Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-465(კ-22) 27 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. მ. მ-დის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. მ. მ-დმა 2019 წლის 23 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 ივლისის №1000673359 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ს. მ. მ-დისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. მ. მ-დის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. მ. მ-დის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ს. მ. მ-დის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლზე და აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე მის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი. ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. სწორედ ამ ნორმებზე მითითებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა, რაც გახდა სააგენტოს სადავო აქტის გამოცემის საფუძველი.

პალატამ მიუთითა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწვეტილების მიღებისას საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშედარების საფუძველზე ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის, ამ გადაწყვეტილებაში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ასახვის სავალდებულობაზე. კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის (2019 წლის 24 ივლისის SSG4 19 00133352 წერილი) გაცნობის შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება. ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, დეპარტამენტს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების მითითება შეესაბამება კანონმდებლობას. პალატამ ჩათვალა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ფართო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული აქტი, რომელიც გამოიცა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ბინადრობის ნებართვის მიზანშეწონილობის საკითხზე შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. მ. მ-დის მიერ.

კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია, თუ რატომ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას ყველაზე მისაღებ და სწორ გადაწყვეტილებად მაშინ, როდესაც წინა პერიოდში, ბინადრობის ნებართვის გაცემისას, მოსარჩელის მიმართ არ არსებობდა ეჭვის საფუძველი. კასატორი მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის განკუთვნილი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი შედგენილია კანონით დადგენილი ვადის (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტ.) დარღვევით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი უნდა იყოს სააგენტოს მიერ 5-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სადავო აქტის გამოცემის კანონიერების საკითხი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. მ. მ-დის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ. მ-დის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში თავდაპირველი განცხადების წარდგენისას, ასევე ამჟამად მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის მე-17 მუხ. მე-10 პუნქტ.). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (მე-13 მუხ. მე-5 პუნქტ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 2019 წლის 24 ივლისის SSG 4 19 00133352 წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა. სადავო აქტი გამოიცა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელესათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ადასტურებს სადავო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 ივლისის №1000673359 გადაწყვეტილების კანონიერებას.

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია კანონით განსაზღვრული 5-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ შედგენილი ინფორმაციის საფუძველზე სააგენტოს მიერ სადავო აქტის გამოცემის კანონიერების საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება სასამართლოში ხდება კანონიერების (და არა მიზანშეწონილობის) თვალსაზრისით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, როგორც საქმიანობის სამართლებრივი ფორმის, დასაშვებობა (ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის ეს სამართლებრივი ფორმა), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება (დაცულია აქტის გამოცემისათვის საჭირო საგნობრივი და ტერიტორიული კომპეტენცია, ადმინისტრაციული წარმოების სახე და აქტის გამოცემის ფორმა) და მატერიალური კანონიერება (აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს). ამდენად, ზემოაღნიშნული წინაპირობებიდან ერთ-ერთის არდაცვა, ისევე, როგორც სამართლის ნორმის გამოყენება საქმის გარემოებების არასწორი გამოკვლევის შედეგად, შესაძლოა იქცეს მისი უკანონობის საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების შემოწმებისას სასამართლოსათვის თვალსაჩინო უნდა გახდეს, დაირღვა თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესები და არის თუ არა ეს დარღვევა არსებითი ხასიათის. განსახილველ შემთხვევაში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის 5-დღიანი ვადის დარღვევით შედგენის ფაქტი არ წარმოადგენს იმ სახის არსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გასაჩივრებული აქტის უკანონობა. ამდენად, საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის 5-დღიანი ვადის დარღვევით შედგენის საფუძველზე სადავო აქტის უკანონოდ მიჩნევასთან დაკავშირებით.

ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ს. მ. მ-დს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 26 ივლისის №13969973182 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს. მ. მ-დს (S. M. M-D, დ/თ: ... წ. ..., პასპორტის № ..., პ/ნ: ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. მ. მ-დის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება;

3. ს. მ. მ-დს (S. M. M-D, დ/თ: ... წ. ..., პასპორტის № ..., პ/ნ: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 26 ივლისს №13969973182 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე