საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-545(კ-22) 28 სექტემბერი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ჯ. ლ-ა, მ. მ-ი, ე. ლ-ა, ლ. ლ-ა, ლი. ლ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 5 მარტს ჯ. ლ-ამ, მ. მ-იმა, ე. ლ-ამ, ლ. ლ-ამ და ლი. ლ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის №04/47447 გადაწყვეტილებისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 თებერვლის №03/2764 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელეების ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ლ-ას, მ. მ-ის, ე. ლ-ას, ლ. ლ-ასა და ლი. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 თებერვლის №03/2764 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის მითითებით, სააგენტო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსარჩელე მისი ოჯახის წევრებთან ერთად თბილისში დამისამართებულია 2016 წლის დეკემბრიდან და არა 2013 წლის 1 ივნისამდე, რაც მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მნიშვნელოვან კანონისმიერ პირობას წარმოადგენს. მხარეებს დევნილთა 2013-2014 წლის სავალდებულო რეგისტრაციის გავლის დროსაც არ მოუთხოვიათ მისამართის ცვლილება მაშინ, როცა მათთვის ცნობილი იყო, რომ რეგისტრაციის მისამართად მათ ქ. თბილისი არ უფიქსირდებოდათ. სასამართლომ აღნიშნული გარემოება სამართლებრივად არასწორად შეაფასა. სააგენტომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოარკვია, რომ მოსარჩელე ჯ. ლ-ა 2004 წლიდან 2016 წლამდე რეგისტრირებული იყო ქ. ზუგდიდში, ხოლო 2016 წლის დეკემბერში, პირადი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, მისი დამისამართება მოხდა ქ. თბილისში. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ასევე დადგინდა, რომ 2013 წლის 1 ივნისამდე სააგენტოს არქივში და ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში არ არის დაცული ჯ. ლ-ას განცხადება ქ. თბილისში რეგისტრაცია-დამისამართების საკითხთან დაკავშირებით. ამდენად, სააგენტომ მიიჩნია, რომ მას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ჯ. ლ-ა ქ. თბილისში რეგისტრირებულად განეხილა 2013 წლის 1 ივნისამდე.
კასატორის მითითებით, სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სადავო აქტი არის კანონიერი და სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტის ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ჯ. ლ-ას ოჯახისთვის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ დევნილი ოჯახი არ იყო რეგისტრირებული ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტსა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 2.1.4. ქვეპუნქტზე, სადაც განმარტებულია, რომ ქ. თბილისში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები - ჯ. ლ-ა, ე. ლ-ა, ლ. ლ-ა, ლი. ლ-ა არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.
დადგენილია, რომ 2019 წლის 16 ივლისს ჯ. ლ-ამ მეუღლესთან - მ. მ-ითან და შვილებთან - ე. ლ-ასთან, ლ. ლ-ასთან და ლი. ლ-ასთან ერთად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და ქალაქ თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის №04/47447 გადაწყვეტილებით ჯ. ლ-ას უარი ეთქვა მისი ოჯახის ქ. თბილისში საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი ქ. თბილისში რეგისტრირებული იყო 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ. ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 თებერვლის №03/2764 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. ლ-ას 2019 წლის 13 სექტემბრის №126760 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის №04/47447 გადაწყვეტილება. აღსანიშნავია სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოების არგუმენტაცია, რომლის თანახმად, დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით ჯ. ლ-ა 2016 წლის 2 დეკემბრამდე რეგისტრირებული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და 2016 წლის 2 დეკემბერს დარეგისტრირდა ქ. თბილისში.
სადავო საკითხზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
განსახილველ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ ჯ. ლ-ას ოჯახი 2003 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში. მისი ოჯახი (ჯ. ლ-ას გარდა) - მშობლები და და-ძმები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილნი იყვნენ ქ. თბილისში. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს არქივში ჯ. ლ-ას და მისი ოჯახის (მშობლების) საოჯახო ანკეტების მოძიება ვერ მოხერხდა. ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით - ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ...ის გამზ. №...-ში ჩასახლებულ დევნილთა სახელობით სიაში ჯ. ლ-ას ოჯახის აღრიცხვა ჯ. ლ-ას გარეშე, ავტომატურად არ ადასტურებს ამ უკანასკნელის სხვა მისამართზე რეგისტრაციის ფაქტს. ასევე აღსანიშნავია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ივლისის №04/40414 წერილის მიხედვით, 2006 წლის 12 ივნისიდან ჯ. ლ-ას ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ჯ. ლ-ა, რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისამართად ფიქსირდება: ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ...ის გამზ. №.... საყურადღებოა ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 19 ივნისის №05/01-14/4383 წერილი, რომლის მიხედვით, ჯ. ლ-ას მამა დევნილად რეგისტრირებულ იქნა 2003 წლიდან, როდესაც ჯ. ლ-ა წარმოადგენდა არასრულწლოვან პირს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით კი, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი. საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დასტურდება 2003 წლიდან 2013 წლის აგვისტომდე ქ. თბილისში, ...ის გამზ. №..., ბინა №101-ში ჯ. ლ-ას ცხოვრების ფაქტი. ამასთან, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 24 ივლისის საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ 2006 წლის 3 იანვარს ჯ. ლ-ას რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენდა გალი, სოფელი ...; 2010 წლის 15 ივნისიდან 2013 წლის 2 აგვისტომდე იგი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, მისამართის გარეშე, ხოლო 2013 წლის 2 აგვისტოდან 2016 წლის 21 სექტემბრამდე - მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., ბინა №11.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ მიიღებს მხედველობაში კასატორის პოზიციას 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ მოსარჩელე ჯ. ლ-ას ქ. თბილისში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 თებერვლის №03/2764 გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ის მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და სააგენტოს, საკითხის დამატებითი შესწავლის საჭიროების გამო, მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჯ. ლ-ას 2019 წლის 13 სექტემბრის №126760 ადმინისტრაციულ საჩივარზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის №04/47447 გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასაც.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებები შეაგროვოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის ან კანონით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე