საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-685(კს-21) 28 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ნა. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინება
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 22 იანვარს ნა. მ-მა სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის №... და 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ...აში, ...ის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში ... ფართზე ს/კ. ... ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ნა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნა. მ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის №... და 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ქ. ...აში, ...ის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში ... ფართზე (ს/კ ...) ნ. მ-ის საკუთრების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2020 წლის 21 ოქტომბერს ნ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლის განმარტებით, ახლადაღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N3/16-17), რომლითაც ნა. მ-მა საჯარო რეესტრს მიმართა და მოითხოვა ...აში, ...ის ქუჩაზე არსებული სავაჭრო რიგის პირველ სართულზე ... ფართზე, ს/კ ... ნ. მ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.
ნა. მ-მა განმეორებით მიმართა საჯარო რეესტრს ნ. მ-ის საკუთრებაში რიცხულ ფართზე რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე, ე.ი. იგივე მოთხოვნით, იგივე დავის საგანზე, იგივე საფუძვლით, რაზედაც საჩხერის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 26 ივლისს კვლავ მიიღო გადაწყვეტილება (საქმე N3/3-18) და ნა. მ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ნა. მ-მა გადაწყვეტილებები გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
ნ. მ-ის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ერთდროულად განიხილებოდა ნა. მ-ის ორი იდენტური სააპელაციო საჩივარი, რაც სსსკ-ის 186.1 მუხლის ,,გ“ პუნქტის საფუძველზე დაუშვებელი იყო. აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო როგორც რაიონული ისე სააპელაციო სასამართლოებისთვის.
განმცხადებლის განმარტებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გადაეცა 2020 წლის 5 ოქტომბერს. დასახელებული გადაწყვეტილება დაუშვებელს ხდიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 11 დეკემბერს N3/ბ-390-18 საქმე გადაწყვეტილების მიღებას, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სადავო გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით ნ. მ-ის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ და „ვ” ქვეპუნქტებზე და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ - „ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. იმავე კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნა. მ-მა 2016 წლის 22 სექტემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირის - ნ. მ-ის მიმართ და მოითხოვა (დაზუსტებული სარჩელით) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 სექტემბრის №... წერილის ბათილად ცნობა და ნ. მ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, (მდებარე, ...ა, ...ის ქუჩა ..., საკადასტრო კოდი №...) განხორციელებული რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება, იმ საფუძვლით, რომ ქ. ...აში, ...ის ქუჩაზე მდებარე ე.წ. სავაჭრო რიგი თავის დროზე იყო ერთი პირის მ. ყ-ის საკუთრება. 2006 წელს მ. ყ-ესა და ნ. მ-ეს შორის გაფორმდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ... სავაჭრო ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულება და ფართი აღირიცხა საჯარო რეესტრში ნ. მ-ის სახელზე. 2009 წლის 25 აპრილს მ. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის ასევე გაფორმდა ... ფართზე ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში ფართი აღირიცხა ა. დ-ის სახელზე. 2009 წლის 22 აგვისტოს ა. დ-ემ გაასხვისა აღნიშნული უძრავი ქონება ნა. მ-ზე. ერთი და იგივე უძრავ ნივთს მინიჭებული ჰქონდა სხვადასხვა საკადასტრო კოდი. ნ. მ-ე ითხოვდა ნა. მ-ზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. ნა. მ-მა თავის მხრივ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ს/კ N... რეგისტრირებული უძრავი ქონების ძალადაკარგულად ცნობა მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 22 იანვარს ნა. მ-მა სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის №... და 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ...აში, ...ის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში ... ფართზე ს/კ. ... ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. მოთხოვნის საფუძვლად კი მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, ნა. მ-ი ორივე შემთხვევაში ითხოვდა ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას, თუმცა - სხვადასხვა საფუძვლით. შესაბამისად, პალატამ მიუთითა, რომ ნ. მ-ის განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე და 430-ე მუხლების მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N3/16-17), რომელსაც განმცხადებელი ახლადაღმოჩენილ გარემოებად ასახელებს, კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით (აპელანტმა ნა. მ-მა გამოიხმო სააპელაციო საჩივარი და შეწყდა N3/ბ-522-17 ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო საქმის წარმოება). აღნიშნული განჩინების ასლი ნ. მ-ეს 2020 წლის 31 ივლისს გადაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და პირადად მას ჩაბარდა 2020 წლის 7 აგვისტოს. შესაბამისად, ნ. მ-ეს გზავნილის ჩაბარებიდან 1 თვეში უნდა მიემართა სასამართლოსთვის. ნ. მ-ე კი, განცხადებაში უთითებს, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მას გადაეცა 2020 წლის 5 ოქტომბერს და მიიჩნევს, რომ მას არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.1 მუხლის მოთხოვნა, რაც სასამართლოს განმარტებით არამართებული იყო.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, როგორც ახლადაღმოჩენილ გარემოებას, პალატამ აღნიშნა, რომ განცხადებაზე დართული დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორის, ი/მ ,,დ. რ-ის’’ 2020 წლის 14 ივლისის N006/1-0 ექსპერტიზის დასკვნა, ვერ ჩაითვლებოდა ახლადაღმოჩენილ გარემოებად, რამდენადაც მხარეს, სურვილის შემთხვევაში შეეძლო ასეთი დასკვნა, როგორც მტკიცებულება წარედგინა სასამართლოში საქმის განხილვისას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ განცხადების განხილვისას დარღვეულია რიგი საპროცესო ნორმები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ როგორც ტელეფონით ასევე წერილობით აცნობეს სასამართლოს, რომ სხვა სასამართლოში ჩანიშნული პროცესების გამო ვერ ცხადდებოდნენ პროცესზე. მათთვის ასევე უცნობი იყო სასამართლოს შემადგენლობის შესახებ, რის გამოც არ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეყენებინათ შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის 1 თვიანი ვადის ათვლასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით, სადაც არ არის მითითებული, რომ განჩინება დაუყოვნებლივ შედის კანონიერ ძალაში. აქედან გამომდინარე უცნობია თუ როდის შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განჩინება კანონიერ ძალაში. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა 2020 წლის 5 ოქტომბერს და კანონის დაცვით წარადგინა სასამართლოში განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. კერძოს საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ნა. მ-ის მიერ წარდგენილი სარჩელები იდენტური იყო, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არამართებულად განმარტა საქმის განხილვის დროს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესაძლებლობა, რადგან ექსპერტიზის დასკვნა შედგა საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი მტკიცებულებების საფუძველზე. აღნიშნული მტკიცებულებების გამოთხოვის ვალდებულება კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და 19–ე მუხლების საფუძველზე, რაც არ განუხორციელებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვის დავალებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სამართლებრივი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია: ერთი მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულებით, რომლის საბოლოო მიზანი არის სწორი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება საქმეზე; მეორე მხრივ, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებისადმი სანდოობით, რომელიც ვლინდება სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაში და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობაში. სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მე-19, 25-ე პ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული საფუძვლების არსებობისას (სუსგ №ბს-232(2კს-21), 10.02.2022).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. მ-ის განცხადება ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ (რომლის თანახმად, მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ) და „ვ“ ქვეპუნქტებს (რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მართალია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2021 წლის 18 მაისის განჩინებაში, ამავე სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განჩინებაზე მსჯელობისას ყურადღება გაამახვილა ნ. მ-ისათვის განჩინების ასლის გადაგზავნის და ჩაბარების თარიღზე, რასაც დაუკავშირა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.2 მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის ათვლა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. მ-ის განცხადება 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით დასაშვებად ცნო, განიხილა არსებითად და 2021 წლის 18 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას განმცხადებლისათვის 2020 წლის 30 ივლისის განჩინების ჩაბარების თარიღთან დაკავშირებით, გავლენა არ მოუხდენია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხ.) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხ.) კანონიერი ძალა. პირველი შემთხვევა გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა, რომლის წინაპირობაა გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსკ-ის 266-ე მუხ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი). საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, საპროცესო წესების დაცვით მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ.
ამავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) ფორმალურ კანონიერ ძალაში შესვლა არ უკავშირდება მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღს.
საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის დისპოზიციაში მოცემული რეგულაციიდან გამომდინარე განმარტავს, რომ დასახელებული ნორმების საფუძველზე საქმის წარმოების განახლებისათვის ერთი მხრივ უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მეორე მხრივ ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს მხარე. თუ მხარემ იცის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჯერ არ არის კანონიერ ძალაში შესული, მხოლოდ გადაწყვეტილების არსებობის ცოდნის ფაქტი, ვიდრე იგი არ შევა კანონიერ ძალაში, ვერ გახდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლის დაწყების საფუძველი, რადგან სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტი იმპერატიულად ავალდებულებს მხარეს სასამართლოს წარუდგინოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ.
2. რაც შეეხება საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის საფუძველს, ნ. მ-ეს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ერთდროულად არსებობდა ნა. მ-ის ორი სააპელაციო საჩივარი იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც დაუშვებელი იყო. სწორედ, ამ საფუძვლით და დამოუკიდებელი ექსპერტის - დ. რ-ის 2020 წლის 14 ივლისის №006/1-0 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ითხოვს განმცხადებელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს არსებობს თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს დაზუსტებული სარჩელით (საქმე №3/16-17) ნა. მ-მა მოითხოვა: 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 სექტემბრის №... წერილის ბათილად ცნობა და 2. ...აში, ...ის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში ... ფართზე (საკადასტრო კოდი №...) ნ. მ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ნა. მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო და უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება. დასახელებულ დავაში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ნა. მ-ი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ქ....აში, ...ის ქუჩაზე მდებარე ე.წ. სავაჭრო რიგი თავის დროზე იყო ერთი პირის მ. ყ-ის საკუთრება. 2006 წელს მ. ყ-ესა და ნ. მ-ეს შორის გაფორმდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ... სავაჭრო ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულება და ფართი აღირიცხა საჯარო რეესტრში ნ. მ-ის სახელზე. 2009 წლის 25 აპრილს მ. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის ასევე გაფორმდა ... ფართზე ხელშეკრულება და ფართი აღირიცხა ა. დ-ის სახელზე საჯარო რეესტრში. 2009 წლის 22 აგვისტოს ა. დ-ემ გაასხვისა აღნიშნული უძრავი ქონება ნა. მ-ზე. ერთი და იგივე უძრავ ნივთს მინიჭებული ჰქონდა სხვადასხვა საკადასტრო კოდი. ნ. მ-ე ითხოვდა ნა. მ-ზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რის გამოც ნა. მ-მა თავის მხრივ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ს/კ N... რეგისტრირებული უძრავი ქონების ძალადაკარგულად ცნობა მოითხოვა.
2018 წლის 22 იანვრის სარჩელით (საქმე №3/3-18) კი ნა. მ-ი ითხოვდა: 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის №... და 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ...აში, ...ის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში ... ფართზე (საკადასტრო კოდი №...) ნ. მ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების დავალებას. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ნა. მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება; ნა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის №... და 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ძალადაკარგულად გამოეცხადებინა ...აში, ...ის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში ... ფართზე ს/კ ... ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნულ დავაში მოთხოვნის საფუძვლად ნა. მ-ი მიუთითებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
ამდენად, მართალია ნა. მ-ი ორივე შემთხვევაში ითხოვდა ნ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას, თუმცა სხვადასხვა საფუძვლით. ერთ შემთხვევაში ნა. მ-ი ითხოვდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 სექტემბრის №... წერილის ბათილად ცნობას და მიუთითებდა ერთი და იგივე უძრავი ნივთისათვის სხვადასხვა საკადასტრო კოდის მინიჭებს ფაქტზე, ხოლო მეორე შემთხვევაში ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის №... და 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და ეყრდნობოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ №3/16-17 და №3/3-18 ადმინისტრაციულ საქმეებზე წარდგენილი სარჩელები არ წარმოადგენდნენ იდენტურ სარჩელებს, რადგან სასარჩელო მოთხოვნები ეფუძნებოდა სხვადასხვა საფუძველს.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოხმობილი ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების ახლად აღმოჩენის საფუძვლით. მითითებული სამართლებრივი დანაწესი განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიის შესაძლებლობას ისეთ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არსებული გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების ან/და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის თაობაზე პროცესის მონაწილე პირისათვის ობიექტურად არ იყო ცნობილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს ახლად გამოვლენილი გარემოებებისგან განასხვავებს ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ ახლად გამოვლენილი გარემოებები ობიექტურად არ არსებობს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში და ისინი წარმოიშობა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მაშინ, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებები არსებობს საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, თუმცა მათ შესახებ მხარისათვის არ არის ცნობილი. საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება არის იურიდიული ფაქტი, რომელიც არსებობდა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისათვის, თუმცა მის შესახებ არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი საქმის განხილვისას და მისი აღმოჩენა მოხდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნაში უტყუარად უნდა იყოს დადასტურებული, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება ან გარემოება არსებობდა საქმის განხილვის დროისათვის, ხოლო მხარემ მისი არსებობის შესახებ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა.
ამ კუთხით ასევე გასათვალისწინებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის №ბ-1825-7(ა-21) განჩინება, სადაც განიმარტა, რომ „საკასაციო სასამართლომ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას სადავო აქტების კანონიერება შეაფასა იმჟამად არსებული მდგომარეობით, ხოლო საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ წარმოშობილი განმცხადებლის მიერ დასახელებული გარემოებები, რაც რეალურად ვერ იარსებებდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. შპს „...ს“ მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად დასახელებული გარემოება თავისი არსით მიეკუთვნება არა ახლად აღმოჩენილ, არამედ ახლად გამოვლენილ გარემოებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე, რადგან სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ხოლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით საერთოდ არ არის გათვალისწინებული.“
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორის, ი/მ ,,დ. რ-ის’’ 2020 წლის 14 ივლისის N006/1-0 ექსპერტიზის დასკვნა, ვერ ჩაითვლება ახლადაღმოჩენილ გარემოებად, რამდენადაც მხარეს, სურვილის შემთხვევაში შეეძლო ასეთი დასკვნა, როგორც მტკიცებულება, წარედგინა სასამართლოში საქმის განხილვისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოცემული თავი, რომელიც განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) საქმის წარმოების განახლებას, წარმოადგენს არა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ საქმის განხილვის მორიგ ეტაპს, არამედ დასრულებული საქმის წარმოების საგამონაკლისო სახეს, რომელიც დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში კი არ არსებობს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სამართალწარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები.
4. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მისი დასწრების გარეშე საქმის განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (გასაჩივრებული განჩინების მიღების დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, ,,საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას“.
საქმეში არსებული მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული ნ. მ-ის განცხადება და მისი განხილვა დაინიშნა 2021 წლის 19 თებერვალს, 12:00 საათზე, აღნიშნულის შესახებ ეცნობა ნ. მ-ის წარმომადგენელს, ნ. გ-ეს, რომელმაც 2021 წლის 12 თებერვალს იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და სხდომა გადაინიშნა სხვა დროისათვის. ნ. მ-ის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და განცხადება განხილულ იქნა ნ. მ-ის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
საკასაციო სასამართლო სწორედ აღნიშნული მუხლისა და საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განეხილა განმცხადებლის დასწრების გარეშეც, ვინაიდან, მხარისთვის სასამართლოს სხდომის დღე ცნობილი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ის გარემოება, რომ მას ჰქონდა შუამდგომლობა კვლავ საქმის გადადების თაობაზე, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ვალდებულია ყოველთვის დააკმაყოფილოს მხარის შუამდგომლობა საქმის გადადების თაობაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც იმავე საფუძვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე გადაინიშნა სასამართლო სხდომა სხვა დროისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (გასაჩივრებული განჩინების მიღების დროს მოქმედი რედაქცია) მითითებით განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არ აქვს საპროცესო ნორმების დარღვევას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და ნ. მ-ის განცხადებაზე ხელახლა მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 423-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. არ დაკმაყოფილდეს ნ. მ-ის კერძო საჩივარი;
2. უცვლელად დარჩეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე