№ბს-1004(კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ე...ა“; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი; მესამე პირი (სასკ 16.2.) - სსიპ ადიგენის რაიონის სოფელ ...ის საჯარო სკოლა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 25 ოქტომბერს სს „ე...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ (მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; სსიპ ადიგენის რაიონის სოფელ ...ის საჯარო სკოლა).
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 12 აგვისტოს №..., 2014 წლის 15 სექტემბრის №... და 2014 წლის 22 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სს „ე...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის №... და 2014 წლის 22 სექტემბრის №... გადაწყვეტილებები სს „ე...ას“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 12 აგვისტოს ... გადაწყვეტილება სს „ე...ას“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს დაევალა სს „ე...ას“ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზედდების ნაწილში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურმა ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე რეგისტრირებული იყო ...ის სკოლის საკუთრების სარგებლობის უფლება, რომლის რეალური (ნამდვილი) მდებარეობა და რეგისტრირებული მონაცემები არ იყო თანხვედრაში, მან მოიცვა სს ,,ე...ას“ საკუთრებაში ჯერ კიდევ 2007 წელს რეგისტრირებული უძრავი ქონება -25 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული მოქმედი მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო პუნქტი. აღნიშნული სადავო ქონება სს ,,ე...ას“ მიერ შეძენამდე წარმოადგენდა სს „ს...ის“ საკუთრებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა, ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ზემოაღნიშნული გარემოებები და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მათთან დაცული, მათ ხელთ არსებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა ამსახველი მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ არ იკვეთება მოსარჩელე მხარის იურიდიული ინტერესი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ასევე არ დასტურდება სს "ე...ას" საკუთრებად №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობა - სახელმწიფოს საკუთრებად და შემდგომში სარგებლობის უფლებით ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლისათვის გადაცემულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრებში. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების მიხედვით (მათ შორის ტექ. აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით) არ დგინდება მესამე პირთა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.
ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული ბრძანებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია აკმაყოფილებდა მოქმედ კანონმდებლობას, არ ფიქსირდებოდა და არც ახლა ფიქსირდება მესამე პირთა საკუთრების უფლება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დაუზუსტებელი ფორმით, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრირებული მონაცემები არ ასახავდა კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, მათ შორის საკადასტრო გეგმას, რომლითაც დადასტურდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. მათი იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმომადგენლის განმარტებით, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტების მიზნით შემდგომში წარადგინა საჯარო რეესტრში, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემს. იგი მომზადდა განმცხადებლის დაკვეთით, რომელიც თავადვე განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, კონფიგურაციასა და საზღვრებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს „ე...ამ“ სოფელ ...აში მდებარე 25 კვ.მ. ფართობის უძრავი ქონება, მასზე არსებული სატრანსფორმატორო პუნქტით, შეიძინა 2007 წლის 29 ივნისს სს „ს...ისგან“ და მას შემდეგ ფლობს და სარგებლობს ამ ქონებით უწყვეტად. უძრავ ქონებაზე სს. „ე...ას“ საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და გაცემულია შესაბამისი ამონაწერი. მიწის (უძრავი ქონების), საკადასტრო კოდია .... საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 29 ივნისს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს №618 მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 12 აგვისტოს №№... გადაწყვეტილებით, საკადასტრო კოდით №..., სახელმწიფო საკუთრებად დაუზუსტებელი რეგისტრაციით დარეგისტრირდა ადიგენის რაიონის სოფ. ...აში მდებარე 2886 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სკოლა, მასწავლებლის სახლი, საპირფარეშო, საქვაბე, ტრანსფორმატორი, საპირფარეშო.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 სექტემბრის №1/2-184 ბრძანებისა და 2014 წლის 9 სექტემბრის 16/33157 მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის № ... გადაწყვეტილებით, დაზუსტებული რეგისტრაციის სახით, განხორციელდა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით: №.... ნაკვეთის წინა ნომერი: .... მისამართი - ადიგენის რაიონი, სოფელი ...ა. 2886.00. კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 (სკოლა) განაშენიანების ფართი 1113.5 კვ.მ. ობიექტი 2. (სასწავლო სახლი) განაშენიანების ფართი 125.4 კვ.მ. ობიექტი №3 (საპირფარეშო) განაშენიანების ფართი 30.4 კვ.მ. ობიექტი №4 (საქვაბე) განაშენიანების ფართი 72.4 კვ.მ. ობიექტი №5 (ტრანსფორმატორი) განაშენიანებას ფართი 7.7 კვ.მ ობიექტი №6 (საპირფარეშო) განაშენიანების ფართი 9.3 კვ.მ.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 სექტემბრის №16/34244 მიმართვის საფუძველზე, უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით გადაეცა სსიპ ადიგენის რაიონის სოფ. ...ის საჯარო სკოლას. სარგებლობის უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2014 წლის 22 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით.
2018 წლის 05 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა სს „ე...ამ“ და ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთარი უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია, მდებარე ადიგენის რაიონი, სოფელი ...ა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 05 ოქტომბერს წარედგინა სს ,,ე...ას“ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია - უძრავ ქონებაზე, მდებარე ადიგენი სოფ....ა, ფართი 25 კვ.მ. გადაწყვეტილების თანახმად, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად უძრავი ნივთი ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 23 ოქტომბრის №... წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრირებული მონაცემების კორექტირების მიზნით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 05 ოქტომბერს წარედგინა სს „ე...ას“ განცხადება, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია მდებარე ადიგენი სოფ....ა 25 კვ.მ. წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან საკადასტრო კოდით ....
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, №... საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ობიექტი №5 არის ტრანსფორმატორი. სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ და საჯარო სკოლისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემულ ფართში მოქცეულია სს „ე...ას“ საკუთრებაში არსებული 25 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის შენობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მომდვენო, სადავო რეგისტრაციების განხორციელების ეტაპზე მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხოლო, „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ („უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 14.1).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია - კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.
რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი - 32.1.), მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის (12.08.2008 - №...), შემდგომში სადავო - უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისა (15.09.2014 - №...) და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ის საჯარო სკოლის უძრავი ქონების მოსარგებლედ რეგისტრაციისას (22.09.2014 -№...), არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ - მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირზე რეგისტრაცია, არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რათა არ დაეშვა ერთი მიწის ნაკვეთების მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართვის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ეტაპზე, სადავო უძრავ ქონებაზე არ ფიქსირდებოდა დაზუსტებულად რეგისტრირებული საკუთრების უფლება, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ყოველმხრივ გადაემოწმებინა სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, რათა არ დაეშვათ ერთსა და იმავე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციის შესაძლებლობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა