№ბს-791(კ-22) 12 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. ნ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. ნ-ამ 2020 წლის 31 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანება, მოსარჩელე დ. ნ-ას ოჯახის, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ. ნ-ას ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას მიმართა განაცხადით საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე. მოსარჩელის განაცხადთან დაკავშირებით კომისიის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განაცხადი შეფასდა 17.5 წინასწარი სარეიტინგო ქულით. კომისიამ 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის სხდომაზე განიხილა განაცხადები, რომელთაც კომისიის 29.02.2020წ. №15 ოქმის შედეგად მინიჭებული ჰქონდათ 16 და მეტი წინასწარი სარეიტინგო ქულა. კომისიამ №21 ოქმით მოსარჩელის განაცხადთან დაკავშირებით მიიღო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას, აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ამჟამინდელი საცხოვრებლით, იმავე სოფელში (იგულისხმება მოსარჩელის დის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, სადაც ამჟამად დროებით ცხოვრობს მოსარჩელის ოჯახი). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსცა 15.12.2020წ. №03-3093/ო ბრძანება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განაცხადების არდაკმაყოფილების თაობაზე.
მოსარჩელის მითითებით მისი ოჯახი ამჟამინდელ სხვის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში იმყოფება დროებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და საცხოვრებლის გამოთავისუფლებას მისგან მოითხოვს სახლის მესაკუთრე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანება, მოსარჩელე დ. ნ-ას, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ. ნ-ას ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ. ნ-ას ოთხსულიანი ოჯახი - ც. ნ-ა, ხ. ბ-ა, კ. ბ-ა არიან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტები. ოჯახის ფაქტიური საცხოვრებელი მისამართია ...ის რაიონი, სოფელი .... დაზარალების მისამართი - ...ი, სოფელი ....
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2021 წლის 25 მარტის მდგომარებით დ. ნ-ას ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან, დ. ნ-ა, ც. ნ-ა, ხ. ბ-ა, კ. ბ-ა. ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა - ..., ოჯახი იღებს შემწეობას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ 2019 წლის აპრილის თვეში ვიზუალური დათვალიერების შედეგად მომზადდა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მცხოვრები მოქალაქე დ. ნ-ას საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის შესახებ. დადგინდა, რომ დ. ნ-ას საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ს ცნობილი ტექტონიკური მეწყრის დასავლეთ ნაწილში, რომელიც გეოლოგიურად აგებულია პალეოგენ-ნეოგენის ქანებით და ლითოლოგიურად წარმოდგენილია თიხებით, ქვიშაქვებით და მერგელებით. ძირითადი ქანები გადაფარულია მეოთხეულის ბრექჩიებით, დელუივიური და კოლოვიური ნალექებით, რომელთა სიმძლავრე 20 მეტრის ფარგლებში მერყეობს. საცხოვრებელი სახლი მეწყრულ ბლოკზეა აშენებული. გეოლოგიური თვალსაზრისით ტერიტორია აქტიურია და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია პროცესის გააქტიურება თანმხლები უარყოფითი შედეგებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად მოსარჩელე დ. ნ-ას ეკომიგრანტ ოჯახს მიანიჭა ჯამურად 17.5 ქულა.
მოსარჩელის დის - ც. ნ-ას საკუთრებაში ირიცხება ...ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 1861.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულია №1 და №2 შენობა-ნაგებობა, ს/კ ....
2020 წლის 2 ოქტომბრის გადამოწმების ოქმის მიხედვით, დ. ნ-ას ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან, დ. ნ-ა, მეუღლე - ც. ნ-ა, შვილიშვილი - კ. ბ-ა, შვილიშვილი - ხ. ბ-ა. ოჯახი ცხოვრობს დაზიანებული სახლის გვერდით, რომელიც ეკუთვნის დ. ნ-ას დას ც. ნ-ასა და ძმას ზ. ნ-ას. საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მეწყრული პროცესების გამო. ოჯახი ამ ეტაპზე ცხოვრობს იმავე სოფელში, დედმამიშვილების საცხოვრებელ სახლში. ძმა გარდაცვლილია და მისი ოჯახი ცხოვრობს ფოთში, ხოლო და ცხოვრობს იმავე სოფელში მეუღლის ოჯახში. შვილიშვილები იზრდებიან დ. ნ-ასთან, ხოლო მათი მშობლები ცხოვრობენ იმავე სოფელში საკუთარ სახლში. სახლი, რომელშიც ახლა ცხოვრობს ოჯახი, ძმის გარდაცვალების შემდეგ ეკუთვნის დას ც. ნ-ას.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2020 წლის 2, 3, 4, 7 დეკემბრის №21 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ. ნ-ას განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ შეუფერხებლად შეუძლია ისარგებლოს ოჯახის წევრის საკუთრებით, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონებით და არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას.
საქმის ზეპირი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ც. ნ-ამ განმარტა, რომ არის დ. ნ-ას და, მოხუცებულ მშობლებს თავად უვლიდა, ამიტომ მშობლებმა სახლი მას მისცეს. როდესაც დაიმეწყრა დ. ნ-ას სახლი, დროებით დ. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მის კუთვნილ სახლში გადავიდა. ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, გარდაცვლილი ჰყავს რძალი და ობოლი შვილიშვილები - მისახედი. სჭირდება კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და ძმის ოჯახს
სთხოვს გამოთავისუფლებას.
მოწმე ე. ნ-ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს ც. ნ-ას მეზობლად. ვინაიდან ც. უვლიდა მშრობლებს, სახლი მას დაუტოვეს. დ. ნ-ას მეუღლე იყო ავად, შვილი ჰყავდა გარდაცვლილი და ვერ შეძლო მან მშობლების მოვლა. თავად შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც ც. ნ-ამ სთხოვა დ. სახლის გამოთავისუფლება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ პროცედურის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 მუხლის მე-12 და მე-17 პუნქტებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა დ. ნ-ას ოჯახის მიერ დის (ც. ნ-ა) საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობა (უძრავი ქონება მდებარე - ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები). ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ - ც. ნ-ამ (დ. ნ-ას და) განმარტა, რომ საჭიროებს კუთვნილ საცხოვრებელ სახლს და ძმას (დ. ნ-ა) სთხოვს სახლის გამოთავისუფლებას. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ე. ნ-ამ (ც. ნ-ას მეზობელი).
პალატის განმარტებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობის საფუძველზე გამოტანის საფუძველი ფაქტობრივი თვალსაზრისით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალები არ ადასტურებდა სხვა ეკომიგრანტ ოჯახთა შესახებ კვლევის არსებობას, რაც შეიძლება შედარებოდა მოსარჩელის ფაქტობრივ მდგომარეობას. იმავდროულად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არასწორ სამართლებრივ შეფასებას ახდენდა იმ სამართლებრივი ნორმებისა, რომლის საფუძველზეც ევალებოდა გადაწყვეტილების მიღება და ფაქტობრივად ნორმატიული აქტების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ უარს ეუბნებოდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახს (ეკომიგრანტს) განსახლებასა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემაზე, ვინაიდან დროებითი ფართით სარგებლობის შესაძლებლობას უარყოფითი გადაწყვეტილების ავტომატურ საფუძვლად განიხილავდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანება უარის თქმის შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. აქტის გამოცემისას დაცულია, როგორც აქტის ფორმალური კანონიერება, ასევე მატერიალური კანონიერება. მისი გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზედმიწევნით დეტალურად იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ გარემოებას დააფუძნა, რომ სხვისი საკუთრებით დროებით სარგებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის უარის თქმის საფუძველი.
დ. ნ-ამ (ეკომიგრანტი) ოჯახის წევრებთან ერთად (კ. ბ-ა, ხ. ბ-ა, ც. ნ-ა) შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, მან დააგროვა 17.5 ქულა: საცხოვრებელ სახლს აღენიშნება პირველი კატეგორიის დაზიანება - 10 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა; ოჯახის წევრი ან წევრები არიან შშმ პირები - 1.00 ქულა; სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა - 0.50 ქულა. 2013 წლის 13 ნოემბრის №799-ე ბრძანების შესაბამისად მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე (...ის რაიონი, სოფ. ...) 2020 წლის 10 ოქტომბერს განხორციელდა ადგილზე შემოწმება და შეივსო შესაბამისი ფორმა. საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მეწყრული პროცესებით. ოჯახი ცხოვრობს დაზიანებული სახლის გვერდით იმავე სოფელში, რომელიც ეკუთვნის დ. ძმას ზ. და დას - ც.. ძმა გარდაცვლილია და მისი ოჯახი ცხოვრობს ფოთში, ხოლო და ცხოვრობს იმავე სოფელში მეუღლის ოჯახში. განაცხადში შეყვანილი შვილიშვილების მშობლები ასევე ცხოვრობენ იმავე სოფელში საკუთარ სახლში. დ. ნ-ას ოთხივე შვილი დაოჯახებულია და ცხოვრობენ სხვა მისამართზე თავიანთ ოჯახებთან ერთად.
მონიტორინგის მასალები წარედგინა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას. კომისიამ 2020 წლის 2, 3, 4, 7 დეკემბრის (სხდომის ოქმი №21) სხდომაზე განიხილა მოქალაქე დ. ნ-ას ოჯახის საკითხი და არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. დ. ნ-ას ოჯახს აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ამჟამინდელი საცხოვრებლით იმავე სოფელში.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმების“ მე-3 და მე-2 მუხლებზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულ ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში. კასატორი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა, რომლებიც თავდაპირველად სხვებთან შედარებით უფრო ადრე საჭიროებენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას. თუკი სააგენტო არ დაიცავს აღნიშნულ პრინციპს დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა. მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი დ. ნ-ას ოჯახის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება, რადგან მას გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, რომლითაც შეუზღუდავად სარგებლობს ოჯახი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას - აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ამჟამინდელი საცხოვრებლით იმავე სოფელში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 1.2 მუხლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის ბრძანების მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგოლურებელი კომისიის 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის №21 ოქმის საფუძველზე საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილდნენ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის, დ. ნ-ას ოჯახი. დადგენილია, რომ უარის თქმის საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება დ. ნ-ას ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ დ. ნ-ას ოთხსულიანი ოჯახი (დ. ნ-ა, ც. ნ-ა, კ. ბ-ა და ხ. ბ-ა) წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახს (ეკომიგრანტი). ფაქტობრივ და დაზარალების მისამართს წარმოადგენს სამეგრელო -ზემო სვანეთი, ...ი, ს. ....
საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 2 სექტემბრის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ დ. ნ-ას საკუთრებაში ირიცხება ...ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი 2632 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01, №02 (ს/კ ...).
საქმეში წარმოდგენილია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მცხოვრები მოქ. დ. ნ-ას საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო ნაკვეთის მდგომარეობის შესახებ. ამავე დასკვნით დგინდება, რომ დ. ნ-ას საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ს ცნობილი ტექტონიკური მეწყრის დასავლეთ ნაწილში, რომელიც გეოლოგიურად აგებულია პალეოგენ-ნეოგენის ქანებით და ლითოლოგიურად წარმოდგენილია თიხებით, ქვიშაქვებით და მერგელებით. ძირითადი ქანები გადაფარულია მეოთხეულის ბრექჩიებით, დელუივიური და კოლოვიური ნალექებით, რომელთა სიმძლავრე 20 მეტრის ფარგლებში მერყეობს. საცხოვრებელი სახლი მეწყრულ ბლოკზეა აშენებული. გეოლოგიური თვალსაზრისით ტერიტორია აქტიურია და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია პროცესის გააქტიურება თანმხლები უარყოფითი შედეგებით. ამავე დასკვნაში აღნიშნულია დ. ნ-ასთვის გეოლოგიურად მდგრადი ადგილის გამოყოფის მიზანშეწონილობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ დ. ნ-ას დის ც. ნ-ას საკუთრებაში ირიცხება ...ის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონება დაზუსტებული ფართობი 1861 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი № 01, № 02 (ს/კ ...).
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2021 წლის 25 მარტის მდგომარებით დ. ნ-ას ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: დ. ნ-ა, ც. ნ-ა, ხ. ბ-ა, კ. ბ-ა. ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა - ..., ოჯახი იღებს შემწეობას.
დადგენილია, რომ დ. ნ-ას ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა 17.5 ქულა: საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორია, I კატეგორია - 10.00 ქულა; სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა, 57 001-ზე ნაკლები ქულა - 0.50 ქულა; ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე პირები - 1.00 ქულა; სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში - 6.00 ქულა.
2020 წლის 2 ოქტომბრის გადამოწმების ოქმის მიხედვით, დ. ნ-ას ოჯახი ცხოვრობს დაზიანებული სახლის გვერდით, რომელიც ეკუთვნის დ. ნ-ას დას ც. ნ-ასა და ძმას ზ. ნ-ას. საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მეწყრული პროცესების გამო. ოჯახი ამ ეტაპზე ცხოვრობს იმავე სოფელში, დედმამიშვილების საცხოვრებელ სახლში. ძმა გარდაცვლილია და მისი ოჯახი ცხოვრობს ფოთში, ხოლო და ცხოვრობს იმავე სოფელში მეუღლის ოჯახში. შვილიშვილები, რომლებიც იზრდებიან დ. ნ-ასთან, მათი მშობლები ცხოვრობენ იმავე სოფელში საკუთარ სახლში. სახლი, რომელშიც ახლა ცხოვრობს ოჯახი, ძმის გარდაცვალების შემდეგ ეკუთვნის დას ც. ნ-ას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობისა და ალტერნატიული საცხოვრებლით შეუფერხებელი სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოწმის სახით დაკითხული ც. ნ-ას ჩვენებით დგინდება, რომ დ. ნ-ას სახლი დაიმეწყრა, რის გამოც მოსარჩელე დროებით საცხოვრებლად დის კუთვნილ სახლში გადავიდა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ც. ნ-ას სჭირდება აღნიშნული საცხოვრებელი, სურს გასხვისება, რის გამოც მოსარჩელის ოჯახს მოსთხოვა აღნიშნული საცხოვრებლის გამოთავისუფლება.
მოწმის სახით დაკითხული ე. ნ-ას ჩვენებით დგინდება, რომ პირადად შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც ც. ნ-ამ სთხოვა ძმას დ. ნ-ას სახლის გამოთავისუფლება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს დ. ნ-ას ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა ალტერნატიული საცხოვრებლით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობის გამო. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის ოჯახის მიერ ც. ნ-ას კუთვნილი საცხოვრებლით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის განმარტებები არ ქმნის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს ეკომიგრანტი ოჯახის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე მისი ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. შესაბამისად, საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე