№ბს-752(კ-22) 21 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - გენადი მაკარიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 2 დეკემბერს ნ. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2405/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისთვის (განცხადებით გათვალისწინებული პირებისთვის) საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.
სარჩელის თანახმად, ნ. მ-ი არის დევნილი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა შ. კ-ეესთან, თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი, 2016 წლიდან მათ შორის ქორწინება შეწყდა. არასრულწლოვან შვილებთან ერთად ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავის ბინაში, რომელიც სთხოვს ბინის დაცლას, წასასვლელი არსად აქვს და მან როგორც დევნილმა მიმართა მოპასუხეს, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი უთხრა არასაკმარისი ქულების გამო.
მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ. მ-ის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე მდებარე ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება მისი დედამთილის სახელზე. აღნიშნულ მისამართზე მონოტორინგის ჯგუფის მიერ ვიზიტი განხორციელდა ორჯერ - 2020 წლის 2 თებერვალს და იმავე წლის 17 აგვისტოს. ნ. მ-ის მეუღლე არ არის დევნილი, იგი მუშაობს საპატრულო პოლიციაში და საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, ასევე მოსარჩელის დეიდის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, სადაც მასთან ერთად ცხოვრობს ნ. მ-ის დედა და და. მოპასუხე უთითებს, რომ განცხადების შევსებისას მოსარჩელეს მიენიჭა 2.5 ქულა, თუმცა მოკვლევის ჩატარების შემდეგ მოაკლდა 1.5 ქულა, რადგან არასწორად იყო მითითებული ინფორმაცია ნათესავის, ახლობლის ბინაში ცხოვრებასთან დაკავშირებით. აღნიშნული არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ დევნილის ოჯახი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელია, თუმცა ამ ეტაპზე კომისიამ კანონიერად გადაწყვიტა და პრიორიტეტი მიანიჭა უფრო გაჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ საკმარისი ქულები და არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2405/ო ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. მ-ისთვის (განაცხადით გათვალისწინებული პირებისათვის) საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, მე-14 მუხლზე, მე-19 მუხლზე, მე-20 მუხლზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლზე, მე-2 მუხლზე, მე-3 მუხლზე, მე-6 მუხლზე, ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაზე, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანებაზე და განმარტა, რომ საქმის მასალების მიხედვით, ნ. მ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია იძულებით გადაადგილებამდე - ცხინვალი, ...ის ქ. კორპ. 3, ბინა .... დროებითი საცხოვრებელი ადგილი/რეგისტრაციის ადგილი - შიდა ქართლი, გორი, ...ის ქ. №.... სარეგისტრაციო №...; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: შიდა ქართლი, გორი, ...ის ქ. კორპ. ..., ბინა .... ნ. მ-ის განაცხადში მითითებული ჰყავს არასრულწოვანი შვილები - ნ. კ-ე (დაბ. ... წ. დევნილი) და ბ. კ-ე (დაბ. ... წ. დევნილი), რომელთა სარეგისტრაციო ნომერია - ..., მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - ცხინვალი, ...ის ქ. კორპ. ..., ბინა .... დროებითი საცხოვრებელი ადგილი/რეგისტრაციის ადგილი - შიდა ქართლი, გორი, ...ის ქ. №...; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: შიდა ქართლი, გორი, ...ის ქ. კორპ. ..., ბინა .... ნ. მ-ის დევნილ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი, განაცხადის გაკეთებისა და მონიტორინგის პროცესში არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ გორში, ...ის ქ. №...-ში, არასრულწლოვან ბავშვების ბებიის, ლ. ვ-ას საკუთრებაში არსებულ ბინაში. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით შეფასებულია 2.5. ქულით. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არაა გამხდარი, რომ ნ. მ-ი როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (დევნილი ოჯახი) ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.09.2020წ. გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №52) ნ. მ-ის დევნილ ოჯახს ეთქვა უარი გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ,,არასაკმარისი ქულის გამო (დააკლდა: ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.5. ქულა)“, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2405/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №52), ნ. მ-ის (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), არასაკმარისი ქულის გამო, იმ ეტაპზე უარი ეთქვა გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ. მ-ის დევნილ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, ალტერნატიული, ფაქტობრივი საცხოვრისი, რის გამოც დევნილი ოჯახი იძულებულია დროებით (პერიოდის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მესაკუთრის კეთილი ნება, ფინანსურ მდგომარეობა და ა.შ) იცხოვროს სხვის, თუნდაც ნათესავის/ახლობლის საკუთრებაში არსებულ ფართში ქირის გარეშე, რაც ამავდროულად არ გულისხმობს, რომ დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრისი, არ საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ნათესავის/ახლობელის საკუთრებით დროებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გულისხმობს ამ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავ შესაძლებლობას, არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან. სადაო პერიოდში მოქმედი ,,საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი’’ (დანართი N6) მიხედვით აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას შეფასდეს შესაბამისი კრიტერიუმით (1.5 ქულა). ამასთან, აღნიშნული შეფასების კრიტერიუმი (1.5 ქულა) გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ვინაიდან, საკანონმდებლო დანაწესის მიხედვით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. ამასთან, კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრება’’ სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედი ,,საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი’’ (დანართი №6) და მოქმედი ,,საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი’’ (დანართი №7) ნორმატიული დანაწესის მიხედვით, წარმოადგენს შეფასების კრიტერიუმს და იგი ფასდება 1,5 ქულით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დევნილი ოჯახისათვის ,,ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების გამო’’, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის ქულის (1,5) დაკლება და ამ საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა, ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიულ და კანონქვემდებარე მორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო.
,,ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე არ გათვალისწინა და უპირატესობა არ მიანიჭა მოსარჩელე დევნილი ოჯახის განაცხადში მითითებული პირების - არასრულწლოვანი ბავშვების (ასევე, დევნილების) საუკეთესო ინტერესებს, მათ კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესებს. მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ბავშვებს არ გააჩნიათ მუდმივი ალტერნატიული საცხოვრისი და შესაძლოა ნებისმიერ დროს აღმოჩნდნენ საცხოვრისის გარეშე. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარი და სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტის შეფასება - ,,არასაკმარისი ქულის გამო“ - მოსარჩელე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა შესაბამისი კრიტერიუმის (2,5.) მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ნ. მ-ის წინსწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 2,5 ქულა, მაგრამ წინასწარი შეფასება არ ნიშნავს, რომ ეს ქულა არის საბოლოო და არ მოხდება მისი გადაფასება. მართალია მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მას მიენიჭა აღნიშნული ქულა, მაგრა ქულა შემდეგ ექვემდებარება მონიტორინგის სამსახურის მიერ გადამოწმებას და თუ დადასტურდება, რომ მან არასწორად მიუთითა ინფორმაცია, მონიტორინგის სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას უფლება აქვს დააკლოს მხარეს ქულა. მოცემულ შემთხვევაში ნ. მ-ის საკითხი დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა 2020 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N52), რომლის მიხედვითაც ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც ჰქონდათ 2,5 და მეტი ქულა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით კი ირკვევა, რომ ნ. მ-ი ცხოვრობს არა ახლობლის ბინაში არამედ მისი მეუღლის შ. კ-ეის საკუთრებაში მისამართზე: ქ. გორი, დ. ...ის ქ. №..., ბინა №.... საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე 2015 წლიდან ცხოვრობს ...ის ქუჩაზე, რომელიც იყო მისი მეუღლის საკუთრება 2018 წლამდე, ხოლო შემდეგ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა დედას - ლ. ვ-ის. შესაბამისად დგინდება, რომ ნ. მ-ი ცხოვრობს მეუღლის საკუთრებაში და კრიტერიუმში - ნათესავის ახლობლის ბინაში ცხოვრების ნაწილში არასწორად ჰქონდა მინიჭებული 1,5 ქულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის ქულათა რაოდენობამ შეადგინა 1 ქულა, რაც არასაკმარისი იყო საცხოვრებლით დაკმაყოფილებისათვის. 2020 წლის 28 სექტემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის (ოქმი N52) თანახმად, 15 ოროთახიანი ბინის განაწილების მიზნით 199 განაცხადი გავიდა კომისიაზე, რომელთაც მიენიჭათ 2,5 და მეტი ქულა. გარდა ამისა საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ როგორც ნ. მ-ის მეუღლეს შ. კ-ეეს, ასევე მოსარჩელის დეიდას აქვთ საკუთრებაში უძრავი ქონება. არაერთი საკუთრება უფიქსირდება საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით მის დედამთილს ლ. ვ-ის, კერძოდ ქ. გორში, ...ის ქუჩა №..., ბინა №11, 104 კვ.მ; გ. ...ის ქუჩაზე ბინა №..., 72 კვ.მ; ქ. თბილისში, ... მე-... მ/რ კორპ №..., 31. კვ.მ. ასევე გორში სოფელ ...ში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, როცა სხვა დევნილ ოჯახებს არ გააჩნიათ არავითარი ალტერნატიული საცხოვრებელი და ცხოვრობენ ქირით ან ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ საცხოვრებელში, ხოლო მოსარჩელის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრების სახელზე ფიქსირდება არაერთი საკუთრება, მათ შორის ბინა ...ის ქუჩაზე, სადაც იგი ცხოვრობს ოჯახთან ერთად, რომელიც მისმა მეუღლემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა დედას ლ. ვ-ის. შესაბამისად, მოსარჩელეს სწორად ჩამოაკლო ადმინისტრაციულმა ორგანომ 1,5 ქულა და ამ ეტაპზე არასაკმარისი ქულების გამო ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკამაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნ. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, არასაკმარისი ქულების, ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების გამო მითითებული 1.5 ქულა მოაკლდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 9 ნოემბერს გამოსცა №03-2405/ო ბრძანება მოსარჩელე ნ. მ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მხოლოდ არასაკმარის ქულთა რაოდენობაზე მითითება გახდა.
დადგენილია, რომ ნ. მ-ი განცხადების საფუძველზე, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 2.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობების მიხედვით ნათესავის ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული 2,5 ქულიდან მოხდა 1,5 ქულის გამოკლება იმ საფუძვლით, რომ ნ. მ-ი ცხოვრობს არა ახლობლის ბინაში, არამედ მისი მეუღლის შ. კ-ეის საკუთრებაში მისამართზე: ქ. გორი, დ. ...ის ქ. №..., ბინა №....
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმით ნ. მ-ი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე ქალაქი გორი, ...ის №..., რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის მეუღლის, შ. კ-ეი დედის - ლ. ვ-იის სახელზე. მართალია, აღნიშნული უძრავი ნივთი შ. კ-ეემ 2018 წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ლ. ვ-ის, თუმცა საყურადღებოა, რომ მოსარჩელის განმარტებით ის დღეის მდგომარეობით აღარ არის შ. კ-ეის მეუღლე. ამასთან, სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ. ვ-იმა განმარტა, რომ მოსარჩელე ნ. მ-ი არის მისი ყოფილი რძალი, რომელიც ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მის საკუთრებაში, ბინა მან შეიძინა რუსეთში მუშაობისას საკუთარი სახსრებით, ხოლო ამჟამად მძიმე ეკონომიკური პირობების გამო სურს ბინის გაყიდვა და სთხოვს მოსარჩელეს მის გამოთავისუფლებას. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ი. გ-ი, რომელმაც განაცხადა, რომ ცხოვრობს ნ. მ-ის მეზობლად, ორჯერ პირადად შეესწრო უსიამოვნო, ხმამაღალ საუბარს, როდესაც ლ. ვ-იი ბინის დაცლას სთხოვდა მოსარჩელეს და ეუბნებოდა - ,,ჩემი პრობლემა არ არის სადაც გინდა წადი, მე ჩემი საკუთრება მჭირდებაო’’.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ რადგან შ. კ-ეეს, ასევე მოსარჩელის დეიდას და ლ. ვ-ის საკუთრების უფლებით აღრიცხული აქვთ უძრავი ნივთები, აღნიშნული წარმოადგენდა ნ. მ-ისათვის მინიჭებული 2,5 ქულიდან 1,5 ქულის შემცირების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის ცნებიდან გამომდინარე, პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ უნდა განხორციელებულიყო ნ. მ-ის ოჯახისათვის მინიჭებული 2,5 ქულის შემცირება, რადგან უდავოდ დასტურდება, რომ ქ. გორი, ...ის №...-ში მდებარე ბინის მესაკუთრე არ არის მოსარჩელის ოჯახის წევრი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ამდენად, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაედასტურებინა ნ. მ-ისათვის მინიჭებული 2,5 ქულის შემცირების საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში დევნილი ოჯახისათვის ,,ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების გამო’’ საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის ქულის (1,5) დაკლება და ამ საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა, ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიულ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ (დანართი №9) (შემდგომ –მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, ვისაც მინიჭებული ჰქონდათ 2,5 და მეტი ქულა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მინიჭებული ჰქონდა 2,5 ქულა, თუმცა იმის გამო, რომ მოხდა ,,ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების გამო’’ საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის ქულის (1,5) შემცირება, ნ. მ-ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული 2,5 ქულის შემცირების საფუძველი, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე