Facebook Twitter

ბს-647(კ-20) 29 სექტემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ყ...მა“ 19.05.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 19.04.2017წ. №30/13 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.2017წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ა...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „ყ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ყ...ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინებით შპს „ყ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.2017წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „ყ...ი“ ახორციელებდა შპს „ა...“-ის აღრიცხვის კვანძის მონაცემების კონტროლს დღე-ღამის განმავლობაში, EK-230 ტიპის ელექტრონული კორექტორის ჩვენების კომპანიის კომპიუტერულ ბაზაში მოდემური (ელექტრონული) კავშირის მეშვეობით ინფორმაციის აღრიცხვისას. მხარეთა განმარტებების თანახმად, კორექტორი დაიკარგა გაურკვეველ ვითარებაში, რის გამო შეუძლებელია მის მეხსიერებაში შენახული პარამეტრების და ისტორიის გაანალიზება. მოხმარებული ბუნებრივი გაზის კორექტორიანი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში, მისი მოცულობის დაანგარიშება ხდება კორექტორის ჩვენებაზე დაყრდნობით. ვინაიდან კორექტორის ჩვენების სისწორის დადგენა შეუძლებელია, მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა მხოლოდ მრიცხველის ჩვენების საფუძველზე არასწორია, შესაბამისად, არაზუსტია საწარმოზე დასარიცხი თანხის გაანგარიშებაც. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-7 მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღიცხვის კვანძის გამართულ მუშაობასა და მის დაცულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს „ყ...ს“.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვით წარდგენილი მრიცხველის მთვლელი მექანიზმის დამცავ ხუფზე არსებული ბჯენების მთლიანობა დარღვეული არ არის, ხოლო საკითხი - მრიცხველის მთვლელ მექანიზმზე დაფიქსირებული ჩვენების შესაბამისობის შესახებ რეალურად აღრიცხულ ბუნებრივი აირის ჩვენებასთან, არ შედის ექსპერტ-ტრასოლოგის კომპეტენციაში, ამდენად, მითითებული დასკვნით ვერ დგინდება მრიცხველის მთვლელ მექანიზმზე დაფიქსირებული ჩვენების შესაბამისობა რეალურად აღრიცხულ ბუნებრივი აირის ჩვენებასთან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-12 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის მრიცხველის, მათ შორის ბრჯენების ან/და სხვა დაცვის საშუალების დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ 3 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 19.04.2017წ. №30/13 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შპს „ა...“-ის ბუნებრივი გაზის საფასურად 573 664,52 ლარის დარიცხვა და შპს „ყ...ს“ დაევალა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე ცვლილებების შეტანა, ასევე დაევალა დარიცხვის განხორციელება კომისიის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-12 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, კანონიერია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „თ...ის“ (შპს „ყ...ის“ ახალი საფირმო სახელწოდება) მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ თავდაპირველი საჩივრის განხილვისას, კერძოდ, 13.01.2015წ. გადაწყვეტილების მიღებისას სემეკ-ის მთავარი არგუმენტაცია ეფუძნებოდა მრიცხველის გამართულად მუშაობის ფაქტის დადასტურებას. კომპანიის მიერ სემეკ-ის მითითებული გადაწყვეტილება აღსრულდა და მრიცხველი გაიგზავნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მრიცხველი მთვლელი მექანიზმის დამცავ ხუფზე არსებული ბჯენების მთლიანობა დარღვეული არ არის და მათზე გახსნისა და შეღწევისათვის დამახასიათებელი მექანიკური ზემოქმედების კვალი არ აღინიშნება. მრიცხველის გამართული მდგომარეობა დადასტურებულია საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ გაცემული დაკალიბრების სერტიფიკატითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. აღნიშნულის გათვალისწინებით „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 12.5 მუხლზე მითითება საფუძველს მოკლებულია, ამასთან, კორექტორის არარსებობა არ გამორიცხავს თანხის დაანგარიშების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეში დაცული მასალებით შპს „ა...“-ს გააჩნია ავტოგაზგასამართი სადგური გარდაბნის რაიონის, სოფ. ...ში, რომლის გაზმომარაგება ხორციელდება შპს „ა...“-სა და შპს „ყ...ს“ შორის დადებული 02.06.2010წ. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. კომპანიის მიერ თბილისის გაზმომარაგების ქსელიდან შპს „ა...“-ის გაზმომარაგებისათვის არსებული განშტოების დასაწყისში 27.05.2010წ. მოეწყო აღირცხვის კვანძი, კერძოდ, დამონტაჟდა ლითონის ყუთში ჩასმული, „...ის“ ფირმის გერმანული წარმოების ტურბინული TRZ2 G-400 ტიპის მრიცხველი და EK-230 ტიპის ელექტრონული კორექტორი. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხდებოდა კორექტორის მიერ აღრიცხული გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად. 13.05.2014წ. შპს „ყ...ის“ წარმომადგენლებმა გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში მოხნეს შპს „ა...“-ის მრიცხველი მისი ლაბორატორიაში შემოწმების მიზნით, რის შესახებ შედგა აქტი. აღნიშნული აქტის მიხედვით, ბუნებრივი გაზის მექანიკური მრიცხველის მოხსნის დროს მექანიკური მრიცხველის ჩვენებამ შეადგინა 534 125 მ3, ხოლო კორექტორის ჩვენებამ - 234 408 მ3. კომპანიის (კასატორის) მოსაზრებით, კორექტორში მუშა სვლის ჩვენება ნაცვლად 234 408 მ3-ისა უნდა ყოფილიყო 534 125 მ3, ანუ სხვაობამ შეადგინა 299 540 მ3, საბოლოოდ შპს „ა...“-ის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად განისაზღვრა 573 664,52 ლარი. შპს „ა...“-ის წარმომადგენელმა 18.06.2014წ. განცხადებით მიმართა კომისიას განხორციელებული დარიცხვის გაუქმების მოთხოვნით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 13.01.2015წ. გადაწყვეტილებით, გაუქმდა შპს „ა...“-ზე ბუნებრივი გაზის საფასურად 573 664,52 ლარის დარიცხვა და საქმე ხელახალი განხილვისათვის გაეგზავნა შპს „ყ...ს“, ასევე დაევალა შპს „ა...“-ის (ტურბინული TRZ G-400 ტიპის საქარხნო №80087691) მრიცხველის შემოწმება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კომპანიამ აღურიცხავი ბუნებრივი გაზის მოცულობა იანგარიშა იმ გათვლით, რომ ტურბინული მრიცხველის ჩვენება ჩათვალა კორექტორის სრულ, დაზუსტებულ ჩვენებად, ხოლო კორექტორის ჩვენებად ჩათვალა ტურბინული მრიცხველის მექანიკური, დაზუსტებული ჩვენება და აპელირება მოახდინა მათი სხვაობით გაანგარიშებულ სიდიდეზე. კომისიამ მიიჩნია, რომ ასეთი გაანგარიშება არასწორია, რადგან კორექტორის ტექნიკური პასპორტის თანახმად, ეს სიდიდეები ურთიერთდამოკიდებული სიდიდეებია და მათი სხვაობა არ შეიძლება გახდეს რაიმე მოცულობის გაანგარიშების საფუძველი. კომისიამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული დარიცხვა გაანგარიშებულია ისე, რომ სრულყოფილად და საფუძვლიანად არ არის გამოკვლეული გაანგარიშებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, რამაც განაპირობა გაანგარიშების უზუსტობა, ეჭვს იწვევს ასევე თავად კორექტორის მუშაობის სიზუსტე, იმის გამო, რომ კორექტორი გაურკვეველ ვითარებაშია დაკარგული, შეუძლებელია მის მეხსიერებაში შენახული ისტორიის გაანალიზება, გაანგარიშების უზუსტობა ასევე შესაძლებელია გამოწვეული იყოს მექანიკური (ტურბინული TRZ G-400 ტიპის საქარხნო №80087691) მრიცხველის მთვლელი მექანიზმის მუშაობის რაღაც ეტაპზე მწყობრიდან გამოსვლით, რისი დადგენაც შეუძლებელია ამ მრიცხველზე სათანადო ექსპერტიზის ჩატარების გარეშე. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 13.01.2015წ. გადაწყვეტილების მიღებისას სეწმეკ-ის მთავარი არგუმენტაცია ეფუძნებოდა მრიცხველის გამართულად მუშაობის ფაქტის დადასტურებას. კომისიის მიერ კომპანიას დაევალა არა მხოლოდ მრიცხველის შემოწმება ექსპერტიზის გზით, არამედ ასევე გადაწყვეტილებაში ასახული გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და ამ გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, მხოლოდ მრიცხველზე ექსპერტიზის ჩატარება და ამ ექსპერტიზის შედეგად მიღებული დასკვნა არ წარმოადგენდა საკითხის გადასაწყვეტად საკმარის გარემოებას. სეწმეკ-ის 13.01.2015წ. გადაწყვეტილება შპს „ყ...ის“ მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.11.2015წ. გადაწყვეტილებით, შპს „ყ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შპს „ყ...ის“ მიერ განხორციელებულმა დაანგარიშებამ შეადგინა იგივე თანხა, რაც ხელახლა გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ტრანსპორტირების სისტემით (სადავო პერიოდში მოქმედი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 40.1 მუხ.), თუმცა მომსახურება უნდა განხორციელდეს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად (კანონის 40.6 მუხ. „დ“ ქვ.პ.). ლიცენზიანტი ვალდებულია შეასრულოს კომისიისა და სამინისტროს სამართლებრივი აქტები (კანონის 27.1 მუხ.). „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 29.12.2006წ. №114 ბრძანებით დამტკიცდა „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“, რომლის მიხედვით, ბუნებრივი გაზის მიწოდების ძირითად პრინციპებად დასახელდა ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება („წესების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 2.1 მუხ.), ხოლო ტრანსპორტირების ლიცენზიანტს დაეკისრა ბუნებრივი გაზის მიწოდებისას საიმედოობის სტანდარტის დაცვა (2.2 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), რომლის ძირითადი მახასიათებლებია: სისტემის მდგრადობისა და მომსახურების საიმედოობა, ეფექტიანი ადმინისტრირება, ადეკვატურობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა (3.2 მუხ.). „წესებით“ ერთმნიშვნელოვნად აიკრძალა ზუსტი აღრიცხვის გარეშე ბუნებრივი გაზის მიწოდება და ბუნებრივი გაზის საშუალო მოხმარებიდან დარიცხვა შესაძლებლად იქნა მიჩნეული მხოლოდ ერთჯერადად და მხოლოდ ავარიის შემთხვევაში, უკეთუ აღნიშნულს ურთიერთობის ყველა მხარე წერილობით დაეთანხმა (12.5 მუხ.). ლიცენზიანტის ვალდებულებაა აღრიცხოს თავის საშუალებებში გატარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა შესაბამისი აღრიცხვის საშუალების გამოყენებით (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. №23 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“ (დანართი №2) 7.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). ამდენად, მოსარჩელე, როგორც ბუნებრივი გაზის ლიცენზიანტი, ვალდებული იყო სისტემა ჰქონოდა გამართულ მდგომარეობაში, დაეცვა საიმედოობის სტანდარტი, მოეხდინა ეფექტიანი ადმინისტრირება და აღრიცხვა განეხორციელებინა ზუსტი მონაცემების მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ აღრიცხვის კვანძი შედგებოდა ტურბინული ტიპის მრიცხველისა და ელექტრონული კორექტორისაგან, რომლის ჩვენება აღირიცხებოდა კომპანიის კომპიუტერულ ბაზაში ელექტროკავშირის მეშვეობით. „ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა/მონტაჟის შესახებ“ 13.05.2014წ. აქტის მიხედვით, მრიცხველი მოიხსნა შემოწმების მიზნით, ხოლო 17.05.2014წ. შპს „ა...“-ის დირექტორმა შპს „ყ...ს“ აცნობა აღრიცხვის კვანძიდან საწარმოს კუთვნილი კორექტორის დაკარგვის თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 2.4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ექსპლუატაცია გაუწიოს და გამართულ მდგომარეობაში იქონიოს გამანაწილებელი ქსელი, ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი (აღრიცხვის კვანძები) და უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან („წესების“ 7.1 მუხ.). ბუნებრივი გაზის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის დანადგარები, დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა („წესების“ 7.4 მუხ.). მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარებისა და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევებზე) („წესების“ 7.9 მუხ. „გ“ ქვ.პ.). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღრიცხვის კვანძი მოწყობილი იყო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ამდენად, მართებულია კომისიისა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა იმის შესახებ, რომ აღრიცხვის კვანძის გამართულ მუშაობასა და მის დაცულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს „ყ...ს“.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კორექტორის არარსებობა არ გამორიხავს თანხის დაანგარიშების შესაძლებლობას, ვინაიდან მრიცხველის გამართულობა დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნითა და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანია საწარმოს აღრიცხვის კვანძის მონაცემების კონტროლს ახორციელებდა დღე-ღამის განმავლობაში, EK-230 ტიპის ელექტრონული კორექტორის ჩვენების კომპანიის კომპიუტერულ ბაზაში მოდემური (ელექტრონული) კავშირის მეშვეობით. მხარეთა განმარტებით ელექტრონული კორექტორი დაიკარგა გაურკვეველ ვითარებაში, რაც მის მეხსიერებაში შენახული პარამეტრების და ისტორიის გაანალიზებას შეუძლებელს ხდის. სადავო არ არის ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში კორექტორიანი მრიცხველით ხდებოდა შპს „ა...“-ის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა. ამდენად, მართებულია კომისიის დასკვნა იმის შესახებ, რომ მოხმარებული ბუნებრივი გაზის კორექტორიანი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში მისი მოცულობის დაანგარიშება უნდა მოხდეს კორექტორის ჩვენებაზე დაყრდნობით, აღნიშნული მსჯელობის გაქარწყლება და საწინააღმდეგო გარემოების მტკიცება კასატორმა ვერ უზრუნველყო, შესაბამისად, მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა მხოლოდ მრიცხველის ჩვენების საფუძველზე არასწორია, რაც მიუთითებს შპს „ა...“-ზე დარიცხული თანხის გაანგარიშების უზუსტობაზე, თუმცა აღნიშნული გარემოება არ ქმნის ბუნებრივი გაზის ღირებულების დარიცხვისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველს. ამდენად, დადგენას საჭიროებს ამ ღირებულების გამოთვლის მეთოდი. დგინდება, რომ შპს „ყ...ის“ მიერ 27.05.2010წ. გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში შპს „ა...“-ის კუთვნილ ავტო გაზგასამართ სადგურზე მოეწყო ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი, კერძოდ, დამონტაჟდა ბუნებრივი გაზის მრიცხველი TRZ2 G-400 და კორექტორი EK-0230 (ტ.1, ს.ფ. 302). მხარეთა შორის 02.06.2010წ. „ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების მიხედვით, გაზის აღრიცხვა ხორციელდება გაზის აღრიცხვის კვანძის ხელსაწყოს მეშვეობით, რომელიც უნდა იყოს ატესტირებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად (5.1 მუხ.), მიმწოდებელს უფლება აქვს ჩაატაროს საზომი კვანძის შემოწმება გეგმიური ან მოულოდნელი შემოწმების ჩატარების გზით, მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე (6.2.1 მუხ.). „ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა/მონტაჟის შესახებ“ 14.04.2014წ. და 16.04.2014წ. აქტებიდან გამომდინარე მრიცხველი გაირეცხა, დამონტაჟდა ბუნებრივი აირის ფილტრი და ზეთის გამოსაშვები. აღნიშნულ აქტებში, რომლებიც შედგა 13.05.2014წ. აქტის შედგენამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, მითითებული არ არის ელექტრონული კორექტორის რაიმე სახის გაუმართაობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კასატორი ვერ უთითებს მის მიერ დარიცხული საფასურის 2010-2014 წლების გაზის მოხმარების კონკრეტულ პერიოდზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სეწმეკ-ის 13.01.2015წ. გადაწყვეტილებაზე, სადაც კომისიამ მიუთითა, რომ საწარმოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენიდან (24.07.2014წ.) კომპანიისგან მოწოდებული ბუნებრივი გაზის ყოველდღიური მოხმარების დინამიკიდან გამომდინარე, კონტროლირებად პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა მნიშვნელოვნად არ აღემატება სადავო პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლებს. სეწმეკ-ის 09.07.2009წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 12.15 მუხლის მიხედვით, თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის მრიცხველის, მათ შორის, ბრჯენების ან/და სხვა დაცვის საშუალების დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ 3 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამდენად, მართებულია შპს „ყ...ის“ მიერ შპს „ა...“-სთვის დარიცხული თანხის გაუქმება და ზემოთ მითითებული წესების 12.15 მუხლის შესაბამისად არასწორად აღრიცხული მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დარიცხვის განხორციელების დავალება, შესაბამისად, არ არსებობს სეწმეკ-ის 19.04.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინება;

3. შპს „თ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.05.2020. №1590666362 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი