№ბს-693(კ-22) 21 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 17 სექტემბერს ს. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-1043/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, მან და მისმა მეუღლემ - ნ. ა-მა, როგორც დევნილებმა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თუმცა სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 10 აგვისტოს №03-1043/ო ბრძანებით უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე არ იდგა მათი ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროება.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას და მის მეუღლეს არ აქვთ საცხოვრებელი ფართი, ამჟამად ცხოვრობენ ქირით და თვეში იხდიან 200 ლარს, რომლის გადახდაც ძალიან უჭირთ, რადგან ორივე არიან პენსიონერები, აქვთ მძიმე ეკონომიკური ვითარება და ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში. წინასწარი შეფასებით მათ ოჯახს მიენიჭა 7 ქულა, მათ შორის, 1.5 ქულა მიენიჭა კრიტერიუმით - ოჯახი რომელიც ცხოვრობს ახლობელთან/ნათესავთან ქირის გარეშე, რაც არ შეესაბამება რეალობას, რადგან სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, ს. ს-ას შვილმა მიჰყიდა თ. ბ-ას, თუმცა ვინაიდან ნ. ა-ი ლოგინად არის ჩავარდნილი, ბინის ახალმა მესაკუთრემ უფლება მისცათ ამავე ბინაში დარჩენილიყვნენ ქირით.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე ნ. ა-ი არის ომის ვეტერანი, აქვს სიმსივნე და სჭირდება მუდმივი მკურნალობა და მზრუნველობა. მის ძირითად დაავადებებს წარმოადგენს ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული, ობსტრუქციული ავადმყოფობა, ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, შარდის ბუშტის ლატერალური კედლის ავთვისებიანი სიმსივნე, გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა გულის შეგუბებითი უკმარისობით. ამასთანავე, თავად ს. ს-აც დაავადებული არის გულის ქრონიკული იშემიური ავადმყოფობით, აქვს წინა გულების ნაადრევი დეპოლარიზაცია და პარკუჭებზედა ტაქიკარდია, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, პირველი ხარისხის კორონარული ანგიოპლასტიური იმპლანტატი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-1043/ო ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. ს-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის ოჯახს მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს და ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო.
იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ქონება, რომელშიც ცხოვრობს მოსარჩელე მონიტორინგის განხორციელების დროს, ჯერ კიდევ წარმოადგენდა მისი შვილის საკუთრებას, მაგრამ შემდეგ არის გასხვისებული თ. ბ-აზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება თ. ბ-ას საკუთრების უფლების ბათილობის ან/და საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიერ განსახლების გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, ს. ს-ამ 2013 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა 7 ქულა, კერძოდ, საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) 1,5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 65001-100000 შორის სარეიტინგო ქულით - 1 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვანად გამოხატული (ნ. ა-ი); ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი (ნ. ა-ი) - 1,5 ქულა. სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო. განაცხადი გააკეთა სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ (...) მეუღლესთან ნ. ა-თან ერთად. ამ უკანასკნელს საკუთრებაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, მისამართზე: სამტრედიის რაიონი, სოფელი ... (ს/კ ...), რომელიც გაასხვისა ნ. ფ-ეზე 2015 წელს. გარდა ამისა, ს. ს-ას მეუღლეს სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებული იყო კიდევ ორი პიროვნება (აღნიშნულ პიროვნებებთან დაკავშირებით მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი მათ არ იცნობს), კერძოდ, რ. კ-ა, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №54 და რომელიც გასხვისებულია 2017 წელს ს. ც-აზე, ასევე სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებული იყო ვ. მ-ი, რომელსაც ჰქონდა საკუთრება, მისამართზე: ქ. რუსთავი, ... მ/რ №6, ბინა №8, 47.50 კვ.მ, რომელიც 2009 წელს არის გასხვისებული დ. ზ-ეზე.
კასატორის განმარტებით, 2020 წლის 5 ივნისს მოსარჩელის მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №8, კორპ №4, ბინა №18 (73.50 კვ.მ), რომელიც იყო მისი შვილის - ხ. ა-ის საკუთრება, განხორციელდა მონიტორინგი. მისამართზე იმყოფებოდნენ მოსარჩელე და მისი მეუღლე - ნ. ა-ი. ოჯახი მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 1999 წლიდან ქირის გარეშე. მოსარჩელეს ჰყავს ორი შვილი - ლ. ა-ი, რომელიც ცხოვრობს მეუღლესთან - დ. შ-ასთან ერთად, არის დევნილი და სახელმწიფოს მიერ დაკანონებული აქვს ფართი ქ. თბილისში, ხოლო მოსარჩელის მეორე შვილი - ხ. ა-ი, გარდა ზემოდასახელებული საკუთრებისა, ასევე ფლობს უძრავ ნივთს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №3, კორპ. „ვ“, ბინა №19, 79.00 კვ.მ, სადაც ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
სასამართლომ არასაკმარის მტკიცებულებად ჩათვალა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ს. ს-ა 1999 წლიდან მუდმივად და შეუზღუდავად ცხოვრობდა შვილის, ოჯახის წევრის - ხ. ა-ის საკუთრებაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №8, კორპ. №4, ბ. №18. სადავო ბრძანების გამოცემისას მოქმედი №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. სასამართლო კი ცდილობს მხოლოდ ქულათა საკმარის ოდენობაზე მიუთითოს და ზემოაღნიშნულ ნორმას უგულებელყოფს. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის შვილმა ბინა გაასხვისა ზუსტად მონიტორინგის ჩატარების შემდეგ, ხოლო ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია 2020 წლის 28 ივლისს, ანუ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის გონივრული ეჭვის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ გარიგება არ ისახავდა მიზნად რეალური შედეგის დადგომას და დადებული იყო მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვებოდა. ამდენად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ცალსახად და უტყუარად დგინდებოდა, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე არ საჭიროებდა სასწრაფო განსახლებას. შესაბამისად, კომისიამ 2020 წლის 21 ივლისს (ოქმი №36) იმსჯელა აღნიშნულ საკითზე და გადაწყვიტა, არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე ქ. თბილისში 1-ოთახიანი ბინით, შემდეგი მიზეზით: უარი - ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს (შვილის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო). სასამართლომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე დევნილია და სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, ყველა დევნილი დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართით, თუმცა ის გარემოება, რომ მატერიალური და ფინანსური რესურსების, სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს მიღებულ გადაწყვეტილებაში არ არის გათვალისწინებული.
კასატორის განმარტებით, მართალია, დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის, მაგრამ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, პირველ რიგში ამოწმებს მათ საცხოვრებელ პირობებს, ცხოვრობენ თუ არა ისინი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ და რჩებიან თუ არა ისინი ფაქტობრივად საცხოვრებლის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში დევნილი ოჯახი არც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობს და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება უახლოეს მომავალში. ამიტომ, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, ის ოჯახები, რომლებიც საერთოდაც თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები და სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და შემდგომ ის ოჯახები, რომელთაც, მართალია, აქვთ საკმარისი ქულათა რაოდენობა საცხოვრებლის მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპისათვის სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებენ და გააჩნიათ საცხოვრებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
დადგენილია, რომ ს. ს-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ჰყავს მეუღლე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი - ნ. ა-ი. ს. ს-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 7 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) – 1.5 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ზომიერად გამოხატული (ნ. ა-ი) - 2 ქულა, ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 65001-100000 შორის სარეიტინგო ქულით - 1.00 ქულა, ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ...ის ქ. №8, კორპუსი №4, ბინა №18.
მოსარჩელე ს. ს-ამ 2013 წლის 13 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის (ს. ს-ა, ნ. ა-ი), როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ს. ს-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, შვილის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 10 აგვისტოს №03-1043/ო სადავო ბრძანებით მოსარჩელე ს. ს-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) აღნიშნულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი უთხრა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის შვილს გააჩნდა საცხოვრებელი სახლი, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №8, კორპუსი №4, ბინა №18, მე-2 სადარბაზო, მეორე სართული, მესაკუთრე იყო მოსარჩელის შვილი - ხ. ა-ი, თუმცა საჯარო რეესტრის 2020 წლის 5 ივნისის ამონაწერის შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი №...) მესაკუთრეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს თ. ბ-ა. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული გარიგება (ნასყიდობის ხელშეკრულება) გაუქმდა და თ. ბ-ამ დაკარგა საკუთრების უფლება დასახელებულ უძრავ ნივთზე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება ვერ მიიჩნევა ფორმალურად მხოლოდ იმიტომ, რომ ნივთის გამსხვისებლის მშობლები აღნიშნული უძრავი ქონების ფლობას აგრძელებენ. დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო არ გამხდარა და არ გაუქმებულა კანონით დადგენილი წესით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის შვილის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა უძრავი ქონების გასხვისებასთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი (ქირით ან ქირის გარეშე) არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან/და სხვა ახლობლის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში, ანუ ცხოვრება ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1,5 ქულით). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ ისინი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არიან და არ საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას.
საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა, ხოლო მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს შვილის მიერ გასხვისებულ სახლში, არ წარმოადგენს გასაჩივრებული აქტის კანონიერად მიჩნევის საკმარის საფუძველს.
დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 7 ქულით, რაც საქმის მასალების მიხედვით, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, რამეთუ დადგენილია, რომ ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6 და მეტი ქულა. პალატა მიიჩნევს, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, რის გამოც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე