Facebook Twitter

№ბს-734(კ-22) 27 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2021 წლის 11 თებერვალს ვ. გ-ამ და მ. მ-მა (კანონიერი წარმომადგენელი - ვ. გ-ა) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-115/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

სარჩელის თანახმად, ვ. გ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ჰყავს არასრუწლოვანი შვილი - მ. მ-ი. ოჯახი სოციალურად დაუცველია, 1990-იანი წლებიდან ცხოვრობს და რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: ზუგდიდი, ...ის №3. აღნიშნული შენობა არის დევნილთა საერთო საცხოვრებელი და წარმოადგენს ნგრევად ობიექტს. ვ. გ-ა არის მძიმე ავადმყოფი, რის გამოც 2020 წელს შვილთან ერთად იმყოფებოდა თურქეთში სამედიცინო გამოკვლევებზე. საქართველოში ჩამოვიდა 2020 წლის 16 ნოემბერს, 7 დღე იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში, შესაბამისად, 23 ნოემბერს დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში. მეზობლებისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩატარდა შენობის აღწერა და როგორც ნგრევადი ობიექტი იქ მაცხოვრებლებს უნდა მიეღოთ საცხოვრებელი ფართი. ვინაიდან მეზობლებმა გადასცეს მონიტორინგის ჯგუფს ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მიიღებდა ბინას, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №77), ვ. გ-ას და არასრულწლოვან შვილს მ. მ-ს უარი ეთქვათ ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივად არ ცხოვრობენ ნგრევად ობიექტში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ვ. გ-ასა და მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-115/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები - ვ. გ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილი - მ. მ-ი (დაბ. ... წ.), არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (დევნილი ოჯახი), დევნილი ოჯახის დროებითი საცხოვრებელი ადგილი/რეგისტრაციის ადგილია საქართველო, ზუგდიდი, ...ის ქ. №3, („...“). მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, გალი, სოფელი ...ა. დევნილის რეგისტრაციის ნომერი: ...; საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადში მითითებულია თავად - ვ. გ-ა (დაბ. ... წ.) და მისი არასრულწლოვანი შვილი - მ. მ-ი (დევნილი) (დაბ. ... წ.). დევნილი ოჯახი 18.01.2021 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №3 და იღებს შემწეობას. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით, მოსარჩელის დევნილი ოჯახი შეფასებულია 5 ქულით. ამასთან, სადავო არაა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის №3-ში მდებარე ე. წ. „...ის“ შენობა წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტს. შესაბამისად, განისაზღვრა იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა კრიტერიუმების მინიჭების გარეშე. ამავდროულად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვათ ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ავარიული შენობა ჩამოინგრა 2021 წლის 30 იანვარს და ნანგრევებში მოჰყვა 10 წლის არასრულწლოვანი გოგონა (ადვოკატ პ. უ-ას განმარტებით მოსარჩელე მ. მ-ი), რომელიც მაშველებმა ამოიყვანეს.

სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, რომ მოსარჩელე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრებდა, ეფუძნება 27.06.2020 წლის აღწერის ფორმას, 2018 წლის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების და გასაუბრების ოქმებს (მოსარჩელე თურქეთში იყო წასული, მისი არასრულწლოვანი შვილი - მ. მ-ი ცხოვრობდა მამასთან, სამტრედიის რაიონის სოფელ ...ი და სკოლაში დადიოდა იმავე სოფელში). ამასთან, სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბავშვის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, განვითარებას, საზოგადოებრივ, ზნეობრივ და სხვა ინტერესებს პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი, შესაბამისად, უპირატესობა არ მიანიჭა მოსარჩელე არასრულწლოვანი დევნილის საუკეთესო ინტერესებს. აგრეთვე მოპასუხემ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დევნილი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის პერიოდულად (სწავლის პერიოდში) საცხოვრებელი ადგილის შეცვლა განპირობებული იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესებით - მიიღოს განათლება, იცხოვროს მშვიდ, უსაფრთხო გარემოში.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, მოსარჩელეებს - ვ. გ-ასა და მ. მ-ს გააჩნიათ უფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლა/შემოსვლის უფლება. ამასთან, გადაადგილებისა და საქართველოდან გასვლის უფლება მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული არ ჰქონიათ. შესაბამისად, მოსარჩელე ვ. გ-ას მიერ 2017-2020 წლებში სხვადასხვა პერიოდით, გარკვეული მიზნით საქართველოდან გასვლა და შემოსვლა უტყუარად არ ადასტურებს, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ ნგრევად ობიექტში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, სწავლის ან/და სხვა მიზეზით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ფაქტობრივი (რეგისტრაციის) საცხოვრებლის დატოვება (ქვეყნიდან გასვლა, ნათესავთან, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და სხვ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ობიექტი, აღარ წარმოადგენს ნგრევადი ობიექტის მაცხოვრებელს და არ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც არ გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრისი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა კრიტერიუმების მინიჭების გარეშე განსახლება იყო, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა შეეფასებინა და დაედგინა ნგრევად ობიექტში მხარის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, რაც არ გაუკეთებია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი წარმოების არც ერთი მასალიდან არ დასტურდებოდა, რომ მხარე ნგრევად ობიექტში ცხოვრობდა და მისი გაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა. ამის საპირისპიროდ, საქმეში წარდგენილი მონიტორინგის ოქმებიდან ჩანს, რომ მონიტორინგების განხორციელებისას მხარე არასდროს იმყოფებოდა ნგრევად ობიექტში. შესაგებელზე თანდართული იყო არა მხოლოდ 2020 წლის 27 ივნისს განხორციელებული მონიტორინგის ფორმა, არამედ - 2018 წელს განხორციელებული არაერთი მონიტორინგის ოქმი და აღწერის ფორმა, საიდანაც უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეები ზემოაღნიშნულ ობიექტში არ ცხოვრობდნენ. მონიტორინგის ყველა ფორმა ივსებოდა ვ. გ-ას მინდობილ პირთან, ძმასთან - ი. გ-ასთან. ასევე, სასამართლოს წარედგინა მხარეთა საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაცია, რომელიც ცალსახად და უტყუარად ადასტურებს, რომ სადავო პერიოდში, ობიექტის აღწერის დროს, მოსარჩელეები არ იმყოფებოდნენ საქართველოში და ქვეყანაში მათი ბოლო შემოსვლა 2020 წლის 20 ნოემბერს დაფიქსირდა. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას 2020 წლის 21 დეკემბერს განხორციელებულ მონიტორინგის შედეგებზე, აღნიშნული ვერ მოახდენდა გავლენას ნგრევადი ობიექტიდან მხარეთა განსახლების საკითხზე. 2020 წლის 21 დეკემბრისთვის შუალედური აქტი, კომისიის გადაწყვეტილება (2020 წლის 3 დეკემბრის), უკვე არსებობდა. მხოლოდ სააგენტოს დირექტორის მიერ 2021 წლის 28 იანვარს აქტის გამოცემა არ არის იმის წინაპირობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები დაედოს საფუძვლად ბრძანების გამოცემას. ამასთან საყურადღებოა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს მხარის მისამართზე მონიტორინგი განხორციელდა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, ვინაიდან მხარეს ამ პროგრამის ფარგლებშიც ჰქონდა განაცხადი შევსებული. შესაბამისად, 2020 წლის 21 დეკემბერს განხორციელებული მონიტორინგი შემხებლობაში არ არის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-115/ო ბრძანებასთან. 2020 წლის 21 დეკემბრის მონიტორინგი განხორციელებულია კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამდენად ამ მონიტორინგის შედეგები ვერანაირად ვერ განსაზღვრავდა მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ბრძანების კანონიერების საკითხს და ცალსახაა, რომ ვერც ამ ბრძანების გამოცემას დაედებოდა საფუძვლად. სასამართლომ გარდა იმისა, რომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ასევე არ გაითვალისწინა მ. მ-ის შესახებ სკოლებიდან გაცემული ცნობები, რაც ასევე ცალსახად და ნათლად ადასტურებდა, რომ მხარეები ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ. წარმოდგენილია ცნობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...იდან, რომლითაც დგინდებოდა, რომ მ. მ-ი 2018 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის ორ დეკემბრამდე სწავლობდა სოფელ ...ის საჯარო სკოლაში, ხოლო 2020 წლის 8 მარტიდან 2020 წლის 20 ნოემბრამდე უკვე იმყოფებოდა თურქეთში.

2020 წლის 3 დეკემბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ (სხდომის ოქმი №77) უძრავი ქონება, მდებარე: ზუგდიდი, ...ის ქ. №1, („...“), განიხილა, როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების მინიჭების გარეშე. 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად, მოხდა აღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა 2020 წლის 27 ივნისს. მისამართზე - ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №1, („...“), განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი აღწერის ფორმები. მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე დახვდათ ვ. გ-ას ძმა - ი. გ-ა. შესაბამისად, მონიტორინგის ფორმა შეივსო მასთან. ვ. გ-ა და მისი შვილი - მ. მ-ი მონიტორინგის დროს იმყოფებოდნენ თურქეთში. ი. გ-ას განმარტებით, მისი და გაშორებულია მეუღლეს 2011 წლიდან. შესაგებელს ასევე ერთვის 2018 წელს განხორციელებული არაერთი მონიტორინგის ოქმი და აღწერის ფორმა. 2018 წელსაც მონიტორინგი შედგა და შეივსო ვ. გ-ას მინდობილ პირთან - ი. გ-ასთან. ვ. გ-ა მაშინაც არ იმყოფებოდა საქართველოში - იმყოფებოდა თურქეთში. მ. მ-ი კი ცხოვრობდა მამასთან - კ. მ-თან სამტრედიის რაიონის სოფ. ...ი. ი. გ-ას განმარტებითვე, მ. მ-ი სწავლობდა სოფელ ...ის საჯარო სკოლაში. საქმეს ერთვის ასევე დევნილთა დეპარტამენტის 2011 წლის 30 მარტის №03-2729 სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს, 2020 წლის 27 ივნისს ვ. გ-ა და მ. მ-ი არ იმყოფებოდნენ საქართველოში. მათ საქართველოდან ბოლო გასვლა უფიქსირდებათ 2020 წლის 8 მარტს, ხოლო შემოსვლა - 2020 წლის 20 ნოემბერს.

მონიტორინგის მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, რომ ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარი ეთქვა, რადგან მოსარჩელე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრებდა. მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციით არ დადგინდა, რომ ვ. გ-ას ოჯახი წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებელს. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 3 დეკემბერს, (№77 სხდომის ოქმი) ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - მხარეს უარი ეთქვა კრიტერიუმების მინიჭების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

კასატორის განმარტებით, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებაში. ნგრევადი კომპაქტური ობიექტის დახურვის დროს სააგენტოს გამოჰყავს იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების მინიჭების გარეშე. დევნილი ოჯახისთვის მსგავსი პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე მისი განსახლება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. ამდენად, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება ნგრევად ობიექტში, სააგენტო ვერ ჩააყენებს დევნილ ოჯახს სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში და კრიტერიუმების და ქულათა სისტემის გარეშე ვერ განასახლებს მას. აღნიშნული მიდგომა გამოიწვევს უსამართლობის განცდას და პროტესტის გრძნობას სხვა დასაკმაყოფილებელ დევნილ ოჯახებში.

კასატორი აღვნიშნავს, რომ მხარის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დასადგენად, რეგისტრაციის მისამართი არ შეიძლება ჩაითვალოს რეალური საცხოვრებელი ადგილის დადგენის უტყუარ საშუალებად. ხშირია შემთხვევები, როცა მხარის რეალური საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება რეგისტრაციის მისამართისგან. სწორედ ამიტომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სააგენტოს აქვს მონიტორინგის სამმართველო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს და სწავლობს კონკრეტული დევნილი ოჯახის საკითხს: საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის, რეალურ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს. საქმეში წარმოდგენილი იყო მტკიცებულება - მონიტორინგის ოქმები, რაც სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ გაიზიარა. ასევე, სააგენტოსთვის სახელმძღვანელო ვერ იქნება სოციალური სააგენტოს ბაზები.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელეების ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების მინიჭების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

დადგენილია, რომ მოსარჩელეები - ვ. გ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილი - მ. მ-ი არიან, იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (დევნილი ოჯახი), მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილი/რეგისტრაციის ადგილია ზუგდიდი, ...ის ქ. №3 (,,...’’), რომელიც წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტს. ამასთან, საგულისხმოა, რომ აღნიშნული ავარიული შენობა ჩამოინგრა 2021 წლის 30 ინვარს და ნანგრევებში მოჰყვა მოსარჩელე - მ. მ-ი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის №77 ოქმის საფუძველზე, კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად, განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. 2020 წლის 3 დეკემბრის №77 ოქმით კომისიამ იმსჯელა 10.08.2020 წლის სხდომაზე (ოქმი №41) მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში მდებარე 68 ნგრევადი, სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტების დახურვის მიზნით, მათში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის თაობაზე. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 68 ნგრევადი ობიექტის დახურვის მიზნით მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფის თაობაზე, მათ შორის, ქ. ზუგდიდი, ...ის ქუჩა №3, კომისიამ განიხილა როგორც ნგრევადი ობიექტი, ხოლო იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი კომისიამ განიხილა კრიტერიუმების მინიჭების გარეშე. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ვ. გ-ასა და მ. მ-ს უარი ეთქვათ განსახლებასა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო).

სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-115/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №77), ვ. გ-ას ოჯახს, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ერთობლიობაში სრულად ადასტურებს მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტს ნგრევად ობიექტში. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში იმყოფებოდა თუ არა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და, შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეთა ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ნგრევად ობიექტში, შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის №3-ში, რაც ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს აცლის გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე