Facebook Twitter

№ბს-1128(კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ჯ.რ. ფ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 5 აპრილს ა. ჯ.რ. ფ-ამ (A. J. R. F-H) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №01/1458/გ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის №01/96967/გ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის, ა. ჯ.რ. ფ-ასთვის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ა. ჯ.რ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №01/1458/გ გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის №01/96967/გ გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა ა. ჯ.რ. ფ-ას სხელზე ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივი გარემოებებზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის №1000584745 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა 2017 წლის 12 დეკემბრის N1000584745 განცხადება, ა. ჯ. რ. ფ-ასათვის (A. J.R. F-A დაბ:... წელს, საუდის არაბეთში, პასპორტის №...) საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. დაკმაყოფილდა აღნიშნული განცხადება და ა. ჯ. რ. ფ-ას მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 3 იანვრიდან 2019 წლის 3 იანვრამდე.

2018 წლის 3 იანვარს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა განიხილა ა. ჯ.რ. ფ-ას №... განცხადება დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მოძიებულ და განმცხადებლის მიერ წარდგენილი საბუთების თანახმად, იგი ითხოვდა დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას მონაცემებით: ა. ჯ. რ. ფ-ა, დაბადების თარიღი - ... წლის ...ი, დაბადების ადგილი - საუდის არაბეთი, მოქალაქეობა - არმქონე. საფუძვლად წარდგენილია №... პასპორტი, რომელიც გაცემულია პალესტინის ორგანოს მიერ. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული პირის კანონიერი მონაცემების-მოქალაქეობის დასადგენად და დასაფიქსირებლად საჭირო იყო კანონით გათვალისწინებული საფუძველი. კერძოდ, დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენა მოქალაქეობის დადგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შეჩერდა ა. ჯ. რ. ფ-ას სახელზე დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემის ვადა არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.

2018 წლის 30 იანვრისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №01/1458/გ გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოქალაქის განცხადება და უარი ეთქვა ა. ჯ.რ. ფ-ას დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემაზე.

2018 წლის 23 თებერვალს, ა. ჯ.რ. ფ-ამ №42646 საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №01/1458/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის №01/96967/გ გადაწყვეტილების თანახმად, არ დაკმაყოფილდა ა. ჯ. რ. ფ-ას 2018 წლის 23 თებერვლის №42646 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №01/1458/გ გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა მოქალაქეობა და ასევე, ვერ იქნა წარდგენილი ა. ჯ.რ. ფ-ას, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ვერ დგინდებოდა ა. ჯ.რ. ფ-ას მოქალაქეობა, ასევე ვერ იქნა მოძიებული/დადგენილი მისი მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მითითებიოთ, საქმეში არსებული №... პასპორტით და საუდის არაბეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობით ნათლად დგინდებოდა პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები. კერძოდ, ა. ჯ.რ. ფ-ა (A. J.R. F-A), დაბადებული - ...წ, დაბადების ადგილი - საუდის არაბეთი, პირადი ნომერი - ..., პასპორტის ნომერი ..., პასპორტის მოქმედების ვადა - ... წ. (ს.ფ 106-108, 115-116). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის ა. ჯ.რ. ფ-ას სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე №1000584745 გადაწყვეტილება, სადაც ა. ჯ. რ. ფ-ას მაიდენტიფიცირებელი მონაცემები დადგენილია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდებოდა საქართველოში მცხოვრები, სასწავლო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; აღნიშნული დოკუმენტების გამოყენება კი შესაძლებელია პირის იდენტიფიცირებისათვის.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუშვებელია პირს შეეზღუდოს საკუთარი უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა მხოლოდ იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მოქალაქეობის დადგენა ვერ ხერხდება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იძლევა ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესაძლებლობას პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების არსებობის შემთხვევაში ისე, რომ თუნდაც ვერ დგინდებოდეს განმცხადებლის მოქალაქეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის დ1 ქვეპუნქტზე, ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ" ქვეპუნქტზე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, პალესტინის ორგანოს მიერ გაცემული პასპორტის №... და საუდის არაბეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობის საფუძველზე სააგენტოს შესაძლებლობაზე, მოეხდინა პირის იდენტიფიცირება და დაედგინა მისი პერსონალური ინფორმაცია, იმ პირობებში როდესაც აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი იმპერატიულად განსაზღვრავს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სავალდებულო რეკვიზიტებს, რომელიც გულისხმობს პირის მოქალაქეობას ან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შესახებ მონაცემს. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ა. ჯ.რ. ფ-ას მიერ წარმოდგენილი №... პასპორტით არ დგინდება პირის მოქალაქეობა, ხოლო ა. ჯ.რ. ფ-ას მიერ მოქალაქეობის გრაფაში მითითებული „მოქალაქეობის არმქონე“, დოკუმენტალურად არ იქნა დადასტურებული. ვინაიდან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტოს მიერ ვერ იქნა მოძიებული/დადგენილი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი ინფორმაცია, კერძოდ, ა. ჯ.რ. ფ-ას მოქალაქეობრივი კუთვნილება, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული რეკვიზიტების შევსების გარეშე გასცეს ბინადრობის ელექტრონული მოწმობა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დოკუმენტის გაცემაზე უარი ეთქმება, თუ შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დოკუმენტი არ გაიცემა, თუ არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ ვერ იქნა მოპოვებული ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დღეის მდგომარეობით ა. ჯ.რ. ფ-ა აღარ ფლობს 2017 წლის 12 დეკემბრის №1000584745 განცხადების საფუძველზე მიღებულ სასწავლო ბინადრობის ნებართვას, რადგან აღნიშნულ ბინადრობის ნებართვას ვადა 2019 წლის 3 იანვარს ამოეწურა. შესაბამისად, კასატორის მითითებით, შეუძლებელია აღნიშნული სასწავლო ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემა სააგენტოს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ა. ჯ.რ. ფ-ას სახელზე ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უარის თქმის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში - პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“, რომლის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია: პირადობის მოწმობა და ბინადრობის მოწმობა. პირადობის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, ხოლო ბინადრობის მოწმობა – საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე.

აღნიშნული წესის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები. ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა.

საკასაციო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა 2017 წლის 12 დეკემბრის №1000584745 განცხადება, ა. ჯ. რ. ფ-ასათვის (A. J.R. F-A დაბ:... წელს, საუდის არაბეთში, პასპორტის №...) საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. დაკმაყოფილდა 2017 წლის 12 დეკემბრის №1000584745 განცხადება და ა. ჯ. რ. ფ-ას მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 3 იანვრიდან 2019 წლის 3 იანვრამდე.

ა. ჯ.რ. ფ-ამ 2018 წლის 3 იანვარს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიმართა №... განცხადებით და მოითხოვა დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემა.

ა. ჯ.რ. ფ-ას პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 იანვრის №01/1458/გ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა მოქალაქეობა და ასევე, ვერ იქნა წარდგენილი ა. ჯ.რ. ფ-ას, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი თავისი არსით დისკრეციული ხასიათისაა, ის სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, ისე რომ თუნდაც ვერ დგინდებოდეს განმცხადებლის მოქალაქეობა, გასცეს ბინადრობის ელექტრონული მოწმობა.

მართალია ა. ჯ.რ. ფ-ას მოქალაქეობა ვერ დადგინდა, ასევე ვერ იქნა მოძიებული/დადგენილი მისი მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია. თუმცა, საქმეში არსებული №... პასპორტით და საუდის არაბეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობით ნათლად დგინდება პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები. კერძოდ, ა. ჯ.რ. ფ-ა (A. J.R. F-A), დაბადებულია - ... წ, დაბადების ადგილი - საუდის არაბეთი, პირადი ნომერი - ..., პასპორტის ნომერი ..., პასპორტის მოქმედების ვადა - ... წ. ამასთან, საქმეში ასევე, წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის ა. ჯ.რ. ფ-ას სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე №1000584745 გადაწყვეტილება, სადაც ა. ჯ. რ. ფ-ას მაიდენტიფიცირებელი მონაცემები დადგენილია.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას რომ დაუშვებელია პირს შეეზღუდოს საკუთარი უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა მხოლოდ იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მოქალაქეობის დადგენა ვერ ხერხდება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კანონი იძლევა მისი გაცემის შესაძლებლობას და ამასთან, იგივე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უკვე მოპოვებული ჰქონდა ბინადრობის ნებართვა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აპელირებას, ბინადრობის ვადის გასვლის გამო სარჩელის არაპერსპექტიულობის შესახებ, ვინაიდან, სასამართლო სადავო აქტზე მსჯელობს და მის კანონიერებას აფასებს, მისი გამოცემის დროს არსებული მოცემულობის გათვალისწინებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) საკასაციო საჩივარზე 13.08.2020წ. №39182 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე საკასაციო საჩივარზე 13.08.2020წ. №39182 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი