№ბს-1060(კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „...“)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 11 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სს „...-ის“ მიმართ.
მოსარჩელემ სს „...-სათვის“ სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ 14974.80 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,...-ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 14879 ლარისა და 30 თეთრის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სს ,,...“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც ქმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა დასაბუთებულ პრეტენზიას შემოწმების შედეგად გამოვლენილი ცალკეული გადაცდომების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა საფუძველს, დარღვევების არსებობა მიეჩნია დადგენილად, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა გამოყენებული ჯარიმის და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის საფუძვლიანობა.
საქმეზე დადგენილი არ იყო რა სახით ხდებოდა მოპასუხე საწარმოს დაფინანსება, იყო თუ არა ეს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დადებით შემთხვევაში, რითი იყო განპირობებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობების“ მე-14 მუხლის მე-13 პუნქტის ნაცვლად ამავე მუხლის მე-14 პუნქტის გამოყენება და მე-13 პუნქტის შემთხვევაში, რას შეადგენდა ჯარიმის ოდენობა, მხარეებს არ მისცემიათ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების წარმოდგენისა და დაცვის შესაძლებლობა. ყოველივე აღნიშნული კი სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმნიდა საჭიროებას საქმე ხელახალი განხილვისა და გამოკვლევის მიზნით, დაბრუნებოდა იმავე ინსტანციის სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მიერ განხორციელდა სს „...“-ის ინსპექტირება. შემოწმება მოიცავდა 2010 წლის 1 მარტიდან 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდს. შემოწმების შედეგების შესახებ შედგა აქტი 2013 წლის 26 ივლისს. აქტის თანახმად, კლინიკაში აღმოჩენილ იქნა მთელი რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დამატებით გამოკვლევა–შეფასების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები სრულად იქნა შესწავლილი და გამოკვლეული, შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოტანილი იყო სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა სრული დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს ,,...“ 2010 წლის 1 მარტიდან 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში მონაწილეობდა მიმწოდებლად ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
მითითებული ხელშეკრულებებით განისაზღვრა სამედიცინო დაწესებულების ვალდებულება, ყოველი პროგრამის (კომპონენტის) მიხედვით მომსახურების შესრულებისათვის დანახარჯთა დადასტურების მიზნით ცალ-ცალკე ეწარმოებინა პროგრამით (კომპონენტით) გახარჯული მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების, პროცედურების, მანიპულაციების, მათ შორის, საოპერაციო მასალის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის აღრიცხვა სპეციალური ზონარგაყრილ და დალუქულ, დანომრილ გვერდიან ჟურნალში, ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდებზე (პუნქტი 10.5.8).
მითითებული ხელშეკრულებებით განისაზღვრა, ასევე, მიმწოდებლისათვის (სს ,,...-სათვის“) პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება „ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგების და ანაზღაურების წესის“ მიხედვით დადგენილი პირობის (პირობების) უხეში დარღვევისათვის დარღვევის ცალკეულ პუნქტებზე საინსპექციო პერიოდში პროგრამით შესრულებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 1%-ის ოდენობით (პუნქტი 11.4).
2013 წლის 4 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2010 წლის 1 მარტიდან 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდში სს ,,...-ის“ მიერ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ინსპექტირება განახორციელა სააგენტოს უფროსის 2013 წლის 1 მარტის №02-74/მ ბრძანების საფუძველზე. განხორციელებული ინსპექტირების შედეგად კომისიამ დაადგინა: - დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 122 ბავშვი, 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დაწესებულებაში აღრიცხვაზე იყო 116 ბავშვი. კონტიგენტს ემსახურებოდა 1 პედიატრი 1 პედიატრიულ უბანზე. 2010 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 0-დან 6 წლამდე და 60 წლის ზევით პაციენტთა მიმართ დაწესებულებაში არაჯეროვნად სრულდებოდა 0-დან 5 წლის ჩათვლით ბავშვთა ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ, მხედველობის (,,სინცევის ტაბულა“) და სმენის სკრინინგი, პრობლემის დროულად გამოვლენისათვის 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა სავალდებულო საპატრონაჟო ვიზიტები. მითითებული დარღვევების გამო, 2010 წლის ხელშეკრულების 11.4 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხის ოდენობად განისაზღვრა პროგრამის „ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის“ ფარგლებში შესრულებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 3500,00 ლარის 1% - 35 ლარი; - 2010 წლის 1 მარტისათვის დაწესებულებაში აღრიცხვაზე იყო 60 წელზე მეტი ასაკის 5108 ბენეფიციარი, 2012 წლის 1 სექტემბრისათვის აღრიცხვაზე იყო 60 წელზე მეტი ასაკის 4430 ბენეფიციარი. 2010 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში (0-დან 6 წლამდე და 60 წლის ზევით პაციენტთა მიმართ) დაწესებულებაში არაჯეროვნად სრულდებოდა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მეთვალყურეობა (60 წლის და ზემოთ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების სავალდებულო რაოდენობები: სისხლის შრატში კრეატინინის დონის განსაზღვრა წელიწადში ორჯერ, თვალის ფსკერის და ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა წელიწადში ერთხელ). მითითებული დარღვევების გამო, 2010 წლის ხელშეკრულების 11.4 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხის ოდენობად განისაზღვრა პროგრამის „ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის“ ფარგლებში შესრულებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 127273,40 ლარის 1% - 1272,73 ლარი;
- 2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში (0-დან 6 წლამდე და 60 წლის ზევით პაციენტთა მიმართ) დაწესებულებაში არსებული დარღვევების გამო სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხის ოდენობა დაანგარიშდა ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანების მე-14 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად. აქტის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხის ოდენობად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის - 129763.00 ლარის 10% განისაზღვრა, რამაც 12976,30 ლარი შეადგინა;
- 2010 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორული მომსახურების კომპონენტის მიხედვით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელება 6-დან 60 წლამდე დიაბეტიან და ონკოინკურაბელურ პაციენტთა მიმართ არაჯეროვნად სრულდებოდა (ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების სავალდებულო რაოდენობები: სისხლის შრატში კრეატინინის დონის განსაზღვრა წელიწადში ორჯერ, თვალის ფსკერის და ელექტროკარდიოგრაფული გამოკვლევა წელიწადში ერთხელ). მითითებული დარღვევების გამო, 2010 წლის ხელშეკრულების 11.4 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხის ოდენობად განისაზღვრა პროგრამის „ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის“ ფარგლებში შესრულებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 3389,20 ლარის 1% - 33,89 ლარი;
- 2011 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორული მომსახურების კომპონენტის მიხედვით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების 6-დან 60 წლამდე დიაბეტიან და ონკოინკურაბელურ პაციენტთა მიმართ არაჯეროვნად განხორციელების გამო ბიუჯეტში აღსადგენი თანხის ოდენობა ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანების მე-14 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად დაანგარიშდა. აქტის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხის ოდენობად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის - 3668,00 ლარის 10% განისაზღვრა, რამაც 366,80 ლარი შეადგინა;
- ზოგადი ამბულატორიული მომსახურების (6-დან 60 წლამდე დიაბეტით დაავადებული და ინკურაბელური პაციენტები) პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებამ დაარღვია 2010 წლის ხელშეკრულების პირობა, რომლის მიხედვით, დაწესდებულებას ყოველი „პროგრამის” (კომპონენტის) მიხედვით მომსახურების შესრულებისათვის დანახარჯთა დადასტურების მიზნით ცალ–ცალკე უნდა ეწარმოებინა „პროგრამით” (კომპონენტით) გახარჯული მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების პროცედურების, მანიპულაციების, აღრიცხვა ცალკ-ცალკე საანგარიშო პერიოდში. კერძოდ, დადგინდა, რომ ლაბორატორიულ ჟურნალებში ერთად იყო გატარებული როგორც შიდა სტანდარტით, ასევე სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტებზე ჩატარებული კვლევები. აღნიშნული დარღვევების გამო, 2010 წლის ხელშეკრულების 11.4 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხის ოდენობად განისაზღვრა შესრულებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 3389,20 ლარის 1% - 33,89 ლარი;
- 2010 წლის 1 ივნისიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის იმუნიზაციის კომპონენტის (აცრა-ვიზიტების ქვეკომპონენტი) ფარგლებში სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ ზედმეტად მოთხოვნილი იყო 3 აცრა ვიზიტი, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხა 3,00 ლარს შეადენდა;
- სამეანო მომსახურების (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების გამო დაწესებულების მიერ გადასახდელი თანხის ოდენობად 256,58 ლარი განისაზღვრა;
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 2 სექტემბრის №04/79106 წერილით სს ,,...-ს“ ეცნობა, რომ ვალდებული იყო, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ბიუჯეტი ანგარიშზე 14974,80 ლარი გადაეხადა.
სს „...-ის“ (მიმწოდებელი) მიერ ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2010 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 1 აპრილის ჩათვლით გაწეული სამედიცინო მომსახურება პროგრამის განმახორციელებელმა (სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) აანაზღაურა 121080,7 ლარის ოდენობით.
სს „...-ის“ მიერ 2011 წლის 1 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში 6-დან 60 წლამდე დიაბეტით დაავადებული და ინკურაბელური პაციენტების მიმართ გაწეული ზოგადი ამბულატორული მომსახურება პროგრამის განმახორციელებელმა აანაზღაურა 3295,6 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, სს ,,...“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების, საქმის არსებითად გადაწყვეტის გარეშე ქვედა ინსტანციის სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელაცია მიზნად ისახავს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების გზით მხარეთა უფლებების დაცვას. საკასაციო ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, იმთავითვე არ ქმნის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს, თუმცა არ ახდენს პირველი ინსტანციის სასამართლოს სრულ ჩანაცვლებას. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოებების კვლევა, ხოლო დავის გადაწყვეტის მიმართ არსებული მიდგომა წმინდად ფორმალურია, გამონაკლის შემთხვევებში სააპელაციო პალატას არ ეზღუდება დავის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების შესაძლებლობა, უკეთუ აღნიშნული დავის ობიექტურად სწორად გადაწყვეტის, დავის მონაწილე ყველა პირის ინტერესების უკეთ გათვალისწინების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების უკეთ გამოკვლევის საჭიროებით არის განპირობებული. ამასთანავე, დავის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევა ან მიღებული გადაწყვეტილების უსწორობა, იმთავითვე არ ქმნის დავის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს. სააპელაციო პალატა იმ შემთხვევაშია საქმის საქალაქო (რაიონული) სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებაზე უფლებამოსილი, უკეთუ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის მკვეთრად ფორმალური ხასიათის გამო, მხარეს ფაქტობრივად ერთმევა პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის ბს-925(კ-19) განჩინება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, რომელთა მიზანიც იყო მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის ფინანსური გარანტიების შექმნა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა (მუხლი 1).
პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ პროგრამებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების დაფინანსება ხორციელდებოდა სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ იქნა, რომ პროგრამების ადმინისტრირება (მართვა, ზედამხედველობა, ინსპექტირება და კონტროლი) ხორციელდებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებას ასევე შეიძლება დაედგინა ამ დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სხვა დამატებით პირობები (მათ შორის, მოთხოვნებს, ნორმებს და ა.შ.) საქონლის ან მომსახურების მიმართ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 24-ე დანართის („ზოგადი ამბულატორიული მომსახურება“) მოსარგებლედ განისაზღვრნენ თვითმმართველ ქალაქებში, ქალაქებსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების-მუნიციპალიტეტების ცენტრებში ფაქტობრივად მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) 0–დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები; ბ) 60 წლის და უფროსი ასაკის პირები; გ) 6-დან 60 წლამდე დიაბეტით დაავადებული და ინკურაბელური პაციენტები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდაპირველი რედაქციით, დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 24-ე დანართის („ზოგადი ამბულატორიული მომსახურება“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მე–2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა ამბულატორიული მომსახურებაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით. ბიუჯეტის გაანგარიშების საფუძველია ერთ სულზე გამოყოფილი ფიქსირებული ბიუჯეტი, რომელიც თვეში შეადგენს: ა) მე–2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის – 2.0 ლარს; ბ) მე–2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის – 1.90 ლარს; გ) მე–2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის – 2.80 ლარს. თუმცა, „„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აღნიშნული მუხლი შეიცვალა და დადგინდა, რომ - მე‑2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირთა ამბულატორიულ მომსახურებაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით, რომლის დროსაც ერთი მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებული ღირებულება შეადგენს თვეში: ა) მე‑2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის – 2.0 ლარს; ბ) მე‑2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის – 1.90 ლარს; გ) მე‑2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის – 2.80 ლარს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ცვლილებით ტერმინი „გლობალური ბიუჯეტის მეთოდი“ - შეიცვალა „კაპიტაციური მეთოდით“.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების მე-14 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, რევიზიისას საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით. ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისთვის ამავე პროგრამის/კომპონენტის/ ქვეკომპონენტის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევა (როგორც ეს განსაზღვრულია მე- 15 მუხლის მე- 3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით), რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს (ცვლილება - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 07.07.2011წ.).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საკითხს, თუ რა სახის დაფინანსებით, კაპიტაციის მეთოდით თუ გლობალური ბიუჯეტით, ხდებოდა მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების დაფინანსება, არსებითი მნიშვნელობა აქვს წინამდებარე დავის გადაწყვეტისთვის, რადგან ეს გარემოება განსაზღვრავს საჯარიმო სანქციის ოდენობას და შესაბამისად, მისი კანონიერების, საფუძვლიანობის შემოწმების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც გამოკვლეული არ ყოფილა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას და რაზეც მხარეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა წარედგინათ მტკიცებულებები, საკუთარი კვალიფიციური პოზიცია და მოსაზრებები. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო, ამ ეტაპზე არ აფასებს ამ ორი ტიპის ბიუჯეტის თავისებურებას და განსხვავებას, ასევე იმ გარემოებას, 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში განხორციელებული ცვლილება, რომლითაც 24-ე დანართის („ზოგადი ამბულატორიული მომსახურება“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ტერმინი გლობალური ბიუჯეტის მეთოდი შეიცვალა - კაპიტაციის მეთოდით, ემსახურებოდა დაფინანსების ტიპის შეცვლას, თუ ატარებდა მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს, ტერმინოლოგიის გასწორების მიზნით, რადგან აღნიშნული საკითხები პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე უნდა შეფასდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააბრუნა საქმე პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს 5/11/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №05147-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 748.74 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 524.11 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 5/11/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №05147-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 748.74 ლარის 70 პროცენტი - 524.11 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი