საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-667(კ-22) 28 სექტემბერი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 2 დეკემბერს ს. გ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03/17299 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, დევნილის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით ს. გ-ის განცხადების განხილვის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03/17299 გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილი წესით და ვადაში, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, დევნილის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით ს. გ-ის №43497 განცხადების განხილვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის მითითებით, სააგენტო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი - ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 23 სექტემბრის ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 2008 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში, არასწორად მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილი 2012 წლით დათარიღებული არაერთი წერილობითი კორესპონდენცია. ამდენად, მოპასუხისთვის ჯერ კიდევ 2012 წლიდან იყო ცნობილი ზემოაღნიშნული მისამართის შესახებ და შესაბამისად, ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის ცნობა არ უნდა იქნეს განხილული როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება.
კასატორის მითითებით, ს. გ-ის 2014 წელს მიენიჭა დევნილის სტატუსი, შესაბამისად, დევნილთა მონაცემთა ბაზაშიც 2014 წლიდან აღირიცხა. ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს ამ დრომდე არ ჰქონია დევნილის სტატუსი, გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს ცვლილება მონაცემთა ბაზაში ს. გ-ის ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრაციის შესახებ. სააგენტოს არ აქვს კანონიერ საფუძველი, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში, იმ დევნილთა განცხადებებთან ერთად განიხილოს იმ მოქალაქეთა განაცხადი, რომლებიც ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე არ არიან რეგისტრირებულნი.
კასატორის მითითებით, სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სადავო აქტი არის კანონიერი და სახეზე არ არის მისი ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03/17299 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ს. გ-ის მოთხოვნა 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ახალი მტკიცებულების საფუძველზე, არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა, ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მარეგულირებელი ნორმები. ხსენებული კოდექსის 102-ე მუხლით რეგლამენტირებულია ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. მითითებული მუხლის დანაწესი ადგენს, რომ განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დაუშვებელია უკვე განხილულ და გადაწყვეტილ საკითხზე ახალი განცხადების წარდგენა, თუმცა კოდექსი ითვალისწინებს გამონაკლისს, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც დაედო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც ვითარებას ცვლის განმცხადებლის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ 2020 წლის 7 ოქტომბერს, ს. გ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ახალი მტკიცებულების - ვაკის რაიონის გამგეობის მიერ 2020 წლის 23 სექტემბერს გაცემული ცნობის საფუძველზე მოითხოვა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა და შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა - მისთვის დევნილის სტატუსის 2012 წელს მინიჭების შესახებ, რადგან დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართული ჰქონდა 2012 წელს, ხოლო წარდგენილი ახალი მტკიცებულების საფუძველზე მხარე მიიჩნევდა, რომ მისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება იყო შესაძლებელი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03/17299 გადაწყვეტილებით ს. გ-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ს. გ-ის №43497 განცხადების შინაარსსა და ვაკის რაიონის გამგეობის 2020 წლის 23 სექტემბერს გაცემულ ცნობაზე და მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული აღნიშნულ განცხადებაში მითითებული გარემოებები, ასევე არ არის შეფასებული, ახალი მტკიცებულება, რომელიც, მხარის განმარტებით, მისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლეოდა სადავო საკითხთან დაკავშირებით, რამდენად ქმნიდა ს. გ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას სადავო აქტის ბათილად ცნობასა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის დევნილის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, ს. გ-ის №43497 განცხადების განხილვის დავალებასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე