Facebook Twitter

№ბს-1096(კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 22 მაისს სს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №კ/რ-176-58 რევიზიის აქტისა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის №02/24768 გადაწყვეტილების („სს „...ის“ (...ო) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება №02/24768 ,,სს ,,...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №კ/რ-176-58 რევიზიის აქტი; სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სს ,,...ის“ მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო, საკითხზე მსჯელობის დროს დაეყრდნო ...ი ...ის, ... პროფესორის, ...ს ექსპერტის ...ში ი. ჩ-ის 2017 წლის 21 ნოემბრის №07/11 დასკვნას. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი დასკვნის ავტორი ი. ჩ-ე, დასაქმებული იყო სს „...ში” (...ო) და აღნიშნა, რომ მხოლოდ აღნიშნული დასკვნა არ უნდა გამხდარიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან, ბატონი ი. ჩ-ე უამრავ სასამართლო დავაში მონაწილეობდა სს „...ის“ წარმომადგენლად.

სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლა განხორციელდა სამედიცინო დოკუმენტაციის და რეცენზენტთა დასკვნის ურთიერთშეჯერებით და ამდენად, არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული, აქტების, - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №კ/რ-176-58 რევიზიის აქტისა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის №02/24768 გადაწყვეტილების, ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი სს „...ი“ აღნიშნავს, რომ რეცენზენტების მიერ წარდგენილ რეცენზიაში პაციენტის დიაგნოზთან, დიაგნოსტიკურ კვლევებთან, მკურნალობის ადგილთან, შერჩეულ მედიკამენტებთან და დიაგნოსტიკის და მკურნალობის ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა, რაც ნიშნავს, რომ მათ პაციენტის დიაგნოზი და მკურნალობის ტაქტიკა შეაფასეს, როგორც მართებული. ამრიგად, დავის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ერთი საკითხი - საავადმყოფოში დაყოვნების და ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობა - 7 დღე.

რეცენზენტთა დასკვნის თანახმად, „პაციენტის პირველი ჰოსპიტალიზაციისას - 05.10.2016 წ. დიაგნოსტირებული იყო პლევრო-პნევმონია მძიმე მიმდინარეობით. 12.10.2016 წ. ავადმყოფი გაეწერა კლინკიდან გაუმჯობესებით. ავადმყოფის ასაკის, კლინიკო-რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე (რენტგენოლოგიურად პლევრის ღრუში კვლავ ფიქსირდება მცირე რაოდენობით თავისუფალი სითხე, ედს-ი 44 მმ/სთ, CRP-192) სასურველი იყო მისი დაყოვნება და მკურნალობის გაგრძელება სტაციონარში.“ აღნიშნული დასკვნა აბსოლუტურად მცდარი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

კასატორი მიუთითებს, რომ სარეცენზიო დასკვნაში მოტანილი ჩანაწერი „პლევრო-პნევმონია მძიმე მიმდინარეობით“ არ შეესაბამება არც რეალურ დიაგნოზს და არც მდგომარეობის რეალურ სიმძიმეს, ამრიგად, რეცენზენტების კლინიკური მსჯელობა აგებულია რეალური მდგომარეობის შეუსაბამო დიაგნოზსა და სიმძიმეზე. სწორედ აქედან გამომდინარეობს რეცენზენტთა მეორე მცდარი ჩანაწერიც: „პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, არ უნდა მომხდარიყო მისი გაწერა სტაციონარიდან, ვინაიდან ასეთი დიაგნოზით გამოჯანმრთელება 7 დღეში ვერ მოხდებოდა“. ბრიტანეთის გულმკერდის საზოგადოების პედიატრიული პნევმონიის გაიდლაინში ცალკე პარაგრაფი (8.7) ეძღვნება ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობას. აღნიშნულია, რომ ის შეადგენს 4-7 დღეს, ხოლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით 5 დღესაც კი. შესაბამისად, ანტიბიოტიკოთერაპიის 7 დღიანი ხანგრძლივობა (5 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე) სრულ შესაბამისობაშია როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ [https://www.moh.gov.ge/ka/guidelines/] რეკომენდაციებთან.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში, ასევე, გადაწყვეტილებაში მითითებულ არგუმენტს, იმასთან დაკავშირებით, რომ დასკვნის ავტორი - ი. ჩ-ე დასაქმებულია სს „...ში“, რაც ქმნის მისი ობიექტურობის პრობლემას და იგი უამრავ სასამართლო დავაში მონაწილეობს სს „...ის“ წარმომადგენლად, კასატორი განმარტავს, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომელიც მიუთითებს მისი, როგორც ...ის არაობიექტურობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ი. ჩ-ე არის მიუკერძოებელი და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექიმი.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო ვერ იხელმძღვანელებს და არც უნდა იხელმძღვანელოს მხარის არასარწმუნო განმარტებებით/დასკვნებით, რაც შესაბამისი დასაბუთებითა და მტკიცებულებებით არ იქნება გამყარებული. აღნიშნულით აზრი ეკარგება როგორც, ზოგადად, ექიმის პროფესიას, ასევე, შეჯიბრებითობის პრინციპის კანონმდებლობაში არსებობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ა“-„გ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია: ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება; გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში; კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.

სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

ამავე პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-19 მუხლის (საჯარიმო სანქციები) მე-9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში შესაფასებელ გარემოებას, მოსარჩელის მიერ პაციენტისთვის გაწეული მომსახურების არასრულად/არაჯეროვნად მიჩნევისა და მისთვის ჯარიმის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

კომისიამ შეისწავლა შპს ,,...ში’’ პაციენტ მ. ბ-ისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი და დაადგინა, რომ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათზე (№21181; №22093) თანდართული ჩანართი ფურცლების (კალკულაცია) მიხედვით, შპს „...ში’’ პაციენტ მ. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ღირებულებამ შეადგინა: 05.10.16 წ. - 12.10.16 წ. პერიოდში - 970.00 ლარი, რომლის 80% (776.00 ლარი) მოთხოვნილ იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოსგან, ხოლო პაციენტის მხრიდან გადახდილი იქნა 20% (194.00 ლარი); 17.10.16წ 11:19სთ. - 22.10.16წ 11:19 სთ. პერიოდში, - 970.00 ლარი, რომლის 80%(776.00 ლარი) მოთხოვნილ იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოსგან, ხოლო პაციენტის მხრიდან გადასახდელია 20% (194.00 ლარი). ამასთან, 22.10.16წ. 11:19 სთ - 28.10.16წ. 14:00 სთ პერიოდში გაწეულმა სამედიცინო დახმარების ღირებულება (166.36 ლარი) მოთხოვნილი იქნა პაციენტისაგან.

კომისიამ მიიჩნია, რომ იკვეთებოდა საფუძველი, 05.10.16წ.-12.10.16წ. პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურება ჩათვლილიყო არასრულ/არაჯეროვნად, რის გამოც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, დაწესებულებას დაეკისრა ჯარიმა 05.10.16 წ.-12.10.16 წ. პერიოდის ასანაზღაურებელი თანხის (776.00 ლარი) სამმაგი ოდენობით, რამაც შეადგინა 2 328.00 ლარი.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №კ/რ-176-58 რევიზიის აქტი მიღებული იქნა ა(ა)იპ ...ის გაერთიანების 2017 წლის 03 მაისის სარეცენზიო დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ ... ...ის მიმართულების დეპარტამენტ N...-ის ასოცირებული პროფესორისა და ... ...ის მიმართულების დეპარტამენტ N...-ის პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის მიერ შესწავლილი იქნა წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, სადაც მითითებულია, რომ პაციენტი ბ-ე მ. 5 წლის პირველად ჰოსპიტალიზირებული იყო ...ში პირველად 5.10.2016 წელს დაავადების მე-2 დღეს. დაავადება დაეწყო ცხელებით 40o მდე მრავალჯერადი ღებინებით, ტკივილით მარცხენა ფერდქვეშა არეში, მიმართა ...ის ჰოსპიტალს, საიდანაც გადაიგზავნა ...ის კლინიკაში.

კლინიკაში პაციენტს დაესვა დიაგნოზი პნევმონია, დაუზუსტებელი. ჩაუტარდა გულმკერდის R0-გრაფიული კვლევა, ექოსკოპიით 5.10.2016 წ. მარცხენა პლევრის ღრუში ფიქისრდებოდა თავისუფალი სითხე, ხაზოვანი ზომით 83 41 98 მმ, მოცულობა დაახლოებით 130 მლ. CRP-230, სისხლის საერთო ანალიზით ედსი 60მმ/სთ, ლეიკოციტები 11.0, ჩხ. ნეიტროფილები 19%, ლიმფოციტები 11%. ჩაუტარდა მკურნალობა ცეფტრიაქსონით, აზიტრომიცინით; უტარდებოდა ინფუზიოთერაპია და სიმპტომური თერაპია, ინჰალაცია. ავადმყოფმა კლინიკაში დაჰყო 7 საწოლდღე, თუმცა 10.10.2016 კლვევის მონაცემების საფუძველზე პლევრის ღრუში მარცხნივ რჩებოდა ძალიან მცირე რაოდენობის თავისუფალი სითხე. ფილტვის ქსოვილის სისხლძარღვოვანი სურათი გაძლიერებული მედიალურ ველებში. ფესვები არ დიფერენცირდებოდა. დიაფრაგმის თაღები ნორმის ფარგლებში. სისხლის საერთო ანალიზით ედს 44 მმ/სთ, ჩხ. ბირთვიანი ნეიტროფილები 6%, ლიმფოციტები 41%, ლეიკოციტები 6.1 %, CRP-192. პაციენტს დაენიშნა ანტიბიოტიკი ბინაზე აზიმაკი და ასევე ცედექსი 7 დღე.

2016 წლის 17 ოქტომბერს პაციენტი განმეორებით მოთავსდა ...ის კლინიკაში ტემპერატურული რეაქციით 38-39o, ადინამიური ტკივილით გულმკერდის არეში უფრო მარცხნივ. 17.10.2016 წ. რენტგენოლოგიური კვლევით ორივე ფილტვის სისხლძარღვოვანი სურათი გაძლიარებული იყო, მარცხენა ფილტვის დორზალურ ნაწილში VI-IX-X სეგმენტში ვლინდებოდა არათანაბარი კონსოლიდაცია. მაღალი ინტენსივობის ინფილტრაციული ცვლილებებითა და პნევმატოზაციის დაქვეითებით. პლევრის სინუსში ვლინდებოდა მცირე რაოდენობის გამონაჟონი. გულმკერდის ღრუ, პლევრა GADEIA მარცხნივ ფიქსირდებოდა შემღვრეული სითხზე, ხაზოვანი 67 53 51, მოცულობით დაახლოებით 80 მლ. მასში იყო მაღალი ექოგენობის შენაწონი ღრუ, პლევრა GADEIA. დინამიკაში მდგომარეობა გაუმჯობესდა და ავადმყოფი გაეწერა კლინიკიდან. რენტგენოლოგიური კვლევით 28.10.2016 წ. - მარცხენა ფილტვის ქვედა წილის უკანა სეგმენტის კონსოლიდაცია იყო ალაგებული. დიაფრაგმის მარცხენა თაღი გამოიკვეთა. ედსი 30 მმ/სთ, ლეიკ 6.9, ჩხ. ნეიტ - 6, CRP-6.

სარეცენზიო დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტის პირველი ჰოსპიტალიზაციისას 05.10.2016 წ. დიაგნოსტირებული იყო პლევრო - პნევმონია მძიმე მიმდინარეობით, 12.10.2016 წ ავადმყოფი გაეწერა კლინიკიდან გაუმჯობესებით. მიუხედავად ამისა, ავადმყოფის ასაკის, კლინიკო - რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე (რენტგენოლოგიურად პლევრის ღრუში კვლავ ფიქსირდებოდა მცირე რაოდენობის თავისუფალი სითხე; ედსი 44მმ/სთ, CRP-192) სასურველი იყო მისი დაყოვნება და მკურნალობის გაგრძელება სტაციონარში. სარეცენზიო დასკვნაში მითითებული პოზიცია ასევე დაფიქსირდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოწმის (რეცენზენტი) სახით მიწვეული პირის - მ. ჟ-ას მიერ, რომელმაც დაადასტურა სამედიცინო დაწესებულების მიერ დასმული დიაგნოზის სისწორე, თუმცა მიუთითა, რომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, არ უნდა მომხდარიყო მისი გაწერა სტაციონარიდან, ვინაიდან ასეთი დიაგნოზით გამოჯანმრთელება 7 დღეში ვერ მოხდებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო, საკითხზე მსჯელობის დროს დაეყრდნო ...ი ...ის, ... პროფესორის, ...ს ექსპერტის ...ში ი. ჩ-ის 2017 წლის 21 ნოემბრის №07/11 დასკვნას, რომლის თანახმად: 1. პაციენტის შპს „...ოში“ პირველი ჰოსპიტალიზაციისას პნევმონიის დიაგნოზი დაისვა ანამნეზურ, ობიექტურ და რენტგენოლოგიურ მოაცემებზე დაყრდნობით და ყველა ეს მონაცემი შეესაბამებოდა პნევმონიის დიაგნოსტიკის, როგორც ეროვნულ (მითითებულია შესაბამისი წყარო), ისე საერთაშორისო პროტოკოლებს და რეკომენდაციებს (მითითებულია შესაბამისი წყარო); 2. პაციენტის შპს „...ოში“ პირველი ჰოსპიტალიზაციისას პნევმონიის მკურნალობა (ცეფტრიქსონის და აზიტრომიცინის კომბინაცია) როგორც პრეპარატის არჩევანით, ისე ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობით სრულად შეესაბამებოდა პნევმონიის მკურნალობის როგორც ეროვნულ (მითითებულია შესაბამისი წყარო), ისე საერთაშორისო პროტოკოლებს და რეკომენდაციებს (მითითებულია შესაბამისი წყარო); 3. პაციენტის შპს ,,...დან“ გაწერისას მისი ობიექტური მონაცემები (ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე, აუსკულტაციური მონაცემები, ზოგადი მდგომარეობა), ისე ლაბორატორიული (სისხლის საერთო ანალიზი, CRP) და ინსტრუმენტული კვლევის (დადებითი რენტგენოლოგიური დინამიკა) შედეგები სრულად შეესაბამებოდა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო რეკომენდაციებს. შესაბამისად, პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია არ ყოფილა განპირობებული არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობით.

სააპელაციო პალატის მითითებით, წარმოდგენილი დასკვნის ავტორი ი. ჩ-ე, დასაქმებული იყო სს „...ში“ (...ო).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, საფუძვლიანად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას სარეცენზიო დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, ავადმყოფის ასაკის, კლინიკო - რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე (რენტგენოლოგიურად პლევრის ღრუში კვლავ ფიქსირდებოდა მცირე რაოდენობის თავისუფალი სითხე; ედსი 44მმ/სთ, CRP-192) სასურველი იყო მისი დაყოვნება და მკურნალობის გაგრძელება სტაციონარში. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორი ფაქტების დადგენაზე, ვინაიდან, საქმის მასალებით ცალსახად დადგენილია, პაციენტის კლინიკიდან გაწერამდე, პაციენტის პლევრის ღრუში მცირე რაოდენობით თავისუფალი სითხის არსებობის ფაქტი (ტომი 1, ს.ფ. 44) და ასევე CRP- მაჩვენებელით - 192 (ტომი ქ, ს.ფ. 45).

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესაბამისად, სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას, რომ რეგულირების სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლა განხორციელდა სამედიცინო დოკუმენტაციის და რეცენზენტთა დასკვნის ურთიერთშეჯერებით და ამდენად, არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული, სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობისას ან მისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით. პაციენტის ინტერესები არის ასევე უპირატესად გასათვალისწინებელი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, ასევე საერთაშორისო სამართლის რიგ უმნიშვნელოვანეს წყაროებში/აქტებში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის №ბს-1526(კ-18) განჩინება). ასევე ამავე კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის აღსრულებისას ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური ფასეულობებით – ადამიანის პატივისა და ღირსების აღიარების, სამართლიანობის, თანაგრძნობის პრინციპებით, აგრეთვე პროფესიული ეთიკის შემდეგი ნორმებით: ა) იმოქმედოს მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად; ბ) არ გამოიყენოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ჰუმანიზმის პრინციპების საწინააღმდეგოდ; გ) პაციენტის ინტერესებთან დაკავშირებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, არ იმოქმედოს ანგარებით; დ) იზრუნოს პროფესიული საქმიანობის პრესტიჟის ამაღლებაზე, პატივისცემით მოეპყრას კოლეგებს.

ამასთან, ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უშუალოდ ან საჯარო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მიიღონ ზომები, რომლებიც, კერძოდ, მიზნად ისახავენ: ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების მაქსიმალურად აღმოფხვრას; ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის წახალისებისათვის საკონსულტაციო და საგანმანათლებლო საშუალებების უზრუნველყოფას; შეძლებისდაგვარად ეპიდემიურ, ენდემურ და სხვა დაავადებათა, ისევე როგორც, უბედურ შემთხვევათა აღკვეთას.

ამდენად, ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის აღმატებული ინტერესის შესაბამისად მოქმედებისა და მისთვის უმაღლესი სტანდარტის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების გაწევის საჭიროების საპირწონედ, მოსარჩელე მხარეს - გაწეული სამედიცინო მომსახურების საფუძვლიანობისა და უალტერნატივობის შესახებ სათანადო დასაბუთება საქმის არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში სამართალწარმოებისას წარმოუდგენია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის ავტორის, ... პროფესორის ი. ჩ-ის კომპეტენციასა და რეპუტაციას, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტის გათვალისწინებით, ასევე საფუძვლიანად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ წარმოდგენილი დასკვნის ავტორი ი. ჩ-ე, დასაქმებულია/დასაქმებული იყო სს „...ში“ (...ო). ამდენად, მხოლოდ აღნიშნული დასკვნა არ უნდა გამხდარიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სს „...ს“ 26/06/2020 წ. საგადახდო დავალება №508-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარიი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება;

3. სს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26/06/2020 წ. საგადახდო დავალება №508-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი