Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-203(კ-22) 28 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ლ. კ-ა, ლუ. კ-ა, მ. კ-ა, ე. კ-ა, ი. კ-ა, მა. კ-ა, თ. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 21 აგვისტოს ლ. კ-ამ, ლუ. კ-ამ, მ. კ-ამ, ე. კ-ამ, ი. კ-ამ, მა. კ-ამ და თ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელე ლ. კ-ა არის აფხაზეთიდან დევნილი და ჰყავს 6 შვილი: ლუ. კ-ა, მ. კ-ა, ე. კ-ა, ი. კ-ა, მა. კ-ა, თ. კ-ა. 1993 წლიდან რეგისტრირებული იყო და რამდენიმე წელი ცხოვრობდა მშობლებსა და და-ძმასთან ერთად ქ. თბილისში, სასტუმრო ,,...ში", ოთახი N... და N... ოთახებში. ... წელს გათხოვდა და საცხოვრებელად გადავიდა მეუღლის ოჯახში. 2018 წელს, გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო, იძულებული გახდა გაეყიდა ბინა და ამჟამად ცხოვრობს ქირით.

2020 წლის 17 ივნისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ, როგორც სასტუმრო ,,...ში" მცხოვრები პირი, უკვე მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია და დევნილთა ბაზაში მონიშნული იყო, როგორც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებული პირი. მოსარჩელის განმარტებით, ... წლიდან იმყოფება ქორწინებაში და სასტუმრო „...იდან" დევნილთა გამოსახლების მომენტისთვის მას უკვე ჰყავდა 3 შვილი და ცხოვრობდა მეუღლის ოჯახში. კომპენსაცია მიეცა მის მშობლებს. მთელი ამ წლების განმავლობაში იგი რეგისტრირებული იყო სასტუმრო „...ში", ამასთან, მას ხელი არ ჰქონდა მოწერილი რაიმე სახის დოკუმენტაციაზე. შესაბამისად, არ იზიარებდა სააგენტოს პოზიციას მისი კომპენსირებულად მიჩნევის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 ივნისის N03/8093 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კომპენსირებულად მიჩნევის თაობაზე, ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელეების ლ. კ-ასა და მისი ოჯახის კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ლ. კ-ას, ლუ. კ-ას, მ. კ-ას, ე. კ-ას, ი. კ-ას, მა. კ-ას, თ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 ივნისის N03/8093 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კომპენსირებულად მიჩნევის თაობაზე; მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. კ-ასა და მისი ოჯახის კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან ამორიცხვის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება. დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, რეგისტრაცია დევნილების მიმართ მნიშნელოვანი წინაპირობაა კანონით დადგენილი გარანტიების განსახორციელებლად. მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილია დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება სააგენტოს დევნილთა რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე. საკომპენსაციო თანხის გაცემის დროს სასტუმრო ,,...ის“ ადმინისტრაციამ, რომლის ფართშიც იყვნენ განთავსებული დევნილები, მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, აიღო ვალდებულება სამინისტროს მიერ მიწოდებული, ამ ობიექტში დარეგისტრირებული ყველა დევნილი პირის სახელობითი სიის შესაბამისად და ობიექტში მცხოვრები თითოეული დევნილის მიერ დაკავებული ფართის სანაცვლოდ, მათთვის ფულადი კომპენსაციის გადაცემის თაობაზე. ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო კანონით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც სასტუმრო „...ის“ ადმინისტრაცია გამოთავისუფლებული ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას დებდა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრთან. შესაბამისად, ოჯახის სხვა წევრებიც მოიაზრებოდნენ თანხის მიმღებ პირებად. მოსარჩელის შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა ანალოგიურ ფაქტს -მოსარჩელისა და მისი დანარჩენი ოჯახის წევრების თანხმობით ფულადი კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულება დაიდო სასტუმრო „...ის“ ადმინისტრაციასა და თ. ა-ას შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერიც რომელიც, მრავალი წლის განმავლობაში არც ერთი მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა. კერძოდ, ლ. კ-ას, ე. კ-ასა და ლუ. კ-ას რეგისტრაციის ადგილს 2004 წელს წარმოადგენდა სასტუმრო „...“, ოთახი N..., ხოლო, N... ოთახში (ლუქსი) რეგისტრირებული იყო ბ. კ-ა, სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, საკომპენსაციო თანხის გაცემის პერიოდისთვის სასტუმრო „...ის” N... და N... ოთახებში რეგისტრირებულნი იყვნენ მოსარჩელეები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაკავებული ოთახების გამოთავისუფლების სანაცვლოდ, მათ სახელმწიფოსგან მიიღეს კომპენსაცია, კერძოდ, 2004 წელს, თ. ა-ამ, რომელიც იყო სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულების მხარე და რომელიც წარმოადგენდა შესაბამის ოთახებში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის ინტერესებს, თანხის მიღების სანაცვლოდ იკისრა დაკავებული ოთახების გამოთავისუფლების ვალდებულება, რის სანაცვლოდაც N... ოთახში კომპენსაციის სახით მიიღო 7000 აშშ დოლარი, ხოლო N... ოთახის გამოთავისუფლების სანაცვლოდ - 14 000 აშშ დოლარი, რამდენადაც N... ოთახი იყო ლუქსი და შედგებოდა 2 ოთახისგან. ამდენად, ლ. კ-ას ოჯახმა საკომპენსაციო თანხის სახით ჯამში მიიღო 21 000 აშშ დოლარი. აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია მხარეს წლების განმავლობაში სწორედაც იმ საფუძვლით, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრისთვის საკომპენსაციო თანხის გადაცემის ერთ-ერთ და აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ოჯახის დაკმაყოფილება და არა ოჯახის ცალკეული წევრებისთვის ინდივიდუალურად თანხის მიცემა. ამდენად, ლ. კ-ა, სხვა მოსარჩელეებთან ერთად წარმოადგენს თ. ა-ას ოჯახის წევრს სასტუმრო ,,...დან“ გამოსახლების დროისთვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა კომპანიის მიერ გაცემულ იქნა თ. ა-ასა და მის ოჯახზე, რომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ლ. კ-ა, ლუ. კ-ა, მ. კ-ა და ე. კ-ა. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ, როგორც ოჯახის ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიღებულ იქნა საკომპენსაციო თანხა, შესაბამისად, მოსარჩელეს შესაძლებელია მოთხოვნა ჰქონდეს მის კუთვნილ წილზე იმ პირის მიმართ, რომელმაც მიიღო ფულადი დახმარება, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული წესით განსახილველ საკითხს და კერძო პირებს შორის ფულადი ვალდებულებიდან გამომდინარე, დავა ექვემდებარება სამოქალაქო წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას.

კასატორის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ ინვესტორი თვითონ წყვეტდა სასტუმროში დაკავებული ფართით სარგებლობის უფლების დათმობის სანაცვლო კომპენსაცია გაეცა დაკავებული ოთახების რაოდენობის მიხედვით, თუ ოჯახის რაოდენობის მიხედვით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თანხა გაიცემოდა მთლიან ოჯახზე და არა ოჯახის რომელიმე ცალკეულ წევრზე. ხელშეკრულების თანახმად კი, თ. ა-ამ განმარტა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში არის ერთადერთი უფლებამოსილი წარმომადგენელი ხსენებულ ორივე ოთახში რეგისტრირებული ყველა სრულწლოვანი პირის და იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს სასტუმრო ,...ის" N... ოთახსა და N... ოთახში რეგისტრირებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, რომ დევნილთა მიერ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მიიღოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია. ამ და ამავე ხელშეკრულებაში არსებული სხვა ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობა, ასევე, ხელშეკრულებაში მონაწილე სუბიექტების ნების ნამდვილობა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შემოწმებულია და დადგენილია ნოტარიუსის მიერ. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეზე ისევე, როგორც შესაბამის ოთახებში რეგისტრირებულ სხვა დევნილ პირებზე, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ, ფართით სარგებლობის უფლების დათმობის საფუძველზე გაცემულია ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია. ხელშეკრულების დადების დროს ოჯახი ირჩევდა ერთ წევრს, რომლის ანგარიშზეც დაირიცხებოდა საკომპენსაციო თანხა. ხელშეკრულებებში ნათლადაა გადმოცემული, რომ ოჯახის ერთი წევრი მიიღებდა თანხას, თანხის მიმღები, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა ოთახის გამოთავისუფლებას ოჯახის ყველა წევრისგან, ხოლო თანხის ამღებ პირად ვის მიუთითებდნენ, ეს მათი გადასაწყვეტი იყო.

რაც შეეხება სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სამინისტროსათვის გადმოგზავნილ წერილს და მის დანართ სიებს, რომლებშიც მითითებულია კომპენსირებულ პირთა ვინაობა, კასატორის განმარტებით, აღნიშნული სიები დგებოდა სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ. სამინისტრო ხელმძღვანელობდა სწორედ სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ შედგენილი სიებით, ვინაიდან ეს წარმოადგენდა სამინისტროსაგან დამოუკიდებელი ორი სუბიექტის ურთიერთგარიგებას. სიების შედგენაში სამინისტრო მონაწილეობას არ იღებდა და მასში მითითებული მონაცემების ნამდვილობას, თავის დროზე, სამინისტრო ვერ შემოწმდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, რადგან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ სასტუმრო „...ში" N... ოთახსა და N... ოთახში მაცხოვრებელ დევნილებზე გაცემულია ფულადი კომპენსაცია მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 ივნისის N03/8093 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კომპენსირებულად მიჩნევის თაობაზე კანონიერების შემოწმება და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელეების ლ. კ-ასა და მისი ოჯახის კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ, გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე, ფაქტობრივად ცხოვრობს. აღნიშნულიდან გამომდინარე უდავოა, რომ დევნილის რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ანალოგიური შინაარსის ჩანაწერს შეიცავს ასევე საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.9 პუნქტი, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, თუ დევნილი ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით ან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარებით ან რომელიმე უზრუნველყოფის ალტერნატიული ვარიანტით, იგი ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კომპენსირებულად და მასზე რაიმე სახის დახმარება აღარ გაიცემა, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტია ერთ ოჯახად ცხოვრება.

ოჯახის ცნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის განმარტებულია მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის გაცემის დროს მოქმედი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები დევნილი ოჯახის (მისი წევრების) ამგვარი სახის დანაწესს არ ითვალისწინებდა.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, მოხდა თუ არა მოსარჩელეების კომპენსირება ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, სასტუმრო ,,...ში“ არსებული ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, რომლის დასადგენად ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გამორკვევა ლ. კ-ა ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, სასტუმრო ,,...ში“ ცხოვრობდა თუ არა ერთ ოჯახად დედასთან - თ. ა-ასთან ერთად, რომელსაც საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ მიღებული აქვს კომპენსაცია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. კ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვის თაობაზე მოთხოვნის პასუხად ეცნობა, რომ მას უკვე მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია სასტუმრო „...ში“ მდებარე №... და №... ოთახების განთავისუფლების სანაცვლოდ.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ლ. კ-ა 1993 წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, სასტუმრო ,,...ში’’, თუმცა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ... წლიდან, მას შემდეგ, რაც დაოჯახდა. ლ. კ-ას ჰყავს ექვსი შვილი - ლუ. კ-ა, მ. კ-ა, ე. კ-ა, ი. კ-ა, მა. კ-ა და თ. კ-ა და მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ... წლიდან - დაოჯახების დღიდან, არის ქ. თბილისი, ...ს გამზირი №..., ბინა №....

2004 წლის 30 ოქტომბერს სს სასტუმრო ,,...ის’’ გენერალურ დირექტორსა და თ. ა-ას (მოსარჩელე ლ. კ-ას დედას), როგორც ქ. თბილისში, ...ის სახელობის მოედანზე №...-ში მდებარე სასტუმრო ,,...ის’’ №... და №... (ლუქსი) ოთახებში დროებით მცხოვრები ოჯახის წარმომადგენელს შორის დაიდო ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, თ. ა-ამ 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი (12 810) ლარის და 14000 აშშ დოლარის ეკვივალენტი (25 620) ლარის სანაცვლოდ იკისრა სს ,,სასტუმრო ...ის’’ №... და №... (ლუქსი) ოთახების გამოთავისუფლების ვალდებულება.

სს სასტუმრო ,,...ის’’ №... (ლუქსი) და №... ოთახებისთვის კომპენსაციის მიმღებ პირებად მითითებულ იქნენ - ბ. კ-ა, დ. კ-ა, თ. კ-ა, ლ. კ-ა, თ. ა-ა, ლუ. კ-ა, მ. კ-ა, ე. კ-ა და ა. ს-ი.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ლ. კ-ა კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული თ. ა-ას ოჯახის წევრად, ვინაიდან, ისინი არ ცხოვრობდნენ ერთად და არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (რა გარემოებაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო პირობაა დევნილი ოჯახის წევრად მიჩნევისათვის), უდავოდ დადასტურებულია, რომ ლ. კ-ას რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს სასტუმრო „...“ წარმოადგენდა 1993 წლიდან, თუმცა ... წელს ლ. კ-ამ სასტუმრო ,,...“ დატოვა. რაც დასტურდება ასევე მოწმეების დავით ურიდიას, მაგული ჯურხაძის, ზაალ ცინაძისა და გიორგი თურქიას განმარტებებით, რომელთა თანახმად, მოსარჩელე ლ. კ-ა ... წლიდან, მას შემდეგ, რაც დაოჯახდა, აღარ ცხოვრობდა სასტუმრო ,,...ში“ არსებულ ფართში, ამასთან, მათი თქმით, მოსარჩელეების ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ...ს ქ. N.... საქმეში წარმოდგენილი სსიპ თბილისის ... საჯარო სკოლის 2020 წლის 22 ოქტომბრის წერილით ასევე დასტურდება, რომ 2003 წლიდან სკოლის დასრულებამდე მოსარჩელე ლუ. კ-ას პირად საქმეში, მის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად ფიქსირდებოდა ქ. თბილისი, ...ს გამზირი N..., მე-... სადარბაზო, ბინა N... (2006 წლიდან ...ის გამზირი). ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან დასტურდება, რომ ლ. კ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, ... წლიდან წარმოადგენდა არა სასტუმრო ,,...ის“ N... ოთახი, არამედ ქ. თბილისი, ...ს გამზირი N... (ამჟამინდელი ...ის გამზირი N...). შესაბამისად, 2004 წლის 30 ოქტომბერს, სს „სასტუმრო ...ს“ დირექტორსა და თ. ა-ას შორის სანოტარო წესით გაფორმებული №1-4995 და №1-4998 ხელშეკრულებების დადებისას, თ. ა-ას ვერ ექნებოდა ლ. კ-ას თანხმობა, მისი სახელით გაეფორმებინა მსგავსი შინაარსის ხელშეკრულებები, ვინაიდან ამ პერიოდისათვის ლ. კ-ა არ წარმოადგენდა თ. ა-ას ოჯახის წევრს. იგი ... წლიდან დაქორწინებული იყო თ. კ-აზე და ფაქტობრივად დატოვებული ჰქონდა სასტუმრო ,,...ის“ შენობა. ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით თ. ა-ამ დაადასტურა იმ პირთა თანხმობა, რომლებიც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის (2004 წელი) მისი ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ და არ დაუდასტურებია ლ. კ-ას თანხმობა, რომელსაც ცალკე ოჯახი გააჩნდა. ამდენად, ლ. კ-ა ვერ მიიჩნევა საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის მიმღებ პირად. ამდენად, რაღაც დროის განმავლობაში ლ. კ-ას, ლუ. კ-ა, მ. კ-ა, ე. კ-ა სასტუმრო „...ში“ №... ოთახში დამისამართების ფაქტი, არ ქმნის მის კომპენსირებულ პირად მიჩნევის საფუძველს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ 2004 წლის 30 ოქტომბერს, სს სასტუმრო ,,...ის“ დირექტორსა და თ. ა-ას შორის სანოტარო წესით გაფორმებული №1-4995 და №1-4998 ხელშეკრულებებს, რომლითაც ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღო მოსარჩელის ლ. კ-ას დედის - თ. ა-ას ოჯახმა, თუმცა არ გაითვალისწინა აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მოსარჩელის თანხმობის არარსებობა, ასევე ის რომ მოსარჩელე ... წლიდან აღარ ცხოვრობდა მასთან ერთად სასტუმრო ,,...ში“.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეეზღუდა სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ კანონით გარანტირებული უფლება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 ივნისის N03/8093 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. მაკარიძე