ბს-745 (კს-21) 29 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ შ. მ-ი, თ. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - სს „ს...ი“
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ჭ...მა“, შ. მ-მა და თ. ჯ-ემ 21.07.2017წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2017წ. N...; N...; N...; N...; N...; N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.07.2017წ. განჩინებით შპს „ჭ...ის“ და შ. მ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2017წ. N... და N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.07.2017წ. განჩინებით შ. მ-ის და თ. ჯ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2017წ. N...; N...; N... და N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „ს...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2018წ. გადაწყვეტილებით შ. მ-ის და თ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შ. მ-ისა და თ. ჯ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინებით შ. მ-ის და თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო. პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინება შ. მ-ისა და თ. ჯ-ის წარმომადგენელს ჩაბარდა 18.06.2021წ., მხარისათვის ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 19 ივნისს და ამოიწურა 2021 წლის 28 ივნისს 24 საათზე. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ხნის მანძილზე სასამართლოში არ შესულა არანაირი განცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სსკ-ის 372-ე, 374.1,70-ე, 74.1, 60.1, 61.3, 368.5 მუხლებზე მითითებით დაასაბუთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შ. მ-ისა და თ. ჯ-ის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინება ჩაბარდა მხარეს 18.06.2021წ.. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით მათ ხარვეზი 2021 წლის 24 ივნისისათვის შეავსეს, კერძოდ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ფოსტას 24.06.2021წ. ჩააბარეს, რაც დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერით. ამასთანავე, სააპელაციო საჩივარზე ბაჟის გადახდის ქვითარიც 24.06.2021 წლით არის დათარიღებული. ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 24.06.2021წ. განჩინება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, სახეზეა მისი გაუქმების და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ-ის და თ. ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინებით შ. მ-ისა და თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც აპელანტებს განესაზღვრათ 10-დღიანი ვადა. ზემოაღნიშნული განჩინება შ. მ-ისა და თ. ჯ-ის წარმომადგენელს კ. ბ-ას გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 18.06.2021წ. ჩაბარდა პირადად კ. ბ-ას (ტ.2, ს.ფ. 110). განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 03.08.2021წ., რასაც ადასტურებს განცხადებაზე დასმული სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიის შტამპი (ტ.2, ს.ფ. 117), თუმცა განცხადებაზე თანდართული საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადება ფოსტას 24.06.2021წ. ჩაბარდა, რასაც ადასტურებს შესაბამისი პირის ხელმოწერა (ტ.2, ს.ფ. 120). აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს, რომ შ. მ-ის და თ. ჯ-ის განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე 24.06.2021წ. ჩაბარდა ფოსტას, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.08.2021წ.. ამასთანავე, განცხადებაზე თანდართული ბაჟის გადახდის ქვითრის მიხედვით დასტურდება, რომ შ. მ-ისა და თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარზე ბაჟი გადახდილია 24.06.2021წ..
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რაიმე საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის ათვლისას კანონმდებლობა მნიშვნელობას ანიჭებს დოკუმენტის ფოსტის ან ტელეგრაფისთვის დადგენილ ვადაში ჩაბარებას, კერძოდ, სსკ-ის 61.3 მუხლი განსაზღვრავს, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, ადრესატის მიერ გზავნილის მიღების და ფოსტისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღებს შორის სხვადასხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება. სსკ-ის 61.3 მუხლის დათქმის გათვალისწინებით გადამწყვეტი მნიშვნელობა დადგენილ ვადაში გზავნილის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღს ენიჭება. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადა 28.06.2021წ. 24 საათზე იწურებოდა, ხარვეზის შევსების თაობაზე აპელანტებმა განცხადება ბაჟის ქვითართან ერთად ფოსტის შესაბამის სამსახურს 24.06.2021წ. ჩააბარეს. ამდენად, აპელანტების მიერ დაცულ იქნა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. მ-ის და თ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინება და საქმე შ. მ-ის და თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი