Facebook Twitter

ბს-764 (კ-22) 29 სექტემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. გ-ამ 14.05.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. N03-1127/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელისა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2021წ. გადაწყვეტილებით ე. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. N03-1127/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. გ-ას და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალიწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. N03-1127/ო ბრძანებით ე. გ-ასა და მის ოჯახს უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, მეუღლის ალტერნატიული საკუთრების გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში დაცული 09.12.2020წ. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ქ. თბილისში, ...ი, კორპუსი №194, ბინა №4-ში ვიზიტისას მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა ე. გ-ა შვილებთან ერთად, ხოლო ბ. ა-ე შესაბამის სამსახურს ადგილზე არ დახვდა. 02.07.2021წ. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №17-ში განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, ამ მისამართზე ბ. ა-ის დედა, ნ. ხ-ე ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. ნ. ხ-ის განმარტებით, ე. გ-ა არ ყოფილა მისი შვილის მეუღლე. ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ (არის მხოლოდ ბ. შვილების დედა). ზემოაღნიშნული გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ბ. ა-ის დამ - თ. ა-ემ. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელე ე. გ-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილების მამის, ბ. ა-ის თანაცხოვრებისა და საერთო სამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი. შესაბამისად, საქმეში დაცული მასალების გათვალისწინებით მეუღლის საკუთრებაზე მითითება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა. სააპელაციო პალატის მითითებით, ის გარემოება, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, არ ასაბუთებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას, რადგან დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოს, აქტის გამომცემ სუბიექტს არ ათავისუფლებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის, მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებისაგან. სააპელაციო პალატამ მიუთითა ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლზე, ბავშვთა უფლებათა კოდექსის 5.3, 5.6 მუხლებზე, ასევე საქმეში დაცულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.08.2018წ. N005775018 დასკვნაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ და ნგრევად ობიექტში, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ მოწმის განმარტებაზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ე. გ-ა მეუღლესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. კასატორი მიუთითებს, რომ მოწმის პასუხები აგებული იყო ვარაუდებზე და მას საქმისათვის მნიშვნელოვან არცერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო. სასამართლოს მოსაზრებით ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გახილვის დროს არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა, რაც არასწორია, რადგან სააგენტო პრიორიტეტს ანიჭებს იმ ოჯახს, რომლის განსახლების გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა შეიძლება საკმარისი ქულები დააგროვოს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ადგენს ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობას. მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებებით სასწრაფო განსახლების აუცილებლობა არ იკვეთებოდა. მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით არ დადგინდა, რომ მოსარჩელის განსახლება იმ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ი, კორპ. N194, ბN4) განახორციელეს ვიზიტი. მონიტორინგის ფორმიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ბოლო 5 წლის მანძილზე. ქირის სახით იხდის თვეში 200 ლარს. ე. გ-ას განაცხადში მითითებული ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი - ნ. და გ. ა-ეები. სააგენტოს თანამშრომლების მიერ შედგენილი მონიტორინგის ოქმიდან ჩანს, რომ ბინა (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...), სადაც ე. გ-ა შვილებთან ერთად ქირით ფაქტობრივად ცხოვრობს არის ვინმე დ. ზ-ის საკუთრება, რომელიც ცხოვრობს ქ. მოსკოვში. მხარის განმარტებით, იგი ბ. ა-ესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2011 წლიდან 2015 წლამდე. ბ. ამჟამად სად ცხოვრობს არ იცის. ბ. ჰყავს მშობლები, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში ქირით. ე. გ-ამ განაცხადა, რომ მათთან ურთიერთობა არ აქვს. მხარის დამატებითი მოკვლევის მიზნით, 02.07.2021წ. მონიტორინგი განხორციელდა ბ. ა-ის მშობლების მისამართზე, ქ. თბილისი, ...ის ქ. №17. მისამართზე სააგენტოს თანამშრომლებს დახვდათ ბ. ა-ის დედა ნ. ხ-ე. მისი განცხადებით, ბ. ჩამოსულია ესტონეთიდან დაახლოებით 2 კვირაა. ზემოაღნიშნულ მისამართზე იყო 1 კვირის წინ, რაც შეეხება მის შვილებს ნ. და გ. ა-ეებს, ნ. ხ-ის განმარტებით, ბავშვები არ უნახავს 2021 წლის თებერვლის თვიდან. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, მეუღლის ალტერნატიული საკუთრების გამო. კასატორმა სზაკ-ის 601 და 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სააგენტოს აქტი კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებულია, შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელე ე. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელმაც საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სამინისტროს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად მიუთითა ორი არასრულწლოვანი შვილი, ასევე დევნილები, ნ. და გ. ა-ეები. მათ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ი, კორპ. N194, ბინა N4. ზემოაღნიშნული მისამართი ფიქსირდება ასევე მოსარჩელის ე. გ-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერში, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სოციალურ სამსახურს მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები შემოწმებული აქვს აღნიშნულ მისამართზე, მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა და დანიშნული აქვს შემწეობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. №19 სხდომის ოქმის თანახმად, 2-ოთახიანი ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ე. გ-ას ოჯახს, რომელიც შეფასებულია 7.5 ქულით. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა მეუღლის ალტერნატიული საკუთრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-1127/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) ე. გ-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქმეში დაცულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.07.2021წ. N... წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით ე. გ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფაზე ე. გ-ასათვის უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მეუღლეს ბ. ა-ეს გააჩნია საკუთრება. საქმის მასალებით არ დასტურდება ე. გ-ას ბ. ა-ესთან ურთიერთობის ფაქტი. თავად მოსარჩელე და სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ბ. ა-ის და თ. ა-ე უთითებენ, რომ ე. გ-ა და ბ. ა-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2011-2015 წლებში. ე. გ-ასა და ბ. ა-ის თანაცხოვრების ფაქტს უარყოფს მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოკითხული ბ. ა-ის დედა ნ. ხ-ე. ამდენად, არ დასტურდება მოსარჩელე ე. გ-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილების მამის, ბ. ა-ის თანაცხოვრებისა და საერთო სამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი, შესაბამისად, ბ. ა-ის მიერ რაიმე სახის უძრავი ქონების ფლობა არ ქმნის მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს და საცხოვრებლად უვარგისია, რაც დასტურდება საქმეში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.08.2018წ. N005775018 დასკვნით. ამასთანავე, საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ განცხადება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე წარადგინა ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, რომლებიც ასევე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს. საკასაციო პალატა მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა 21.04.1994წ. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. ამდენად, გასაჩივრებული აქტით ე. გ-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი