Facebook Twitter

ბს-1297(კ-20) 29 სექტემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. ნ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.2020წ. და 24.09.2020წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ნ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მერიის 21.09.2015წ. N634 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.10.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ დ. წ-ი და ძველი თბილისის რაიონის გამგეობა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2017წ. გადაწყვეტილებით რ. ნ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2020წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობა. ამავე სასამართლოს 17.09.2020წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. ნ-ეის შუამდგომლობა საბინაო წიგნის დედნის გამოთხოვის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.2020წ. განჩინებით რ. ნ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 05.05.2011წ. განცხადებით ძველი თბილისის რაიონის გამგეობას მიმართა რ. ნ-ეის წარმომადგენელმა და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. N21-ში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007წ. N73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ საფუძველზე. ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 22.07.2011წ. N02/100 განკარგულებით რ. ნ-ეის განცხადება დაკმაყოფილდა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. N21-ში, პირველ სართულზე მდებარე 18,70 კვ.მ. ფართი და მეორე სართულზე მდებარე 63.30 კვ.მ. ფართი, გაიცა საკუთრების მოწმობა, რ. ნ-ე მარეგისტრირებელ ორგანოში აღირიცხა მესაკუთრედ, მოგვიანებით რ. ნ-ეის მიერ აღნიშნული ფართები გასხვისდა. გამგეობის 22.07.2011წ. განკარგულება 12.09.2012წ. ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა დ. წ-ის მიერ. ქ. თბილისის მერიის 15.01.2013წ. N55 განკარგულებით დ. წ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 22.07.2011წ. N02/100 განკარგულება, საკუთრების უფლების მოწმობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 15.01.2013წ. N55 განკარგულება დ. წ-იმა სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.2013წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 15.01.2013წ. N55 განკარგულება და მერიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ მიუთითა საბინაო წიგნაკის ასლზე, რომლის მიხედვით, დ. წ-ი, ა. წ-ი და თ. წ-ი ისევე, როგორც რ. ა-ი-ნ-ე რეგისტრირებული იყვნენ ...ის ქ. N21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ამასთანავე, დ. წ-ის სახელზე 1959 წელს გაცემულ პასპორტში, სახლმმართველობის ცნობის საფუძველზე, მის მისამართად მითითებული იყო თბილისი, ...ის ქუჩა N21. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერია ვალდებული იყო საკითხის ხელახლა განხილვისას ემსჯელა წარმოადგენდა თუ არა რ. ნ-ე სადავო ბინის ერთადერთ კანონიერ მოსარგებლეს, შეეფასებინა რ. ნ-ეისთვის საკუთრების უფლების მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად იქნა დატოვებული, რა დროსაც დამატებით აღინიშნა, რომ შეფასებას საჭიროებდა დ. წ-ის მიერ სადავო ფართით სარგებლობის შეწყვეტისა და ხელშეშლის საკითხები. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 12.11.2013წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემულ იქნა 21.09.2015წ. N634 ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა დ. წ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 22.07.2011წ. N02/100 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მერიის მიერ დადგინდა, რომ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქ. თბილისში, ...ის ქ. N21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საბინაო წიგნის თანახმად, რ. ნ-ესთან ერთად კანონიერ მოსარგებლეებს წარმოადგენდნენ ამ უკანასკნელის შვილი - ი. ნ-ე, ასევე დ. წ-ი და თ. წ-ი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა, რომ ვინაიდან სადავო ფართის პრივატიზება მოითხოვა მხოლოდ რ. ნ-ემ, ხოლო კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფიქსირდებოდნენ სხვა კანონიერი მოსარგებლეებიც, მათ შორის, საჩივრის ავტორი - დ. წ-ი, განმცხადებელი ვალდებული იყო ადმინისტრაციულ ორგანოში წარედგინა დანარჩენი კანონიერი მოსარგებლეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მის სასარგებლოდ კუთვნილი წილის დათმობის შესახებ, რასაც ადგილი არ ჰქონია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, გამგეობის მიერ არ იქნა გამოკვლეული ი. ნ-ეის, დ. წ-ისა და თ. წ-ის მიერ სადავო ბინით სარგებლობის ფაქტი, სარგებლობის შეწყვეტისა და შესაძლო არამართლზომიერი ხელშეშლის საკითხები. მერიამ მიუთითა აგრეთვე თ. ხ-ის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებასა და შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოსადმი არსებულ განცხადებებზე. თ. ხ-ის განცხადების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. N21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით დ. წ-ისა და რ. ნ-ეს შორის იყო უთანხმოება, თ. ხ-ის 1999 წლიდან 2010 წლამდე დ. წ-ისაგან ნაგირავები ჰქონდა სადავო ფართის ნაწილი, თუმცა 2010 წელს რ. ნ-ეის შვილის მითითების საფუძველზე იძულებული გახდა დაეტოვებინა ეს ფართი. მერიამ მიუთითა აგრეთვე დ. წ-ის რეგისტრაციის მისამართისა და კომუნალური გადახდის ქვითრების შეფასების საჭიროებაზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გამგეობის 22.07.2011წ. N02/100 განკარგულება მიღებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ საფუძველზე, რომლის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამომწურავად განსაზღვრავდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოში მოქალაქის მიერ წარდგენილ განცხადებაზე დასართავ დოკუმენტთა ნუსხას, რომელთა შორის მითითებული იყო კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული იყო რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდებოდა კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ. გამგეობის 22.07.2011წ. N02/100 განკარგულება გამოიცა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საბინაო წიგნის საფუძველზე, სადაც კანონიერ მოსარგებლედ მითითებულნი იყვნენ, როგორც რ. ნ-ე, ასევე ი. ნ-ე, დ. წ-ი და თ. წ-ი. დადგინდა, რომ გამგეობაში არ იყო წარდგენილი ი. ნ-ეის, დ. წ-ის და თ. წ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები მითითებული ბინაზე კუთვნილი წილის რ. ნ-ეის სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. ამდენად, პალატამ გაიზიარა მერიის 21.09.2015წ. N634 სადავო ბრძანებაში ასახული მოსაზრება გამგეობის 22.07.2011წ. N02/100 განკარგულების გამოცემისას გამგეობის მიერ საქმის გარემოებათა არასრულად გამოკვლევის შესახებ და აღნიშნა, რომ გამგეობის მიერ არ იქნა გამოკვლეული რ. ნ-ეის გარდა საბინაო წიგნში მითითებული სამი პირის მიერ სადავო ბინით სარგებლობის ფაქტი, სარგებლობის შეწყვეტის პერიოდი და საფუძველი, სარგებლობაში შესაძლო არამართლზომიერი ხელშეშლის გარემოებები, ხელშეშლის აღკვეთის მიზნით უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვის ფაქტი და სხვ.. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ რ. ნ-ემ ვერ დაადასტურა მერიის სადავო აქტის არამართლზომიერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.2020წ და 24.09.2020წ. განჩინებები რ. ნ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნა, რომ იგი იყო სადავო ფართის ერთადერთი კანონიერი მოსარგებლე. მერიის სადავო ბრძანების გამოცემისას სრულად იქნა უგულებელყოფილი ის, რომ გამგეობის 22.07.2011წ. განკარგულება იყო აღმჭურველი აქტი, რომლის მიმართ რ. ნ-ეს კანონიერი ნდობა ჰქონდა. კასატორი თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას მერიამ დაარღვია სზაკ-ის მოთხოვნები, რადგან რ. ნ-ეს არ გადაეცა ზეპირი მოსმენის შემდეგ დ. წ-ის მიერ წარდგენილი მასალები. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007წ. N73 ბრძანებულებით დამტკიცებული „წესის“ თანახმად, ფართზე უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ იმ პირს, რომელსაც გააჩნდა კანონიერი სარგებლობის დამდგენი დოკუმენტი და ამავე დროს ფაქტობრივად სარგებლობდა კონკრეტული ფართით. დ. წ-ი თავადვე ადასტურებს, რომ მან ფართის მფლობელობა წლების წინ შეწყვიტა, ამასთანავე, არ დგინდება რ. ნ-ეის მიერ დ. წ-ის სარგებლობისათვის უკანონო ხელშეშლის ფაქტი, შსს ორგანოებში სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე განცხადება დ. წ-ის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ რ. ნ-ეისათვის საკუთრების გადაცემიდან 1 წლის შემდეგ. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში დაცული საბინაო წიგნის ასლის ავთენტურობა სადავოა, საქმის განხილვისას საბინაო წიგნის დედანი წარდგენილი არ ყოფილა, არსებული ასლიდან ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება სადავო ფართში დ. წ-ის ჩაწერის ფაქტი. კასატორის შუამდგომლობის მიუხედავად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს საბინაო წიგნის დედანი არ გამოუთხოვიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება ერთადერთ კანონიერ მოსარგებლედ მისი მიჩნევის შესახებ, რადგან საბინაო წიგნის ასლში არ ხდება მხოლოდ რ. ნ-ეზე მითითება. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ რ. ნ-ეის გარდა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულები არიან აგრეთვე დ. წ-ი, ა. წ-ი და თ. წ-ი, ამასთანავე, დ. წ-ის სახელზე 1959 წელს გაცემულია პასპორტი, სადაც სახლმმართველობის ცნობის საფუძველზე მის საცხოვრებელ მისამართად აღნიშნულია თბილისი, ...ის ქ. 21. ეს გარემოებები დადასტურებულად არის აგრეთვე მიჩნეული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 12.11.2013წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც ქ. თბილისის მერიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევა, კანონიერი სარგებლობის უფლების დამდგენ დოკუმენტში - საბინაო წიგნში ასახული მონაცემების შეფასება და იმ ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინება, რომლის თანახმად, თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრების უფლების გადაცემა ხდება ერთ-ერთი მათგანისთვის, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენას საჭიროებს დანარჩენ მოსარგებლეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, რაც განსახილველ შემთხვევაში რ. ნ-ეისთვის კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ 22.07.2011წ. გადაწყვეტილების მიღებისას გამგეობაში წარდგენილი არ ყოფილა. მართალია საქალაქო სასამართლოს 12.11.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2014წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს 12.11.2013წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება საქმის გარემოებათა გამოკვლევის საჭიროების შესახებ და დამატებით მიუთითა, რომ გამოკვლევას საჭიროებდა აგრეთვე სადავო ფართის დ. წ-ის მიერ სარგებლობის ფაქტი, ასევე სარგებლობის შეწყვეტის პერიოდი და საფუძვლები, სარგებლობაში შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ხელშეშლის საკითხი. აღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო პალატის მიერ (სუსგ 21.10.2014წ. N363-359(2კ-14)). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ყველათვის, მათ შორის სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოსათვის სავალდებულოობა ნორმატიულად არის განმტკიცებული, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას („საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხ.). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო 21.09.2015წ. ბრძანება გამოიცა სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 12.11.2013წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მის შესასრულებლად. სადავო აქტით გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. მერიის მოსაზრებით შეფასებას საჭიროებდა კანონიერი სარგებლობის დამდგენ დოკუმენტში რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის მითითების საკითხი, გასათვალისწინებელი იყო ფართის ერთ-ერთი მოსარგებლისათვის საკუთრების გადაცემამდე დანარჩენი მოსარგებლეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობ(ებ)ის წარდგენის საჭიროება, გამოსაკვლევი იყო რ. ნ-ეის გარდა საბინაო წიგნში მითითებული სხვა პირების მიერ ფართით სარგებლობის ფაქტი, სარგებლობის დასრულების პერიოდი და საფუძვლები, სარგებლობაში შესაძლო უკანონო ხელშეშლის, ამ გარემოების თავიდან ასაცილებლად უფლებამოსილი ორგანოებისათვის მიმართვის ფაქტები. ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში არსებული მითითებებისა და მერიის სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო 21.09.2015წ. ბრძანება გამოცემულ იქნა სასამართლოს მითითებების შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, რის გამო მისი კანონშეუსაბამოდ მიჩნევის საფუძვლები არ იკვეთება.

კასატორის მოსაზრება, რომ მისი კანონიერი ნდობის გამო დაუშვებელი იყო აღმჭურველი აქტის - ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 22.07.2011წ. N02/100 განკარგულების ბათლად ცნობა, არ არის დასაბუთებული, რადგან კანონიერი ნდობა გამოირიცხება დაინტერესებული პირის უკანონო ქმედების შემთხვევაში (სზაკ-ის 601.5 მუხ.), ამასთანავე, არამართლზომიერი აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა დასაშვებია, თუ იგი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს (სზაკ-ის 601.4 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ რ. ნ-ესა და დ. წ-ის შორის არსებობდა დავა ფართით სარგებლობასთან დაკავშირებით, ამასთანავე, კანონიერი სარგებლობის უფლების დამდგენ დოკუმენტში - საბინაო წიგნში რ. ნ-ეის გარდა მითითებული იყვნენ სხვა პირებიც, მათ შორის დ. წ-ი. უდავოა, რომ დროის გარკვეული პერიოდი დ. წ-ი სარგებლობდა სადავო ფართით, საქმეში დაცულია თბილისში, ...ის ქ. N21-ში დ. წ-ის რეგისტრაციის დამდგენი მტკიცებულებებიც (მაგ.: პირადობის მოწმობის ასლი, კომუნალური ქვითრები და სხვ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების მითითებებისა და კანონიერ მოსარგებლეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობ(ებ)ის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენის საჭიროების შესახებ ერთმნიშვნელოვანი ნორმატიული დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 22.07.2011წ. N02/100 განკარგულებით დამდგარი შედეგის კანონიერების მიმართ რ. ნ-ეის ნდობის წარმომშობი საფუძვლების არსებობა.

კასატორის მითითება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი გარკვეული მტკიცებულებები ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში მას არ გადასცემია, არ ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას, რადგან ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა თუ გამოცემის პროცედურული წესის დარღვევა მხოლოდ მაშინ იწვევს აქტის ბათილად ცნობას, თუ დასტურდება დარღვევის არსებითი ხასიათი და დარღვევის არარსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა (სზაკ-ის 601 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში რ. ნ-ე მსგავს გარემოებებზე ვერ უთითებს, გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სასამართლო წარმოების ფარგლებში მას მიეცა საქმის მასალების სრულად გაცნობის, საქმეში დაცული დოკუმენტაციის მიმართ თავისი მოსაზრებების დასაბუთების შესაძლებლობა, თუმცა მან ვერ დაადასტურა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო 21.09.2015წ. N634 ბრძანებით დამდგარი შედეგის უსწორობა.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ დ. წ-იმა წლების წინ თავისი ნებით და არა რ. ნ-ეის უკანონო ხელშეშლის შედეგად შეწყვიტა ფართით სარგებლობა, აღნიშნული არ ადასტურებს სადავო აქტის კანონშეუსაბამობას, რადგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამგეობას მათ შორის აღნიშნული გარმოების გამოკვლევა დაავალა, რის შედეგად გამგეობა ვალდებული გახდა დაედგინა დ. წ-ის მიერ ფართით სარგებლობის შეწყვეტის საფუძვლები, მერიის სადავო აქტით მიეთითა მხოლოდ გამოსაკვლევ გარემოებასა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს აგრეთვე საბინაო წიგნის დედნის გამოთხოვის საჭიროებას, სათანადოდ არ დგინდება მის მიერ საბინაო წიგნის დედნის გამოთხოვისა და სასამართლოში წარდგენის შემაფერხებელი გარემოებების არსებობა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულია დ. წ-ის სარჩელის საფუძველზე მოპასუხე ქ. თბილისის მერიის, მესამე პირის - რ. ა-ი-ნ-ეის და იდენტური დავის საგნის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.2020წ. და 24.09.2020წ. განჩინებები;

3. ზ. დ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 14.01.2021წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე