Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-269(კ-21) 28 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 11 იანვარს ნ. ტ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 06 ივლისის №1528 ბრძანების, იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ნ. ტ-ის სასარგებლოდ მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების დაკისრება, შემწეობის შეწყვეტის დღიდან აღდგენამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ტ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით ნ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ტ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა როგორც ფაქტობრივ გარემოებებს, ისე მტკიცებულებებს. სასამართლოებმა გადაწყვეტილება მიიღეს მხოლოდ ახალგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ თ. გ-ის ცნობაზე დაყრდნობით. თ. გ-მა სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ არ იცნობდა ვ. თ-ს და მის მეუღლეს - ნ. ტ-ს. მოგვიანებით კი განმარტა, რომ თანაშემწეთა და სოფლის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გასცა ცნობა, თუმცა გამოკითხვის ოქმები არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ კი გამოითხოვა ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხა რომელიც არ იყო კავშირში საქმესთან.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს შუამდგომლობა თ. გ-ის სამუშაო ადგილიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ თ. გ-ი, სოფელ ...ის თემის ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულად დანიშვნამდე მუშაობდა ქ.თბილისში, დაცვის პოლიციაში. აღნიშნული გარემოება, თ. გ-მა დაადასტურა სასამართლო პროცესზე და აღნიშნა, რომ შვილებმა სკოლა დაამთავრეს ქ.თბილისში. ამდენად, თ. გ-ი სოფელ ...ში არ ცხოვრობდა, არ იცნობდა ნ. ტ-ს და მის ოჯახს და არ ეცოდინებოდა ნ. ტ-ი როგორი ინტენსივობით ცხოვრობდა სოფელ ...ში.

კასატორის განმარტებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს ადასტურებდა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები: ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რ. გ-ის მიერ 2009 წლის 19 მაისს გაცემული №486 ცნობა, რომლის თანახმად, ნ. ტ-ი და მისი მეუღლე ვ. თ-ი ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში; ახალგორის მუნიციპალიტეტის 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 22 დეკემბრის დასკვნა, რომლის თანახმად, ნ. ტ-ის მეუღლე - ვ. თ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში; ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის - თ. გ-ის 2014 წლის 22 დეკემბრის №279 წერილი, რომლის თანახმად, ნ. ტ-ის მეუღლე – ვ. თ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში; ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის კ. მ-ის ახსნა-განმარტება მიცემული პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც განმარტა, რომ "მოსარჩელე ვ. თ-ი, მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ხოლო დანარჩენ ოჯახის წევრებთან მიმართებაში მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა"; მოწმეების: ბ. ზ-ის, დ. ჩ-ის, ლ. ბ-ის, შ. ი-ის, დ. დ-ის, ე. ქ-ის, მ. ხ-ის სასამართლოში მიცემული ჩვენებები, რომლებითაც დადასტურებულია ნ. ტ-ისა და მისი ოჯახის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი; დევნილთა სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩატარებული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი, სადაც ნ. ტ-ი ადასტურებს, რომ იგი 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრობდა, ოჯახთან ერთად, სოფელ ...ში; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობა, რომ ნ. ტ-მა გაიარა 2013 წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია და გადაეცა კოტეჯი; საქართველოს გენერალური პროკურატურის №302/11-2-3 375/თ წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ნ. ტ-ის და ვ. თ-ის შვილმა - გ. თ-მა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება; უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ირკვევა, რომ 2006 წლის 20 ივლისს ნ. ტ-ის მეუღლემ –ვ. თ-მა გაყიდა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისში, ...ის გამზირი 110-ში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილები N..., ..., ... რომლებითაც დგინდება, რომ ნ. ტ-ს და მისი ოჯახის წევრებს სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდათ; ნ. ტ-ის ქ. თბილისში მცხოვრები მეზობლების: დ. დ-ის და ნ. მ-ას ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება, რომლითაც ირკვევა, რომ 2006 წლის აგვისტოში შვილის ავადმყოფობის გამო, ნ. ტ-მა და მისმა მეუღლემ - ვ. თ-მა გაყიდეს კუთვნილი ბინა ქ. თბილისში, ...ის გამზირი ქ.110-ში და საცხოვრებლად გადავიდნენ ახალგორის რაიონის სოფელ ...ში.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება, ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და განაცხადა, რომ მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების მოთხოვნა თავისი არსით მოპასუხის მიერ შემწეობის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორმა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის ზეპირი განხილვით დანიშვნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვა თ. გ-ის ყოფილი სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე. კასატორმა ასევე მოითხოვა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თ. გ-ის მიერ გაცემული ცნობების გამოთხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით ნ. ტ-ის შუამდგომლობა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თ. გ-ის მიერ გაცემული ცნობების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

რაც შეეხება დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. ტ-ს მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის თანახმად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 26 სექტემბრის №43668/01 წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ ნ. ტ-ი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 20 ნოემბრის №2686 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 11 ნოემბრის №05/01-11-14898 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ნ. ტ-ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნული ბრძანება ნ. ტ-მა გაასაჩივრა სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 20 ნოემბრის N2686 ბრძანება ნ. ტ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად მიღებულ იქნა სწორედ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად, ნ. ტ-ს კვლავ უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრებისას ნ. ტ-მა განმარტა, რომ დაიბადა ... წლის ... ...ს, ქ.სამტრედიაში, დაამთავრა ქ.სამტრედიის ... საშუალო სკოლა, ხოლო უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთში. 1985 წელს დაოჯახდა ქ.თბილისში. 2005-2006 წლებში მუშაობდა ქ.თბილისში, საკუთარ სახლში, ფიტნეს ინსტრუქტორად. 2006 წელს, სახლის გაყიდვის შემდეგ, შეწყვიტა საქმიანობა და გადავიდა საცხოვრებლად ახალგორის რაიონის სოფელ ...ში და ცხოვრობდა მეუღლის საკუთრებაში არსებულ ორსართულიან სახლში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე. მისი მეზობლები იყვნენ: ა. ქ-ი, დ. ჩ-ი, ლ. ა-ი, ლ. ბ-ი და ე. ქ-ი. გასაუბრების დროს ცხოვრობდა ...ში, რიგი №19-ში, თუმცა სახლის ნომერი არ ახსოვდა. ახალგორის დატოვების შემდეგ ცხოვრობდა ძმასთან ქ.თბილისში, ...ის ქუჩაზე. შვილებმა საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღეს ქ.თბილისში. სოფელ ...ში ცხოვრების პერიოდში უმცროსი შვილი სწავლობდა თბილისში. სწავლის დროს იგი დადიოდა ლექციებზე ...იდან, ასევე რჩებოდა ბიძასთან ქ.თბილისში.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ასევე მოძიებულ იქნა ინფორმაცია ადგილობრივი ორგანოდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 ივნისის №2-919 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხებში დეპარტამენტის უფროსს 2017 წლის 12 ივნისის №01-01/07/15221 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ნ. ტ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში.

...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 15 ივნისის №18 მიმართვის თანახმად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ ნ. ტ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში.

დადგენილია, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე 2006 წლის დეკემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე მუშაობდა რ. გ-ი, ხოლო ამავე თანამდებობაზე 2014 წლის 31 დეკემბრიდან მუშაობდა თ. გ-ი. ახალგორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2018 წლის 3 აპრილის №8 წერილით, ვ. თ-ი და მისი მეუღლე - ნ. ტ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ახალგორის რაიონის სოფელ ...ში არ ცხოვრობდნენ. აღნიშნული ინფორმაცია გააჩნდა იქედან გამომდინარე, რომ თავად ცხოვრობდა მეზობელ სოფელში, კერძოდ, ახალგორის რაიონის სოფელ ...ში.

კასატორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება ძირითადად ეფუძნება ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის - თ. გ-ის მიერ გაცემულ ცნობას, თ. გ-ი კი, მითითებულ თანამდებობაზე დაინიშნა 2014 წლიდან, შესაბამისად, მას ვერ ექნებოდა სრულყოფილი ინფორმაცია 2008 წლის მდგომარეობით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ცნობა გაცემულია შესაბამისი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე სათანადო წარმოების შედეგად. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმის მუხედავად თუ რომელ წლებში ვინ მუშაობდა რწმუნებულად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება საქმეში არსებულ ნოტარიულად დამოწმებული მეზობლების წერილებს და ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მათ ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურეს ნ. ტ-ის ახალგორში, სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოიხატება აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ ბს-1896-1849(კ10), 09.06.2011წ.). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება დასახელებული კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.

ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2017 წლის 19 ივნისის N2-919 და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 19 ივნისის N2-919 მიმართვებით დგინდება, რომ ნ. ტ-ი მუდმივად არ ცხოვრობდა სოფელ ...ში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას მუდმივად ცხოვრობდა თუ არა სოფელ ...ში ნ. ტ-ი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულის მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მტკიცების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი და ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის, ნ. ტ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მისი მოთხოვნის დამადასტურებელი როგორც ფაქტობრივი ასევე სამართლებრივი საფუძველი. კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი, საკასაციო სასამართლოს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან არც ერთი, რომელიც დაადასტურებდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

კასატორი ასევე აპელირებს ნ. ტ-ის მეუღლის სახელზე გაცემულ ცნობებზე, სადაც მითითებულია, რომ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა სოფელი ...ი და იმ გარემოებაზე, რომ ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული 2008 წლის ომის შემდგომ, 2014 წლის 31 იანვრიდან დაინიშნა თანამდებობაზე და არ იყო ინფორმირებული სოფელ ...ში მცხოვრებ პირთა შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაასაბუთა სადავო აქტების კანონიერება, ხოლო კასატორმა მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა მოწინააღმდეგე მხარის დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ტ-ის მიერ წარდგენილი მოწმეები ვერ მიუთითებენ იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომლებიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დაადასტურებდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევის გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს, ნ. ტ-ის მეუღლის სახელზე გაცემული ცნობის ნაცვლად, შეეძლო წარმოედგინა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ნ. ტ-ის მეუღლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამგვარი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, რაც მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა. მხოლოდ თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოს ცნობით კი ვერ დადასტურდება ის გარემოება, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სხვადასხვა მტკიცებულების (მათ შორის თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) შეფასების შედეგად გამოცემული ადმინისტრაციული აქტით დადგენას ექვემდებარება.

ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, ასევე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის განმარტებას 2008 წლის ომამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული მოსაზრება არ ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად სწორად შეაფასა ომამდე მოსარჩელეების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაწყვეტილება მიიღო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა თ. გ-ს ყოფილი სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია, აღნიშნული განჩინება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მითითებული საპროცესო მოქმედებების ჩატარებას შედეგად არ მოჰყვებოდა იმ სახის მტკიცებულებების მოპოვება, რომლებიც გავლენას მოახდენდა დავის გადაწყვეტაზე, ვინაიდან, აღნიშნულ მტკიცებულებებს კონკრეტული საქმის განხილვასთან კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის დადგენის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვებად ცნობილი, რის გამოც არ არსებობს შუამდგომლობის განხილვის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება;

3. შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა შუამდგომლობის ავტორს თ. გ-ის ყოფილი სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე, არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე