ბს-855(2კ-22) 29 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რ. ქ-ეის, რე. ქ-ეის დაა ნ. ო-ეის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ქ-ეემ 15.02.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.11.2019წ. N04-2308/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე რ. ქ-ეისა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.09.2021წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ რე. ქ-ეე და ნ. ო-ეე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2022წ. გადაწყვეტილებით რ. ქ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.11.2019წ. N04-2308/ო ბრძანება, მოპასუხეს დაევალა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რ. ქ-ეის, რე. ქ-ეის და ნ. ო-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რ. ქ-ეის, რე. ქ-ეის და ნ. ო-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. N...-ში მდებარე შპს ,,ქ...ის“ შენობა წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების, ნგრევად ობიექტს და იქ მცხოვრები დევნილების საკითხი განიხილება კრიტერიუმების გარეშე. დადგენილია, რომ მოსარჩელე რ. ქ-ეე და მისი ოჯახის წევრები რე. ქ-ეე და ნ. ო-ეე, როგორც დევნილები რეგისტრირებულნი არიან ზემოაღნიშნულ მისამართზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. №39 საოქმო გადაწყვეტილებით, რ. ქ-ეეს, რე. ქ-ეეს და ნ. ო-ეეს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტის გამოცემისას დაეყრდნო 12.06.2019წ. აღწერის ფორმას, რომლის თანახმად, მოსარჩელის ფართში მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს დახვდათ თ. ჩ-ი შვილებთან - ვ. და ლ. ც-აებთან ერთად. თ. ჩ-ის განმარტებით, იგი არის რ. ქ-ეის შორეული ნათესავი და აღნიშნულ ფართში ცხოვრობს 2013 წლიდან მუდმივად. მისი განმარტებით, რ. ქ-ეე ერთ წელზე მეტია ცხოვრობს სავარაუდოდ იტალიაში, სადაც დაოჯახდა (მისი მეუღლის სახელი არ იცის, არ იცის არის თუ არა იტალიის მოქალაქე). თ. ჩ-ის განმარტებით, რომანს ჰყავს მშობლები: მამა - რე. ქ-ეე და დედა - ნ. ო-ეე, რომლებიც ცხოვრობენ ...ში, ძმა - ბ. ქ-ე ოჯახით ცხოვრობს იმავე მისამართზე (...ს N...-ში) მესამე სართულზე, და - ე. ქ-ე გათხოვილია და ოჯახთან ერთად ცხოვრობს ...ში მეუღლის სახლში. ამასთან, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მისამართზე - ქ. თბილისი, ... (ყოფილი ...ის ქ. N9) ამჟამად ...ის ქ. N28-ში. აღნიშნულ მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ რე. ქ-ეე და ნ. ო-ეე. ოქმის თანახმად, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვეოდა სახლი ...ის ქ. N9-ში გაფორმებული იყო ნ. ო-ეის სახელზე, რომელმაც 2013 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მ. ც-იზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქალაქო სასამართლოში დაკითხული მოსარჩელის მეზობლების ახსნა-განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მოსარჩელის ოჯახს დაკავებული ჰქონდა სამი ოთახი, ერთ ოთახში წლებია ცხოვრობდა რ. ქ-ეის ნათესავი - თ. ჩ-ი შვილებთან ერთად, ხოლო დანარჩენ ოთახებში ცხოვრობდნენ რ. ქ-ეე, რე. ქ-ეე და ნ. ო-ეე. მოწმეთა განმარტებით რ. ქ-ეე პერიოდულად დადიოდა საზღვარგარეთ, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა საქართველოში. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია რ. ქ-ეის გადაადგილების პერიოდულობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრებისა თუ არ ცხოვრების ფაქტი მისამართზე, ქ. თბილისი, ...ს ქ. N...-ში მდებარე შპს ,,ქ...ის“ შენობაში. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ აღწერის ფორმას და ისე მიიღო სადავო აქტი, რომ არ იქნა გამოკვლეული მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, არ იქნა დადგენილი რ. ქ-ეის საზღვარგარეთ წასვლა დროებითი იყო თუ რა, ასევე, არ იქნა გამოკითხული სადავო მისამართზე მცხოვრები პირები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები ადგილზე არ დახვდათ, არ გამორიცხავს მათ უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნენ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პოზიცია რ. ქ-ეისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ფაქტობრივად არ ცხოვრების საფუძვლით დაუსაბუთებელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რ. ქ-ეის, რე. ქ-ეის და ნ. ო-ეის მიერ.
კასატორებმა - რ. ქ-ეემ, რე. ქ-ეემ და ნ. ო-ეემ აღნიშნეს, რომ რ. ქ-ეის გადაადგილება და შრომითი მიგრაცია გამოწვეული იყო მისი მშობლების ავადმყოფობით. სადავოდ არ გამხდარა რ. ქ-ეის მშობლების აღნიშნულ შენობაში ცხოვრების ფაქტი. დროებით შენობაში არ ყოფნა გამოწვეული იყო მშობლების მძიმე ავადმყოფობით და შენობის ჩამონგრევის შიშით. უსაფრთხოების მიზნით შენობიდან გასვლა შეფასებულ იქნა როგორც ფაქტიურად არცხოვრების ფაქტი.
კასატორმა - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ აღნიშნა, რომ კონკრეტული ობიექტის აღწერის მასალები არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმის დასადგენად, ცხოვრობს თუ არა მუდმივად ნგრევად ობიექტში მოსარჩელე და ემუქრება თუ არა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში, სადავო მისამართზე, აღწერის დროს მონიტორინგის სამსახურს დახვდა რ. ქ-ეის ნათესავი თ. ჩ-ი, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ ფართში ცხოვრობდა 2013 წლიდან. თ. ჩ-ის განმარტებით რ. ქ-ეე ერთ წელზე მეტია ცხოვრობს საზღვარგარეთ (სავარაუდოდ იტალიაში), სადაც დაოჯახდა. თ. ჩ-ის განმარტებით რ. ქ-ეის მშობლები ცხოვრობენ ...ში. 09.08.2019წ. დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგის სამსახური იმყოფებოდა რ. ქ-ეის მშობლების მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. N9 (ამჟამად ...ის ქ. 28), რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის დედის საკუთრებას 2007 წლიდან და რომელიც 2013 წელს გაასხვისეს მ. ც-იზე. მოსარჩელის მშობლები პერიოდულად, 2007 წლიდან აკითხვადნენ სახლს, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობენ ...ის ქუჩაზე. რაც შეეხება ინფორმაციას რ. ქ-ეის საზღვრის კვეთის თაობაზე, კასატორმა მიუთითა, რომ 08.12.2021წ. სააგენტოს მიერ სასამართლოში იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ რ. ქ-ეე 2017 წლის მაისის თვიდან 2020 წლის 16 თებერვლამდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ობიექტის გამოთავისუფლება კი მოხდა 2019 წლის ოქტომბერში. მოსარჩელის საკითხის განხილვისას კომისიას წარედგინა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და მონიტორინგის სამსახურის მიერ აღნიშნულ ობიექტში ჩატარებული გადამოწმების შედეგად შედგენილი მონიტორინგის მასალა. იმ გარემოების გამო, რომ მოსარჩელე თავის ოჯახთან ერთად არ ცხოვრობდა მითითებულ ნგრევად ობიექტში, მას უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე კრიტერიუმების გარეშე. კასატორის მითითებით დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი წარმოადგენს სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ხოლო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს.
კასატორმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს დევნილ ოჯახებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. მართალია სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსის მოცულობიდან, სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშორებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.
კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება 2019 წლის ნოემბერში გაეგზავნა მოსარჩელეს, მაგრამ ვერ ჩაბარდა. აღნიშნული ბრძანება მისმა წარმომადგენელმა 2021 წელს გაასაჩივრა. ამასთან, საზღვრის კვეთის თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მოსარჩელე არა მხოლოდ სადავო პერიოდში (2019 წელი), არამედ დიდი ხნით ადრე (2014-2020წწ.) არ ცხოვრობდა საქართველოში და მითუმეტეს ნგრევად ობიექტში. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოძიებულ იქნა ინფორმაცია მოსარჩელის მეუღლის ი. მ-ეის საკუთრების უფლების შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ იგი 1993 წლიდან ფლობდა ბინას ქ. ქუთაისში, რომელიც 2020 წელს გაასხვისა ნ. მ-ეეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად მიიღო სადავო გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რ. ქ-ეის, რე. ქ-ეის დაა ნ. ო-ეის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით რ. ქ-ეე, რე. ქ-ეე და ნ. ო-ეე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ქ. N..., შპს „ქ...ის“ შენობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იმსჯელა 22.05.2019წ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე ქ. თბილისში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 20 ნგრევადი ობიექტის და სახელმწიფო მნიშვნელობის 5 ობიექტის დახურვის მიზნით, მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფის თაობაზე. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის არის ქ. თბილისი, ...ს ქ. N..., შპს „ქ...ის“ შენობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიის 10.10.2019წ. N39 სხდომის ოქმის მიხედვით, რ. ქ-ეეს, რე. ქ-ეეს და ნ. ო-ეეს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.11.2019წ. N04-2308/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), რ. ქ-ეის ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მონიტორინგის ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელის ოჯახი მონიტორინგის მისამართზე არ იმყოფებოდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების, მოსარჩელის მეზობლების ახსნა-განმარტებაზე, რომელთა მიხედვით, მოსარჩელის ოჯახს მოკავებული ჰქონდა სამი ოთახი, ერთ ოთახში წლებია ცხოვრობდა რ. ქ-ეის ნათესავი - თ. ჩ-ი შვილებთან ერთად, ხოლო დანარჩენ ოთახებში ცხოვრობდნენ რ. ქ-ეე, რე. ქ-ეე და ნ. ო-ეე. ამასთანავე, მათი განმარტებით რ. ქ-ეე პერიოდულად დადიოდა საზღვარგარეთ, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა საქართველოში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია სს „თ...ის“ მიერ გაცემული სააბონენტო ბარათიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, სადავო მისამართზე აბონენტს რ. ქ-ეეს უფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარება 2018-2021 წლებში. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს გზავნილი, მოსარჩელეს რ. ქ-ეეს ჩაბარებული აქვს სადავო მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ქ. N39, შპს „ქ...ის“ შენობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის მტკიცებულებები არ იძლევა სასამართლოს მიერ დავის ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის წესის" მიხედვით უნდა გადაწყვიტოს რ. ქ-ეის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, ხოლო კასატორის მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა მისი დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, არ ასაბუთებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას, რადგან დისკრეციული უფლებამოსილება არ ათავისუფლებს აქტის გამომცემ სუბიექტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რ. ქ-ეის, რე. ქ-ეის დაა ნ. ო-ეის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რ. ქ-ეის, რე. ქ-ეის და ნ. ო-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი