№ბს-1115(კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. მ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია; მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 25 ივლისს გ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 28 ივნისის №164 განკარგულების ბათილად ცნობა და ამავე კომისიისათვის, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა №4-ის მ/ტ) გ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 28 ივნისის №164 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ. მ-ეის განცხადებაზე, ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა №4-ის მ/ტ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 28 ივნისის №164 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა გ. მ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა №4-ის მ/ტ) საკუთრების უფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს №... განაცხადით გ. მ-ემ მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩა №4-ში მდებარე 1637.00 კვ.მ ფართის ოდენობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი არის არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, რომელზედაც განთავსებულია ერთსართულიანი, აშენებულ მდგომარეობაში მყოფი არასაცხოვრებელი დანიშნულების მქონე შენობა ნაგებობა. №... სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობია 560.00 კვ.მ, ხოლო ქონების 2/3 წილის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე გ. მ-ე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №... მიმართვის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, საკითხის შესასწავლად №... სარეგისტრაციო განაცხადი გადაიგზავნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.
2019 წლის 18 ივნისის აქტის თანახმად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებმა ადგილზე გასვლით დაათვალიერეს სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი და დაადგინეს, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილია ლითონის ბადით, დგას მრავალწლიანი ნარგავები და შენობა-ნაგებობა.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 28 ივნისის №164 განკარგულებით გ. მ-ეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ გ. მ-ეის სალეგალიზაციო ობიექტში არ არის განთავსებული შენობა - ნაგებობა, რომელიც იქნებოდა სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც მიწის გრუნტთან უძრავად იქნებოდა დაკავშირებული, შექმნიდა გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრული იქნებოდა კედლებით.
სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხის მასალისგან დამზადებული ნაგებობა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შენობა-ნაგებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად არ გამოიკვლია და შეისწავლა განმცხადებელი გ. მ-ე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა შენობა-ნაგებობა, თუ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მის საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავედ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თუ მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთის აღიარებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ იგი ემიჯნებოდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, მაშინ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა სახეზე ხომ არ იყო დაინტერესებული პირი, რადგან №... სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ, რომლის ფართობია 560.00 კვ.მ. და ქონების მხოლოდ 2/3 წილის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე გ. მ-ე და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს მეორე მესაკუთრე უნდა ჩაება ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია რა ტიპის შენობა-ნაგებობა იდგა სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელი წლიდან ფლობდა გ. მ-ე სადავო ქონებას და რამდენად დაცულია მოთხოვნის სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა მხოლოდ ერთი საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხის შენობა. კომისიას სხვა პრეტენზია არ ჰქონია. საქმეში წარდგენილია კომისიის მიერ შედგენილი 2019 წლის 18 ივნისის ადგილზე დათვალიერების აქტი, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი შემოღობილია ლითონის ბადით, დგას მრავალწლიანი ნარგავები და შენობა-ნაგებობა. შენობა-ნაგებობის (ე.წ. ბლოკით აშენებული და მიწასთან მყარად დაკავშირებული) ამსახველი ფოტოსურათი ასევე ერთვის მოპასუხის შესაგებელს. შესაგებელს ერთვის სალეგალიზაციოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომლებზეც ასევე, მითითებულია, რომ ამ მიწის ნაკვეთზე დგას შენობა-ნაგებობა (დაშტრიხული) ნაწილი.
კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხის ერთ-ერთ შედავებას წარმოადგენდა მტკიცება, რომ გ. მ-ეის მითითებით ეს შენობა-ნაგებობა იყო ხის, რაც ასახულია კომისიის სხდომის ოქმში. კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილზე დათვალიერებისას შენობა-ნაგებობასთან ახლოს ვერ მივიდნენ, რადგან იქ იყო ძაღლი...(თუმცა 18.09.19წ. აქტში ჩაწერეს შენობა-ნაგებობა). შესაბამისად, კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი იმდენად უდავო და აშკარა იყო, რომ სასამართლო აბსოლუტურად სამართლიანად და დასაბუთებულად მივიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებამდე.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს პრეტენზია სააპელაციო საჩივარში კვლავ ხის სახლთან და უკვე სადავო მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოიშვა, რაზეც პასუხის გაცემაც საჭიროდ არ მიიჩნეს, ვინაიდან ეს საკითხი სადავო არც ადმინისტრაციული წარმოების და არც პირველი ინსტანციაში საქმის განხილვისას არ იყო სადავო. შესაბამისად, არც სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. მ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე კასატორის - გ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს №... განაცხადით გ. მ-ემ მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩა №4-ში მდებარე 1637.00 კვ.მ ფართის ოდენობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი არის არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, რომელზედაც განთავსებულია ერთსართულიანი, აშენებულ მდგომარეობაში მყოფი არასაცხოვრებელი დანიშნულების მქონე შენობა ნაგებობა. №... სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობია 560.00 კვ.მ, ხოლო ქონების 2/3 წილის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე გ. მ-ე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №... მიმართვის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, საკითხის შესასწავლად №... სარეგისტრაციო განაცხადი გადაიგზავნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.
2019 წლის 18 ივნისის აქტის თანახმად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებმა ადგილზე გასვლით დაათვალიერეს სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი და დაადგინეს, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილია ლითონის ბადით, დგას მრავალწლიანი ნარგავები და შენობა-ნაგებობა.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 28 ივნისის №164 განკარგულებით გ. მ-ეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ გ. მ-ეის სალეგალიზაციო ობიექტში არ არის განთავსებული შენობა - ნაგებობა, რომელიც იქნებოდა სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც მიწის გრუნტთან უძრავად იქნებოდა დაკავშირებული, შექმნიდა გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრული იქნებოდა კედლებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პიველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.
სადავო პერიოდში მოქმედი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. ხოლო მოქმედი რედაქციით თვითნებურად დაკავებული მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ნამდვილად არის განთავსებული შენობა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საკითხზე მსჯელობისას, არ მომხდარა დეტალური შესწავლა და იმ გარემოების დადგენა, თუ ფაქტობრივად როდიდან ფლობს მოსარჩელე მხარე მითითებულ მიწის ნაკვეთს, რა პერიოდში და რა ტიპის შენობა დგას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, მიწის ნაკვეთის მომიჯნავეობის საფუძვლით აღიარების მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგენს თუ არა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს ან ხომ არ არსებობდა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაინტერესებული პირების ჩამბის საჭიროება.
შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ის გარემოებები, რომლის შეფასებითაც, იგი უტყუარად შეძლებდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან მისი უსაფუძვლობის დადგენას.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. ამასთან, განსახილველი საქმის სწორად გადასაწყვეტად არსებითად მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა თუ რა საფუძვლით ითხოვდა მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას, ფაქტობრივად როდიდან ფლობს მოსარჩელე მხარე მითითებულ მიწის ნაკვეთს, რა პერიოდში და რა ტიპის შენობა დგას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და წარმოადგენს თუ არა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, ვინაიდან №... სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ, რომლის ფართობია 560.00 კვ.მ. და ქონების მხოლოდ 2/3 წილის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე გ. მ-ე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ წარმოებაში მეორე მესაკუთრის ჩაბმის საკითხი უნდა დამდგარიყო.
ამდენად, საკასაციო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის რეალური მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე 04.08.2020წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ა-ის (პნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება;
3. მ. ა-ის (პნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.08.2020წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი