Facebook Twitter

ბს-627(კ-22) 29 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.03.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჟ. ლ-ამ და მ. ხ-ამ 23.02.2021წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.01.2021წ. N03-167/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.2021წ. გადაწყვეტილებით ჟ. ლ-ას და მ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.01.2021წ. N03-167/ო ბრძანება, მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელის ოჯახთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.03.2022წ. საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე, როგორც არასათანადო მოპასუხე, ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.03.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.01.2021წ. N03-167/ო ბრძანებით მ. ხ-ას ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. მოცმულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია თუ რა მიზეზით შეიძლებოდა მოსარჩელეები მისამართზე არ ყოფილიყვნენ, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესწავლა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ცხადყოფდა მოსარჩელეთა რეალურად ცხოვრების ფაქტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე ჩასახლების ნგრევად ობიექტში, მაგ.: კომუნალური გადახდის ქვითრები ან აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, კომუნალური ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე, საცხოვრებელ ფართში არსებული მდგომარეობაც, იმ თვალსაზრისით, იყო თუ არა ის ადაპტირებული (აღჭურვილი სათანადო ნივთებით) ამ ოჯახის მუდმივად ცხოვრებისათვის. მნიშვნელოვანი იყო ასევე არა მხოლოდ ერთი მეზობლის (იმავდროულად მოსარჩელე მ. ხ-ას ბიძაშვილის), არამედ აღნიშნულ ობიექტში მცხოვრებ პირთა გარკვეული ნაწილის გამოკითხვა, რათა სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დარჩენილიყო პასუხგაუცემელი კითხვები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცულია აღნიშნულ ნგრევად ობიექტში, მოსარჩელეთა მეზობლად მცხოვრები, პირების: ლ. ს-ის, მ. ხ-ას, ლ. ტ-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ მოსარჩელეები 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობენ მისამართზე: ზუგდიდი, სოფ. ...ი (ყოფილი ...ის შენობა) და მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. განცხადებაში მითითებულია, რომ მონიტორინგის ჯგუფისთვის აღნიშნულ ობიექტზე მცხოვრებ არც ერთ მოსახლეს არ უთქვამს, რომ ეს ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობს. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე ნგრევად ...ის შენობაში მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი საჭიროებს არსებითად შესწავლას და გადაწყვეტას, რაც სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მხარის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტის დასადგენად, რეგისტრაციის მისამართი არ შეიძლება ჩაითვალოს რეალური საცხოვრებელი ადგილის დადგენის უტყუარ საშუალებად. ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარის რეალური საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება რეგისტრაციის მისამართისგან. საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმებიდან ცალსახად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეები არ ცხოვრობდნენ სადავო შენობაში. მხარემ თავად დაადასტურა, რომ გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა თბილისში ნათესავთან. რაც შეეხება კომუნალურ დარიცხვებს, აღნიშნული პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და სააგენტოს არ აქვს წვდომა კომუნალურ გადახდებთან დაკავშირებით. სააგენტო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას შეიჭრას დაკეტილ საცხოვრებელ ფართში და გადაამოწმოს პირობები. ამასთან, სააგენტოსთვის უფრო მნიშვნელოვანია ოჯახთან დაახლოებული პირის, მით უფრო ბიძაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ვიდრე შენობაში მცხოვრები მეზობლის, რომელსაც შესაძლოა არ ჰქონდეს დაზუსტებული ინფორმაცია მოსარჩელეთა ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.

კასატორმა აღნიშნა, რომ 03.12.2020წ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 68 ნგრევადი და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიქტის აღწერა, მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა განსაზღვრა. ერთ-ერთ ასეთ ობიექტს განეკუთვნება ზუგდიდის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე ...ის შენობა. 09.08.2013წ. N320 ბრძანების შესაბამისად მოხდა აღნიშნულ ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. 30.06.2020წ. მ. ხ-ამ განცხადებით მომართა სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ აღნიშნული ობიექტის აღწერის განხორციელების დროს მისამართზე არ იმყოფებოდა და ითხოვა, რომ მის საცხოვრებელ მისამართზე განხორციელებულიყო მონიტორინგი საცხოვრებელი პირობების შემოწმების მიზნით. 17.09.2020წ. მოსარჩელეების მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი, მ. ხ-ა ოჯახთან ერთად მითითებულ მისამართზე არ დახვდა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები გაესაუბრნენ მეზობელს - მ. ხ-ას, რომელიც ამავდროულად აღმოჩნდა მ. ხ-ას ბიძაშვილი და რომელმაც განაცხადა, რომ ვინაიდან მ. ხ-ას ვაჟი - დ. ხ-ა ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, მ. ხ-ა ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, რათა ექირავებინათ ბინა. 21.09.2020წ. მ. ხ-ამ კვლავ მომართა სააგენტოს განცხადებით და განმარტა, რომ ვინაიდან მისი უმცროსი შვილი სტუდენტია, ბინის დასაქირავებლად თბილისში წავიდნენ 16.09.2020წ., ხოლო ზუგდიდში დაბრუნდნენ 18 სექტემბერს დილით. კასატორის მითითებით სარჩელიდან ირკვევა სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაცია, კერძოდ სარჩელში მითითებულია, რომ მ. ხ-ას შვილი ცხოვრობდა თბილისში, რომელსაც შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და მოსარჩელე წავიდა თბილისში. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად არ ცხოვრობენ ნგრევად ობიექტში, რაც დასტურდება მათივე განცხადებებით, ისინი ცხოვრობენ თბილისში ნაქირავებ ბინაში. ის გარემოება, რომ მოსარჩელეები არ ცხოვრობენ სადავო მისამართზე დასტურდება იმითაც, რომ მხარისათვის გაგზავნილი სადავო ბრძანება ბიძაშვილს - მ. ხ-ას აქვს ჩაბარებული.

კასატორმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით აღნიშნა, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი სამინიტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა. ნგრევადი ობიექტის დახურვის დროს სააგენტოს გამოჰყავს იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების გარეშე. დევნილი ოჯახისათვის მსგავსი პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე გასახლება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. ამდენად, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრება არ დასტურდება ნეგრევად ობიექტში, სააგენტო ვერ ჩააყენებს დევნილ ოჯახს სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში და კრიტერიუმების და ქულათა სისტემის გარეშე ვერ გაასახლებს მას. აღნიშნული მიდგომა გამოიწვევს უსამართლობის განცდას და პროტესტის გრძნობას სხვა დასაკმაყოფილებელ დევნილ ოჯახებს შორის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელეები ჟ. ლ-ა და მ. ხ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართზე: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ...ი, ...ის შენობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. №77 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიას განსახილველად და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით წარედგინა ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტებში, მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული აღწერების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი რეესტრები აღნიშნულ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ დევნილ ოჯახთა შესახებ. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის არის ზუგდიდი, სოფელი ...ი, ...ის შენობა. ამავე ოქმის მიხედვით, მ. ხ-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.01.2021წ. N03-167/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №77), მ. ხ-ას უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ მონიტორინგის ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელის ოჯახი მონიტორინგის მისამართზე არ იმყოფებოდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ, აღნიშნულ ნგრევად ობიექტში, მოსარჩელეთა მეზობლად მცხოვრები, პირების: ლ. ს-ის, მ. ხ-ას, ლ. ტ-ას ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაზე, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ მოსარჩელეები 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობენ მისამართზე: ზუგდიდი, სოფ. ...ი (ყოფილი ...ის შენობა) და მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. განცხადებაში მითითებულია, რომ მონიტორინგის ჯგუფისთვის აღნიშნულ ობიექტზე მცხოვრებ არც ერთ მოსახლეს არ უთქვამს, რომ ეს ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობს. ამასთანავე, საქმეში დაცულია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობები, რომლითაც დადასტურებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ნგრევად ...ის შენობაში მოსარჩელეთა ფაქტობროვად ცხოვრების ფაქტი. წარმოდგენილია აგრეთვე სადავო მისამართზე, ა. ლ-ას სააბონენტო ბარათის ამონაწერი. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს არაერთი გზავნილი, მოსარჩელეებს ჟ. ლ-ას და მ. ხ-ას, ჩაბარებული აქვთ მითითებულ მისამართზე. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის ოჯახის მიერ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტს. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულია დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლის შემდეგ, გამოიკვლიოს კონკრეტულ მისამართზე მოსარჩელეების ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.03.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი