, თუმცა არც საჯარო-სამართლებრივი მოწესრიგების სფეროსადმი დაქვემდებარების საფუძველს, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დასაზუსტებელია. სარჩელში მოთხოვნის სახით მითითებულია მხოლოდ დისკრიმინაციის აღმოფხვრა, თუმცა იგი არ შეიცავს კონკრეტულ ფაქტობრივ და მათ მომწესრიგებელ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლის მოსარჩელისადმი პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობის საკითხი. დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოსარჩელეს უნდა დააზუსტებინოს სასარჩელო მოთხოვნა, გამოიკვლიოს მოსარჩელის სათანადოობა და შემდეგ განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კოლეგიების უფლებამოსილების საკითხი საქმის დარგობრივი განსჯადობის თაობაზე. განსჯადობის შესახებ დავის არარსებობის დადგენის შემთხვევაში კი, იმსჯელოს სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხზე. არსებულ ვითარებაში კი, როდესაც დასაზუსტებელია სასარჩელო მოთხოვნა, დასადგენია მოსარჩელის კანონიერი ინტერესი ან პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობა, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს დავის ბუნება და გადაწყვიტოს განსჯადობის საკითხი.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ შესაძლო დისკრიმინაციის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დისკრიმინაციის ფაქტს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს როგორც სამოქალაქო-სამართლებრივ, ისე საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში. აღნიშნულს ადასტურებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია ამ კანონის მოთხოვნების გავრცელების შესაძლებლობა საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე, ზემოაღნიშნული მითითებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოთა შორის განსჯადობაზე შესაძლო დავის წარმოშობამდე, განსჯადობის საკითხის გადაუწყვეტლად, უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მეორე მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. საქმე №ბს-1018(გ-22), განსჯადობის საკითხის გადაუწყვეტლად, დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე